close
საქართველო

რას მალავს თბილისის მიწისქვეშეთი?

ნებისმიერი ქალაქი მალავს ისტორიებს, რომლებიც, გარკვეულ პერიოდებში,  განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირში, დამალული იყო მოსახლეობისთვის. ამ მხრივ, გამონაკლისი არც თბილისია და  ცოტა ხნის წინ შექმნილი ,,დიგერების კლუბი“  ცდილობს, მიტოვებული შენობებისა თუ მიწისქვეშ არსებული, დამალული, ან კარგად დავიწყებული ადგილების შესახებ აცნობოს მოსახლეობას. მოძრაობა საქართველოში დაახლოებით 2000-იან წლებში დაიწყო, თუმცა იქამდეც, სხვადასხვა მიზნით ბევრი ადამიანი სტუმრობდა  მსგავს ობიექტებს.

ურბანული იდეების ლაბორატორია ყოველ ოთხშაბათს ატარებს თბილისის შესახებ ლექციებს. სწორედ ამ კურსის ფარგლებში, 14 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც  ,,დიგერებმა“ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როდის და რისთვის აშენდა მიწისქვეშ მდებარე თბილისი და თუ რა საიდუმლოებებს მალავს იგი.

საბჭოთა კავშირის პერიოდში მრავალი თავდაცვითი ობიექტი შენდებოდა და ენიჭებოდა ფუნქციური დატვირთვა, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა. საინტერესოა, რომ თბილისში ჯამში 400 ასეთი თავშესაფარია და მათ შორისაა, თბილისის მეტროპოლიტენიც, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს, როგორც მეოთხე მეტროს სისტემა საბჭოთა კავშირში, მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ.  კერძოდ, 1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში დაიწყეს მიწისქვეშა თავშესაფრების მშენებლობა, ხოლო 1955 წელს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ გამოსცა განკარგულება თბილისში მეტროპოლიტენის მიწისქვეშა გამონამუშევრების თავდაცვითი მიზნების გამოყენების შესახებ და შესაძლებელი გახდა მშენებლობის უკვე  ლეგალურად გაგრძელება.

საჰაერო იერიშების დროს მეტროს სადგურები თავშესაფრებად გამოიყენებოდა, სწორედ ამიტომ, ისინი აღიჭურვა სპეციალური ინფრასტრუქტურით. გვირაბებში მრავალი ჰერმეტული კარია, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა გარკვეული მონაკვეთების იზოლირება. აღსანიშნავია რომ მარჯანიშვილის სადგურის ადგილასაც თავდაპირველად  3 მეტრის სისქის რკინა-ბეტონით გადახურული თავშესაფარი უნდა ყოფილიყო, რომელიც აღჭურვილი გახლდათ ყველანაირი საჭირო პუნქტით. მოგვიანებით, სწორედ ამ ადგილის დანგრევით, გაიყვანეს მარჯანიშვილის გვირაბი.

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ გმირთა მოედნის ქვეშ არის ლაბორატორია, რომელიც ფუნქციურად უფრო მეტად საცავი იყო. ის უკავშირდება ვერეს კოლექტორს, სადაც არჩეული იყო სპეციალური ადგილი მნიშვნელოვანი საბუთების შესანახად, თუმცა დღესდღეობით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ობიექტი მიტოვებული და დატბორილია, ის  უფუნქციოა.

როგორც კლუბის წევრები აღნიშნავენ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილი არ კონკრეტდება გარკვეული მიზეზების გამო) დაახლოებით 50-იან წლებამდე ფუნქციონირებდა  ე.წ ბუნკერი, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც მთავარი, სახელისუფლებო თავშესაფარი და შექმნილი იყო საგანგებო სიტუაციებისთვის, როცა მართვის ცენტრი გადავიდოდა სწორედ ამ ადგილას. ამ ადგილიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის საევაკუაციო გვირაბებიც, თუმცა მოგვიანებით შემდეგ შეიძლება ითქვას რომ ეს ფუქნციებიც მეტროსადგურმა ითავა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid