close

ენერგიის განახლებადი წყაროების (მაგალითად ჰიდროენერგიის) გამოყენების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ნახშირორჟანგის ემისიის არარსებობაა. მაგალითისთვის თბორესურსების გამოყენებით წელიწადში საშუალოდ 1.6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის (საპროექტო ჰესების კასკადის  წლიური გამომუშავება) საჭიროა დაახლოებით 1 მილიონი  ტონა ნახშირი ან 2 მილიონ ასი  ათასი ტონა მაზუთი. იმის გათვალისწინებით, რომ: 

  • 1 ტონანახშირის წვისას წარმოიქმნება 1.8 ტ CO2;
  • 1 ტონა მაზუთის წვისას წარმოიქმნება დაახლოებით  3.2 ტ CO2.

1.6 მილიარდი კვტ/სთ გენერაციის შემთხვევაში ნახშირის ან მაზუთის გამოყენებით შესაბამისად  1 800 000 ტ და 6 720 000  ტ ნახშირორჟანგის გადმოფრქვევას გამოიწვევდა. აღნიშნული ძალზე უარყოფითად აისახება ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ასევე რეგიონალურ და გლობალურ კლიმატზე.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მეორე მნიშვნელოვნად პრობლემატური საკითხი – რესურსების ხელმისაწვდომობა. როგორც ცნობილია, საქართველო არც ისე მდიდარია სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით (საწარმოო დანიშნულებით განიხილება ტყიბულის ნახშირის საბადოები, რომელიც გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და მისი გამოყენება საჭიროებს დესულფურიზაციის რთულ პროცესს), განსხვავებით ჰიდრორესურსებისა, რომლის ეკონომიკურად ეფექტური ნაწილი შეადგენს 40 მლრდ. კვტ/სთ წელიწადში, საიდანაც დღეისათვის მხოლოდ დაახლოებით 25%-ზე ცოტა მეტია ათვისებული. ეს კიდევ ერთხელ ასაბუთებს საქართველოს პირობებში განახლებადი ენერგეტიკის უპირატესობას, თხევადი ან მყარი საწვავით გამომუშავებულ ენერგიასთან შედარებით.

 

ჰიდრორესურსები:

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებს, ისე როგორც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, საიდანაც  მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. საქართველოში და მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ჰიდრორესურსები ენერგოგენერაციისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებად წყაროს წარმოადგენს.

მზის ენერგია:

მნიშვნელოვანი პოტენციალის მიუხედავად მზის ენერგეტიკა საქართველოში განვითარებული არ არის. თეორიული გათვლებით წლის განმავლობაში საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი რაოდენობის ელექტროენეგიის მიღება, რისთვისაც საჭირო იქნება  32.5 მილიარდი ტონა სტანდარტული საწვავის დაწვა.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-დან 250 დღემდე ფარგლებშია, ხოლო წელიწადში 1მ2 ფართობზე მზის ენერგიის რაოდენობა 1300-1800 კვტ-ს შეადგენს.

ეკოლოგიური თვალსაზრისით, ალტერნატივა საკმაოდ მიმზიდველია. თუმცა, ბოლო წლებში, ზოგიერთი  ეკოლოგის მიერ გამოთქმულია აზრი, მზის ბატარეების წარმოების პროცესის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, რაც ამ რესურსის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებისას ყურადსაღებია. საკითხი დღეისათვის კვლევის სტადიაშია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მზის ენერგიის გამოყენებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ძვირადღირებული დანადგარ-მოწყობილობა და შესაბამისად საწყისი ინვესტიციების რაოდენობა ძალზე მაღალია.

ქარის ენერგია

ქარის ენერგიის პოტენციალი შეფასებულია როგორც 2,300 მვტ. ამჟამად საქართველოში არსებობს მხოლოდ რამდენიმე მცირე სიმძლავრის ქარის გენერატორი. არსებული ოფიციალური მონაცემებით, ქარის საშუალი სიჩქარე საქართველოში 0.5-0.9 მ/წმ შეადგენს. ქარის მაღალი სიჩქარე დამახასიათებელია დიდი კავკასიონის ღია ადგილებში, მდ. მტკვრის ხეობაში (ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავს შორის მონაკვეთი)  და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში (ფარავნის ტბის სიახლოვეს). ზოგიერთ რეგიონში, მაგ. მტკვრის და რიონის ხეობებში ქარის სიჩქარე 15 მ/წმ შეიძლება აღემატებოდეს.

საქართველოს ქარის ატლასის მიხედვით (2004 წ) გამოყოფილია 4 ძირითადი ზონა, სადაც 30 მ სიმაღლეზე ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 6 მ/წმ-ზე მაღალია და 2 ზონა, სადაც ქარის სიჩქარეა 5-6 მ/წმ-ია.

დღეისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება რამდენიმე პილოტ პროექტი, რომლთა შედეგების მიხედვით, დაგეგმილია საშუალო სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია. როგორც წარმოდგენილი სქემაზეა მოცემული, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები ქარის ენერგიის გამოყენების პერსპექტივის თვალსაზრისით მარალი პოტენციის მქონე რეგიონებად არ განიხილება.

 

გეოთერმული ენერგია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია თერმული წყლებით, გეოთერმული ენერგიის, როგორც ალტერნატიული ენერგიის წყაროდ გამოყენების შესაძლებლობები  ნაკლებად პერსპექტიულია. საქართველოში არსებული თერმული  წყლების დაბალი ტემპერატურების გამო, მათი ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენება არ იქნება მომგებიანი.

ბიომასა (ხის მერქნის ჩათვლით)

ბიომასის გამოყენება ენერგოგენერაციისთვის, რეგიონში, მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის განვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ერთ-ერთ ალტერნატივად მივიჩნიოთ. თუმცა, ბიომასის გამოყენებით გენერირებული სიმძლავრე უმნიშვნელოა და ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრის მიღებას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response