close

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ  თუკი რაღაცის ასრულების გჯერათ, ის აუცილებლად აგისრულდებათ. არაერთი პოპულარული სამეცნიერო წიგნი არსებობს, რომელიც განწყობის გაუმჯობესებას ეძღვნება. სამეცნიერო შრომების თანახმად, ოპტიმიზმს ადამიანისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომლებიც ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავენ და არა ნახევრად სავსეს? ახლახან ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ პესიმიზმის ზოგიერთი ფორმა სასარგებლოა. 

პესიმიზმი მხოლოდ აზროვნება არ გახლავთ, მეცნიერება ამტკიცებს, რომ ის შედეგებზეა ორიენტირებული ანუ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. მაშინ როცა ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ უმეტესად მოსალოდნელია პოზიტიური შედეგი, პესიმისტები პირიქით – ნეგატიური შედეგების მოლოდინში არიან.

არსებობს პესიმისტების განსაკუთრებული ტიპი – ,,თავდაცვითი პესიმისტი”, რომელსაც ნეგატიური აზროვნება ფაქტობრივად ახალ დონეზე აჰყავს და მას მიზნების მისაღწევად იყენებს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი აზროვნება მათ არა მარტო წარმატებაში ეხმარებათ, არამედ მოულოდნელი ჯილდოს მომტანიც გახლავთ, რასაც ვერ ვიტყვით პესიმიზმის სხვა ფორმაზე, რომელიც უარყოფითი შედეგის გამო საკუთარი თავის დადანაშაულებას გულისხმობს.

პესიმისტს დეტალურად აქვს წარმოდგენილი ის ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ მოვლენის დროს, მაგალითად – სამუშაო გასაუბრებაზე, შესაბამისად, ის მოქმედების გეგმასაც უკეთ სახავს და უკეთ ემზადება იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო დეტალები აიცილოს თავიდან.

პესიმიზმის ერთ-ერთი უპირატესობაა ისაცაა, რომ ოპტიმისტი მოვლენების პოზიტიურ დასასრულს ელოდება, იმ შემთხვევაში კი, როცა მისი მოლოდინი არ მართლდება, დიდ დარტყმას ღებულობს განსხვავებით პესიმისტისა, რომელიც ნეგატიურ შედეგთან შეგუებულია.

რაც არ უნდა უცნაურად აღიქმებოდეს, პესიმისზმი თვითშეფასების გრძნობასაც ამაღლებს. ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებზე ჩატარდა, დადგინდა, რომ თავდაცვით პესიმისტებს ომპტიმისტებზე არანაკლებ მაღალი თვითშეფასების გრძნობა ჰქონდათ. ეს განპირობებულია პესიმისტებში ნდობის ამაღლებით, რასაც მათში იმ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება იწვევს, რომელსაც ელოდნენ და არ მოხდა.

 

წყარო: https://www.universal-sci.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid