close

,,ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, საქართველოში ენერგოსისტემის პიკური მოხმარება გამოვლინდა”, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იუწყება.

კომპანიის ცნობით, მოხმარებამ 1 920 მეგავატი შეადგინა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერებით აღჭურვილი შენობები ნამდვილად დიდი შვებაა, თუმცა გაგრილებული ადამიანებისგან ძალიან ცოტა თუ ფიქრობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ენერგია კლიმატის ცვლილებებს უწყობს ხელს და გარემოს აზიანებს.  

ექსპერტები და მეცნიერები კი, აცნობიერებენ რა მოსალოდნელ საფრთხეს, გამოსავლის გზებზე ფიქრობენ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად უფრო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემების შექმნას ცდილობენ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ მსოფლიოში ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ მოხმარებული ენერგია 2050 წლისთვის გასამმაგდება. ეს კი აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის მიერ დღეს მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის ტოლფასია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც თანამედროვე მასალებსა და „ნანოფოტონიქსებს“ იყენებს. მათ გამოიგონეს ულტრათხელი მაღალამრეკლი მასალა, რომელიც სიცხეს პირდაპირი მზის სხივების პირობებშიც კი ასხივებს. ინფრაწითელი, თერმული ენერგიის გამოსხივება ატმოსფეროში იჭრება  და ნაკლებად შეიწოვება.

გამოცდისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს შესაძლოა მილებში გამავალი წყლის გასაგრილებლად იქნას გამოყენებული. ამ წყლის საშუალებით კი, რომელიც ჰაერის ტემპერატურაზე გაცილებით გრილია, შენობების გასაგრილებლად შიძლება იქნას გამოყენებული. და ამ ყველაფრის განხორციელება ელექტროენერგიის მოხმარების გარეშეა შესაძლებელი.

აღნიშნული ტექნოლოგია  SkyCool Systems-ის შესაქმნელად გამოიყენეს. ტექნოლოგიების გიგანტმა ,,Samsung-მა” „wind free-ი” ტექნოლოგიის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც ოთახში საჭირო ტემპერატურის მისაღწევად ენერგიის შთანმთქმელი ვენტილატორების გამოყენება არ სჭირდება. კომპანია აცხადებს, რომ ის 32%-ით უფრო ეკონომიურია, ვიდრე სტანდარტული ჰაერის კონდიციონერები.  

ბაზარზე დღესაც არსებობს ეკონომიური ჰაერის კონდიციონერები, მათ შორის, – კონდიციონერი ინვერტერის ტექნოლოგიით.

თუმცა, განვითარებად სამყაროში მცხოვრები ბევრი ადამიანი თავს იკავებს კონდიციონერებში ზედმეტი თანხის გადახდისგან. „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რამდენად ხელსაყრელია ეკონომიური კონდიციონერების შეძენა,“ – აცხადებენ ენერგიის საერთაშორისო  სააგენტოში.

წყარო: Ihttps://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid