close
ფსიქოლოგია

ყველაფერი ბავშვების ემოციების შესახებ

,,დოქტრინა”  გთავაზობთ იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რომლებიც თქვენი პატარების ემოციებს თან ახლავს:

 

სიხარული

     სიხარული, რომლის გამოხატვაც ღიმილით იწყება და შემდეგ სიცილში გადადის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვილები იღიმებიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლებისას, მოტორულ და კოგნიტურ სფეროში დახელოვნებისას. ბავშვები კარგად გრძნობენ, რომ მათი ღიმილი უფროსის უფრო მეტ სითბოსა და ყურადღების გამოხატვას განაპირობებს.

პირველი კვირების განმავლობაში, ბავშვები სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM), ნაზად შეხების, დედის ხმის გაგონების და რწევის დროს იღიმიან. პირველი თვის ბოლოს კი საინტერესო საგნის დანახვისას გაიღიმებენ.

6-10 კვირის ჩვილის სახეზე .სოციალური ღიმილი  ჩნდება (იღიმის  დედის დანახვისას ან მისი ხმის გაგონებისას). 3 თვის ჩვილი კი მისთვის ნაცნობ ადამიანთან ინტე­რაქციისას იღიმის.

ბავშვები სიცილს პირველად დაახლოვებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. ღიმილის მსგავსი სიცილი ჩნდება აქტიური გამღიზიანებლის საპასუხოდ. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვს ეთამაშებიან.

6 თვის ბავშვები უფრო ხშირად ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციისას იღიმებიან და იცინიან.

10-12 თვის ბავშვები კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად იღიმებიან – მშობლის დანახვაზე ფართოდ იღიმებიან; უცხო ადამიანს თავშეკავებულად, უხმოდ უღიმიან; მასტიმულირებელი თამაშის დროს კი გულიანად იცინიან.

2 წლის ასაკისთვის კი ღიმილი გააზრებული, სოციალური სიგნალი ხდება.

ბრაზი და სევდა

     ახალშობილი სხვადასხვა არასასიამოვნო განცდაზე (შიმშილი, მტკივნეული სამედი­ცინო პროცედურა, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) ზოგადი დისტრესით პასუხობს.

4-6 თვიდან ბავშვებში ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სიტუაციით. მაგალითად, მათთვის საინტერესო საგანს გამოართმევენ, ზღუდავენ მის მოძრაობას, აძინებენ, მზრუნველის წასვლისას ან თუ თავისი მოქმედებით, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და ა.შ.

     რატომ იზრდება ბრაზის რეაქცია?

     ეს დაკავშირებულია კოგნიტურ და მოტორულ განვითარებასთან. მას შემდეგ რაც პატარები ნებისმიერი (მიზანმიმართული) მოქმედების უნარს იძენენ, საკუთარი მოქმედებების კონტროლისა და მათი შედეგების შეფასებას იწყებენ. ასევე უფროსი ასაკის ჩვილები უკეთ ახერხებენ ტკივილის და ფრუსტრაციის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრას.

ბრაზის ინტესივობის ზრდა ასრულებს ადაპტურ ფუნქციასაც. ბრაზით მობილიზებული ენერგია, პატარას თავდაცვის ან სირთულის დაძლევის საშუალებას აძლევს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის გაბრაზება უფროსებს უბიძგებს მისთვის დისკომფორტის მოხსნაზე. მაგალითად, თუ ბრაზის გამომწვევი მიზეზია დედისგან სეპარაცია, მაშინ მომავალში დედამ შეიძლება მარტო აღარ დატოვოს ბავშვი.

სევდა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა, სასურველი საგნის გამორთმევამ, ხანმოკლე განშორებამ. სევდა ჩვილობაში ბრაზთან შედარებით იშვიათია.

სევდა, როგორც წესი, მზრუნველთან განშორებისას ან მზრუნველსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის სარიოზული დარღვევის შემთხვევაში ჩნდება.

შიში

     ბრაზის მსგავსად, შიში  ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში ჩნდება. უფროსი ასაკის ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ.

ცოცვის დაუფლების შემდეგ, ბავშვებს სიმაღლის შიში უჩნდებათ. ყველაზე ხშირად კი ჩვილებს უცხო ადამიანის შიში ახასიათებთ. ბევრი ჩვილი უცხო ადამიანს სიფრთხილით ხვდება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ბავშვის რეაქცია დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ტემპერამენტზე (ზოგი ბავშვი ბუნებით მშიშარაა), უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და არსებულ სიტუაციაზე. თუ უცნობი ადამიანი ზის და არ ანხორციელებს აქტიურ ქმედებებს, ხოლო მშობელი ბავშვის გვერდითაა, მაშინ ჩვილი პოზიტიურ ქცევას და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს. უცხო ადამიანის მხრიდან სითბოს გამოხატვა, მიმზიდველი სათამაშოს შეთავაზება, ნაცნობი თამაშის წამოწყება, ბავშვთან ნელა მიახლოვება – ბავშვის შიშს ამცირებს.

6 თვის ბავშვებთან შიშის გრძნობის გაზრდამ, შეიძლება მისი ცნობისმოყვარეობა შეაფერხოს. ბავშვები მზრუნველს იყენებენ როგორც უსაფრთხოების საყრდენს, რომელსაც შეიძლება მოსცილდე გარემოს გამოსაკვლევეად და დაუბრუნდე საფრთხის შემთხვევაში.

დროთა განმავლობაში უცხო ადამიანის შიში და სხვა სახის შიშებიც მცირდება. კოგნიტური განვითარება საშუალებას აძლევს ბავშვს გაარჩიოს საშიში და უსაფრთხო სიტუაციები. ამასთანავე, ხრდასთან ერთად ბავშვი ეუფლება შიშის დაძლევის სტრატეგიებს.

 მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები

     ბაზისური ემოციების გარდა, ადამიანისთვის დამახასიათებელია უფრო რთული ემო­ციებიც, როგორიცაა – სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, შური და სიამაყე. ასეთ ემო­ციებს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებულ ემოციები ეწოდება, ვინაიდან ამ ემოციებს მე-ს განცდის გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მაგალითად, ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენს საქციელს, თუ სირცხვილის გრძნობას განვიცდით.

დანაშაულის გრძნობა ვინმესთვის ზიანის მიყენების დროს ჩნდება. სიამაყე კი პირიქით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას ასახავს.

მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვებს საკუთარი მე-ს განცდა უჩნდებათ.

18-24 თვის ბავშვებში სირცხვილის, სიამაყისა და უხერხულობის გრძნობა ჩნდება, ხოლო შური – 3 წლის ასაკში.

მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციების განვითარებას განაპირობებს, ერთის მხრივ, თვითშემეცნების განვითარება და მეორეს მხრივ, უფროსების მიერ მიცემული მითითებები, როდის უნდა გაუჩნდეს მათ სიამაყის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. უფროსები უკვე 2 წლის ბავშვებთან, სირცხვილის გრძნობის გამოყენებით, კარგი და ცუდი საქციელის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაჭარბებულმა სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასებას ზიანი მიაყენოს.

3 წლის ასაკში მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები თვითშეფასებას უკა­ვშირდება.

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response