close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველების გამოგონება, რომელიც ჟესტების ენას ტექსტურ ფორმატში გარდაქმნის

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მაისის თვეში აბიტურიენტებისთვის ჩაატარა ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსი –  ,,Abitour-ი“, რომელშიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმოჩენაში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება კომუნიკაციაში, ჩვენ იდეის ერთ-ერთ ავტორს  – მარიამ ჭარხალაშვილს გავესაუბრეთ.

      ,,MCE box-ი” (“Make communication easy”) არის ახალგაზრდა ქართველი გოგონების სტარტაპიდეა, რომლის მიზანია სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმაროს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიღწევაში. პროექტის ავტორები არიან მარიამ ჭარხალაშვილი, სოფო პეტრიაშვილი და  ნინი შავდია, სამივე მათგანმა წელს დაამთავრა სკოლა და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს იდეების სასტიპენდიო კონკურსში, უშუალოდ მათი ერთ გუნდში გაერთიანება კი, თვითონ პროექტის ფარგლებში მოხდა.

ინოვაციური მოწყობილობა  იმუშავებს შემდეგი პრინციპით: ჟესტური ენით მოსაუბრე ადამიანი დადგება ეკრანის წინ და იმეტყველებს ჟესტების ენით, მისი მოძრაობა კი ეკრანის მეორე მხარეს აისახება ტექსტური სახით, მეორე მხრივ კი, მოწყობილობას ექნება ,,Google Voice Search-იც“, და შესაძლებელი იქნება ეკრანზე ჟესტების ენით გამოისახოს ვერბალურად ნათქვამი ტექსტი, რაც სმენადაქვეითებული ადამიანისთვის გასაგებს გახდის სხვა პირისნ საუბარს.

მოწყობილობა, მარიამის თქმით, ძირითადად, საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი, ,,ჩვენი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაიდგას სხვადასხვა დაწესებულებაში, კომპანიაში, ბანკსა თუ კვების ობიექტში და გაამარტივებს კომუნიკაციას სმენადაქვეითებულ ადამიანებსა და ამ დაწესებულების თანამშრომლებს შორის“აღნიშნავს ის.

გოგონებს სმენადაქვეითებულთა პრობლემებზე ადრეც უფიქრიათ, ,,Abitour-მა“ კი შესაძლებლობა მისცათ ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ საკუთარი ნაფიქრი და დადებითი გამოხმაურებაც მოეპოვებინათ, მით უმეტეს რომ მათ მოწყობილობას არ აქვს უცხორი ანალოგი. რაც შეეხება პროტოტიპს, მისი შექმნა გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამ ეტაპზეც გოგონებს დატვირთული სასწავლო პროცესიდან გამომდინარე ნაკლები დრო რჩებათ მისთვის, მაგრამ სამომავლოდ აუცილებელად გეგმავენ განავითარონ იდეა და მოიძიონ საჭირო რესურსები.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response