close
ისტორიასაქართველო

პირველი ქართული გაზეთის გამოსვლის დღეს ქართული ჟურნალისტიკის იუბილე აღინიშნება

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. სწორედ ამიტომ, აღინიშნება ყოველწლიურად ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.

,,საქართველოს გაზეთის” აღმოცენების თაობაზე იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა იყო. პროფ. ხანანაშვილი მიიჩნევდა, რომ იგი 1821 წელს გამოვიდა, ზ. ჭიჭინაძე კი გაზეთის გამოცემის თარიღად 1817 წელს თვლის. გრ. ყიფშიძეც 1901 წელს წერდა, რომ მას ხელთ ჰქონდა 1818 წლით დათარიღებული გაზეთი, რომელიც საეკლესიო მუზეუმში ინახებაო.
ამ მოსაზრებათა მცდარობა შემდგომში აღმოჩენილმა 1819 წლის დოკუმენტმა დაადასტურა. მაშინდელი თბილისის გუბერნატორი პ ხოვენი, რომელიც გაზეთის გამოცემის საქმესთან ახლოს იყო, თბილისის პოლიციის უფროსს სწერდა, რომ საქართველოს გაზეთი მალე გამოვა და, ეცადე, მოსახლეობას ხელი მოაწერინოო.
გაზეთის პირველი ნომრის მოძიებაში დიდი წვლილი მიუძღვის ,,ივერიას,” რომელმაც მკითხველებს მიმართა, მოეძებნათ პირველი გაზეთის ნომრები. ამ მოწოდებამ გამოიღო კიდეც შედეგი: ,,ივერიის” 1887 წლის 156-ე ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ,,სოფიო გრიგოლის ასულმა დოდაშვილმა შესწირა წერა-კითხვის საზოგადოებას პირველი ნომერი უწინდელი გაზეთისა, რომელსაც ეწოდებოდა სახელად ,,საქართველოს გაზეთი,” დაბეჭდილი თბილისში 1819 წლის მარტის ცხრასა (უნდა იყოს რვა).”
მანამდე ,,ივერიამ” და ,,დროებამ” სხვადასხვა წლისს ცალკეული ნომრების აღმოჩენის თაობაზე არაერთხელ ახარეს მკითხველებს.
1925 წელს დ. კარიჭაშვილმა გამოაქვეყნა ,,საქართველოს გაზეთის” ,,გამოცხადების” სრული ტექსტი. ეს განცხადება 1819 წლის დასაწყისში გაუვრცელებიათ.
იგი საზოგადოებას აუწყებდა- ,,რომელ გამოიცემოდნენ თბილისსა შინა ბუნებითსა ქართულსა ენასა ზედა დაბეჭდილნი ფურცელნი, რომელსაც ეწოდება ,,საქართველოს გაზეთი.”
აქვე მოტანილია მისი პროგრამა, რომ იგი გამოდიოდა ,,სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის მცხოვრებთა ამა ქვეყნისათა” და მოსახლეობისათვის უნდა გაეცნო:
1. ხელისუფლების განწესებანი და განკარგულებანი;
2. ,,მესაზღვრე ქვეყნების” ყურადღების ღირსი ამბავნი;
3. ახალი მიღწევები ცხოვრების სხვადასხვა დარგში;
4. გამოკრებანი ჟურნალ-გაზეთთაგან;
5. ახალი ცნობები ლიტერატურის სამყაროდან.
გაზეთს, ამავე დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა.
უნდა ითქვას, რომ ,,საქართველოს გაზეთის” პროგრამა 50-იანი წლების ჟურნალ ,,ცისკრისას” არ ჩამოუვარდებოდა.
მეფის მოხელეებს გარკვეული მიზნები ამოძრავებდათ – გაზეთის მეშვეობით მათ თავიანთი მიზნების დაცვა უნდოდათ და ამიტომაც მის გამოცემას ხელს უწყობდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, გაზეთის პირველი ნომერი დოდაშვილის ქალმა გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. იგი 1819 წლის 8 მარტით არის დათარიღებული. ამრიგად, ამ დღიდან იწყება ქართული ჟურნალისტიკის ისტორია და ამ დღეს ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ(ახალი სტილით 21 მარტი).
განცხადების თანახმად, გაზეთი პირველ მარტს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ხელისმომწერთა სიმცირის გამო არ მოხერხდა. ამის შესახებ მესამე ნომერში თავადვე გვამცნობს. საჭირო ყოფილა 500 ხელისმომწერი და მათ შეგროვებაში არქიეპისკოპოსი ნერსე დახმარებია.
,,გამოცხადება” თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ქართული გაზეთის გამოცემის სურვილი გამოუთქვამს ქართველთა ერთ ჯგუფს, ხოლო მთავრობა ვერ ჰპოვებს ,,ნაკლულულევანობასა მათ შორის, რომელთაც სწადთ მიღება ამისა.” – ე. ი. მთავრობას უარის თქმის საბაბი არ აქვსო.
როგორც ჩანს, თაოსნები ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდნენ, რომ ქართულ ენაზე გაზეთის გამოცემა მთავრობის ღონისძიებათა შესრულებას გააადვილებდა, მით უმეტეს, რომ რუსული ენის უცოდინარობის გამო უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებების და განკარგულებების შინაარსი დაბალი ფენებისთვის კი არა, თავადაზნაურობისთვისაც გაუგებარი იყო. ნებართვაც, უთუოდ, ამ მოტივით აიღეს. ეს საქმე მთავრობას რომ წამოეწყო, დააფინანსებდა კიდეც და გაზეთ მარტო ხელისმომწერებზე დამოკიდებული არ იქნებოდა.
,,საქართველოს გაზეთი” მაინც ოფიციალური გამოცემა იყო და მას კორპუსის შტაბი ზედამხედველობდა.
ეტყობა, გავლენიანმა ქართველებმა მთავარმმართებელი ერმოლოვი გაზეთის საჭიროებაში ისე დაარწმუნეს, მან ნებართვა თვით იმპერატორს სთხოვა. მისივე დავალებით, გაზეთის გავრცელებას მაღალი თანამდებობის მოხელეებმა მოჰკიდეს ხელი. საამისოდ თბილისის გუბერნატორმა – ხოვენმა-  ხელქვეითებს საგანგებო წერილებიც დაუგზავნა.
ხელისმომწერთა შორის იყვნენ თავადაზნაურები, ვაჭრები, ოფიცრები, სამღვდელოება. თავიდან 2 მანეთი ღირდა – ალბათ იმიტომ, რომ მარტიდან იწყო გამოსვლა, მომდევნო წლიდან კი სამი მანეთი დაწესდა, აბაზიც საფოსტო ხარჯებისთვის ემატებოდა. ეს თანხა ცოტა არ იყო, ამიტომაც გამოწერა უჭირდათ და გაზეთიც ხელისმომწერთა სიმცირეს განიცდიდა.
,,საქართველოს გაზეთი” კვირაში ერთხელ, პარასკევობით, გამოდიოდა. თბილისიდან ფოსტა სწორედ ამ დღეს გადიოდა და ეს ხელისმომწერებამდე მთის დროულად მიტანას უზრუნველყოფდა.
1820 წლიდან გაზეთმა სახელი შეიცვალა და ,,ქართული გაზეთის” სახელწოდებით დაიწყო გამოსვლა.
საგულისხმოა ისიც, რომ სათაურის ქვეშ გაჩნდა გერბი –  წმ. გიორგი კლავს გველეშაპს. ამასთან, დაიხვეწა და გამოცოცხლდა გაზეთის ენა.
არის მოსაზრება, თითქოს ქართული გაზეთი მთლიანად ანალოგიურია ამავე სახელწოდების რუსული გამოცემისა (თარგმანს წარმოადგენსო). ეს რომ სწორი არ არის, ამას ხოვენის წერილიც ადასტურებს. იგი მაზრების წინამძღოლებს ავალებს – შეგიძლიათ გაზეთს ადგილობრივი ინფორმაცია ქართულ ენაზე გამოუგზავნოთო.
გაზეთიდან არ ჩანს, თუ ვინ იყო მისი რედაქტორი. პ. გუგუშვილის ვარაუდით, მას სათავეში თაოსანთა ჯგუფი ედგა. ძნელია პუბლიკაციების ავტორთა დადგენაც – წერილები ხელმოუწერელი ქვეყნდებოდა. ვარაუდობენ, რომ მასალები ჯერ რუსულად ითარგმნებოდა, რათა ცენზორს გაეცნო, შემდეგ კი გადმოქართულდებოდა, რაც გაზეთის გამოცემას აძნელებდაო. თუმცა ალ. კალანდაძე მიიჩნევს, და მართებულადაც, რომ ეს მთლად ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ბევრი წერილი მაღალი კულტურული ენით არის დაწერილი. ცხადია, ქართულად იწერებოდა, მოხელეებს კი შინაარსს უთუოდ რუსულად აცნობდნენ. ანდა, რუსულად თარგმნილი ტექსტის ხელახლა გადმოქართულება რატომ უნდა დასჭირვებოდათ, დედანი ხელთ არ ექნებოდათ?
გაზეთში მასალები ასე იყო განლაგებული:
* ჯერ იბეჭდება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ამბები და უმაღლესი ბრძანებები (უმაღლეს პირთა დანიშვნა, დაწინაურება, ოფიცერთა გადაყვანა-გადმოყვანა, დაჯილდოება, პენსიების დანიშვნა).
* გამოცხადებანი ,,ისპოლიტელნაია ექსპედიციის,” “საქარღველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობის” და სხვა.
* ,,უცხო ქვეყნების ამბავი.”
* ,,შერეული ამბავი,” – სხვადასხვა ხასიათის მასალები (ძირითადად რუსული და უცხოური გაზეთებიდან გადმობეჭდილი).
ცნობისათვის: 1819 წელს თბილისში გაიხსნა კლუბი, რომელსაც ბიბლიოთეკაც ჰქონდა. ეს კლუბი ფრანგულ და ინგლისურ გაზეთებს იწერდა, რაც ,,ქართული გაზეთისთვის” გარკვეულ წყაროს წარმოადგენდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ოფიციალური რუსული და უცხოური პრესა ,,ქართული გაზეთის” ერთადერთ წყარო არ იყო, იგი ადგილობრივ ცხოვრებასაც ასახავდა და თანამშრომელთა მიზიდვასაც ცდილობდა. 1819 წლის მესამე ნომერში სთხოვს კიდეც ,,მოყვარეთ სიტყვიერის სწავლისათა, რათა მოსცენ მათ ქართულ ენასა ზედა სხვადასხვა ცნობანი, მოთხრობანი, ყურადღებისა ღირსთა საგანთათვის.”
“ქართული გაზეთის” გამოცემის პერიოდში საქართველოში ერთადერთი სტამბა იყო და, ბუნებრივია, ეს გაზეთიც იქ იბეჭდებოდა. იგი ცალკე კორპუსის შტაბს ეკუთვნოდა და 1816 წელს იყო დაარსებული. გაზეთი აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო საველე სტამბაში” იბეჭდება. ამ სტამბასთან ლითოგრაფია მოგვიანებით ჩამოყალიბდა, ამიტომაც, ივ. მჭედლიშვილის მტკიცებით,  სათაური და ემბლემა ხეზე არის ამოჭრილი.
გაზეთი პატარა ფორმატისაა. იბეჭდება ოთხ გვერდზე, თითოეულზე ორ-ორ სვეტად, მცირე ინტერვალით. სათაურები და ტექსტი აწყობილია ერთნაირი შრიფტით და უფრო ხელნაწერს ჰგავს. წინადადებები ასომთავრულით იწყება, იოლი საკითხავია და, საერთოდ, გაზეთი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.
სახელწოდების შეცვლასთან ერთად ფორმატიც გადიდდა – ,,ერთი საწერი ქაღალდის ოდენა გახდა.” იბეჭდება სქელ, ცისფერ ქაღალდზე.
1819 წლის ნომრებმა ჩვენამდე მთლიანად მოაღწია, მომდევნო ორი წლისა კი საკმაოდ ნაკლულია.
გაზეთის პუბლიკაციებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთისაშია ჩართული. ,,ქართული გაზეთი” მსჯელობს ბაქოს ნავთზე, შაბის მადანზე, საქართველოს სამღებროებსა და სხვა საკითხებზე. ზოგჯერ სოფლის მეურნეობაზეც იწერება. მაგალითად, ერთგან გაზეთი მკითხველებს ურჩევს, რა თესლი რასთან დათესონ, რომ უხვი მოსავალი მიიღონ. საერთოდ, ეკონომიკის საკითხებზე გაზეთი ძალზე ცოტას მსჯელობს. წამყვანია ინფორმაციული ხასიათის მასალები.
გაზეთში ფართოდ აისახა წინააღმდეგობა, რაც ბატონყმურ წყობილებას თან ახლდა. ქვეყნდება განცხადებები ყმების გაქცევაზე, ყმების ყიდვა-გაყიდვაზე და ა. შ. მასში აისახა 1820 წლის იმერეთ-გურიის აჯანყებაც. გმობს ,,მეშფოთვარეთ.”
გაზეთი საერთაშორისო საკითხებზეც საუბრობს. დაბეჭდილია ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების შესახებ. ფართო ადგილი ეთმობა ოსმალთა წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებას (1821 წ.). გაზეთი პატრიოტებს უჭერს მხარს და ეს ბუნებრივიცაა, ისინი ხომ ქართველთა საუკუნოებრივ მტრებს ებრძოდნენ.
“ქართულმა გაზეთმა” სამ წელიწადს იარსება. მისი გამოცემა 1822 წლისთვისაც დაიგეგმა, მაგრამ ხელისმომწერნი ვეღარ შეაგროვა და არსებობა შეწყვიტა. ალბათ, სამხედრო ხელისუფლებაზე დამოკიდებულმა გამოცემამ მკითხველები ვერ დააინტერესა. ფოსტაც საქმეს გულგრილად ეკიდებოდა, ნომრები იკარგებოდა, ჭირდა მასალების მოპოვება (ამას ცარიელი გვერდებიც მოწმობს). ამ და სხვა მიზეზებმა განაპირობა პირველი ქართული გაზეთის დახურვა.
ცნობისთვის, ,,ქართული გაზეთით” არა მარტო ქართული პრესის ისტორია იწყება, მან რუსეთის იმპერიის ხალხთა ეროვნულ ჟურნალისტიკასაც დაუდო სათავე (პირველი გაზეთია, რუსეთის იმპერიაში არარუსულ ენაზე რომ გამოვიდა).
წყარო:

1. ალ. კალანდაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ-1, თბ., 1977.

2. მ. გოცაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ-1, თბ., 1954.
3. პ. გუგუშვილი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ., 1941.
4. ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ქართული გაზეთებისა და ჟურნალებისა, თბ., 1902..
5. ნ. ტაბიძე, პირველი ქართული გაზეთი, თბ., 1969.
6. ივ. მჭედლიშვილი, ქართული ჟურნალ_გაზეთების სახოვანება X1X საუკუნეში, თბ., 1995.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response