close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ ახალი პლანეტური სისტემა აღმოაჩინა და მისი “მრავალხმიანობა” გამოავლინა

NASA-მ ექსპლუატაციიდან გასული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების ანალიზის შედეგად 7 პლანეტისგან შემდგარი ახალი სისტემა აღმოაჩინა. თითოეული მათგანი საკუთარი ვარსკვლავისგან იმაზე ძლიერ მცხუნვარებას იღებს, ვიდრე დედამიწა ან ჩვენი მეზობელი ნებისმიერი ციური სხეული.

ამ სისტემას Kepler-385 ეწოდება და მასში შემავალი 7-ვე კოსმოსური ობიექტი დედამიწაზე დიდი, მაგრამ ნეპტუნზე პატარაა. ის იმ მცირერიცხოვან სისტემებს მიეკუთვნება, რომლებიც არსებობა დადასტურებულ ან კანდიდატის სტატუსის მქონე 6-ზე მეტ ციურ სხეულს აერთიანებს.

კეპლერის მიერ მოპოვებულ მონაცემებში ამ დრომდე პლანეტის თითქმის 4 400 კანდიდატი, და 700-ზე მეტი მრავალპლანეტური სისტემაა დაფიქსირებული. მეცნიერებმა ახლახან მათი ყველაზე მწყობრი სია შექმნეს, რომელიც ასტრონომებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

რაც შეეხება Kepler-385-ს, მის ცენტრში არსებული მნათობი მზეზე 10%-ით დიდი და 5%-ით ცხელია. 2 შიდა ციური სხეული ზომით დედამიწას ოდნავ აღემატება, სავარაუდოდ, მყარია და შესაძლოა, თხელი ატმოსფეროც ჰქონდეს. დანარჩენი 5-ვე ობიექტის რადიუსი ჩვენი პლანეტისას დაახლოებით 2-ჯერ აჭარბებს, მათ გარშემო კი სქელი აირადი გარსი უნდა იყოს ფორმირებული.

ფოტო: NASA

ამ მახასიათებლების გამოვლენა სწორედ ახალი კატალოგის დამსახურებაა. წინა მსგავსი ბაზები იმის დადგენას ემსახურებოდა, თუ რამდენად გავრცელებულია პლანეტები სხვა ვარსკვლავების გარშემო. უკანასკნელი სია კი უკვე თითოეულ სისტემას გვაცნობს. სწორედ ამის წყალობით აღმოაჩინეს Kepler-385.

კატალოგში გამოყენებულია ვარსკვლავთა მახასიათებლების გაუმჯობესებული საზომები, პლანეტების ორბიტული მოძრაობის შესახებ ბევრად ზუსტი გამოთვლები და ა.შ. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო მეტი ციური სხეულია სისტემაში, მით უფრო წრიულია მათი ტრაექტორია მნათობის გარშემო, ვიდრე სხვა შემთხვევებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა Kepler-385-ის მონაცემების სონიფიკაციაც შექმნეს, ანუ ის აუდიო მასალად აქციეს. მასში ყოველი პლანეტის ორბიტა ახალი ხმით შემოდის. ჩანაწერი ჯერ ყველაზე შიდა პლანეტებით იწყება და ნელ-ნელა შორეულ ციურ სხეულებზე გადადის, რითაც ერთგვარი მრავალხმიანობა იქმნება.

აი, როგორ “ჟღერს” Kepler-385:

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response