close
კოლოგიააქართველო

მსოფლიო ბანკი საქართველოში სტიქიური უბედურებების სავალალო სტატისტიკას აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი

 

2017 წლის იანვარში  მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა შეჯამება, რომელშიც მიმოიხილა საქართველოში ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრებისა და წყადიდობების სავალალო სტატისტიკა.

შეჯამებაში ნათქვამია, რომ, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)  13.7 მილიარდს უდრიდა, რომლის დიდი ნაწილი ინდუსტრიული და სოფლის მეურნებიდანაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე  დიდ გავლენას ახდენს ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა – მიწისძვრა და წყალდიდობა, რომლებიც არცთუ ისე იშვიათია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი – ურბანული ცენტრებისთვის, სადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

ზემოთ წარმოდგენილ რუკაზე ნაჩვენები ცისფერი წრეები წყალდიდობის, ხოლო ოქროსფერი მიწისძვრის მოსალოდნელ რისკს უჩვენებს, რაც უფრო დიდია წრე, მით მეტია რომელიმე მათგანის საშიშროება ანუ წყალდიდობის მხრივ ყველაზე აქტიური თბილისია, ხოლო მიწისძვრებით – ქვემო ქართლი. საბოლოო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ ორივე სტიქიური უბედურების ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ თბილისშია.

საქართველოში 1900 წლიდან ყველაზე დამანგრეველი 1991 წელს მომხდარი  შვიდბალიანი მიწისძვრა იყო, რომელმაც 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდამდე ზარალი მოუტანა, შედარებით უწყინარი იყო 1992 და 2009 წლების მიწისძვრები, რასაც ვერ ვიტყვით 2002 წლისაზე, რომელმაც 20 000 ადამიანი დააზარალა და 500 მილიონი დოლარის დანაკარგი გამოიწვია.

რაც შეეხება წყალდიდობებს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი  ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა 1997 წელს მოხდა, როდესაც ორმა ასეთმა შემთხვევამ ქვეყანას 40 მილიონზე მეტი ზარალი მიაყენა. მოხსენებაში აღნიშნულია ასევე 1995, 2004, 2005, 2011, 2013 და 2015 წლის ივნისის წყალდიდობებიც, რომლებსაც დიდი რაოდენობით მსხვერპლიც მოჰყვა. ,,აღნიშნული ფაქტები ხაზს უსვამს საქართველოს დაუცველობას ამ სტიქიური მოვლენისადმი. წყალდიდობები ყოველთვის დამანგრეველი არ არის, მაგრამ ისინი საკმაოდ სწრაფად სდევს ერთმანეთს და კუმულაციური ეფექტი აქვს მთელს ქვეყანაზე,” – ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია, რომ წყალდიდობებს გამეორება ახასიათებს, რისი ყველასთვის კარგად ცნობილი მაგალითია 1972 წლის თბილისის წყალდიდობა, რომელიც ბევრი არაფრიით განსხვავდებოდა 2015 წლის მდ. ვერეს ადიდებისგან. თუმცა, როგორც მსოფლიო ბანკის კვლევაშია, განსხვავება არის სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის ზარალის მხრივ, მაგალითად, თუ მივიჩნევთ, რომ მდ. ვერეს ადიდება ასწლიანი ინტერვალით ხდება (აქ არ იგულისხმება აუცილებლად ზუსტი ინტერვალი და თარიღები), მაშინ თუ კი 2015 წლის შემთხვევას მილიარდამდე დანაკარგი მოჰყვა, იგივე შემთხვევას 2080 წლისთვის შესაძლოა 6-დან 8 მილიარდამდე ზარალი მოჰყვეს, რაც, ბუნებრივია, გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ურბანიზაციითა და გაუფრთხილებლობით. რა თქმა უნდა ეს სტატისტიკა პირობითია, თუმცა საკმარისად გონებამახვილური საიმისოდ, რომ  ქვეყანამ აქცენტი გაკეთოს ამ მდგომარეობაზე.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid