close
კულტურაფილოსოფიაფრაზები

,,მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც. ადამიანი უკვდავია!” – უილიამ ფოლკნერი

უილიამ ქათბერთ ფოლკნერმა ეს სიტყვა წარმოთქვა 1950 წლის 10 დეკემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ,,ნობელის პრემიის” მიღებისას:

,,ვგრძნობ, რომ ეს პრემია მომანიჭეს არა პირადად მე, როგორც კაცს, არამედ ჩემს შემოქმედებას – მთელი ცხოვრების ნაჭირვებს, სიმწრის ოფლში ტანჯვაგამოვლილ ადამიანურ სულს, ნაწამებს არა სახელისა ან სიმდიდრის მოსახვეჭად, არამედ იმისათვის,რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ამგვარად, ეს ჯილდო მხოლოდ ნდობის გამოცხადებად მიმაჩნია. ძნელი არ იქნება პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამოვიყენო და გავცე მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მე მსურს ეს ზეიმიც, ეს წუთიც ასევე გამოვიყენო, ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად და ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, ვისაც ამგვარივე წამებისა და ტანჯვისათვის გაუწირავთ თავი. მათ შორის უკვე მოიპოვება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, სადაც მე ვდგავარ, ამავე ადგილს დაიკავებს.

ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საერთო და ყოვლისმომცველი შიშია, რასაც იმდენი ხანია განვიცდით, რომ ლამის შევეჩვიეთ კიდეც. სულის პრობლემებისათვის ვიღას სცალია. ახლა ერთი კითხვაღა აწუხებს ყველას: როდის გამაცამტვერებენ? ამიტომაცაა, რომ დღეს ახალგაზრდა მწერალს გადაავიწყდა მთავარი პრობლემა – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან,რომლის გარეშე კარგი მწერლობა ვერ იქმნება, რადგანაც მხოლოდ მასზე ღირს წერა, მისთვის ღირს ტანჯვა და ოფლის ღვრა.

ყველაფერი ეს მან თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ბილწზე უბილწესი გრძნობაა; შეიგნოს ესა და სამუდამოდ დაივიწყოს, მაშინ მის სამჭედლოში ადგილი აღარ დარჩება სხვა არაფრისათვის, თუ არა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისათვის: სიყვარული, პატიოსნება, სიბრალული, სიამაყე, თანაგრძნობა, თავგანწირვა, – აი, ის ძველთაძველი უნივერსალური სიმართლენი გულისა, რომელთა გარეშე ყოველგვარი ნაწარმოები განწირულია და არარაობად იქცევა. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ მოეცხება. იგი წერს არა სიყვარულზე, არამედ ავხორცობაზე, დამარცხებაზე, რომელშიაც არავინ კარგავს რაიმე ღირებულს, გამარჯვებაზე, რომელსაც არავითარი იმედი არ მოაქვს და, რაც ყველაზე უფრო სავალალოა, წერს უსიბრალულოდ და უთანაგრძნობოდ. მისი დარდი და მოთქმა ქვეყნის სატირალს არ ტირის, გულში იარასაც ვერ დააჩენს. იგი წერს არა გულზე, არამედ სეკრეციებზე.

მანამ ხელახლა შეიგნებდეს ამას, იგი წერს ისე, თითქოს ადამიანთა შორის იდგეს და კაცობრიობის აღსასრულს შეჰყურებდეს. მე უარვყოფ, არ მწამს კაცობრიობის აღსასრული. სულ ადვილია თქმა, ადამიანი უკვდავიაო, იგი ხომ ყველაფერს იტანს: მზის უკანასკნელად ჩასვენების ჟამს, როდესაც ირგვლივ თანდათან მწუხრი დაისადგურებს, დაშრეტილ ზღვაში უბადრუკად გამოკიდულ უკანასკნელ კლდეზე საბედისწერო განკითხვის ზარების გრგვინვა-გუგუნი რომ მიწყდება, მაშინაც კი რაღაც გაიხმაურებს: ეს – ადამიანი ალუღლუღდება ბოლომდე ჩაუხშობელი მიკნავლებული ხმით. მე ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, კიდეც გაიმარჯვებს. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ ცოცხალ არსებათა შორის მხოლოდ მას აქვს ბოლომდე ჩაუხშობელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს გული, აქვს სული, სული, რომელსაც შესწევს თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი. სწორედ ამაზე წერაა პოეტის, მწერლის მოვალეობა. მისი საპატიო ვალია მიეშველოს ადამიანს მოთმინება-გამძლეობაში, გაამხნევოს, გული გაუმაგროს, მოაგონოს კვლავაც მამაცობა, პატიოსნება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული,თავგანწირვა, – ყველაფერი ის, რაც ადამიანის წარსულს დიდებით მოსავდა. პოეტმა უბრალოდ კი არ უნდა აღნუსხოს ადამიანის ყოფა, უნდა დაეხმაროს მას, საყრდენ ბოძად, ბურჯად გამოადგეს, შეაძლებინოს ამტანობა და გამარჯვება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid