close
დედამიწაეკოლოგია

მეცნიერები: გლობალური დათბობა დედამიწის მასობრივ განადგურებას გამოიწვევს

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცუდი მასობრივი გადაშენება – როდესაც ცოცხალი ორგანიზმების 90 პროცენტი განადგურდა, შესაძლოა განმეორდეს.

პერმულ-ტრიასული კატასტროფა 250 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც ნახშირბადისა და მეთანის დონის სწრაფმა ზრდამ სწრაფად მზარდი გლობალური დათბობა გამოიწვია.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათი დასკვნები კლიმატის მიმდინარე ცვლილების დასაძლევად კაცობრიობისთვის „მნიშვნელოვან გაკვეთილად“ უნდა იქცეს.

დედამიწამ ხუთი მასობრივი განადგურება გადაიტანა, რომლის დროსაც ცოცხალი ორგანიზმების დიდი ნაწილი მოკლე დროის განმავლობაში იღუპებოდა.

თუმცა, პერმული გადაშენება ყველაზე სასიკვდილო იყო დედამიწის ისტორიაში და მან ზღვის ცოცხალი ორგანიზმების 96 და ხმელეთის სიცოცხლის 70 პროცენტი შეიწირა.

მკვლევარები დიდხანს მსჯელობდნენ და კამათობდნენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია გადაშენება. მიიჩნევა, რომ გამანადგურებელ მოვლენაში მნიშვნელოვანი როლი მეტეორის წვიმამ და მასობრივმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ითამაშა.

ბროკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ძველ ქანებში ჩარჩენილი გაზები გადასინჯეს და  აღმოაჩინეს, რომ გადაშენება ძირითადად კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული.

მათი განცხადებით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ჰაერში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის დაგროვება გამოიწვია, რამაც გლობალური ტემპერატურის 11 ° C-მდე (52 ° F) მომატება განაპირობა. გაზრდილმა ტემპერატურამ მუდმივი მზრალობის (პერმაფროსტი) არეების გალღობა გამოიწვია, ამან თავის მხრივ – მეთანის გამოყოფა და გლობალური დათბობა.

 „გამოყოფილი ნახშირორჟანგისგან გამოწვეული გლობალური დათბობა შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს, მაგრამ პერმაფროსტის მეთანი  – აპოკალიფსური. პერმული გადაშენება მნიშვნელოვანი გაკვეთილია კაცობრიობისთვის იმ საკითხთან მიმართებით, რაც მას სათბური გაზების ემისიისგან, გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებისგან ემუქრება,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათივე მტკიცებით, გლობალურმა დათბობამ შესაძლოა საშუალო ტემპერატურის 29 ° C-მდე (84 ° F) მომატება გამოიწვიოს.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld