close
კრიზისების მართვა

17 წლის გიორგი ჯიქიძე 199-ე საჯარო სკოლის (კომაროვის) მეთორმეტე კლასელია. როგორც აბიტურიენტს, ეროვნული გამოცებისთვის მზადება უწევს, რაც ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ის მაინც ახერხებს საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამონახვას. აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. თანაგუნდელებთან და თანამოაზრეებთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს – ცდილობს საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილოს და საკუთარი საქმიანობით სხვებსაც მოუტანოს სარგებელი.
აბიტურიენტ გამომგონებელს გარდა სამეცნიერო საქმიანობისა სპორტიც იტაცებს. აქტიური სპორტის სახეობებითაა დაკავებული- კარატე, ველო რბოლა მისი დაინტერესების სფეროებია და სამომავლოდ ამ საქმიანობების ყოველდღიურობად ქცევას აპირებს.
ახალგაზრდა გამომგონებელი თავის სხვადასხვა პროექტზე და მათთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვიამბობს.

-გამომგონებლობით და მეცნიერული საქმიანობით როდის დაინტერესდი და რამ განაპირობა ეს დაინტერესება?
-სკოლაში ჩაბარებამდე ვიცოდი რომ ტექნიკური მხარე ყოველთვის უკეთ გამომდიოდა ჩემ თანატოლებთან შედარებით. ჩემთვის ინტერესის საგანი გახლდათ სხვადასხვა დანადგარისა თუ ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი. რამაც საბოლოოდ მიმიყვანა არსებულ შედეგამდე. სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა ჩემზე, რომ დავახლოვებოდი ამ საქმიანობას. მაგალითად, თანაგუნდელები, რომლებსაც ასევე დიდი ინტერესი აქვთ არსებული საკითხის მიმართ, კერძოდ – ელექტრული ინჟინერიის განხრით.

-რომელიმე შენთვის გამორჩეულ გამოგონებაზე ან პროექტზე გვიამბე.
-თითოეული გამოგონება გახლავთ არსებული დანადგარის გაუმჯობესება რომელიც შემდგომში ინოციურ სახეს მიიღებს. მე მინდა გიამბოთ ჩვენი ბოლო პროექტის„Auxilium-ის” შესახებ.
ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც მაშველებს საშუალებას მისცემს დისტანციურად ჩაატარონ საჭირო სამუშაოები. პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი სახით: სახიფათო სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა ხანძარი, დანაღმული გარემო და ა.შ., ადამიანის მაგივრად, ვაგზავნით შესაბამისად აღჭურვილ მექანიზმს, რობოტს, რომელსაც მართავს დისტანციურად მყოფი მაშველი. მაშველი ჩაფხუტისა და საჭირო სენსორების მეშვეობით ხედავს და ისმენს იმავეს, რასაც რობოტი. მას საშუალება აქვს თავის მობრუნებით ცვალოს ხედვის კუთხე, გადაადგილოს მაშველი რობოტი და განახორციელოს საჭირო სამუშაოები. ამის განსახორციელებლად ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ კიდურებსა და კონკრეტულ პირობებში სამუშაოდ საჭირო ხელსაწყო-დანადგარებს (მაგალითად: ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ნაკრები, გეიგერის მთვლელი და ა.შ). ეს კი მაშველს საშუალებას აძლევს უსაფრთხო ადგილიდან განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები.
უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი სისტემის გამოყენებადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კრიტიკული სიტუაციებით. მოცემული მექანიზმის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სამეცნიერო, სამედიცინო სამუშაოები და ექსპერიმენტები სხვა ქვეყანაში ან დედამიწიდან კოსმოსში.
ჩვენ სისტემაში გამოყენებულია რობოტის მართვის ტიპი, რომელიც ადამიანის თითოეული მოძრაობის ზუსტ გამეორებას გულისხმობს. შედეგად, დისტანციურად მყოფი რობოტი ზუსტად ასრულებს მაშველის ყველა ბრძანებას, რაც ამცირებს სამუშაოს შესრულების დროს და ზრდის ეფექტურობას.

-რა სირთულე ახლავს, ზოგადად, ინოვაციებისა და გამოგონების შექმნის პროცესს და რა არის ამ დროს ყველაზე მთავარი?
-ზოგადად სირთულეს ყოველთვის წარმოადგენს იდეის მოფიქრება, რომელიც სიტყვა ინოვაციას სრულიად დააკმაყოფილებს. ეს ერთ-ერთი მთავარი სირთულეა, რომელიც პროექტებთან მუშაობის დროს გვხვდება, ხოლო იდეის მოფიქრების შემდეგ, სხვა პრობლემებს ვაწყდებით. მაგალითად, პროექტის მუშაობაში მოყვა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. არის შემთხვევები როდესაც ჩვენი ცოდნა არაა საკმარისი გამოგონების გასამართავად. ამ სიტუაციებში ჩვენი მენტორი გვეხმარება რომელიც სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ფინანსები. უმეტეს შემთხვევაში, ფინანსებს ჩვენ თვითონ ვაგროვებთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესეც სხვადასხვა კომპანია გვაფინანსებს.

-ამჟამად რამე პროექტზე ხომ არ მუშაობ და რას გეგმავ სამომავლოდ? 
-ამჟამად ვხვეწავთ პროექტს „Auxilium-ს”. სამომავლოდ სხვადასხვა გეგმა გვაქვს, მათ შორის სტარტაპის დაწყება, რომელიც მოქალაქებს შესთავაზებს სასურველ პროდუქტს ყველაზე მისაღებ ფასად.

 

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2