close
საქართველო

ჯოისისეული სამყაროს მთარგმნელი და ილუსტრაციების ავტორი

 მრავალშრიანი, ღრმადირონიული და ფენომენალურად რთული ნაწარმოებები, რომლებიც, როგორც წესი, ასოციაციური და სიღრმისეული ალუზიებითაა დახუნძლული, ჯეიმზ ჯოისის, უდიდესი მოდერნისტი მწერლის, შემოქმედებაა, რომელთა თარგმნა ინტელექტის, ლიტერატურული ალღოს, გამოცდილებისა თუ გემოვნების გარდა, მოითხოვს საოცარ გამბედაობასა და ძალისხმევას. სწორედ ასეთი აღმოჩნდა თამარ გელაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მან არა მარტო თარგმნა ,,ჯაკომო ჯოისი”, არამედ ილუსტრაციებიც დაურთო, როგორც ქართულ, აგრეთვე, ინგლისურ ტექსტს. ,,დოქტრინა” ესაუბრა მას აღნიშნული თარგმანის, ილუსტრაციების, შემოქმედებითი პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

-როდის დაინტერესდით პირველად ჯოისით?

-ჯოისით პირველად ადრეულ ასაკში რომანით – ,,ღამისთევა ფინეგანისთვის” – დავინტერესდი. ვფიქრობ, სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ჯეიმზ ჯოისის დაბადების დღეს, 2 თებერვალს, დავიბადე. ისიც ვიცით, რომ ჯოისი ირლანდიიდან გაქცევის შემდეგ არაერთ ადგილას ცხოვრობდა, სანამ საბოლოოდ ციურიხში არ დასახლდა. მეც ბევრი ფაკულტეტი მოვიარე, ალბათ, ჩემს წილ ციურიხს ვეძებდი, რომელიც ჯოისში ვიპოვე.

-მოგეხსენებათ, ნაწარმოების თარგმნა, ზოგადად, ურთულესია, მით უმეტეს, ჯეიმზ ჯოისის შემოქმედების. ერთია ტექსტის თარგმნა, მეორე – კონტექსტის. მეცნიერთა კოლეგიამ თარგმანი დადებითად შეაფასა. რატომ შეარჩიეთ ,,ჯაკომო ჯოისი” და რა სირთულეები შეგხვდათ თარგმნისას?

-დისერტაცია 2016 წლის 23 დეკემბერს დავიცავი. სამეცნიერო კვლევებითა თუ სტატიებით ისეთი გადაღლილი ვიყავი, რომ გადავწყვიტე სხვა რამ მომესინჯა. ერთ დილას დავიწყე ტექსტის კითხვა და თარგმნა ერთდროულად. ვთარგმნე ერთ დღეში, ილუსტრაციებიც რეკორდულ დროში (ერთ კვირაში) შევქმენი. ვერც ვხსნი ამას, ალბათ, სწორედ ესაა შთაგონება, ახლა რეტროსპექტივაში რომ ვუყურებ, ვერც ვაცნობიერებ, როგორ გავაკეთე ეს ყოველივე. თარგმანზე მუშაობა რთული არ ყოფილა, უბრალოდ, ჯოისს უნდა აყვე და მასავით ითამაშო სიტყვებითა თუ ალუზიებით.

-წიგნში დართული ილუსტრაციების ავტორიც თავად ხართ. საიდან გაჩნდა შექმნის იდეა, გვესაუბრეთ შემოქმედებით პროცესზე.

-ჯეიმზ ჯოისის ყველა ნაწარმოები გამოირჩევა მუსიკალურობითა და ფერადოვნებით. აღსანიშნავია ისიც, რომ, ზოგადად, ნახატს უფრო მარტივად აღვიქვამთ, შესაბამისად, აქედან გაჩნდა ილუსტრაციების შექმნის იდეაც. თითოეულ ილუსტრაციაში, ქალების სილუეტებთან ერთად, ციტატებია, სწორედ იმ გვერდიდან, რომელსაც თან ერთვის. ერთ-ერთი ილუსტრაცია ჯეიმზ ჯოისის იტალიურ ფონდშია დაცული.

-ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ კარიერა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით გაგეგრძელებინათ. რა იყო ამის მიზეზი?

-დავამთავრე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ვარ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. ამ პერიოდში მივხვდი, რომ ეს პროფესია ნაკლებად მაინტერესებდა, სწორედ ამ დროს, ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან დოლიძემ, შემომთავაზა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთათვის მესწავლებინა პოლიტიკური ტერმინები, ასე გავხდი მოწვეული ლექტორი 22 წლის ასაკში. მაშინ გავაანალიზე თუ რაოდენ სასიამოვნოა სწავლების პროცესი. მჯერა ბედისწერის და, ვფიქრობ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი თავისდაუნებურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩემთვის მიმართულების მომცემი რუსუდან დოლიძე აღმოჩნდა.

-როგორც ვიცით, საზღვარგარეთ სხვადასხვა კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში იღებთ მონაწილეობას, რომელს გამოარჩევდით.

-იტალიის ჯეიმზ ჯოისის ფონდი ყოველ წელს, 2 თებერვალს, ჯოისისადმი მიძღვნილ კონფერენციას მართავს, რომელშიც რამდენიმე წელია ვიღებ მონაწილეობას. ამას გარდა, არაერთხელ ვყოფილვარ ციურიხში – ფრიც ზენის მიერ მოწყობილ ვორქშოპზე, რომელში მონაწილეობაც ძალიან პრესტიჟულია, რადგან მხოლოდ 15 ადამიანს შეუძლია წარადგინოს თავისი კვლევა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯოისის შესწავლის კუთხით, ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა, რომელსაც Genetic Studies სახელით მოიხსენიებენ. ჯოისის ხელნაწერების კვლევა, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი მეშვეობით ვიგებთ თუ რა ევოლუციას გადიოდა ტექსტი, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებდა. მე წარმოვადგინე ორი სტატია, ერთი იტალიასა და მეორე – ციურიხში. ერთ-ერთი გაისად გამოვა ჯეიმზ ჯოისის იტალიური ფონდის გამოცემაში.

-მოგვიყევით დისერტაციაზე მუშაობის პროცესზე.

-დისერტაციისთვის ჯოისის ,,ღამისთევა ფინეგანისთვის” შევარჩიე. გამიმართლა, რადგან დოქტურანტურაში ჩაბარებისთანავე მივიღე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, რომლის საშუალებითაც რამდენიმე თვე ვმუშაობდი  დუბლინის, ციურიხისა და იტალიის ჯეიმზ ჯოისის ფონდებსა და არქივებში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ფრიც ზენის როლი დისერტაციაზე მუშაობის პროცესში. ფრიც ზენი ციურიხის ჯეიმზ ჯოისის ფონდის დირექტორია, ამას გარდა, ჯოისოლოგთა გურუ. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამან განაპირობება ისიც, რომ ,,ჯაკომო ჯოისის” თარგმანი დედას, მეუღლესა და ფრიც ზენს მივუძღვენი.

-რას გეგმავთ სამომავლოდ?

შემოდგომაზე ვგეგმავ, რომ გამოვცე მონოგრაფია – ,,ღამისთევა ფინეგანისთვის”, რომელიც ტექსტს უფრო გასაგებსა და ადვილად აღსაქმელს გახდის მკითხველთათვის. ამ ეტაპზე ვთარგმნი ამავე რომანს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალიან შრომატევადია, აგრეთვე, დიდ დროს მოითხოვს. თითოეულ სიტყვასა თუ ფრაზას განმარტება სჭირდება. მოგეხსენებათ, ყოველი თარგმანი არის ნაწარმოების ახალი ინტერპრეტაცია, უმნიშვნელოვანესია ტექსტის ,,გაქართულება”, მთარგმნელმა ჯოისივით ოსტატურად უნდა ითამაშოს სიტყვებით მშობლიურ ენაზე.

 

მეორე ფოტოზე:  ენდრიუ გუდსპიდი – გამორჩეული ჯოისოლოგი და თამარ გელაშვილი

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid