close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

Hand4help-ი – ინოვაციური ხელის პროთეზი ქართველი ახალგაზრდებისგან

18049789_1445551925511787_1306924164_o

 Hand4Help-ი არის ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელმაც შეძლო სტარტაპერი გუნდიდან ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა. მათ შექმნეს ინოვაციური ხელის პროთეზი, რომელიც საკამოდ განსხვავდება უკვე არსებულისგან და რაც მთავარია, გუნდი უანგაროდ ეხმარება საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც საჭიროებენ მას. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა გუნდის ერთ-ერთ წევრს  – გიორგი დიღმელაშვილს, რომელმაც მათი გეგმებისა და აღნიშნული პროთეზის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

Hand4help-ის გუნდი შედგება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან.  გიორგი დიღმელაშილი და გიორგი გაბრაშვილი აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტები არიან, ამავე ფაკულტეტზე სწავლობს მათი დიზაინერი, დავით კორძაია, გუნდის დანარჩენი წევრები – ვახტანგ ტაბატაძე (პროგრამისტი), დავით კვიციანი  და კობა ცერცვაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლის სტუდენტები არიან, ლექსო ბიწაძე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

იდეა გუნდის წევრებს საზოგადოების იმ წევრების პრობლემიდან გამომდინარე გაუჩნდა,  რომლებიც საჭიროებენ ხელის პროთეზს, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე პროთეზებს ბევრი ნაკლი გააჩნიათ, ეს პიროვნებები ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან,  რაზეც გიორგიმ თავადვე ისაუბრა – ,,პროთეზების ფასი საშუალოდ 15 000 -100 000 $-მდე მერყეობს. ბავშვებისთვის კი ძირითადად არც მზადდება. არსებული პროთეზები, როგორც წესი, ნაკლებფუნქციური, რთულად გამოსაყენებელი მოწყობილობებია, რომლებიც სრულფასოვნად გამოყენებამდე საჭიროებენ 2-4 თვემდე ტრენინგს და ამასთანავე, საკმაოდ მძიმეა სატარებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ხანია ამ სფეროში სიახლე არავის შეუტანია მაშინ, როცა პროდუქცია აშკარად საჭიროებს განახლებას“.
გუნდმა გადაწყვიტა პრობლემა 3D პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებით მოეხსნა და შეექმნა ხელის მრავალფუქნციური და რაც მთავარია, დაბალდანახარჯიანი პროთეზი, რომლებიც ბავშვებისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, გავცდეთ ბუნებრივი ხელის ფუნქციებს და ხელის პროთეზი გავხადოთ უფრო მაღალტექნოლოგიური, მომხმარებელი თვითონ ირჩევს რა სურს, რომ შეეძლოს მის პროთეზს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგი, შემდეგ კი,  ჩვენი ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს მას. არ აქვს მნიშვნელობა სურვილს, ჩვენ შევძელით პროთეზით პიანინოზე დაკვრა, სმარტფონზე შეტყობინების აკრეფვა, პრეზენტაციის ჩატარება და ა.შ ეს ყველაფერი კი  იმისთვის, რომ როდესაც 2 ადამიანი შეხვდება ერთმანეთს საუბარი არ დაიწყოს ფრაზით თუ როგორ მოხდა ეს, და „რა სამწუხაროა“,  არამედ იმით თუ რამდენად კარგია აღნიშნული პროთეზი“ – აღნიშნა გიორგიმ.

გუნდმა პირველად ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილის მფლობელიც გახდა, მას მოჰყვა ევროპის ფონდის კონკურსი სოციალური საწარმოს დაარსების შესახებ, სადაც ასევე პირველი ადგილი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი, მათ საქართველოს ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ,,სტარტაპ საქართველოში” გაიმარჯვეს და მონაწილეობა მიიღეს კალოფორნიაში,  ,,სილიკონ ველიზე”, სადაც აღნიშნული პროექტით უცხოელი ინვესტორების წინაშეც წარსდგნენ.

Hand4help-ს სოციალური მისია აკისრია, სწორედ ამიტომ, გუნდმა საქართველოში დაარსა,,Hand4help Community“, ეს არის საზოგადოება რომელიც მიზნად ისახავს გააერთიანოს ადამიანები, ვისაც უშუალოდ სჭირდებათ დახმარება და ვისაც სურს, რომ დაეხმაროს სხვას, იქნება ეს უბრალოდ იდეებით, დიზაინით, პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღებითა თუ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

ორგანიზაცია იურიდიულად უკვე დარეგისტრირდა, თუმცა მათი საქმიანობა მოგებაზე გათვლილი არ არის, რადგან მოგებული დაფინანსებები და ინვესტიციები მთლიანად კოპანიის ამ ფორმით ჩამოყალიბებას მოხმარდა. ამჟამად კომპანია აწარმოების  ორ მოდელს, ერთი მათგანი არის სრულიად მაღალი ფუნქციებით აღჭურვილი პროთეზი,  რომლის გატანაც მსოფლიო ბაზარზე უკვე იგეგმება, მისი ღირებულება კი 1500$-ს შეადგენს, მეორე მოდელით ადამიანს მხოლოდ უბრალოდ ნივთების გადაადგილება შეუძლია, ამ პროთეზს გუნდი უკვე დიდი ხანია უანგაროდ გადასცემს მსურველებს, რომლებსაც მათთან დაკავშირება საიტის – Hand4help.com-ის მეშვეობით შეუძლიათ.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid