close
საქართველო

გრიფონები საკრებულოს წინ – ისტორია

ალბათ ყველას შეგვინიშნავს თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ არსებული ორი შავად შეღებილი გრიფონის ქანდაკება, თუმცა ცოტამ თუ იცის მათი რეალური ისტორია და დატვირთვა.

გრიფონი ზოგადად ლომის ტანის მქონე და არწივისთავიანი ზღაპრული არსებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰესიოდესა და არისტეას შემოქმედებაში  ვხვდებით. ის მიჩნეული იყო მზის მცველად და მზის ღმერთ აპოლონს ცაში დაატარებდა ეტლით. შუა საუკუნეებში  კი, გრიფონი ქრისტეს ორმაგ ბუნებას – ღვთიურს და ადამიანურს განსახიერებდა, ის ნახსენებია დანტეს ,ღვთაებრივ კომედიაშიც“  სადაც გრიფონი ქრისტეს ოთხთვალას ეზიდებოდა.

რაც შეეხება ქანდაკებებს, აქ განასხვავებენ ორი ტიპის გრიფონს – გრიფონი ქალი ფრთებითა და გრიფონი მამაკაცი ფრთების გარეშე. როგორც ჩანს, სწორედ პირველი ტიპის ქანდაკებას ვხვდებით თავისუფლების მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ 1970 წლიდან აღნიშნული ქანდაკებები გაიძარცვა და ფრთების გარეშე დარჩა, თუმცა მოგვიანებით მათი პირვანდელი სახე აღადგინეს.

ქანდაკებები თავდაპირველად  იტალიური ოპერის ორ ცენტრალურ შესასველს ამშვენებდა, მაგრამ როგორც წყაროებიდან ჩანს, იმ დროს მათი რაოდენობა 4 იყო და თავზე ლამპიონებიც ედგათ. აღნიშნული ოპერა 1851 წელს გაიხსნა მიხეილ ვორონცოვის ხელშეწყობით და ერევნის ანუ დღევანდელი თავისუფების მოედნის შუაგულში მდებარეობდა, მაგრამ ოცი წლის შემდეგ ოპერას ცეცხლი გაუჩნდა და მიუხედავად მოსახლეობის დიდი სურვილისა,  აღარ აღუდგენიათ. შენობა მთლიანად განადგურდა,  გრიფონები კი გმირთა მოედანზე აგებულ ხიდზე გადაიტანეს.

1970-იან წლებში, გმირთა მოედნის რეაბილიტაციის დროს, უკვე გაძარცვული გრიფონები თბილისის ისტორიის მუზეუმის მახლობლად გადაიტანეს და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოხერხდა მათი დაბრუნება საკრებულოს შენობის წინ, სადაც აღდგენილი და შავად შეღებილი ქანდაკებები დღესაც იპყრობენ ქართველი თუ უცხოელი მნახველის ყურადღებას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid