close
სიქოლოგია

გემბლინგი – ფსიქოლოგიური ნარკოტიკი

ლუდომანია

გემბლინგი, იგივე ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელსაც ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს. გემბლინგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საშინელი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით არაფრით ჩამოუვარდება ნარკომანიას. ხშირ შემთხვევაში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფრო მძიმე და სავალალო შედეგებიც კი მოაქვს.

 

გემბლინგით გამოწვეული რამოდენიმე შედეგი:

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო საქართველოში ძალზედ ხშირია ოჯახის დანგრევის ფაქტები;
• მოთამაშის მიერ დიდი თანხის წაგების შემდეგ საქართველოში დაფიქსირდა თვითმკვლელობის რამოდენიმე ფაქტი. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება იმის გამო, რომ არ ჩატარებულა რაიმე სახის კვლევა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით;
• სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გემბლინგი ადამიანის ორგანიზმს ფიზიკურ ზიანს აყენებს. მოთამაშეთა შორის ხშირია გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები. საქართველოში სამორინე ,,აჭარაში” გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც აზარტულ მოთამაშეს სათამაშო მაგიდასთან თამაშის დროს დაემართა ინფარქტი. სამწუხაროდ, ამ კუთხითაც არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა;

  • გემბლინგზე დამოკიდებული ადამიანი მატერიალურ ქონებასთან ერთად კარგავს სოციალურ სტატუსსა და ნდობას. იგი აღარ არის საზოგადოების სრულყოფილი წევრი, რადგან მძიმე და ძნელად განკურნებადი სენითაა შეპყრობილი.

ადამიანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, გადადის სულ სხვა სამყაროში და მხოლოდ იმას ფიქრობს როგორ იშოვოს ფული, რათა ითამაშოს.

გასულ წლებში თუ საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ნარკომანია იყო, დღეს იგი გემბლინგით შეიცვალა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ადამიანი სათამაშო ბიზნესით დაინტერესდა და მყარად მოიკიდა ფეხი ამ სფეროში. სათამაშო ბიზნესს ბევრ ქვეყანაში კანონი არეგულირებს. მსოფლიო შემოსავლის არცთუ უმნიშვნელო წილი აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდის.

გემბლინგი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა იმ დაავადებათაგან, რომლებიც დღეს არსებობს. ეს ფსიქოლოგიური ნარკოტიკი ისევე ვნებს ადამიანს როგორც, ვთქვათ, მარიხუანა ან კოკაინი, შეიძლება მეტადაც კი.

მოთამაშეების საშუალო ასაკი 35 წელია. გემბლერების სიაში არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახებზეც კი უარს ამბობენ, რათა ითამაშონ. თამაში ზოგისთვის გართობაა, ზოგისთვის კი ფულის შოვნის ერთადერთი გზა, რომელსაც ბოლოს მაინც გაკოტრებამდე მიჰყავხარ.

ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ როგორ იღუპავენ თავს და გემბლინგის მსხვერპლნი ხდებიან. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ელით, რის გამო ამბობენ უარს ნათელ მომავალზე და არც ის იციან, რომ, საუბედუროდ, ლუდომანია უკურნებელ სენად არის მიჩნეული

ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის. გემბლინგი იწვევს ადამიანის ფსიქოლოგიურად განარკომანებას, რომელიც ვერასდროს შეძლებს დააღწიოს თავი ამ სენს, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, ამ დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებულია, ვერ შეცვლი. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს უჭირთ თავის დანებება აზარტულ თამაშებზე.

სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათი უმეტესობა კი გემბლინგითაა დაავადებული. ისინი, ვინც ცოტათი მაინც ხვდებიან რამხელა საფრთხეში იგდებენ თავს, უნდათ, რომ თამაშს თავი დაანებონ, თუმცა საბოლოოდ, მაინც ვერ ახერხებენ და სხვადასხვანაირად ცდილობენ თავის შეკავებას. ერთ-ერთი მოთამაშე ამბობს: ,,ექვსი წელია უკვე დიდი თამაში აღარ მითამაშია, მაგრამ აპარატებით ვთამაშობ და შეიძლება ითქვას, რომ ამით სურვილს ვიკლავ და ჩემს დოზა ,,ფსიქოლოგიურ ნარკოტიკს” ვიღებ.”

,,აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის, შეუძლია, დამოკიდებული გახადოს ადამიანი. პრობლემა ის არის, რომ თუ ღრმად შესულ მოთამაშეზე ვისაუბრებთ, დოსტოევსკისეული ,,მოთამაშის” კატეგორიაში რომ არის, გაცილებით რთულია, დაანებებინო თავი, ვიდრე ნარკომანს – ნარკოტიკებისთვის,“- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ეს მძაფრი ემოციაა, იმავე სიმძაფრის, როგორიც მანქანის სწრაფად ტარება, მთამსვლელობა, სადაც საკუთარ თავს ეჯიბრები, საკუთარ შესაძლებლობებს ზომავ..

გემბლინგით დაავადებულთა მახასიათებლებია:

მძიმე კონფლიქტებისგან თავის დაღწევის უნარი, რასაც  ტყუილით აღწევენ. მოთამაშეს ძალიან უვიწროვდება ცნობიერება, აღარ ახსოვს აღარც წარსული, არც მომავალი და არც ის, რა ხდება გარშემო. ამას შექმნილი გარემოც უწყობს ხელს და პროცესს მთლიანად ეძლევა… აზარტული თამაში მაშინ ისადგურებს ადამიანში, როცა დასაწყისში იგებს.იმის მოლოდინში, რომ მოგებიანობა დაუბრუნდება, მიჯაჭვული ხდება თამაშზე.  კრიტიკულები არიან ოჯახის წევრების მიმართ. აზარტულად მოთამაშეები იღებენ ვალს და დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით, ვალით აღებულ თანხას გააორმაგებენ,  ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულებიც დარჩებიან, მაგრამ რეალობა ასეთი არ არის. ახალგაზრდების უმრავლესობა უარს ამბობს სამსახურზე და თავის რჩენას სწორედ აქ მოგებული თანხით აპირებს. ვინც მუშაობს ისინი კიდე თავიანთ ხელფასებს კაზინოებსა და სლოტკლუბებში ხარჯავენ.  
როდესაც თამაშზე დამოკიდებულება პიკს აღწევს, ადამიანი უარყოფს სამსახურს, ოჯახსა და ყოველივე­ ძვირფასს. ამიტომაც ძნელია მტკიცება, რომ კანონით აკრძალვა თამაშზე უარს ათქმევინებს გემბლინგით გატაცებულს. ასეთი ადამიანები საჭიროებენ სერიოზულ დახმარებას.

აზარტული თამაშები ხშირად იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და, ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.

ის, რომ ნარკომანიასთან შედარებით გემბლინგი კანონის მიერ ნაკლებად რეგულირებადია, არ ნიშნავს იმას რომ ეს იმაზე ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს და მის გარშემომყოფებს ვიდრე სხვა  ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლიზმი, ტოქსომანია და ა.შ.    ამ სენით ,,დაავადებულ” ადამიანებს ესაჭიროებათ სპეციალიზირებული მიდგომა და მკურნალობა, რითიც შეძლებენ თავი დააღწიონ იმ სამყაროს მონობას, რომელსაც კარგი ჯერ არავისთვის მოუტანია.  როდესაც ამ თემაზე გულგრილად დავიწყებთ საუბარს და როდესაც ვინმე ეცდება ეს ყველაფერი კომერციულად შეფუთოს, არასდროს დაგვავიწყდეს მილიონობით დანგრეული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, უმშობლოდ, უყურადღებოდ დარჩენილი შვილები, უშვილოდ დარჩენილი მშობლები და სუიციდამდე მიყვანილი ახალგაზრდების ისტორიები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების ქრონიკებში უკვე არც თუ ისე იშვიათია.

 

მასალა მოამზადა: თინა თუშიშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2