ადამიანმა შორეულ წარსულშივე მიაქცია ყურადღება იმას, რომ დროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და ამიტომაც ცდილობდა რომელიმე ფიქსირებული მომენტიდან დროის მონაკვეთის ხანგრძლივობის გადათვლას. დროთა განმავლობაში შეიქმნა კალენდარი და საათიც, მაგრამ რადგან ადრეულ პერიოდში სხვადასხვა ხალხს შორის არ იყო ინტენსიური ურთიერთობა, კალენდარიც, როგორც წესი, იმდენივე იყო, რამდენი ასეთი გაერთიანებაც არსებობდა.
შორეულ წარსულში საქართველოშიც რომ არსებობდა კალენდარი, ამას მეცნიერები, როგორც წესი, ადასტურებენ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში არსებული რამდენიმე სახეობის ხორბლის მეურნეობითა და ვაზის მრავალფეროვანი ჯიშების კულტურით, რადგან კარგი მოსავალის მისაღებად აუცილებელია დროის თანმიმდევრულად აღრიცხვა.
ძველი ქართული კალენდარული სისტემის შესწავლისას ქართველი მეცნიერები – ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა და სხვები – ეყრდნობოდნენ ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებს, ერთ-ერთი მათგანი არის X ს-ის ხელნაწერი კალენდარი, რომელიც შედგენილია პალესტინაში ქართველი ბერის, იოანე-ზოსიმეს მიერ. აღნიშნული კალენდარი საქართველოს გარდა გავრცელებული ყოფილა ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი – თვითონ პალესტინაში. კანლენდრით თვეების აღრიცხვა დაკავშირებული იყო მზის მოძრაობასთან ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს შორის და ასევე, გათვალისწინებული იყო სხვაობა წლის ზამთრისა და ზაფხულის ნახევრების ხანგრძლივობას შორის.
თუმცა აღნიშნული წყაროები, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, არაფერს მეტყველებენ იმის შესახებ, თუ რა სისტემის კალენდარი ჰქონდათ ქართველებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან თუნდაც I-IX საუკუნეებში. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს უძველესი კალენდარული სისტემის კვლევისას ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ძველ საქართველოში მთვარის კალენდარს იყენებდნენ, რასაც ადასტურებს მთვარის ხატობის რელიგიური გადმონაშთები: ,,გერისთაობა“ – აღმოსავლეთ საქართველოში და ,,ნაციხურობა“ – დასავლეთ საქართველოში.
,,გერისთაობა“ 14-15 აგვისტოსაა და მისი სწორი 21-22 აგვისტოა ანუ როდესაც მთვარე სრულია, ხოლო კიდევ ერთი სწორი 28-29 აგვისტოა, როდესაც მთვარე მეოთხე მეოთხედშია. რაც შეეხება ,,ნაციხურობას“, ის ნააღდგომევს, მეორე კვირიდან ორშაბათობით არის ხოლმე სამი კვირის განმავლობაში და ისიც მთვარის მეოთხედის თაყვანისცემაზეა დამყარებული. რადგან ორივე დღესასწაულის უქმობა კვირა ღამესა და ორშაბათობით იცოდნენ, ივანე ჯავახიშვილმა დაასკვნა რომ ძველ ქართულში ორშაბათს სწორედ მთვარის დღე უნდა რქმეოდა, ეს ფაქტი ასევე დასტურდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც, სადაც ორშაბათი განმარტებულია როგორც დღე ,,მთოვარისა“.
კვირის დღეების დანარჩენი სახელებიც პლანეტების სახელებს შეესაბამებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ისევე როგორც ებრაელები და ბერძნები, ქართველებიც მათ აღსანიშნავად ციფრებს იყენებდნენ, კვირა-1, ორშაბათი-2, სამშაბათი-3, ოთხშაბათი-4, ხუთშაბათი-5, პარასკევი-6, შაბათი-7. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად კვირის დღეები კვლავ რიცხვებიდან წარმოებულმა ტერმინებმა შეცვალა, მაგრამ მათ თან დაერთო ებრაული წარმოშობის ტერმინი ,,შაბათი“ (ებრაულად ,,შაბეს“ – დასვენება).
მეცნიერულად ასევე დადგენილია, რომ უძველეს საქართველოში, ისევე როგორც იმ დროინდელ მსოფლიოში, წლის დასაწყისად 21 მარტი, ე.ი. გაზაფხულის ბუნიობა იყო მიჩნეული, ხოლო წელიწადის თვეების ძველქართული სახელწოდებები როგორც ეს პავლე ინგოროყვამ განსაზღვრა, შემდგენაირია: 1) ახალი წელიწადი – 23 აგვისტო – 22 სექტემბერი, 2) სთუელისა თვე – 23 სექტემბერი -22 ოქტომბერი, 3) ტირისკონის თვე – 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი, 4) ტირისდენის თვე – 22 ნოემბერი-21 დეკემბერი, 5) სურწყუნისის თვე – 22 დეკემბერი-19 იანვარი, 6) აპნისის თვე – 20 იანვარი -18 თებერვალი, 7) მირკანის თვე – 19 თებერვალი-20 მარტი, 8) იგრიკას თვე – 21 მარტი-20 აპრილი, 9) ვარდობის თვე – 22 მაისი-21 ივნისი, 10) მარჩბივის (ტყუპის) თვე – 22 მაისი- 21 ივნისი, 11) ქუელთობის თვე – 22 ივნისი-22ივლისი, 12) არდა-დეგის თვე – 23 ივლისი -17 აგვისტო.
როგორც ხედავთ, თითოეული თვის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა მზის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ ყოფნის პერიოდით, რაც ნათლად მეტყველებს ამ სფეროში ქართველების განსწავლულობაზე, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კალენდარი, პავლე ინგოროყვას კვლევის თანახმად, ჯერ კიდევ წარმართული ხანიდან არსებობდა საქართველოში, სანამ მე-7 საუკუნეში დამკვიდრდებოდა თვეების რომაული აღრიცხვა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”