close
სიქოლოგია

დახმარების, როგორც ქვევის ახსნა ფსიქოლოგიაში

დახმარება ფსიქოლოგია

ალტრუიზმი არის ადამიანის მოხალისეობრივი სურვილი, დაეხმაროს სხვას ჯილდოს მოლოდინის გარეშე; პროსოციალური ქცევა კი – ბევრად ფართო ტერმინია და მოიცავს ნებისმიერ დახმარებას მოტივაციის მიუხედავად.
ევოლუციურ-ბიოლოგიური მიდგომის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სხვისი დახმარების ტენდეციას
შეიძლება დიდი ღირებულება ჰქონდეს არა უშუალოდ ამ ქცევის განმახორციელებელი ინდივიდისათვის, არამედ მისი სახეობის, შთამომავლობის გადარჩენისთვის. დახმარების ქცევა, როგორც გადარჩენისთვის ღირებული, ნებისმიერი სხვა, გენეტიკურად განსაზღვრული მახასიათებელი, შთამომავლობას გადაეცემა.
ევოლუციურ-ბიოლოგიური მიდგომის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფაქტორები ბიოლოგიურზე უფრო მეტადგანსაზღვრავს ადამიანის პროსოციალურ ქცევებს. დონალდ კემბელის მიხედვით, გენეტიკის საფუძველზე შეიძლება ავხსნათ ისეთი პროსოციალური ქცევა, როგორიცაა მშობლის შვილისადმი მზრუნველობა, მაგრამ ის ვერ ხსნის გასაჭირში მყოფი უცნობის დახმარების შემთხვევებს.

სოციო-კულტურული მიდგომის წარმომადგენელთა მიხედვით, ამისი ახსნა შესაძლებელია „სოციალური
ევოლუციით“; ადამიანთა საზოგადოებამ თანდათან და შერჩევით შეიძინა ისეთი უნარები და წარმოდგენები, რომლებიც ჯგუფების კეთილდღეობას უწყობს ხელს. რადგან პროსოციალურ ქცევას სოციუმისათვის მოაქვს სარგებელი, ის სოციალური წესებისა და ნორმების ნაწილი გახდა.
ადამიანების საზოგადოებაში სამი ძირითადი სოციალური ნორმაა დამკვიდრებული. პირველი, სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა, გულისხმობს იმის დახმარებას, ვინც ჩვენზეა დამოკიდებული. მეორეა მიგების ნორმა, რომლის მიხედვით, ვეხმარებით მას, ვინც ჩვენ გვეხმარება. მესამე, სოციალური სამართლიანობის ნორმა, გულისხმობს რესურსების სამართლიანად განაწილებას.
შესაძლოა, სწორედ სამართლიანი სიტუაციის შექმნის სურვილით არის განპირობებული „ნაკლებად იღბლიანების“ დახმარება. ეს სამი ნორმა ქმნის პროსოციალური ქცევის კულტურულ საფუძველს. სოციალიზაციის პროცესში ადამიანები სწავლობენ ამ წესებს და მათი გათვალისწინებით იქცევიან.
მესამე მიდგომა – დასწავლის თეორია – ხაზს უსვამს დახმარების დასწავლის მნიშვნელობას. კვლევები ნათლად
გვიჩვენებს, რომ მიბაძვასა და განმტკიცებას დიდი გავლენა აქვს პროსოციალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. ბავშვის პროსოციალური ქცევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარედან მიღებულ ჯილდოსა და სოციალურ მოწონებაზე. დროთა განმავლობაში, ადამიანს უვითარდება სხვისი დახმარების ჩვევა და ის სწავლობს წესებს, თუ ვის და როდის უნდა დაეხმაროს. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ითავისებს, იშინაგნებს სხვისი დახმარების ქცევას, როგორც ღირებულებას, და ის აღარ არის დამოკიდებული გარეგან
წახალისებაზე; მისთვის საკმარისია იმის გაცნობიერება, რომ კეთილი საქმე გააკეთა.
ხანდახან დახმარების საჭიროება აშკარაა, განსაკუთრებით – ექსტრემალურ სიტუაციებში. ამ დროს დახმარება, როგორც წესი, სპონტანური და ნაჩქარევია. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, დახმარების გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული პროცესის შედეგია.
დახმარების გადაწყვეტილების მიდგომის მიხედვით, ადამიანი ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, დაეხმაროს სხვას და შემდეგ ახორციელებს შესაბამის ქცევას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა შენიშნოს, რომ რაღაც ხდება და გადაწყვიტოს, რომ საჭიროადახმარება. ამის შემდეგ ის განიხილავს, თუ რამდენად არის მისი პირადი პასუხისმგებლობა დახმარების გაწევა. შემდეგ ის აფასებს იმ „დანაკარგსა“ და „სარგებელს“, რაც დახმარების გაწევას, თუ არგაწევას, შეიძლება მოყვეს.

დაბოლოს, ადამიანმა უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევაა საჭირო და როგორ უნდა განახორციელოს ის.
კიდევ ერთი მიდგომის, ატრიბუციის თეორიის თანახმად, ადამიანი დახმარების გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, იმსახურებს თუ არა რთულ სიტუაციაში მყოფი ინდივიდი დახმარებას. როგორც წესი, მეტ თანადგომას იჩენენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პრობლემურ სიტუაციაში თავისდაუნებურად, შემთხვევით ხვდებიან, ხოლო გულგრილობას იჩენენ მათ მიმართ, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელნი შექმნილ ვითარებაზე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2