close

  ,,დაე, საკვები იყოს შენი წამალი!” – ანტიკური მედიცინის რეფორმატორის – ჰიპოკრატეს გამონათქვამს დღესაც არ დაუკარგავს თავის აქტუალობა. კვება – ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის საფუძველია და ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დებულება: ,,ჯანმრთელობა კვების ფუნქციაა” – თანამედროვე საზოგადოების საფუძველია.რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად და არ ვჭამოთ გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული?

იმიტომ რომ…

ნიადაგი არის მიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა, რომელიც შედგება დედა ქანების, მკვდარი ორგანული ნივთიერებების, ცოცხალი არსებების, ჰაერისა და წყლისაგან.ნიადაგის როლი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების გადატანაში დიდია.

დიდია მიკროორგანიზმთა როლი ნიადაგის თვითგაწმენდის პროცესში. სწორედ ამ ორგანიზმების მიერ ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების (რომლებიც სხვადასხვა გზებით ხვდება ნიადაგშისაყოფაცხოვრებო ნარჩენების, სამრეწველო ნარჩენების, ნაგვის და სხვ. სახით), გარდაქმნა მინერალურ მარილებად (მინერალიზაცია). 

სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, ნიადაგში სახლობენ მრავალი ეპიდემიის მატარებელი ორგანიზმები, რომელიც ადამიანს სწორედ ნიადაგიდან გადაეცემა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, აგრეთვე ინვაზიური დაავადებების გამომწვევი ჰელმინტების კვერცხები და მატლები

ინფექციური დაავადებები შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში ნიადაგიდან დაბინძურებული მცენარეული და ცხოველური წარმომავლობის პროდუქტების საშუალებით.

   საკვებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს შორის ყველაზე მავნე პესტიციდებია. (ლათ. pestis — გადამდები სენი და caedo — ვკლავ) — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლებისმარცვლეულის, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად. პესტიციდებში შედის დეფოლიანტები და დესიკანტები.

პესტიციდებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ: ინსექტიციდებად, რომლებსაც იყენებენ მწერების გასანადგურებლად, ფუნგიციდებად – სოკოებთან საბრძოლველად, ჰერბიციდებად – სარეველების მოსასპობად და ა.შ. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი არ არსებობს. მათი 90% მიზანს ვერ აღწევს, გარემოში იფანტება და ჩამდინარე წყლებით წყალსატევებში ხვდება. ისინი იწვევენ ეკოსისტემის ღრმა ცვლილებას, რადგან წამლავენ ყველა ცოცხალ ორგანიზმს.

პესტიციდები ხშირად გამოიყენება ხილის მოყვანის პროცესში. იმის ალბათობა რომ პესტიციდების შემცველობას, ზომიერი კლიმატის ნაყოფში აღმოვაჩენთ, უფრო დიდია, ვიდრე სუბტროპიკული კლიმატის ხილში. ალბათ ყველას აწუხებს აზრი იმის თაობაზე, რომ შეგვიძლია თუ არა, გარეგნული დათვალიერებით ამოვარჩიოთ ნაკლები ქიმიკატის შემცველი პროდუქტი. დაჭიანებული ხილი პირველი ნიშანია იმისა, რომ იგი ნატურალურია, თუმცა სრულ გარანტიას იგი არ იძლევა იმის გამო, რომ მისი პესტიციდით დამუშავება მოხდა იმის შემდეგ, როდესაც იგი უკვე დაჭიანებული იყო. 

პესტიციდების გამოყენების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას, რომლებიც დადგენილია ამ ქიმიკატების მოხმარებისას. იგი უნდა ჩატარდეს გარკვეულ დროს და გამოყენებული იქნას ზომიერად.

პესტიციდების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, დაკვირვებას და ცოდნას, რადგან მათი არასწორი გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დაცული პესტიციდებთან უსაფრთხო მოპყრობის შემდეგი წესები:

  1.  ქიმიური წამლობების დროს რეკომენდირებულია ისეთი სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს;
  2. აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისრეზინის ხელთათმანის, ჩექმის, თავსაბურავის, სათვალის, რესპირატორის გამოყენება;
  3. წამლობა საჭიროა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში;
  4. დაუშვებელია ქიმიურ პრეპარატის (ფხვნილის, ხსნარის) შეხება დაუცველი ხელებით;
  5. აკრძალულია წამლობის დროს პესტიციდით დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება;
  6. სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივი სარეცხისაგან განცალკევებით და მოხდეს მისი შენახვა;
  7. დაუშვებელია პესტიციდის ცარიელი ტარის გამოყენება შემდგომი მოხმარებისთვის, აუცილებელია მისი დახვრეტა და ღრმად ჩამარხვა სპეციალიზირებულ ამოცემენტებულ ორმოში. ქაღალდის ან მუყაოს ტარის შემთხვევაში, საჭიროა შესაფუთი მასალის დაწვა. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სახიფათოა დაწვისას წარმოქმნილი ბოლის შესუნთქვა;
  8. წამლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა გამოყენებული შემასხურებელი აპარატურის გულდასმით გარეცხვა და ნარეცხი წყლის გახარჯვა დამუშავებულ ნაკვეთში;
  9. ყოვლად დაუშვებელია გამოყენებული პესტიციდების ტარისა და ნარჩენების, აგრეთვე, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების უკონტროლოდ გადაყრა (გადასხმა) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში, წყალსატევებში (მდინარე, ღელე, ხრამი, ტბა, ჭაობი), ბუნებრივ ველმინდვრებსა და ტყეებში. პესტიციდების ნარჩენები და ცარიელი ტარა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დროებით საცავებში!

   სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობს მეცნიერების დასკვნა იმის თაობაზე, რომ პესტიციდების თუნდაც ძალიან მცირე ნარჩენი უსაფრთხოა ადამიანისათვის. საერთოდ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ისინი დაბლა წევენ იმუნიტეტს და ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ. ხილის და ბოსტნეულის მოხმარებამდე, საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ისინი, გავთალოთ (ანუ გავათავისუფლოთ ზედაპირული ფენისაგან) შემდეგ, დავამუშაოთ თერმულად. საერთოდ უფრო სასარგებლოა ნატურალური პროდუქტები, რომლებიც მიღებული არიან ყოველნაირი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

     პესტიციდებს მავნებლები 10-30 თაობაში ეგუებიან მაშინ, როცა ადამიანს ამისთვის ასეულობით წელი სჭირდება. ჩვენში დღემდე იყენებენ სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს, რომელთა წარმოება 50-60 წლის წინათ დაიწყეს, როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე შორეული მავნე ზემოქმედების საკითხი საერთოდ არ იდგა. სამწუხაროდ, ასეთმა ზემოქმედებამ უკვე მკაფიოდ იჩინა თავი. მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით სიკვდილიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია პესტიციდების გამოყენებასთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება პესტიციდებს. როგორც ვიცით, დედის რძეს საოცარი ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, რითაც განპირობებულია მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი, მაგრამ თავად განსაჯეთ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია დედის რძეს, როცა მასშიც კი აღმოჩნდა დდტ და კიდევ უფრო ძლიერი შხამი ქლოროფოსი.

პესტიციდები ხოცავს ყველა მწერს – მავნესაც და სასარგებლოსაც (მაგალითად, ფუტკარს). გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მავნებელს ჰყავს თავიანთი მტაცებლები და პარაზიტები, რომლებიც ამცირებენ მათ რაოდენობას. პესტიციდები კი ანადგურებს არა მარტო მავნებლებს, არამედ მათ ბუნებრივ მტრებსაც. იდეალური პესტიციდები უნდა სპობდეს მწერების მხოლოდ განსაზღვრულ სახეობას, სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად.

პესტიციდების გამოყენების ზრდასთან ერთად იმატა გონებასუსტ ბავშვთა რაოდენობამ. თუ ადრე მრავალი დაავადების მიზეზად ალკოჰოლს თვლიდნენ, შემდეგში გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა (სისხლის დაავადება და სხვა მძიმე სნეულებანი) ინტენსიური ქიმიზაციის შედეგი ყოფილა.

ამერიკაში ზრდიან არა პესტიციდთა გამოყენებას, არამედ იქ აკრძალული პესტიციდების ექსპორტს სხვა ქვეყნებში.

 ცნობილია, რომ პესტიციდების ძირითადი რაოდენობა გროვდება ბოსტნეულის და ხილის კანში. პესტიციდებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს: კიტრი, კომბოსტო, ატამი, ვაშლი, ჟოლო. ყველაზე ნაკლებ გავლენას პესტიციდებისგან განიცდის თავიანი ხახვი, სიმინდი, სოკო, ბადრიჯანი, ანანასი. კულინარიულ დამუშავებამდე საჭიროა ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა (სასურველია წყალს დაამატოთ ლიმონმჟავა და ზღვის მარილი). ხილის გათლით, კომბოსტოს და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეულის გარე ფოთლების მოცილებით პესტიციდების რაოდენობა უფრო ეფექტურად მცირდება.

პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დაშლის სიჩქარე დამოკიდებულია პირობებზე. მაგალითად, ტემპერატურის აწევით (23 გრადუსზე მაღალა) დაშლა ძლიერდბა. ასევე – იზრდება დაშლის სიჩქარე პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობის გადადებასთან ერთად.

ხორცისა და რძის პროდუქტებში ნარჩენი პესტიციდების შემცველობის შემცირება შესაძლებელია თერმული დამუშავებით. ამ მხრივ, ყველაზე ეფექტურია ხორცის მოხარშვა.

პესტიციდები გროვდება ადამიანის ცხიმოვან ქსოვილში და ზოგიერთ შინაგან ორგანოში. პესტიციდებით გამოწვეული ყველაზე განვითარებული შედეგებია – ნაწლავების, მკერდის, საშარდე ბუშტის, ღვიძლის, თავის ტვინის, საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები. მოწამვლის ნიშნები შესაძლებელია იყოს რეგულარული თავის ტკივილი, დაღლილობა და უხალისობა. მთავარი ისაა, რომ მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. ზოგიერთი პესტიციდი გენეტიკურ აპარატზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე რადიაცია. განსაკუთრებით მგრძნობიარენი პესტიციდების მიმართ არიან ბავშვები.

ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გზა არის ავადმყოფი (ინფექციის წყარო) – ნიადაგი – მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტები – მიმღები ორგანიზმი. 
სწორედ ამიტომ, თავიდან რომ აიცილოთ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები, მიირთვით მხოლოდ საგულდაგულოდ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული, ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით მიწასთან შეხების დროს და მიაჩვიეთ თქვენი პატარები სისუფთავეს.

 

მასალა მოამზადა:  ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid