close
ფსიქოლოგია

ჩვილთა ტემპერამენტის შესახებ

     ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტით: ისინი განსხვავებულ რეაქციას იძლევიან ახალ ობიექტზე, განსხვავდებიან აქტიობის ხარისხით, ჩვეული გუნება-განწყობილებით, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი – მარტოობა, აქვთ განსხვავებული ცხო­ვ­რე­ბის რიტმი.

 

ბასმა და პლომინმა ტემპერამენტი აღწერეს 3 მახასიათებლით: ემოციურობა, აქტივობა და კომუნიკაბელობა.

თომასამა და ჩესმა კი ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით:

აქტიობის დონე – აქტიური პერიოდის თანაფარდობა, არააქტიურ პერიოდთან.

რითმულობა – ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირების რეგულარულობა. მაგალითად, ზოგ ჩვილს აქვს რეგულარული: კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი არა.

ყურადღების გადატანა – რამდენად შეუძლია გარე სტიმულს შეცვალოს ბავშვის ქცევა. მაგალითად, ზოგი ბავშვი წყვეტს ტირილს სათამაშოს მიწოდებისას, ზოგი კი -არა.

მიახლოება/განრიდება – რეაქცია ახალ საგანზე, ადამიანზე, საკვებზე. მაგალითად, ზოგი ბავშვი უღიმის უცნობ ადამიანს ან სიამოვნებით იღებს ახალ საკვებს, ზოგი კი ტირის და უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე.

ადაპტურობა – რამდენად ადვილად ეგუება ბავშვი გარემო ცვლილებებს. მაგალითად, ჩვილი შეიძლება შეშინდეს უცხო ადამიანის დანახვისას, მაგრამ მალე ჩერდება და შემდეგში მის დანახვაზე აღარ ტირის; ზოგი კი ხელმეორედ ნახვისას, ისევ იწყებს ტირილს.

ყურადღების მოცულობა და სიმყარე – აქტიობისთვის დათმობილი დრო. მაგალითად, ზოგი ბავშვი დიდხანს ათვალიერებს სათამაშოს, ზოგი კი რამოდენიმე წუთში კარგავს ინტერესს.

რეაქციის ინტენსივობა – რეაქციის ენერგიულობის დონე. მაგალითად, ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის/იცინის, ზოგი კი – ზომიერად.

რეაქციის ზღურბლი – რეაქციისთვის საჭირო სტიმულის ინტენსივობა. მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, სხვები კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.

გუნებაგანწყობილება – მხიარული აქტიობების რაოდენობა. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფროსებთან ინტერაქციისას ხშირად იცინის, ზოგი კი – არა.

ტემპერამენტის მახასიათებლების მიხედვით, თომასმა და ჩესმა გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:

ადვილი ბავშვი (40%) – ამ ბავშვის ტემპერამენტი ხასიათდება რეგულარული რეჟიმით, პოზიტიური გუნება-განწყობილებით, ადვილი ადაპტაციის უნარით.

რთული ბავშვი (10%) – ამ ბავშვების ტემპერამენტი ხასიათდება არარეგულარული რეჟიმით, გაძნელებული ადაპტაციით, ნეგატიური გუნება-განწყობილებით და ინტენსიური რეაქციებით.

მოდუნებული ბავშვი (15%) – ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.

ბავშვების 35%-ს კი ახასიათებს ტემპერამენტის შერეული ტიპი.

ფსიქოლოგების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ რთული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილი ბავშვები. როგორც აღმოჩნდა, ისინი მომავლში ავლენენ აგრესიას და შფოთვას.

მოდუნებული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილ ბავშვებს ნაკლები პრობლემები ახასიათებთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია: შიშები, შფოთვა, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი რეგულაცია არ შეიძლება. ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლები – ფორმირდება, ძლიერდება, სუსტდებს ან ნეიტრალდება, ბავშვისა და უფროსების ურთიერთობის და მიღებული გამოცდილების შედეგად.

ბავშვები იბადებიან ქცევის განსხვავებული რეპერტუარით და ეს განსხვავება, არა მარტო გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ გამოცდილებაზე, ასევე ხელს უწყობს ბავშვი-მშობელის ურთიერთობის სტილის ფორმირებას. მაგალითად, მშობლები უფრო ხშირად სჯიან რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებს, ვიდრე ადვილი ტემპერამნტის ბავშვებს. დასჯა კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვზე.

განათლებულმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის ქცევის სირთულეები გამოწვეულია მისი ტემპერამენტის მახასიათებლებით და არა გაუზრდელობით ან მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებით. ასეთი მშობლები კი გონივრულად და ადეკვატურად რეაგირებენ ბავშვის რთულ ქცევაზე.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid