მრეწველობის ავტომატიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, BMW-მ ჰუმანოიდი რობოტების ინტეგრაცია ავტომობილების საწარმოო პროცესში დაიწყო. რობოტები კალიფორნიაში დაფუძნებული რობოტიკის კომპანიის – Figure-ის მიერ შეიქმნა. ეს თანამშრომლობა ერთ-ერთ პირველ რეალურ მაგალითს წარმოადგენს იმაზე, თუ როგორ იკავებენ ჰუმანოიდი რობოტები ადგილს ავტოინდუსტრიაში, რაც წარმოების ხაზის რადიკალურ გარდაქმნას გულისხმობს.
Figure 01 – სწორედ ასე ჰქვია ამ რობოტს, რომელიც განკუთვნილია ადამიანისთვის მავნე და ფიზიკურად დამღლელი სამუშაოების შესასრულებლად. ადამიანის მსგავსი მოძრაობებისა და მოქნილობის წყალობით, რობოტს სხვადასხვა ლოჯისტიკური დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორისაა, მასალების გადაადგილება, ნაწილების მიწოდება და სხვა. განსხვავებით, ტრადიციული ინდუსტრიული რობოტებისგან, რომლებიც მხოლოდ ერთ ადგილს არიან მორგებულნი, Figure 01 მობილურია და სწრაფად გადაადგილდება, რაც სწრაფად ცვალებადი გარემოსთვის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს.
BMW-ს გადაწყვეტილება რობოტების დანერგვის შესახებ ინდუსტრიის მზარდი ტენდენციების გამოძახილია, რაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, Figure-ის რობოტები აღჭურვილნი არიან მოწინავე AI ტექნოლოგიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს დააკვირდნენ, ისწავლონ და შეითვისონ დავალებები სწრაფად, რაც საქმეს ბევრად ამარტივებს.
Figure-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრეტ ადკოკის თქმით, BMW-სთან თანამშრომლობა დიდი მიღწევაა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდი რობოტები რეალურად მუშაობენ ქარხნის გარემოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰუმანოიდებს შეუძლიათ შრომის დეფიციტის შევსება და უსაფრთხოების გაუმჯობესება.“
ამჟამად რობოტების ჩართულობა ლოჯისტიკურ და დამხმარე ფუნქციებს უკავშირდება, თუმცა ორივე მხარე მომავლისთვის მათ უფრო რთულ პროცესებში ჩართვასაც განიხილავს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”