close

მედიცინა

მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ სისხლის დაავადებების შესახებ, რა რჩევებს გვაძლევს ჰემატოლოგი

როგორია ჰემატოლოგიური დაავადებების სიმპტომები? რომელი დაავადება გვხვდება საქართველოში უფრო ხშირად? აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ჰემატოლოგი ანა მაყაშვილი ხშირად დასმულ შეკითხვებზე გვპასუხობს.

– ძირითადად, რა ჩივილებით მოდიან ჰემატოლოგთან?

შესაძლებელია, თავდაპირველად პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს ან სხვა კლინიკური დარგის სპეციალისტს ზოგადი, არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ერთი შეხედვით რთულია, დავუკავშიროთ ჰემატოლოგიურ პათოლოგიას – მაგალითად: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა, უენერგიობა, ძილიანობა, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა; ზოგჯერ ქოშინი, გულის რიტმის დარღვევები, ტემპერატურის მატება, ღამის ოფლიანობა, კანის ქავილი, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე, ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ამა თუ იმ ცვლილების გამოვლენის შემდეგ დგება ჰემატოლოგთან რეფერალის საკითხი. აუცილებელია ანემიის მიზეზის დროული დადგენა შესაბამისი გამოკვლევებით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით და შემდგომი მკურნალობა.

– თქვენი პრაქტიკით, სისხლის რომელი დაავადებებია უფრო ხშირი საქართველოში?

– საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჰემატოლოგთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ანემია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული.

ანემია განისაზღვრება ერითროციტების რაოდენობის და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით. დაავადება ზოგჯერ ლატენტურად-ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი პაციენტს, ძირითადად, ის სიმპტომები აღენიშნება, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

– რა იწვევს ანემიას და როგორ მკურნალობენ მას?

– აუცილებელია, განისაზღვროს, ანემია წარმოადგენს ამა თუ იმ ძირითადი დაავადების ერთ-ერთ სიმპტომს თუ ცალკეულ ჰემატოლოგიურ დაავადებას, რაც მოითხოვს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ანემიები განსხვავდება პათოგენეზით და, შესაბამისად, საჭიროებს სხვადასხვა მკურნალობას.

ძირითადად, გამოყოფენ ანემიის შემდეგ ფორმებს: სისხლის დაკარგვის, ერითროციტების გაძლიერებული დაშლის (ჰემოლიზი) და ერითროციტების შემცირებული წარმოქმნის შედეგად განვითარებულ ანემიებს.

ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. აღნიშნული ფორმები ხშირად ეფექტურად იმართება პირველადი ჯანდაცვის დონეზეც – ოჯახის ექიმის მიერ შესაძლო მიზეზის დადგენის და შესაბამისი მკურნალობის საფუძველზე.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ანემია არ ექვემდებარება მკურნალობას ან/და ანემიასთან ერთად სისხლის საერთო ანალიზში აღმოჩნდება სხვა ცვლილებები, მაგ.: თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობრივი ცვლილებები, შეინიშნება ლიმფური ჯირკვლების ან/და ელენთის გადიდება, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამის ანტიბიოტიკურ თერაპიას და რა თქმა უნდა, პარალელურად გამორიცხულია სხვა მიზეზები – ბაქტერიული/ვირუსული ინფექციები თუ პარაზიტული დაავადებები, უკვე მკაცრად დგება ჰემატოლოგის ჩართვის აუცილებლობის საკითხი.

– რა არის ორგანიზმში რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მიზეზები, რა ზიანი მოაქვს მათ დეფიციტს და რა არის გამოსავალი?

– რკინის დეფიციტი შესაძლებელია, შეგვხვდეს როგორც რკინის ფარული, ანუ ლატენტური დეფიციტი, ისე რკინა-დეფიციტური ანემიის სახით. ამის მიზეზებია: რკინის არასაკმარისი მიღება, რკინის შეწოვის დარღვევა; სისხლის დაკარგვა; გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (მაგ., ორსულობა, ლაქტაცია, მომწიფების პერიოდი).

რკინის უმთავრესი წყაროა საკვები – პირველ რიგში, ხორცი, ღვიძლი, ზღვის პროდუქტები. ორგანიზმში რკინის მარაგის შევსებაში, ასევე, დაგვეხმარება ვიტამინებით სავსე მცენარეული საკვები, ზოგიერთი პარკოსანი. ზოგადად, ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია ძვლის ტვინის სათანადო მუშაობისთვის და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

В12 დეფიციტური ანემია ვითარდება ვიტამინ В12-ის არასაკმარისი მიღებისას, შეწოვის დარღვევისას (მაგ.: ოპერაციები კუჭზე), ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების არსებობისას. აღნიშნული ვიტამინი, ძირითადად, გვხვდება ხორცში. ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვება. В12 ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებაში.

რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9), ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა. ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია საკმარისი რაოდენობის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, ხილის, ღვიძლისა და ხორცის პროდუქტებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ სინთეზური ფოლიუმის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობის პერიოდში ნაყოფისა და პლაცენტარული განვითარებისთვის – გინეკოლოგის დანიშნულების მიხედვით.

– რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ანემიის პრევენციისთვის?

– პირველ რიგში, აუცილებელია დაბალანსებული კვება, С-ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება, რაც მაგ., რკინის შეწოვას უწყობს ხელს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანმრთელ ინდივიდებში 6-12 თვეში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება; სისხლის საერთო ანალიზი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არა მარტო სისხლმბადი, არამედ ორგანოთა სხვა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე; ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადრეულ ეტაპზე იყოს აღმოჩენილი ესა თუ ის პათოლოგია, რასაც შემდეგ უფრო დეტალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები მოჰყვება; სიმპტომების გაჩენისას – დროული ვიზიტი ექიმთან; ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი და ცვლილებების აღმოჩენისას შესაბამისი, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ასევე, ცალკე გამოვყოფდი, მემკვიდრულ ჰემოლიზურ, ანუ სისხლის წითელი უჯრედების დაშლით მიმდინარე ანემიებს, როდესაც აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ოჯახურ ანამნეზზე, განსაკუთრებით ბავშვის ჩასახვამდე, რადგან შესაძლებელია, ახალშობილობიდანვე სიცოცხლისთვის საშიშ, რთულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე. ამ შემთხვევაში პრევენცია ინფორმირებულობაა.

აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში, ერთ სივრცეში ყველანაირი შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ლაბორატორიული კვლევები ტარდება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით. კლინიკას აქვს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატები, რაც უპრეცედენტოა საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამასთანავე, პაციენტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საჭიროებიდან გამომდინარე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

შაქარი ისეთივე ზიანს აყენებს ტვინს, როგორსაც ძალადობა

ის, რომ ნებისმიერი დიეტის დროს შაქრის რაოდენობდა უნდა შევამციროთ, უკვე კარგა ხანია ყველამ კარგად ვიცით. ისიც აღარაა სადავო, რომ კოლა და ლიმონათი ჩვენი წელის ხაზისა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არაა.

შაქრის მავნებლობის კვლევას მეცნიერები კვლავ განაგრძობენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომელიც ამტკიცებს, რომ შაქრიანი სასმელი ადამიანის ტვინს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც უკიდურესი სტრესი ან ძალადობა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი მთელი რიგი საზიანო შემთხვევები, როგორიცაა:  უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა; ოჯახური ძალადობა და დანაშაულის მსხვერპლად ყოფნა – იწვევს სტრესის ძირითადი ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას.

არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ტვინის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული და ეს ცვლილებები შეიაძლოა უკავშირდებოდეს მღელვარებასა და შიშს.

 მეცნიერებმა ვირთხებზე დაკვირვება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ შაქრიანი სასმელის მიღება ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგად ტვინზე დატოვებულ კვალს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების ნახევარი შეზღუდულ ბუდეში მოათავსეს დაბადებიდან 2-9 დღის გამნავლობაში. შემდეგ ისინი ნორმალურ საწოლს დაუბრუნეს ძუძუდან მოცილების პერიოდამდე.

ამის შემდეგ ვირთხების ნახევარს შეუზღუდავად აწვდიდნენ უცხიმო საჭმელს და სასმელ წყალს, ხოლო დანარჩენებს საჭმელი, წყალი და 25 პროცენტიანი შაქრიანი წყალი, რომელიც შეეძლო დასალევად აერჩიათ.

ორივე ჯგუფის ვირთხები მოიხმარდნენ შაქარს და ექსპერიმენტის დროს მეტი კალორია მიიღეს. როდესაც ვირთხები 15 კვირის გახდნენ, მკვლევარებმა მათი ტვინები შეამოწმეს.

როგორც ვიცით,  ცხოვრების ადრეულ ასაკზე გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე, ამიტომ მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპუსს უწოდებენ და რომელიც მეხსიერებისა და სტრესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ექსპერიმენტის დროს, ვირთხების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს – კონტროლირებული (არა სტრესგადატანილი), კონტროლირებადი ვირთხები, რომლებმაც სასმელი შაქრიანი წყალი დალიეს, ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ, და ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ და შაქრიანი წყალი დალიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ქრონიკული მოხმარება იმ ვირთხებში, რომლებსაც სტრესი გადატანილი არ ქონდათ, წარმოშობდა ისეთივე ცვლილებებს ჰიპოკამპუსში, რაც წარმოიქმნებოდა იმ ვირთხების ჰიპოკამპუსში, რომლებსაც სტრესი გადატანილი ქონდათ, მაგრამ შაქრიან წყალს არ სვამდნენ.

შაქარი და სტრესი ერთნაირად ამცირებენ კიდევ ერთ რეცეპტორს, რომელიც ნერვების ზრდისთვისაა საჭირო, Neurod1.

ტვინში შაქრიანი სასმელით გამოწვეული ცვლილებები შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, ის ტვინის განვითარებზე უარყოფითად მოქმედებს. ტკბილ და გაზიან გამაგრილებელ სასმელს კი განსაკუთრებთ დიდი ოდენობით მოიხმარენ ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები.

მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება შეზღუდონ ყოველდღიურად მოხმარებული შაქრის დოზა.

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა იყო საიდუმლო დაავადება, რომლის გამოც ასეულობით ინდოელი ბავშვი დაიღუპა?

ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საიდუმლო დაავადებას, რომლის გამოც ჩრდილოთ ინდოეთში წელიწადში ასზე მეტი ბავშვი იღუპებოდა,  ცარიელ კუჭზე ლიჩის ჭამა იწვევდა.

ორი ათწლეულის განმავლობაში ბიჰარის რეგიონში მცხოვრებ სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს უეცარი შეტევა ემართებოდათ და გონებას კარგავდნენ.  ბავშვების თითქმის ნახევარი იღუპებოდა.

სამეცნიერო ჟურნალ ,,The Lancet-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ხილისგან იღუპებოდნენ.

ბავშვების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან იყო და ლიჩის მწარმოებელ რეგიონში ცხოვრობდა. ისინი ბაღებში ჩამოყრილ ხილს ჭამდნენ.

ლიჩი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნას, ეს კი ღარიბ ბავშვებზე, რომელთა სისხლში გლუკოზის დონე ისედაც დაბალი იყო იმის გამო, რომ ისინი მშივრები იყვნენ,  უარყოფითად მოქმედებდა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის ოფიციალურმა ორგანოებმა მშობლებს მოუწოდეს, გააკონტროლონ ივახშმეს თუ არა ბავშვებმა და შეამცირონ მათ მიერ მოხმარებული ლიჩის რაოდენობა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ეპიდემიასთან“ ასოცირებული სიმპტომების მქონე ბავშვებს ჰიპოგლიკემიაზე უნდა უმკურნალონ. ჰიპოგლიკემია არის მდგმარეობა, რომლის დროსაც სისხლში ენერგიის მთავარი წყაროს, გლუკოზას ნაკლებობაა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

თამბაქო თუ ელექტროსიგარეტი?

სულ რამდენიმე წელია გაყიდვაში ელექტროსიგარეტები შემოვიდა, რომელზეც ამბობდნენ, რომ თითქოს იგი არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ექიმთა დასკვნებით, არანაკლებ ზიანს აყენებს საზოგადოებას ახალი პროდუქტი, ვიდრე თამბაქო.

რა თქმა უნდა, რომ თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს ვნებს, ხშირ შემთხვევაში – გარდაცალების მიზეზიც კი ხდება, გარდა იმისა, რომ მწეველი ადმიანები საკუთარ თავს სასიკვდილოდ სწირავენ, ისინი გარშემო მყოფ ადამიანებსაც საფრთხის ქვეშ აყენებენ, ამიტომაცაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, მოწევა აკრძალულია, ან გამოყოფილია კონკრეტული ადგილი.

მეცნიერების დასკვნით ელექტროსიგარეტები იმავე ხარისხის ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს, როგორც თამბაქო.

 

წყარო: Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება, ამის შესახებ ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) მიერ სამშაბათს, პარიზში გამართულ კიბოს მსოფლიო კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაშია ნათქვამი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოც წელში კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები 60 პროცენტით მოიმატებს.

ამერიკის კიბოს საზოგადოების კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრებ ქალბატონებში დაფიქსირდება.

ღარიბ ქვეყნებში კიბოს გაცილებით ნაკლები შემთხვევების დიაგნოზირება და მკურნალობა ხდება, ვიდრე მდიდარში და გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს ქალებში კიბოს 6,7 მილიონი ახალი შემთხვევა და კიბოსგან გარდაცვალების 3,5 მილიონი  ფაქტი დაფიქსირდა.

კიბოს შემთხვევების 56 პროცენტი და გარდაცვალების შემთხვევების 64 პროცენტი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე მოდის.

„2030 წლისთვის მოსალოდნელია კიბოს შემთხვევების 9,9 მილიონამდე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების 5,5 მილიონამდე გაზრდა,“ – აღნიშნულია ამერიკის კიბოს საზოგადოების ანგარიშში.

ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, კიბოს შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფიქსირდება, ეს ნაწილობრივ სკრინინგსა და დიაგნოსტიკაზე უკეთესი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.

თუმცა გარდაცვალების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რაც დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე შემცირებული ხელმისაწვდომობით აიხსნება.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ზიმბაბვეში, მალავიში, კენიაში, მონღოლეთსა და პაპუა ახალ გვინეაში.

სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობებია როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში მესამე ადგილზეა ნაწლავების კიბო, ხოლო ნაკლებად განვითარებულში – საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, ან რეგულარული პაპანიკოლაუს (PAP) ტესტის მეშვეობით მისი ადრეული დიაგნოსტიკით.

ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოა მსოფლიოს 140 ქვეყანაში, ხოლო საშვილოსნოს კიბო – 39 ქვეყანაში, რომლებიც ე.წ. LMICs (დაბალი და საშუალო შემოსავლის) ქვეყნები არიან.

წყარო: dailymail.co

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

შიმშილი დაზიანებული იმუნური სისტემის ღეროვან უჯრედებს აღადგენს

მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი შიმშილობის ციკლი არა მხოლოდ იმუნური სისტემას იცავს დაზიანებისგან, რაც ქიმიოთერაპიის უმთავრეს გვერდით ეფექტს წარმოადგენს, არამედ იმუნური სისტემის რეგენერაციასაც ახდენს, გარდაქმნის რა უმოქმედო ღეროვან უჯრედებს თვით განახლებად ღეროვან უჯრედებად.

ცდა ჩაატარეს როგორც თაგვებზე, ისე ადამიანებზე, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ქიმიოთერაპია უტარდებოდათ. შიმშილმა თაგვებში ჰემატოპეეტური ღეროვანი უჯრედების სასიგნალო გზები შეცვალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლისა და იმუნური სისტემის გენერაციაზე, ავტოიმუნური მოშლილობის ჩათვლით.

,,ვერ შევძელით იმის პროგნოზირებს, აქვს თუ არა ხანგრძლივ შიმშილს ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა ჰემატოპეეტური სისტემის უჯრედოვანი რეგენერაციის გაუმჯობესებაზეც,” –  განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გერონტოლოგიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების ამერიკელმა პროფესორმა – ვოლტერ ლონგომ.

,,როდესაც შიმშილობთ, სისტემა ცდილობს ენერგიის დაზოგვას და ერთ-ერთი მოქმედება, რომელსაც ენერგიის დასაზოგად აკეთებს, უამრავი არა საჭირო იმუნური უჯრედების გადამუშავებაა, განსაკუთრებით კი იმათი, რომლებიც შესაძლოა დაზიანდნენ,” – განაცხადა ლონგომ. ,,ის, რაც კვლევის დროს, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში შევნიშნეთ ისაა, რომ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ხანგრძლივი შიმშილის შედეგად კლებულობს, შემდეგ, როდესაც იკვებებით, უჯრედები ბრუნდება. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი: საიდან ხდება ეს?

შიმშილობის ციკლი

ხანგრძლივი შიმშილი აიძულებს სხეულს, გამოიყენოს გლუკოზის, ცხიმისა და კეტონების მარაგები, თუმცა  სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვან ნაწილს არღვევს.

შიმშილის თითოეული ციკლის დროს თეთრი უჯრედების კლება იწვევს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი იმუნური სისტემის უჯრედების რეგენერაციას. კერძოდ, ხანგრძლივი შიმშილი ამცირებს ფერმენტ PKA-ს, ასევე IGF-1-ს, ეს არის ზრდის ფაქტორის ფორმონი, რომელიც მეცნიერებმა დაბერებასთან, სიმსივნის პროგრესირებასა და კიბოს რისკთან დააკავშირეს.

,,PKA არის მთავარი გენი, რომელიც უნდა დაიხუროს იმისათვის, რომ ღეროვანი უჯრედები რეგენერაციულ რეჟიმზე გადაერთონ. ის მწვანე შუქს უნთებს ღეროვან უჯრედებს მთელი სისტემის პროლიფერირებისა და აღდგენის მიზნით დაწინაურდნენ,” – განმარტავს ლონგო და იმ კლინიკური პროგრამების პოტენციალზე მიანიშნებს, რომელიც იმუნური სისტემის გაჯანსაღების მიზნით ხანგრძლივი შიმშილის იმიტირებას ახდენს. ,,სასიხარულო ამბავია ის, რომ შიმშილის დროს სხეული თავისუფლდება სისტემის იმ ნაწილებისგან, რომელიც დაზიანებული, ან დაბერებულია, არაეფექტური ნაწილებისგან. თუკი სხეული ქიმიოთერაპიის ან დაბერების შედეგად მძიმედ დაზიანებულია, შიმშილობის ციკლებს შეუძლია ფაქტობრივად ახალი იმუნური სისტემის გენერირება,” –  აცხადებს ლონგო.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე კლინიკური ცდის შედეგად, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ქიმიოთერაპიამდე 72 საათის განმავლობაში აშიმშილეს, დადგინდა, რომ გრძელვადიანი შიმშილობა ორგანიზმს ტოქსიურობისგანაც იცავს.

წყარო: https://news.usc.edu

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

გაციება VS გრიპი — როგორ განვასხვავოთ?

“გაცივდი თუ გრიპი გაქვს?” — სულ ცოტა ხანში ეს კითხვა ძალიან აქტუალური გახდება და ჩვენი მეგობრებთან ურთიერთობის სიახლოვე თუ სიმჭიდროვე სწორედ ამ შეკითხვის პასუხზე იქნება დამოკიდებული

ზამთარი, როგორც წესი, განსაკუთრებით “დატვირთულია” ვირუსებით, რომლებიც ” მრდ”-ს ანუ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ. თუმცა ამ ვირუსებს შორის არის განსაკუთრებით აგრესიულები – ესენია გრიპის ვირუსები. არასპეციალისტისთვის ზოგჯერ ძალიან ძნელია მწვავე რესპირატორული დაავადების, ე.წ. გაციების და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა. არადა განსხვავება პრინციპულია: იმას, რასაც გვპატიობს გაციება, არ გვაპატიებს გრიპი!
მართალია, ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრიპი და გაციება ერთმანეთს ჰგავს და მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ ექიმებისთვის ისინი სრულიად სხვადასხვა დაავადებებია და სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებს საჭიროებს. ამიტომ, იმისათვის, რომ დროულად მივხვდეთ, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს, აუცილებელია ჩვენ თვითონაც ვიცოდეთ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება.

1. გრიპი ყოველთვის იწყება უეცრად. როგორ წესი, დაავადების შემოტევის ზუსტი დღისა და საათის დასახელებაც კი შეიძლება ხოლმე. მრდ-სთვის კი დამახასიათებელია სიმპტომების თანდათანობითი გამოკვეთა (სურდო, ყელის ტკივილი).

2. გრიპის პირველი სიმტომებია თავის, თვალების, კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავბრუსხვევა, ოფლდენა, ტანში მტვრევა და ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39 ან მეტი). მდრ კი იწყება ცხვირის გაჭედვით და ყელის ტკივილით. ტემპერატურა იშვიათად ადის 38, 5-ზე მაღლა.

3. ცემინება – გაციების თანმდევი ნიშანია, რომელიც როგორც წესი, არასოდეს ახლავს გრიპს.
სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვით ხველებაზე. გაციების დროს ხველა დაავადების დასაწყისში ჩნდება. იგი მშრალი და საშუალო სიძლიერისაა. გრიპის დროს კი ხველა მეორე ან მესამე დღეს იწყება (მასთან ერთად ჩნდება სურდო და ყელის ტკივილი). გრიპის ხველა ძალიან ძლიერი და დამღლელია, ხშირად თან სდევს ტკივილი მკერდის არეში, რაც გამოწვეულია იმით, რომ გრიპის ვირუსი “დაბინავდა” ტრაქეის ლორწოვან გარსში.

4. გრიპის დროს მკვეთრად არის გამოხატული ინტოქსიკაცია, ანუ ორგანიზმის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით, რომლებიც ჩნდება ვირუსებისა და დამცავვი უჯრედების დაშლის შედეგად.
5. კლასიკური გრიპი მიმდინარეობს უფრო რთულად, ვიდრე მრდ და ხშირად აქვს გართულებები პნევმონიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ნერვული სისტემის დაზიანების სახით.

6. გაციების შემთხვევაში ერთი კვირით სახლში ყოფნისა თუ წოლითი რეჟიმის შემდეგ ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ადვილად უბრუნდება. უფრო მეტიც, შეიძლება არც დარჩეს სახლში და განაგრძოს მუშაობა, თუმცა ამგვარი ქცევა არ არის რეკომენდებული. გრიპის შემთხვევაში კი რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა მთელ თვეს გაგრძელდეს: დიდხანს რჩება თავბრუსხვევა, წნევის მერყეობა, უმადობა, თვალები თავისით იხუჭება. ეს არის ე.წ. “ასთენიური სინდრომი” – ძალების გამოცლა. ამ დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის შენარჩუნება, რადგან შესაძლოა დაავადების “შემობრუნება” მოხდეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერების საგანგაშო დასკვნები – ის, რომ მარიხუანა უვნებელია, არ დასტურდება

ნარკომანიის საკითხი საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ერთი, რაც იკვეთება, არის ის, რომ ნარკოტიკის მოხმარების დაწყება ძირითადად ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული.

აგრეთვე, არასწორად გავრცელებული ცნობები  ,,მძიმე“ და ,,მსუბუქი“ ნარკოტიკების შესახებ, ხშირად ლეტალური შედეგებითაც კი სრულდება.

,,დოქტრინა“ გთავაზობთ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილ მასალას ნარკოტიკების, უფრო კონკრეტულად კი, მარიხუანას ზემოქმედებისა და შედეგების შესახებ.

 

მარიხუანა (პლანი, ანაშა, ჰაშიში, კანაფი, კანაბისი): 

ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ ეს არის მცენარე, ბალახი, სარეველა, მაგრამ, ყელაფერთან ერთად, ეს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი კანაფის ფოთოლია, რომელიც თავის ტვინზე ზემოქმედებს.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ადამიანზე მარიხუანა სხვადასხვანაირად ზემოქმედებს. როგორც წესი, ის ,,ურტყამს“ თავის ტვინის იმ ნაწილს,  რომელიც  მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას აკონტროლებს. აგრეთვე, არღვევს  ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომლებიც კოორდიაციას განაგებენ, რაც იწვევს მოძრაობის დარღვევას და ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ რისკს.

ის, რომ მარიხუანას ერთჯერადმა მოწევამ შეიძლება ვინმესთვის უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის რაიმე სერიოზულ რისკს. მეცნიერების მტკიცებით, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის მაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და  შიშები. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მარიხუანას უვნებლობის შესახებ  არანაირი დამამტკიცებელი დებულებები არ არსებობს.

როგორც ბოლო კვლევებმა დაადასტურა, მარიხუანას მოწევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი ფსიქიკური აშლილობებია, მათ შორის, შიზოფრენია, რომელიც განსაკუთრებით მოზარდებში ვითარდება. ,,ჰაშიშური ფსიქოზი“ ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას.

მაირიხუანას მოხმარება ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი  – თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ამ ცვლილებების ზეგავლენით კი, ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობს აზროვნების ყველა პროცესში, აზროვნება ნელდება, აღქმა მოშლილია. დროში გახალგრძლივებული მოხმარება მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას იწვევს.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარიხუანას აბსოლუტური უვნებლობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

 

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებია:

თვალების ლორწოვანი გარსის გაწითლება, ანთება, გუგების გაფართოვება, გულისცემის აჩქარება, მომატებული არტერიული წნევა, მოდუნება, გადაადგილების შენელება და მოქმედების დარღვევა, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, თვავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევა, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ეიფორია, შფოთვა და ღელვა მონაცვლეობით ინდეფერნტიზმთან (განურჩევლობასთან),  დროისა და სივრცის შეგრძნების დარღვევა, სმენისა და მხედველობის პათოლოგიური შეცვლა, მოჩვენებები.

 

ეს არის მრვაალჯერად კვლევებზე დაყრდნობილი ანალიზი, დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია…

 

წყარო: BBC; dailymail;  schoolofmedicine

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინასაქართველო

მარიამ თოფურია – პლასტიკური ქირურგი საქართველოდან, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა

ბევრ ადამიანს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ მიხვდნენ, რის კეთება სურს თავისი ცხოვრების მანძილზე. უფრო მეტიც, მათი გარკვეული ნაწილი იმ სფეროში აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც სულაც არ ანიჭებს სიამოვნებას. მარიამ თოფურია ძალიან მცირე ასაკის იყო, როდესაც უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა უახლოეს მომავალში. მარიამი საკუთარი პროფესიის შესახებ “დოქტრინას” თავად უყვება.

მარიამ თოფურიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მეხუთე კურსზე იყო, ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში რომ წავიდა. რეზიდენტურა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით საქართველოში გაიარა, პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს გარეთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად დადიოდა.

რამდენი წლის იყავი, როცა პლასტიკური ქირურგიით დაინტერესდი და რა მოცემულობამ განაპირობა ეს
7 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორთან მჯდარი რომ პლასტიკური ოპერაციის ტრანსლირებას ვუყურებდი და ნანახით დავინტერესდი. ამ დარგის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი. ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ექიმები არიან, ჩემს შეკითხვებს უპასუხეს და სწორედ მაშინ გავათვითცნობიერე, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ჩემს ყველა ინტერესს აერთიანებდა. ტექნიკური საგნები მიტაცებდა და მქომაგობდნენ, რომ სხვა, შედარებით მსუბუქი პროფესია ამერჩია, თუმცა ერთხელ გაჩენილი სურვილი არასდროს გამნელებია და, ცხადია, პლასტიკური ქირურგია ავირჩიე.

სხვა რომელიმე პროფესიაზე, ან მედიცინის სხვა მიმართულებაზე თუ გიფიქრიათ?

მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, სადღაც ყური მოვკარი, რომ ნეიროქირურგია იყო ყველაზე რთული პროფესია ქირურგიულ მიმართულებებს შორის, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები უმკლავდებოდნენ, მე კი, როგორც მეამბოხე ბავშვი, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა დავისახე მიზნად და “მეგობრობის დღიურებში” საოცნებო პროპესიად სწორედ მას ვუთუთდებდი.

სიმართლე გითხრათ პროფესიად სხვა მიმართულების არჩევა არასოდეს მიფიქრია, თუმცა ბევრი რამ მიტაცებს და არ გამოვრიცხავ, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩემი ჰობი საქმედ ვაქციო.

რა იყო შენთვის პროფესიული გამოცდილების პირველი ნაბიჯები?

პირველი იყო ესპანეთი, ჩვეული რეალობიდან ამერიკული სტანდარტებით შექმნილ ჰოსპიტალში რომ აღმოვჩნდი. პირველი პრაქტიკა ჩემი პროფესიის მიმართულებით სწორედ იქ შედგა.

ყოველთვის მინდოდა, საყვარელი საქმე საქართველოში მეკეთებინა. მთავარ ლოკაციადაც სწორედ ჩემი ქვეყანა ავირჩიე.

რას მიიჩნევ თქვენს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებად?

წარმატებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ამ ეტაპის წარმატებად კი იმ წერილებს მივიჩნევ, სრულიად უცნობი სტუდენტები რომ მიგზავნიან. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორია დამწყები ექიმებისთვის სტიმულისმიმცემი აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყოველივე მათგანს, მათი სიტყვები ყველაზე დიდ ძალას მაძლევს, ვიარო საყვარელი მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე.

საქართველოში რა ეტაპზეა პლასტიკური ქირურგია?

მიხარია, რომ საქართველოს ბევრი საერთაშორისო დონის სპეციალისტი ჰყავს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ ჩვენს ქვეყანას მოწინავე რიგებში.

სრულად ნახვა
მედიცინა

ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად – დიეტოლოგ ნატა გაგუას რჩევები

რაციონალური კვება ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ძირითადი გამსაზღვრელი ფაქტორია. იგი გარანტია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღისა. ჯანმრთელი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია სწრაფი ნივთიერებათა ცვლა, ეს კი ისეთი კვებით მიიღწევა, რომელშიც ოპტიმალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. იმის გარდა, რომ ჭარბი წონა ცვლის ვიზუალს, ჯანმრთელობასაც უდიდეს ზიანს აყენებს, ხშირია ენდოკრინული და ონკოლოლოგიური პათოლოგიები. თუმცა პაციენტებს უჭირთ თავიანთი პრობლემის რეალურად შეფასება და იწყებენ მარტივი გზების ძიებას, ამ გზებს კი, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში, მსუბუქ ინტოქსიკაციამდე ან სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. ჯანსაღი კვების შესახებ „დოქტრინა“ ექიმ-ნუტრიციოლოგს, ნატა გაგუას, გაესაუბრა.

რას ურჩევდით ისეთ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად აქტიურია, კვებაც დაბალანსებული აქვს, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებს?

თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია,  მაგრამ მოტივირებულია, ფიზიკურად ვარჯიშობს, იკვებება ჯანსაღად და შედეგს ვერ აღწევს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: სწორად არაა დაბალანსებული კვების რაციონი, დღის განმავლობაში მიღებული კალორიები გაცილებით მეტია, ვიდრე გახარჯული. თუ გამომუშავებულია ინდივიდუალური  კვების მოდელი, ფიზიკური ვარჯიშებიც შერჩეულია გონივრულად, პროფესიონალის დახმარებით, ჭარბი წონისa და სიმსუქნის შემთხვევაში, ადამიანის სხეულის მასა იკლებს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. ორივე პირობის მიუხედავად თუ შედეგს ვერ აღწევს ადამიანი, უნდა  მიმართოს ოჯახის ექიმს და გაიკეთოს ორგანიზმის სრული გამოკვლევა, რათა გაირკვეს თუ რამ შეიძლება „დაამუხრუჭოს“ სხეულის მასის კლება. მიზეზი ბევრია:  ენდოკრინული სისტემის გაუმართავი მუშაობა ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა, სტრესი, უძილობა და ა.შ.  ნორმალური კლება,  ჭარბი წონის შემთხვევაში, კვირაში ერთი კილოა.

რა აზრის ხართ ბიოაქტიურ დანამატებზე, რომლებსაც ხშირად წონის დასაკლებად იყენებენ?

ბიოაქტიური დანამატი არ არის პრეპარატი, სწორედ ამიტომ ურეცეპტოდ გაიცემა.  სამწუხაროდ,  არასწორად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელი. ბად-ის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა შეფასდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სხვადასხვა ლაბორატორიული და კლინიკური კვლევით დადგინდეს თუ რისი დეფიციტი აქვს ორგანიზმს. ძალიან ხშირად, წონის დასაკლები ბად-ები  შარდმდენ და საფაღარათო მოქმედებით გამოირჩევა, უკონტროლოდ და ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში  შეიძლება გამოიწვიოს: ელექტროლიტული დისბალანსი, არტერიული წნევის ვარდნა, სისუსტე, კანის სიმშრალე, არითმია და ბევრი უარყოფითი რამ.

სხვადასხვა მიზეზის გამო იმატებს წონაში ადამიანი. ეს შეიძლება იყოს: ფსიქოემოციური ფონი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება და ა.შ. თუკი გენეტიკური განწყობაც არსებობს (პრიორიტეტული არაა, მაგრამ თუკი ოჯახის წევრები არიან სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი,  რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია). როგორც ხედავთ, წონის მატების ბევრი მიზეზია, სწორედ ამიტომ,  აუცილებლია, ვიცოდეთ რა არის კონკრეტული მიზეზი ან მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩეს ჯანსაღი  კვების მოდელი.

რას გვეტყვით საკვებისა და წყლის მიღების ჯერადობაზე?

თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაშინ საკვების მიღების ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ექიმთან შეთანხმებით.  ახლა ვისაუბრებ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე. აუცილებებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, აღნიშნული სამი კვების გარდა, წაიხემსოს ერთხელ ან ორჯერ. მთლიანობაში გამოდის სამი ძირითადი კვება  და ერთი ან ორი ხემსი, შუალედებში შეუძლია მიიღოს წყალი. თუ მიირთმევთ  ზედმეტად  მარილიან ან ცხარე კერძს, რომლებიც  წყურვილის სურვილს გვიძლიერებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მიღებული სითხე შეიძლება შეკავდეს ორგანიზმში და გაზარდოს არტერიული წნევა. წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ამინდზე, ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ. წყლის დალევა სასურველია საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთ საათში. ზოგადად, 1 კგ მასაზე საშუალოდ 30-32 მილილიტრი წყალის მიღებაა სასურველი. მინდა, გახსოვდეთ, რომ წყლის ჩანაცვლება არ შეუძლია ჩაის და ყავას. ვისაც არ უყვარს წყალი და არ აქვს შაქრიანი დიაბეტი,  ვურჩევდი, რომ მიიღოს ხილის კომპოტი, უშაქროდ მომზადებული.

რა მცდარი აზრებია გავრცელებული ჯანსაღ კვებასთან მიმართებით?

მაგალითად, 1)  6 საათის შემდეგ არ შეიძლება საკვების მიღება. როცა  ადამიანი ღამურაა, გვიან იძინებს და, შესაბამისად, გვიან იღვიძებს, ცხოვრების სტილი აქვს ისეთი, რომ არ უყვარს ადრე  საუზმე და ჭამას გვიან იწყებს, 6-ის შემდეგ საკვებზე უარის თქმა, მისი ორგანიზმისთვის სტრესია. 2)  18-საათიანი უზმო ინტერვალი, ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, კუჭისთვის – ცუდია.  3) ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული). შეუზღუდავი რაოდენობით ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის ნაწარმის მიღება  დაუშვებელია. მოგეხსენებათ, ასეთი საკვები შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ამდენი ცილოვან-ცხიმოვანი საკვების სრულყოფილ  გადამუშავებას, ამან კი შეიძლება ქოლესტერინის შემცველობა  გაზარდოს სისხლში. შეიძლება ბოლომდე არ გადამუშავდეს  ეს საკვები  პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ადამიანს ჰქონდეს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მოთენთილობა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გულისრევა, მადის დაქვეითება. მკაცრი ცილოვანი დიეტა იწვევს  შრომისუნარიანობის დაქვეითებას – ყაბზობას. მისი  უპირატესობა ისაა, რომ დიეტის პირველ დღეებში სწრაფად იკლებენ, თუმცა რის ხარჯზე? სითხისა და მადის დაკარგვის ხარჯზე. როდესაც პაციენტს ეუბნება ექიმი, რომ სიმსუქნის სამკურნალოდ საჭიროა სრული კურსის გავლა და პირდაპირი  მოტივაცია, რასაკვირველია, არაპოპულარულად ჟღერს. სამწუხაროდ,  ბევრი  ირჩევს „მარტივ“ გზას, მკაცრი და „ეფექტური“ დიეტები ბევრია სხვადასხვა საიტზე, მაგრამ  ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე სწრაფად ვერ ვიკლებთ, უბრალოდ, ორგანიზმი კარგავს სითხეს და თუ ასეთი არასწორად შერჩეული დიეტა ხანგრძლივია, კუნთები განილევა ანუ კუნთის მასა მცირდება ორგანიზმში, რაც ცალსახად ცუდია.

სწორ კვებას თუ აქვს აზრი ვარჯიშის გარეშე?

რა თქმა უნდა, სწორ კვებას ვარჯიშის გარეშე აქვს გარკვეული შედეგები. თუკი მაღალი ხარისხის სიმსუქნეა, ბუნებრივია, არც შეიძლება საწყის ეტაპზევე ვარჯიშის დაწყება. ჯანსაღი კვების ფონზე, როდესაც სხეულის მასის  კლება დაიწყება, შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს ფიზიკური დატვირთვა, კარდიოვარჯიშები,  ფეხით სეირნობა, შემდეგ უკვე, სპორტულ დარბაზშიც უნდა გადაინაცვლოთ, რათა სწორად შეირჩეს ვარჯიშები ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

,,ვარჯიშის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია გემრიელად მიირთვა და არ მოიმატო,” – რამდენად რეალურია ეს ფორმულირება?

დიახ, რეალურია, მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე ნორმალური წონისაა, მიაღწია სასურველ წონას და ვარჯიშობს, აქვს სწორად  შერჩეული ფიზიკური დატვირთვა, მაშინ უკვე აღარ სჭირდება კალორიების მუდმივი დათვლა, შეუძლია, იკვებოს  ნორმალურად, ზომიერად ჯანსაღი კერძებითა და პროდუქტებით და  არც დაიკლოს და არც მოიმატოს წონაში. აუცილებელია, საკვები მოამზადონ სწორად და იკვებონ ჯერადად და დატვირთვის გათვალისწინებით განსაზღვრონ წყლის მიღების რაოდენობა.

შენელებული მეტაბოლიზმისა და გენეტიკის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება?

წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი ცხოვრების წესმა. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს,  ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუ სულ შფოთავთ და დაძაბული ხართ, შესაძლოა, რომ მადა დაქვეითდეს ან პირიქით – გაძლიერდეს. ხშირია კვებითი ქცევის დარღვევა.

 რომ დაგვისახელოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელთა გარეშეც ორგანიზმი იფიტება, ვარდება ჰემოგლობინი და ა.შ.

კარგია, რომ იყოს სხვადასხვა პროდუქტებიდან შემდგარი რაციონი. შეიძლება: უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი; თუკი მცენარეული გნებავთ, ლობიო, სოკო, ბარდა – ეს არის ცილების წყარო.  ნახშირწყლები: ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული და ა.შ.  ცხიმები: მცენარეული ზეთი, ცხიმიანი თევზი, მცირე რაოდენობით ახალი კარაქი. კარგია თუ სწორად  დაბალანსდება ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკროელემენტები. ასეთი კვების მოდელი იქნება თქვენი ენერგიის წყარო, გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შრომისუნარიანობა გაიზრდება, კუჭის მოქმედება იქნება ნორმალური. ასეთი კვების მიმდევრები ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებიან და გამოირჩევიან ენერგიულობით.

როგორ ვაკონტროლოთ მადა, ბუნებრივია, მთელი ცხოვრება დიეტაზე ვერ ვიქნებით. როგორ ვაქციოთ ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად?

უნდა ისწალოთ კვების და მადის მართვა.  თუ გექნებათ თქვენი, ინდივიდუალური კვების მოდელი, რომელსაც სპეციალისტთან ერთად  შეარჩევთ და მოირგებთ, მაშინ ამ ცოდნის მატარებელი იქნებით, გამოიყენებთ თუ არა მას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ცოდნა გექნებათ. რატომ უნდა მივიდეს ადამიანი ნუტრიციოლოგთან? იმიტომ, რომ  გაიაროს დიეტოთერაპიის სწორად და ადეკვატურად შერჩეული  კურსი, მიიღოს შედეგი, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და  „შეიარაღდეს“ ცოდნით თუ როგორ მართოს საკუთარი მადა და წონა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 102
Page 36 of 102