close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

NASA – 2024 წელს მთვარეზე პირველ ნაბიჯს ქალი ასტრონავტი დადგამს

NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა CBS-სთან ინტერვიუში ის მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები მთვარესა და მარსზე ადამიანებისგან შემდგარ მისიას ვერ აგზავნის.

ბრაიდენშტაინის განცხადებით, ამის მიზეზი არასაკმარისი დაფინანსებაა. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ-ის დროშა მთვარეზე დაამაგრონ. მან ხაზი გაუსვა გენდერულ საკითხსაც, რომ ადრე მისიებში ქალები არ იგზავნებოდნენ, დღეს კი მისი თქმით, აშშ-ს ჰყავს კარგი სპეციალისტები და ქალი ასტრონავტები: “ახლა როცა ჩვენ მთვარეზე დავბრუნდებით, ამით დაბრუნდება იქ მთელი ამერიკა. და ვფიქრობ, რომ ეს კარგი მესიჯია”, – განაცხადა ბრაიდენშტაინმა. მან დაადასტურა, რომ 2024 წელს მთვარეზე მისიის დროს პირველ ნაბიჯს დედამიწის თანამგზავრზე ქალი დადგამს. 

მთვარეზე ასტრონავტების აგზავნის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია. NASA-ს გამოთვლებით, 2024 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა $20- $30 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ტრამპის ადმინისტრაციას თავდაპირველად სურდა, რომ ამერიკელები მთვარეზე 2028 წლისთვის გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით პროექტის 4 წლით დაჩქარება გადაწყვიტეს. ამიტომ ტრამპმა 2020 წლისთვის NASA-ს ბიუჯეტის $1.6 მილიარდით გაზრდა მოითხოვა. 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასა“ სატურნის მთვარის შესწავლას იწყებს

„ნასა“ სატურნის უდიდეს მთვარეზე – „ტიტანზე“ დრონს გააგზავნის. პროექტი ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მისიის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანი კაცობრიობის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ მიზნით მზის სისტემის შესწავლაა.
დრაგონფლაი – ასე ეწოდება დრონს, რომელსაც ოთხი პროპელერი აქვს და რომელიც 2026 წელს „ტიტანზე“ 8 წლიან მისიას დაიწყებს.
„ნასას“ ინფორმაციით, „დრაგონფლაი“, რომელიც ატომურ ენერგიაზე მუშაობს, გახდება პირველი დრონ ლენდერი, რომელიც ტიტანის სქელი ატმოსფეროს გავლით დაახლოებით 100 მილ რადიუსზე იფრენს.
დრონი აღჭურვილი იქნება სპეციალური ხელსაწყოებით, რომლის საშუალებითაც „ტიტანის“ სიცოცხლისუნარიანობას და წარსულის, ან თუნდაც ახლანდელი ცხოვრების, ქიმიურ კვალს შეამოწმებენ.
„ტიტანი“, რომელიც პლანეტა სატურნის გარშემო მოძრაობს, ძალიან ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ მისი შესწავლით დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებენ.
„დრაგონფლაი“ მეოთხე მისიაა, რომლის განხორციელებასაც „ნასა“ „ახალი საზღვრების პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს. როგორც ცნობილია, ამ მისიის ნაწილი გახლავთ New Horizons-ის პროექტიც, რომელიც ორგანიზაციამ პლანეტა პლუტონის შესწავლის მიზნით 2006 წელს დაიწყო.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ორი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

მეცნიერებმა დედამიწის „მეზობელ“ მზის სისტემაში ორი აქამდე უცნობი, დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს.

მათი მზე, რომელიც “თიგარდენის ვარსკვლავის“ სახელითაა ცნობილი, დედამიწისგან მხოლოდ 12.5 სინათლითაა დაშორებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ბნელი ვარსკვლავია, რის გამოც მისი და მისი პლანეტების დაფიქსირებას ძალიან ართულებს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწისგან არცთუ შორს იმყოფება, ვარსკვლავი მხოლოდ 2003 წელს აღმოაჩინეს. ის შედარებით წყნარი ადგილია, ულტრაიისფერი სხივების ნათების ან სხვა ზემოქმედების გარეშე, რაც მასზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის განადგურებას გამოიწვევდა. მეცნიერები, რომლებიც ბნელ ვარსკვლავს იკვლევენ, აცხადებენ, რომ მის გარშემო მოძრავი პლანეტები ძალიან ჰგვანან დედამიწას და მათზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს.

მეცნიერები, რომლებმაც პლანეტების დაახლოებითი ზომა და ტემპერატურა გამოთვალეს, განმარტავენ, რომ ერთ-ერთი პლანეტა დედამიწას შედარებით უფრო ჰგავს. მასზე დიდი ალბათობით წყალი და კლდოვანი ტერიტორია უნდა იყოს. თუმცა მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი გამოთვლები მიახლოებითი და შეფასებითია, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად კი პლანეტების უკეთ შესწავლაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს საშუალება აქვთ აღნიშნულ პლანეტებს დედამიწისგან დააკვირდნენ, რაც ამ სამყაროების უკეთ შესწავლის დიდ შესაძლებლობას იძლევა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ორბიტაზე SpaceX-ის სამი თანამგზავრი გაუჩინარდა

კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე პროექტ Starlink-ის ფარგლებში გაშვებული 60 თანამგზავრიდან 3 დაკარგა. ინფორმაციას Business Insider-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თანამგზავრებმა დედამიწასთან კავშირი დაკარგეს და ფუნქციონირება შეწყვიტეს. დაზუსტებული ინფორმაციით დანარჩენ 57 თანამგზავრს დედამიწასთან კავშირი აქვს და ინფორმაციას ცვლიან.  

SpaceX-ი ორბიტიდან კიდევ 2 თანამგზავრის დაბრუნებას აპირებს და მათ უტილიზაციას გეგმავს. 

ცნობისათვის Starlink-ი არის თანამგზავრული ქსელი, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA: დღეს „მარწყვის“ სავსე მთვარე გამოჩნდება

დღეს, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ სავსე მთვარე ვარდისფერი იქნება. Dailymail-ის ინფორმაციით, NASA-მ დააანონსა, რომ 17 ივნისს “მარწყვის” სავსე მთვარე გამოჩნდებოდა და მისი ხილვა სამი დღის განმავლობაში – 17, 18, და 19 ივნისს იქნებოდა შესაძლებელი.

“მარწყვის მთვარის” სახელწოდება ადგილობრივი ამერიკული ტომებიდან მომდინარეობს, რადგან ივნისის სავსე მთვარე მწიფე ხილის შეგროვების დროს ემთხვეოდა.

“მარწყვის მთვარე” მაშინ ჩნდება, როცა მთვარე მზის მოპირდაპირე მხარეს ექცევა. ასეთ მთვარეს “თაფლის მთვარესაც” უწოდებენ.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა იშვიათი ეგზოპლანეტა იპოვეს

ასტრონომებმა იმდენად იშვიათი ეგზოპლანეტა იპოვეს, რომ მას “აკრძალული პლანეტა” დაარქვეს. მისი ტექნიკური სახელწოდება NGTS-4b-ია და ის დედამიწაზე სამჯერ დიდი, ხოლო ნეპტუნზე 20%-ით პატარაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეგზოპლანეტა მერკურიზე 1,832 ფარენჰეიტით უფრო ცხელია და მას საკუთარი ატმოსფერო აქვს. რაც შეეხება წონას, NGTS-4b-ის მასა 20 დედამიწის მასის ტოლია და თავისი ვარსკვლავის გარშემო სრული ორბიტის გავლას 1.3 დღეს ანდომებს

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX-მა ორბიტაზე ინტერნეტის 60 თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ SpaceX, გუშინ, პროექტ „სთარლინკის“ ფარგლებში, დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაუშვა 60 თანამგზავრი. პროექტის მიზანია დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მაღალსიჩქარიანი (1GB/წმ) ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფა და ამისთვის, ორბიტაზე ჯამში 12 000 თანამგზავრი უნდა გაიგზავნოს. სავარაუდოდ, პროექტის სრულად შესრულებას SpaceX 2020 წლისთვის შეძლებს. ამ ეტაპზე კი, რაკეტა Falcon 9, რომელმაც 60 ინტერნეტ თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა, დედამიწაზე უსაფრთოდ დაბრუნდა.

ილონ მასკის ხედვის თანახმად, მისიის Starlink მთავარი სამიზნე მსოფლიოს ის წერტილებია, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA- ს და MIT- ის მეცნიერებმა თვითმფრინავის ახალი ტიპის ფრთა შექმნეს, რაც ფრენის სტილს სრულებით ცვლის

NASA- ს და MIT- ის გუნდმა თვითმფრინავის ახალი ტიპის ფრთა შექმნა, რომელსაც შეუძლია საჰაერო მგზავრობა უფრო ეფექტური გახადოს.
ჟურნალ Smart Materials and Structures-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევარებმა აღწერეს, თუ როგორ ააგეს თვითმფრინავის ფრთა ასობით იდენტური, მსუბუქი კუბის მსგავსი სტრუქტურისგან, შემდეგ ყველა მათგანი ჭანჭიკებით ერთმანეთთან მიამაგრეს და თხელი პოლიმერული მასალით დაფარეს.
დიზაინი საშუალებას იძლევა ფრთამ ფორმა ავტომატურად შეიცვალოს, ფრენის კონკრეტული ფაზისთვის ოპტიმალური კონფიგურაციის ადეკვატურად. მაგალითად : ერთი კონფიგურაცია – აფრენისთვის, და მეორე- დაჯდომისთვის.
მკვლევარების მიერ შექმნილი ფრთა დაახლოებით იმ ზომისაა, რაც ერთადგილიანი თვითმფრინავისთვისაა საკმარისი.
აღნიშნულმა გუნდმა მსგავსი, მაგრამ ზომით შედარებით პატარა ფრთა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა. გარდა იმისა, რომ ახალი ფრთა ზომით უფრო დიდია და უკვე ერთადგილიანი თვითმფრინავის შესაბამისია, გაუმჯობესებულია მისი წარმოების ტექნოლოგიაც. წინა ფრთის თითოეული დეტალის დასამზადებლად რამდენიმე წუთი იყო საჭირო, ახალი ფრთის შემთხვევაში კი ეს დრო 17 წამამდეა შემცირებული.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი ზომის, უფრო მსუბუქი და მდგრადი ფრთის შექმნას შეძლებენ.
www.sciencealert.com

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

“ნასამ“ მარსზე მიწისძვრა დააფიქსირა

“ნასას“ კოსმოსურმა ხომალდმა „InSight“-მა პლანეტა „მარსზე“ პირველი მიწისძვრა დააფიქსირა.

“InSight“-ი მარსის ზედაპირზე ნოემბერში დაეშვა. „ნასამ“ კოსმოსური ხომალდი ამ შორეული სამყაროს ღრმა ინტერიერის შესასწავლად და  ორწლიანი სეისმოლოგიური მისიის დასაწყებად შექმნა.

6 აპრილს, “InSight“-ის მარსის ზედაპირზე განთავსებიდან 128-ე დღეს, ხომალდმა წითელ პლანეტაზე მიწისძვრა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ ძალის სეისმური მოვლენა დედამიწისა და მთვარის გარდა მზის სისტემის არცერთ ციურ სხეულზე არ დაფიქსირებულა. 

მეცნიერთა შეფასებით მიწისძვრის სიმძლავრე დაახლოებით 2,5 მაგნიტუდა იყო. აღნიშნული მოვლენა “InSight“-ის სეისმომეტრის საშუალებით დაფიქსირდა.

მეცნიერთა განმარტებით, მარსის მიწისძვრის ზომა და ხანგრძივობა შეესაბამება ზოგიერთ იმ მიწისძვრას, რომელიც „ნასას“ „აპოლოს“ მისიის ფარგლებში დამონტაჟებული სეისმომეტრებით 1969-1977 წლებში მთვარეზე დაფიქსირდა.

მთვარისა და მარსის ზედაპირები დედამიწის ზედაპირთან შედარებით გაცილებით წყნარია. ჩვენი პლანეტა ოკეანეებისგან დაბალი დონის სეისმურ ხმაურს მუდმივად განიცდის, იგივე ითქმის მიწისძვრებზეც, რომელიც პლანეტის ქერქში განთავსებული მერყევი ტექტონიკური პლატფორმისგან გამოწვეული მიწისქვეშა დეფექტების გასწვრივ ხდება.

მარსსა და მთვარეზე ტექტონიკური პლატფორმები არ არის. მათი სეისმური აქტივობა განპირობებულია გაგრილებისა და შეკუმშვის პროცესით, რომელიც ისეთი ძალის ზემოქმედებას იწვევს, რაც ქერქის რღვევისთვის საკმარისია. 

გარდა 6 აპრილის მიწისძვრისა, „InSight“-მა სამი სხვადასხვა სეისმური სიგნალი სხვადასხვა დროს – 14 მარტს, 10 და 11 აპრილს დააფიქსირა. თუმცა ისინი შედარებით სუსტი და ბუნდოვანი სიგნალები იყო, რის გამოც მეცნიერებს უჭირთ იმის დადგენა, იყო თუ არა ეს სამი სიგნალიც მიწისძვრა.

Reuters

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა კოსმოსში ყველაზე ძველი მოლეკულა აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირეს კოსმოსში ჰელიუმის ჰიდრიდი (HeH⁺) – პირველი მოლეკულური შენაერთი, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ეს აღმოჩენა სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ თანამედროვე მეცნიერებაში აქამდე არსებულ თეორიებს ადასტურებს.

დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროში მხოლოდ წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი იყო – მაღალი ტემპერატურის გამო ეს ყველაფერი პლაზმურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მატერიის გაფართოების პარალელურად მისი ტემპერატურა ეცემოდა, რის გამოც ატომებისა და მოლეკულების შექმნა გახდა შესაძლებელი. პირველი მოლეკულა სწორედ ჰელიუმის ჰიდრიდი – ჰელიუმის ნეიტრალური ატომისა და წყალბადის იონის შენაერთი გახდა. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 100 ათასი წლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ტემპერატურა 4000 კელვინს აღწევდა.

ჰელიუმის ჰიდრიდი ადვილად შედიოდა რეაქციაში ნებისმიერ ნეიტრალურ მოლეკულასთან თუ ატომთან – რის გამოც ის საკმაოდ მოკლე დროში პრაქტიკულად გაქრა. წყალბადის ატომებთან მისი ურთიერთქმედების შედეგად სამყაროს შემდგომი განვითარების მთავარი საფუძველი – მოლეკულარული წყალბადი გაჩნდა.

ლაბორატორიულ პირობებში დედამიწაზე ჰელიუმის ჰიდრიდი ჯერ კიდევ 1925 წელს შექმნეს, თუმცა აქამდე მეცნიერები კოსმოსში მის არსებობას ვერ ადასტურებდნენ. ახალ კვლევაში მონაცემთა შესაგროვებლად გამოიყენებოდა მფრინავი ობსერვატორია SOFIA – Boeing 747SP-ის ტიპის თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტელესკოპი, რომელიც გადაღებას 13 კილომეტრის სიმაღლეზე აწარმოებდა.

მოლეკულა NGC 7027 პლანეტარულ ნისლეულში აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან 3000 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 59
Page 37 of 59