close

კვლევები

დედამიწაკვლევები

კვლევა: კლიმატის ცვლილების გამო ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. ამის შესახებ BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ამ სფეროში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

მეცნიერების თქმით, დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობაზე ნეგატიური გავლენა დიდი ხანია ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევის თანახმად, 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

დედამიწის “სასიცოცხლო ნიშნები” სავალალო დონეზეა — კლიმატის 2024 წლის ანგარიში

მეცნიერებმა გამოცემა BioScience-ში კლიმატის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. მასში სპეციალისტები დედამიწის “სასიცოცხლო ნიშნებზე” საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველ წელს ისინი ჩვენი პლანეტის 35 ასეთ მახასიათებელს აკვირდებიან და დასკვნები გამოაქვთ. ახლა აღმოჩნდა, რომ 25 “სასიცოცხლო ნიშანი” რეკორდულად დაბალ დონეზეა. ამის გამო ამბობენ, რომ კაცობრიობა “გარდაუვალი კლიმატური კატასტროფის წინაშეა”, რადგან გარემოზე უარყოფით გავლენას ვერ ვამსუბუქებთ.

სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საფრთხის წინაშე არამხოლოდ კაცობრიობა, არამედ მთელი ეკოსისტემა აღმოჩნდება. რისკს ადამიანთა სამრეწველო საქმიანობისას ატმოსფეროში გაფრქვეული ისეთი სათბურის აირები ზრდის, როგორიცაა ნახშირორჟანგი, მეთანი და ა.შ. მსგავსი ემისიების 90% წიაღისეული საწვავის წვის პროცესს უკავშირდება, დანარჩენი კი — გაუტყეურებასა და სხვა ამგვარ მოვლენებს.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს გლობალური საგანგებო მდგომარეობაა. ჩვენ კლიმატის კრიზისის ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც კრიტიკული და არაპროგნოზირებადია”, — აცხადებენ ავტორები.

რაც შეეხება “სასიცოცხლო ნიშნებს”, ასეთია, მაგალითად, ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა, მჟავიანობა და გლობალურად ზღვის საშუალო დონე, რომლებიც ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. დედამიწაზე ტემპერატურა სულ უფრო იმატებს ისევე, როგორც ემისიები. რა თქმა უნდა, ეს ამინდზეც აისახება.

ამის პარალელურად, ადამიანთა პოპულაცია ყოველდღიურად დაახლოებით 200 000-ით იზრდება. ეს მაჩვენებელი 170 00-ია საქონლისა და სხვა შინაური ცხოველების შემთხვევაში, რომლებიც სათბურ აირებს გამოყოფენ, მათთვის ფერმების მოწყობა კი გაუტყეურების წინაპირობა ხდება.

“ეკოლოგიურმა გადაჭარბებამ — დედამიწის რესურსებიდან იმაზე მეტის აღებამ, ვიდრე მას შეუძლია, რომ უსაფრთხოდ გასცეს — პლანეტა იმაზე საშიშ კლიმატურ პირობებამდე მიიყვანა, რომელსაც თუნდაც ჩვენი პრეისტორიული ნათესავები
შესწრებიან”, — აცხადებენ მეცნიერები.

ისინი შიშობენ, რომ კაცობრიობა სოციალურ კოლაფსს უახლოვდება. მათი თქმით, ამ საკითხების შესახებ ახლა იმაზე მეტი კვლევა ქვეყნდება, ვიდრე ოდესმე, რაც სიტუაციის სიმწვავეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. პროგნოზირებენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის შეცვლილი კლიმატი მილიონობით ან მილიარდობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აიძულებს. სავარაუდოდ, მოიმატებს შიმშილის, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც.

ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ან კლიმატის ცვლილების შედეგების შესამსუბუქებლად კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

თვალის გუგებზე დაკვირვებით, გულის უკმარისობით გარდაუვალი სიკვდილის დადგენა შეიძლება

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა დადგინდეს გარდაუვალი სიკვდილი თვალებზე დაკვირვებით. ექიმებმა  დაადგინეს, რომ თუ გუგები პატარავდება, გულის უკმარისობით სიკვდილის ალბათობა იზრდება.

კიტასატოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანების თვალებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მათი მოახლოებული სიკვდილი, გულის უკმარისობის გამო. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა კარდიოლოგიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ პუბლიკაციაში.

მეცნიერებმა შეისწავლეს 870 პაციენტის გუგის ზომა და შემდეგ ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ.  კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანები, რომელთაც პატარა გუგები ჰქონდათ, 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც დიდი გუგები აქვთ.

გარდა ამისა, პაციენტები პატარა გუგებით, დაბრუნდნენ კლინიკაში შემთხვევათა 50%-ში. მსხვილი გუგებით კი 28%.

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორი კოჰეი ნოზაკის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გუგების ანალიზი არის ახალი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სიკვდილის ან შემდგომი ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს დროულ ჩარევას და გავლენას ახდენს პერსპექტივაზე.

გარდა ამისა, იაპონელმა მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ გუგებზე დაკვირვება სხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება.
ქრონიკული ფორმა ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

ქოშინი;
შეშუპება;
დაღლილობა და ა.შ.
გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოთავსებული ადამიანების 45%-მდე იღუპება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები იღუპებიან ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 5 წლის განმავლობაში.

ამიტომ, ნოზაკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების მოძიება, რომლითაც შესაძლებელი იქნება პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დიდი ალბათობით დაიღუპებიან ან დაბრუნდებიან კლინიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გულის უკმარისობის რისკი არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, არამედ მარილის მიღების შეზღუდვით დღეში არაუმეტეს 5 გრამით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ჰაერის დაბინძურების პარალელურად სუიციდის შემთხვევები იმატებს და პირიქით

ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.

2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.

მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.

სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.

ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შესაძლოა, ტვინი ყველა მოგონების რამდენიმე “ასლს” ინახავდეს

ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში უამრავ მოგონებას ვაგროვებთ, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძნელად გასახსენებელი ხდება. ხშირად ამას ტვინში მახსოვრობაზე პასუხისმგებელი უჯრედების ცვლილებას უკავშირებენ, რადგან მიიჩნევა, რომ მათში ყველა მოგონების მხოლოდ ერთი “დედანი” ინახება.

ამის მიუხედავად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს და ტვინში თითოეული მოგონების სულ მცირე სამი “ასლი” ინახებოდეს, რომლებიც ჰიპოკამპუსის სხვადასხვა რეგიონში, ნეირონების სხვადასხვა ჯგუფის მიერაა კოდირებული. ეს მეცნიერებმა მღრღნელების შესწავლის შედეგად დაასკვნეს.

დადგინდა, რომ როცა თაგვებში ახალი მოგონების კოდირება მიმდინარეობს, პირველ რიგში, ე.წ. ნაადრევი ნეირონები წარმოიქმნება, რომელთა ფუნქციაც ხანგრძლივად შენარჩუნებადი “ასლის” შენახვაა (ამგვარი მეხსიერება ჯერ სუსტია, შემდეგ კი ნელ-ნელა ძლიერდება). მათ უკვე საშუალო ფაზის ნეირონები მოჰყვება, რომლებიც უფრო სტაბილურია, ბოლოს კი ყველაზე გვიან გაჩენილი ნერვული უჯრედები ფორმირდება, რომლებიც მოგონების ძალიან ძლიერი “ასლის” კოდირებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ის დროთა განმავლობაში სუსტდება.

ამ ყველაფრის შესახებ მონაცემები სპეციალისტებმა ცხოველთა ჰიპოკამპუსის სხვადასხვა რეგიონში ნეირონების ჯგუფების აქტიურობაზე დაკვირვების გზით მოიპოვეს. ეს მას შემდეგ, რაც თაგვები ისეთ გარემოში მოათავსეს, რომელშიც მოუწიათ დამახსოვრება, როგორ აერიდებინათ საფრთხისთვის თავი.

იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ნეირონების თითოეული ჯგუფი სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე, შესაძლოა, ტვინის მიერ დროთა განმავლობაში მეხსიერების რეგულირების პროცესის უკეთ გააზრებაში დაგვეხმაროს. ამჟამად უცნობია, როგორ ურთიერთქმედებს ისინი ერთმანეთთან, მაგრამ ვიცით, რომ ადრეული ნეირონების მიერ კოდირებული მოგონებები უფრო სტაბილურია, გვიანდელ “ასლებს” კი ახალი ინფორმაცია ასუსტებს.

თუ ეს ადამიანის შემთხვევაშიც ასეა, შესაძლოა, ახალი მიგნება ისეთი აშლილობებისა და დაავადებების სამკურნალო თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს, როგორიც PTSD ან დემენციაა.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ადამიანის დაბერების პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში ჩქარდება – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სხეული ყოველთვის ერთნაირი ტემპით არ ბერდება, არამედ ეს პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში საგრძნობლად ჩქარდება.

მეცნიერები ამის დასადგენად ადამიანის სხეულში არსებულ 11 000-ზე მეტ მოლეკულას დროთა განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ მათი 81 პროცენტი 44 და 60 წლის ასაკში განსაკუთრებულ ცვლილებას განიცდის. სპეციალისტთა ეს კვლევა ბიოლოგიურ ასაკს ეხება, რომელიც ცილების, მეტაბოლიტებისა და გენების ცვლილებას მოიაზრებს. ეს განსხვავდება ქრონოლოგიური ასაკისგან, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ.

ის, რომ დაბერება ორ სხვადასხვა ეტაპზე ჩქარდება, შესაძლოა, სპეციალისტებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ რატომ იზრდება ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის რისკი ქრონოლოგიური ასაკის მატებისას. მაგალითად, 40-59 ასაკის ადამიანთა დაახლოებით 6.5%-ს კორონარული არტერიის დაავადება აქვს, მაგრამ ეს მაჩვენებელი 60-79 წლის ასაკში უკვე 19.8%-მდე ადის.

კვლევის ფარგლებში ავტორები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და 25-დან 75 წლამდე ასაკის 108 ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ 3-6 თვეში ერთხელ სისხლის ნიმუშებს უღებდნენ. მიზანი ამა თუ იმ ფაქტორის ცვლილების გაანალიზება იყო, როგორიცაა გენური აქტიურობა, სისხლში შაქრის შემცველობა და სხვა. აღმოჩნდა, რომ მკვეთრი ცვლილებები სწორედ 44 და 60 წლის ასაკში ფიქსირდებოდა.

მაგალითად, ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ცილის კონცენტრაცია იმატებდა, კოფეინისა და ალკოჰოლის გადამუშავების უნარი კი უარესდებოდა. ასევე, მავნე ქოლესტერინთან “მებრძოლი” უჯერი ცხიმმჟავების წარმოქმნის პროცესი ფერხდებოდა, სისხლში შაქრის შემცველობა იზრდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ხდება ასე მაინცდამაინც ამ ორ ასაკში. შესაძლოა, გარკვეულ როლს ცხოვრების სტილი ასრულებდეს, მაგალითად დიეტა, ვარჯიში და ა.შ. ვარაუდობენ, რომ ეს კავშირშია ანთებით პროცესებთანაც. 44 წლის ასაკში დაბერების აჩქარება ქალებში პერიმენოპაუზის პერიოდსაც ემთხვევა, თუმცა ჰორმონალური ცვლილებები სწრაფი დაბერების მაპროვოცირებელი არაა, თანაც ეს კაცებშიც იმავენაირად ფიქსირდება.

გაურკვეველია, თუ რა ხდება სხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კერძოდ მოზარდობისას და ბავშვობისას. დაბრკოლებაა საკვლევი ჯგუფის მცირერიცხოვნობაც, რადგან ისინი გლობალურ მოსახლეობაზე სრულ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. შესაბამისად, მეტის გასაგებად სხვა სიღრმისეული კვლევების ჩატარებაცაა საჭირო.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მალე, მსხვილი ნაწლავის კიბოს დადგენა სისხლის ანალიზით იქნება შესაძლებელი – კვლევა

2024 წელს დაამტკიცებენ სისხლის ტესტს, რომელიც შეამოწმებს კოლორექტალურ (მსხვილი ნაწლავის) კიბოს. ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

დასკვნებმა დაადგინა, რომ სისხლის ტესტი ძალზე ეფექტური იყო კოლორექტალური კიბოს აღმოჩენაში. თუმცა ეს არ ჩაანაცვლებს კოლონოსკოპიას.

კვლევაში მონაწილეობდა 7861 ადამიანი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ როგორც კოლონოსკოპია – სამედიცინო პროცედურა, ასევე სისხლის ტესტი.

კვლევის თანახმად, სისხლის ანალიზმა დააფიქსირა კოლონოსკოპიით აღმოჩენილი კიბოს 83%, მაგრამ გამოტოვა 17%. იმავდროულად, იმ პირთა 10%-ისთვის, რომელთა კოლონოსკოპიის შედეგებმა ვერაფერი იპოვა, სისხლის ანალიზმა დაადგინა, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს.

ამჟამად, Shield სისხლის ტესტი უკვე იყიდება აშშ-ში 895 დოლარად. ის ასევე არ არის დამტკიცებული სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. Guardant Health მოელის, რომ გადაწყვეტილება მიიღება ამ წლის ბოლოს. თუ სისხლის ტესტი დამტკიცებული იქნება FDA-ს მიერ, ის ჩატარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, 45 წლის ასაკიდან.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომებით და რისკ-ფაქტორებით ჯერ კიდევ დასჭირდებათ კოლონოსკოპია.

კიბოს სიკვდილიანობის მიხედვით, კოლორექტალური კიბო მეორე წამყვანი მიზეზია აშშ-ში და მესამე მსოფლიოში. კოლორექტალური კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია 45 წლის ასაკიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს – კვლევა

გაქვთ დიდი ცხვირი, რომელიც არ მოგწონთ? იქნებ წვეტიანი ნიკაპი გაქვთ, რომელიც თქვენთვის გამაღიზიანებელია?

ახალი კვლევის მიხედვით, ამაზე გავლენა ორსულობისას დედათქვენის დიეტას შეიძლება ჰქონოდა.

Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ორსულობისას ქალის დიეტას ნაყოფის სახის მახასიათებლებზე დიდი გავლენა აქვს.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის სახის ფორმირებაზე პასუხისმგებელი გენები შეისწავლა. საუბარია ცილების კომპლექს mTORC1-ზე, რომელსაც სახის მახასიათებლებზე დიდი გავლენა აქვს.

იმისთვის, რომ mTORC1-ის როლი ზუსტად გამოევლინათ, მკვლევრებმა გენმოდიფიცირებული თაგვები და ზებრა თევზები შეისწავლეს. ისინი განაყოფიერებულ მდედრ თაგვებსა და თევზებს დააკვირდნენ და ამ დროს mTORC1-ს ეფექტსაც სწავლობდნენ.

მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღება mTORC1-ზე გავლენას ახდენდა, რაც სახის ნაკვთების უფრო მკვეთრ მახასიათებლებზე აისახა. იმ შემთხვევაში თუ ცილის ნაკლები დოზით მიღებდა ხდებოდა, ასეთ დროს ნაკვთების სიმკვეთრეც მცირდებოდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ცილის მიღება დაკავშირებულია სახის ნაკვთების მკაფიო და მნიშვნელოვან ცვლილებებთან.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ვარაუდს, რის მიხედვითაც დედის დიეტა ნაყოფზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ასევე ცნობილია, რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება ნაყოფის შემდგომში ალკოჰოლზე დამოკიდებულების შანსებს ზრდის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ჰერპესის ვირუსი შესაძლოა, დემენციის რისკს აორმაგებდეს

შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, პირველი ტიპის ჰერპესის (HSV-1) ვირუსის ქონა დემენციის ჩამოყალიბების რისკს აორმაგებს. ეს ასოციაცია ამ კოგნიტიური დარღვევის განმსაზღვრავი უმთავრესი ფაქტორებისგან, ასაკისა და გენეტიკურ ვარიანტ APOE-4-ისგან, დამოუკიდებლად ვლინდება.

შვედეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 80%-ში HSV-1-ის ანტისხეულებია, ანუ მათ ორგანიზმში პათოგენია მოხვედრილი. ორალური ჰერპესის მქონე ზოგ ადამიანს სიმპტომები საეროდ არ უვლინდება, ზოგს კი პირის მიდამოში ბუშტუკები უჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს ვირუსი კვალს მაინც ტოვებს.

ავტორები ამბობენ, რომ დემენციასთან ჰერპესის კავშირზე უფრო და უფრო მეტი კვლევა მიანიშნებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომლის მქონე პაციენტებსაც ხშირად ტვინში ცილოვანი დანალექი უჩნდებათ. თერაპიების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, რათა კოგნიტიური დარღვევები შეაჩეროს. ასეთი მცდელობები მეტწილად უშედეგოა.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზემოხსენებულ დანალექს შესაძლოა, იმუნურ ან ნერვულ სისტემაში საკუთარი როლი ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად, პათოგენებთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ალცჰაიმერი სხეულში უცხო და უკონტროლო მიკრობების შემოჭრის ნიშანი იყოს.

ადრეულმა კვლევებმა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინში HSV-1-ის მოულოდნელი რაოდენობა გამოავლინა, თანაც მათი 72% სწორედ ცილოვან დანალექში იყო. ეს მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ჰერპესის ვირუსის მიმართ ორგანიზმის იმუნური რეაქცია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასთან მჭიდრო კავშირში იყოს.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად შვედეთში მომუშავე მეცნიერები 1002 ახალგაზრდას 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აქედან 82%-ის სხეულში HSV-1-ის ანტისხეულები იყო. დადგინდა, რომ მათ დემენციის ჩამოყალიბების ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე ამ ანტისხეულების არმქონე ინდივიდებს. აღმოაჩნდა, რომ გენური ვარიანტი APOE-4, როგორც რისკ-ფაქტორი, სიტუაციას უფრო მეტად არ ამწვავებს.

სპეციალისტებს სურთ, რომ ჩატარდეს კვლევები, რომლებითაც დაადგენენ, რამდენად შესაძლებელია, ჰერპესის მკურნალობით დემენცია ავიცილოთ თავიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კიბოს ნიშნები, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 111
Page 11 of 111