close

ისტორია

ისტორიაკულტურა

საინტერესო ფაქტები პაბლო პიკასოს შესახებ

  • პაბლო პიკასოს სრული სახელი 23 სიტყვისგან შედგება და შემდეგნაირად ჟღერს: Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Martyr Patricio Clito Ruíz y Picasso;
  • პიკასომ პირველი ნახატი 9 წლის ასაკში დახატა, რომლის სახელია “ლე პიკადორი”;
  • პაბლო პიკასო დააპატიმრეს ,,მონა ლიზას” ქურდობისთვის. 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა” მოიპარეს ლუვრიდან, იმ დროისთვის პიკასო 29 წლის იყო. მისი მეგობარი პოეტი გიომ აპოლინერი დაკითხვაზე მიიყავნეს, როგორც ეჭვმიტანილი. პოეტმა კი პაბლო პიკასოს დაადო ხელი, რის შემდეგაც ორივე მათგაი დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. საბოლოოდ ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლუვრის თანამშრომელმა მუზეუმში დააბრუნა ნამუშევარი;
  • პალო პიკასოს მამა გამოცდილი და ცნობილი მხატვარი იყო, ის ასწავლიდა ადგილობრივ ხელოვნების სკოლაში. პიკასოს მამა შვილის ნიჭიერების დანახვის შემდეგ თავს ანებებს ფერწერას, რადგან მისმა ვაჟმა აჯობა, როდესაც პაბლო პიკასო სულ რაღაც 13 წლის იყო. პაბლოს მამა მოგვიანებით ისევ განაგრძობდა ხატვას, თუმცა მამა-შვილს არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდა;
  • პაბლო პიკასო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია მოხსენიებული, რის მიხედვითაც მან შექმნა 13500 ნახატი და დიზაინი, 100000-მდე ანაბეჭდი და გრავიურა, 34000 წიგნის ილუსტრაცია, 300 ქანდაკება და კერამა. არცერთი მხატვრის მოღვაწეობა ასეთი შემოქმედებითი არ ყოფილა, როგორიც პაბლო პიკასოსი;
  • პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ,,გერნიკა”, ეს ნამუშევარი პოლიტიკური განცხადება იყო ნაცისტების დამანგრეველი დაბომბვის შემდეგ ქალაქ გერნიკაზე, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. ამბობენ, რომ 1940 წელს პიკასო გამოიძახეს გესტაპოში, პარიზში. საუბრის თემა ეს ნახატი იყო. “ეს გააკეთეთ თქვენ?”- “არა, ეს გააკეთეთ თქვენ”;

წყარო: Thefactsite 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

მეცნიერებმა უძველესი ეგვიპტური მელნის საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს

უძველესი პაპირუსის ფრაგმენტების ანალიზით  დანიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გაარკვიეს რამდენიმე დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდნენ ეგვიპტელები თავიანთ წითელ და შავ მელანს.

ცნობილია, რომ ძველი ეგვიპტელები მელანს საწერად ჯერ კიდევ ძვ. წ.  3200 წელს იყენებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში შესწავლილი ნიმუშები, რომელიც ცნობილი თებტუნისის ტაძრის ბიბლიოთეკიდან შეგროვდა, ჩვ.წ. 100-200 წლით თარიღდება.

სინქროტრონული გამოსხივების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის მაღალი სიმძლავრის რენტგენის გამოყენებით მიკროსკოპული სინჯების ანალიზისთვის, მკვლევარებმა მელნის ელემენტური, მოლეკულური და სტრუქტურული შემადგენლობა დაადგინეს.

მკვლევარების თქმით, წითელ მელანს, რომელსაც ჩვეულებრივ სათაურების, ინსტრუქციების ან საკვანძო სიტყვების გამოსაკვეთად იყენებენ, დიდი ალბათობით, ბუნებრივი პიგმენტური ჟანგმიწით ღებავდნენ, რაზედაც მიუთითებს რკინის, ალუმინის და ჰემატიტის კვალი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ყველაზე უფრო საინტერესო იყო ტყვიის შემცველი ნაერთების აღმოჩენა როგორც შავ, ისე წითელ მელნებში, რომელიც შესაღებად საჭირო არცერთ ტრადიციულ ტყვიის შემცველ პიგმენტს არ შეიცავდა.  ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტყვიას ტექნიკური მიზნებისთვის უმატებდნენ.

„ტყვიის შემცველი საშრობები ხელს უშლის შემაკავშირებელი ნივთიერების ფართოდ გაშლას, როდსაც ქაღალდზე ან პაპირუსზე მელნის ან საღებავის დატანა ხდება. მართლაც, მოცემულ შემთხვევაში, ტყვია ქმნის უხილავ წრეს ჟანგმიწის ნაწილაკების გარშემო.”

მკვლევარების განმარტებით, ის ფაქტი, რომ ტყვიას არა როგორც პიგმენტს, არამედ როგორც საშრობ საშუალებას უმატებდნენ, ამტკიცებს, რომ მელანს საკმაოდ რთული რეცეპტი ჰქონდა და მას მხოლოდ ერთი პირი არ ქმნიდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მელნის შესაქმნელად სპეციალური საამქროები არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ წითელი მელნის სპეციალურ საამქროებში დამზადების შესახებ ბერძნულ დოკუმენტურ მასალებიცაა აღნიშნული, რომელიც ჩვ. წ. III საუკუნით თარიღდება.

ტყვიის საშრობ საშუალებად გამოყენების ეს ტექნიკა მე -15 საუკუნის ევროპაშიც მიღებული იყო, სადაც ზეთოვანი ნახატების გამოჩენა დაიწყო – მაგრამ, როგორც ჩანს, ძველმა ეგვიპტელებმა ეს ხრიკი 1400 წლით ადრე აღმოაჩინეს.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამ საკითხზე მეტი ტესტისა და სხვადასხვა ანალიზის ჩატარებას გეგმავენ.

https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველოსოფლის მეურნეობა

რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ხორბლის ჯიში მშობლიურ მიწას უბრუნდება

საქართველო მრავალ კულტრურულ მცენარეთა სამშობლოა, მათ შორის მარცვლოვნების. ჩელტა ზანდური(Triticum timopheevii) რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ხორბლის ჯიშია, რომელიც გადაშენების პირას იყო მისული. დღესდღეისობით ზანდურის სახეობის აღდგენა და რეინტროდუქცია მიმდინარეობს, რაშიც აქტიურადაა ჩართული ლეჩხუმელი მანონი ახვლედიანი. მან თიბისის მხარდაჭერით უნიკალური ხორბლის სახეობა გააცოცხლა, მოაწყო ეთნოგრაფიული სივრცე , ,,ზანდურის სახლი” და ზანდურის მარანი.

რატომ იპყრობს ჩელტა ზანდური ყურადღებას?

როგორც ვიცით, მსოფლიოში ხორბლის 25 სახეობაა ცნობილი, აქედან 14 აღნიშნულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთა შორის 5 საქართველოს ენდემია, მათ შორის არის ჩელტა ზანდური(Triticum timopheevii).

საქართველოს ხორბლის ენდემურ სახეობათაგან ჩელტა ზანდური ყურადღებას იქცევს განსაკუთრებული თვისებებით:

  • აქვს გლუტენის დაბალი შემცველობა მარცვალში(გლუტენის მაღალი შემცველობა მარცვალში, არის განმაპირობებბლი ფაქტორი, რის გამოც ადამიანთა ნაწილს ალერგია აქვს პურზე. შესაბამისად ჩელტა ზანდური უსაფრთხოა მათთვის გლუტენის დაბალი შემცველობის გამო)
  • ცილის მაღალი შემცველობა
  • მდგრადი ჩაწოლისადმი
  • აქვს წინააღმდეგობრივი უნარი ექვს ფოთლოვან და ორ ფეხსახსრიან მავნებელზე
  • რეზისტენტული არახელსაყრელი პირობებისადმი
  • მაღალი იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებების მიმართ
  • პურცხობის მაღალი უნარი
  • გამოირჩევა მაღალი გამძლეობით ცუდი კლიმატური პირობების მიმართ
  • შეიცავს უნიკალურ G გენს

საიდან დაიწყო ყველაფერი?

2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ The Ruffor Fountation-ის მცირე გრანტის საშუალებით განახორციელეს პროექტი, რომელიც სწორედ ჩელტა ზანდურის რეპატრიაციას ისახავდა მიზნად. რის შედეგადაც ამბროლაურისა და ცაგერის რამდენიმე სოფელში დაიწყო ზანდურის სახეობის აღდგენა.

დღევანდელ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს სახეობა წარმოადგენს ინტენსიური კვლევის ობიექტს, როგორც გენეტიკური, ასევე სელექციური კუთხით. კონკრეტულად ამ სახეობის გამო საქართველო იმუნური ხორბლის სამშობლოდ არის მიჩნეული.

2016 წელს გერმანელმა მეცნიერმა სამეცნიერო ჟურნალში Trends in Plant Sciense-ში ზანდური მომავლის საკვებ სახეობას აღიარეს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ზანდურის მასალა ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიღეს გამოსაკვლევად და სხვა სახეობის ხორბალთან შესაჯვარებლად.

ზანდურის უნიკალურობიდან გამომდინარე სამომავლოდ იგეგმება მოსავლის რაოდენობის გაზრდა და სპეციალური ტექნიკის შეძენა მასობრივი წარმოებისთვის.

წყარო: The Ruffor Small Grants Foundation, Plants For A Future

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მამონტების სასაფლაო – რა აღმოაჩინეს მეხიკოს ახალი აეროპორტის შენობაში?

როგორც აღმოჩნდა, მეხიკოს ახალი აეროპორტი მდებარეობს უძველესი ტბის ნაშთზე, სადაც სამშნებლო სამუშაოების ჩატარების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს 100-ზე მეტი მამონტის უზარმაზარი ძვლები. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გამოიძახეს არქეოლოგები.

,,სავარაუდოდ, აღმოჩენილი ცხოველების უმეტესობა დედამიწაზე დახეტიალებდა 10,000 – დან 25 000 წლის წინ, ექსპერტების ვარაუდით, ისინი იქ ტბის მიერ მოწოდებულმა საკვებმა და წყალმა მიიყვანა”- ნათქვამია BBC-ის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც ჩანს, ცხოველებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ უამრავი ბუნებრივი რესურსი და საკვები, რამაც მამონტები ტბის ტერიტორიაზე მიიყვანა, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ ტბის ტერიტორიაზე ზამთარში ტალახი გაჩნდა, რამაც ცხოველებს ხელი შეუშალა.  ტბის პირობებმა ნაშთები ძალიან კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, რომელიც საბოლოოდ მეხიკოს ახალ აეროპორტში იპოვეს.

მთლიანობაში ნაშთები ნაპოვნი იქნა 194 ადგილზე, ნაპოვნია 100-ზე მეტი მამონტის ძვლები, აქლემი, ბიზონი, ცხენი, ანტილოპები, ფრინველები, თევზები და მღრღნელები. ამავე დროს ათასობით ადამიანი მუშაობს აეროპორტის ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანებმა კი უკვე ათობით სამშენებლო მასალა გადაიტანეს.

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ბრაზილიაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის წიაღისეული აღმოაჩინეს

ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფმა ახალი, 115 მილიონი წლით დათარიღებული წიაღისეულის აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელიც დინოზავრის დღემდე უცნობ სახეობას წარმოადგენს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

Aratasaurus museunacionali საშუალო ზომის ტერაპოდებს მიეკუთვნება. არქეოლოგების ცნობით, ახალგაზრდა ცხოველის წონა დაახლოებით 34 კილოგრამი იყო, სიმაღლე კი 3 მეტრს აღემატებოდა. სპეციალისტები მიიჩვენენ, რომ აღმოჩენა ტეროპოდების ევოლუციის ისტორიას უფრო გასაგებს გახდის. მათივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მილიონობით წლის წინ რეგიონში ბევრი სხვადასხვა სახეობა ბინადრობდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არატაზაურუსი დინოზავრთა იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ტირანოზავრებსველოცირაპტორებს და დღეს არსებულ ფრინველის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. თუმცა ახალი სახეობის წინაპრის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ვან გოგისა და გოგენის წერილი აუქციონზე 210 ათას ევროდ გაიყიდა

პარიზში აუქციონზე ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვან გოგის ფონდმა ლოტში 210 600 ათასი ევრო გადაიხადა. წერილი 1888 წლით არის დათარიღებული. მხატვრებმა ის მეგობარ ემილ ბერნარს მისწერეს. ვან გოგი და გოგენი ბერნარს ქალაქ არლიში ცხოვრების შთაბეჭდილებებს უზიარებენ და მეგობარს არც იმას უმალავენ, რომ ადგილობრივ ბორდელებს ხშირად სტუმრობენ.

მხატვრები არლიში გარკვეული პერიოდი ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლოს იჩხუბეს და გოგენმა ქალაქი დატოვა. წერილი წელს ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმში დაიდებს ბინას.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დღემდე უცნობი პოემა „ივერიელნი“ ნაპოვნია!

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელში საუკუნის აღმოჩენაზე წერს.

„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე დღეს ერთი ამბავი უნდა გამცნოთ: მე ვიპოვნე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი“.

მე ვარ ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ საიდუმლოს გადაჭრა. იმედია, ეს ამბავი გაგიხარდებათ. იმასაც გეტყვით, რომ ის არც სადმე წიგნსაცავში მინახავს, არც ბუკინისტურ მაღაზიაში მიყიდია.

სრულიად უსასყიდლოდ მივაგენი. ერთადერთი სასყიდელი იყო ჩემი დაჟინებული სურვილი, დამთავრებულიყო ჩემი ერის ლოდინი ამ პოემის მიგნებისა.

გასაოცარი და კურიოზული ისაა, რომ ეს პოემა გამოქვეყნებული იყო. ჩვენ კი ვეძებდით. დანარჩენი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ჩემს გვერდზე. “ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

საქართველოს ეროვნული გმირი – ქაქუცა ჩოლოყაშვილი

26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეა

დამოუკიდებლობა გამოცხადდა კვირა დღეს, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, საღამო ჟამს, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, საქართვლოსა და კავკსიისთვის არეულ დროს და ეს იყო ახალი ცხოვრების, ახალი ქვეყნის დასაწყისი.

დასაწყისი რთული იყო, მაგრამ – იმედიანი.

აწეწილი, სულმოუთქმელი წლები იდგა, მაგრამ პასუხისმგებლობით – სავსე და ადამიანები თავდაუზოგავად უკეთესს ცდილობდნენ.

ამ ახალი ქვეყნის დაცვა ძნელი იყო. შენებას, მოწესრიგებასა და ფეხზე წამოდგომას ულმობელი წამზომის წიკწიკი ჩაესმოდა. გარდატეხა, სამშვიდობოს გასვლა, დინჯად მიმოხედვა არ მოხერხდა: პირველმა რესპუბლიკამ იარსება, მხოლოდ, ორ წელიწადსა და ცხრა თვეს, და მოისპო ბოლშევიკების მიერ – წითელმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო.

ამ დროის გმირია პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი ახალგაზრდა კავალერისტი, რომელმაც უარი თქვა ოკუპაციას შერიგებოდა და პატარა რაზმთან ერთად დაიწყო ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ.

მაშინდელი საქართველო სავსე იყო ტყის რაზმებით, მამაცი და შეურიგებელი ადამიანებით, მაგრამ ხალხის მეხსიერებამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ,მაინც , გამორჩეულად შემოინახა.

იქნებ იმიტომ, რომ ის განასახიერებდა რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ტყის მაშინდელი მებრძოლები იყვნენ. ან, იქნებ, იმიტომაც, რომ ის უბადლოდ ხსნიდა თავის შეურიგებლობას:

არ მაინტერესებს, რომელი მთავრობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ აქ რუსის ჯარი არ იდგეს და საქართველო თავისუფალი იყოსო

და, ან ,იქნებ, იმიტომაც, რომ იერით, ქცევით, ფიქრით ის რაღაც ტიპს- დროსგან დამოუკიდებელ ერთხასიათიან ქართველს განასახიერებდა და მტერიცა და მოყვარეც ამას ცხადლივ გრძნობდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი იმ დროის გმირი იყო და საუკუნო გმირად იქცა თავისი პირშეუკრავი ჭრილობებით, ჭლექით, ნატანჯი და ამოწყვეტის პირად მიყვანილი ოჯახითა და ნათესაობით; იმ სევდიანი გამონთქვამითაც, ხუმრობასავით რომ ისროლა პარიზში, როცა სთხოვეს,რომ ეცეკვა : ჩემი ფეხები მხოლოდ საქართველოში ცეკვავენო.

აკა მორჩილაძე

მწერალი

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო არქივიდან: საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, თბილისი1918 / Wikipedia

წყარო : helloblog.ge

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ილია ჭავჭავაძის მიმართვა 1897 წელს: ,,ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე”

,,დოქტრინა” გთავაზობთ საგაზეთო შენიშვნებს ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე – კერძოდ, ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვას 1897 წელს:

ივერია # 94, გვ. 1-2. 16 მაისი, 1897 .

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ, ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ახლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.

ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავის თავს, თავის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

კვლევა ორმა იტალიელმა არქეოლოგმა ჩაატარა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველრომაულ ლიტერატურულ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ.

 

„ბიბლიაში წერია, რაზე საუბრობდნენ სადილის დროს იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რას მიირთმევდნენ“, – ამბობს არქეოლოგი ჯენეროზო ურჩიოლე.

 

კვლევის ამოსავალ წერტილად ურჩიოლესა და მისი დამხმარე მარტა ბერონგოსთვის იესოს ებრაელობა იქცა. მათ ივარაუდეს, რომ იესო ქრისტე და მოციქულები იცავდნენ ტრადიციებს, რომლებიც თორაში იყო დაფიქსირებული და რელიგიურ გასტრონომიულ შეზღუდვებს ეხებოდა.

 

მარკოზის სახარების მიხედვით, სადილი პასექის დღესასწაულზე გაიმართა, მაშინ როცა საპასექო ბატკანს სწირავდნენ, ამიტომაც, მეცნიერთა აზრით, სუფრაზე ცხვრის ხორცი აუცილებლად იქნებოდა.

 

და, რაღა თქმა უნდა, მენიუში შევიდოდა ხმიადი (უსაფუარო პური) და ღვინო, რომლებიც (პროდუქტებიდან ერთადერთი) პირდაპირ არის ნახსენები ბიბლიაში (შეგახსენებთ, სწორედ საიდუმლო სერობის დროს დაედო სათავე ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს – ზიარებას).

 

ამას გარდა, ტრაპეზის მენიუში შეიძლება ყოფილიყო ჩოლენთი – ტრადიციული ებრაული კერძი მოთუშული ხორცით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ლობიოთი, ზეთისხილი, ბალახეული, ფინიკი, ასევე, ხილი და ნიგვზის პასტა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტრაპეზის მონაწილეები მაგიდასთან ისე არ ისხდნენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრზეა გამოსახული. ისინი ნახევრად წამოწოლილები იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. კერძები დაბალფეხიან მაგიდებზე თიხისა და ქვის ჭურჭლით ეწყო.

წყარო : funtime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 34
Page 21 of 34