close

განათლება

განათლებაკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

ენათმეცნიერება ვითარდება და ნელნელა წინ მიიწევს. ქართული ენით დაინტერესება გასცდა საქართველოს საზღვრებს და ახლა ბევრ ქვეყანაში მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში ჩვენი მშობლიური ენის სიღრმეების შესწავლაზე.

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ქართველ ენათმეცნიერს – სოფია დარასელიას, რომელიც  უკვე წლებია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს წამყვან მეცნიერებთან ერთად.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო , როდესაც სოფიამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო თემა დაიცვა თემაზე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“ და დაამუშავა ქართულ ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები .

ბრიტანელი ლინგვისტების მიწვევით სოფიამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ლიდსის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად, თუმცა შემდეგ – დაუღალავი შრომითა და თავისი ნიჭით დიდ წარმატებას მიაღწია.

დღეს სოფია ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით აცნობს უცხოელ კოლეგებს ქართული ენის უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს ლიდსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს დოქტორ დიანე ნელსონთან ერთად (Leeds Working Papers in Linguistics and Phonetics). მიმდინარე წელს იგეგმება ქართველოლოგიური ნაშრომების მიღება ამ ჟურნალში დასაბეჭდად.

წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერი განვლილ გზასა და უცხოურ ინტერგაციაზე გვიამბობს:

-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სადოქტორო თემა აირჩიეთ. როგორ შეარჩიეთ ეს თემა, რამ განაპირობა თქვენი  დაინტერესება ამ თემით ?

-ასე კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, რომელმაც გადამაწყვეტინა საკვლევი თემის არჩევა. სადოქტორო კვლევამდე სხვადასხვა ეტაპი უნდა გაირო და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად  გამოიკვეთა ინტერესის სფერო.

ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა თუ რას მოიცავდა აღნიშნული კვლევა. „ქართულ-ევროპული სასწავლო ლექსიკონის შედგენა კორპუსული მეთოდების გამოყენებით“ გულისხმობდა ყველაზე ხშირად გამოყენებული თანამედროვე  ქართული ენის ლექსიკის განსაზღვრას. ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის ვრცელი ვებკორპუსი – KaWaC (Ka=Kartvelia და WaC=Web as a Corpus), რომელიც მოიცავს 280 მილიონზე მეტ სიტყვას და განთავსათებულია ლიდსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

-ენათმეცნიერება, როდიდან დაინტერესდით მეცნიერების ამ სახეობით და რამ განსაზღვრა ეს დაინტერესება?

-სადოქტორო კორპუსულმა კვლევამ განაპირობა ჩემი გადასვლა ლექსიკოგრაფიიდან კორპუსის ლინგვისტიკასა და კომპიუტერულ ლინგვისტიკაში.

ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ. გზა, რომელიც გაიარეთ თსუ-დან ამ უნივერსიტეტამდე და რომ აგვიღწეროთ თქვენი საქმიანობა, კონკრეტულად რას საქმიანობთ ამჟამად?

-ლიდსის უნივერსიტეტში პირველი ჩემი საქმიანობა დაიწყო მოწვეული მეცნიერის სტატუსით და თანამედროვე ქართული ენის კორპუსის პროექტით, რომელიც სწორედ ამ სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა. შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება სადოქტორო პროექტზე.

ამჟამად არაერთ პროექტზე ვმუშაობ ლიდსის უნივერსიტეტში. ვეცდები მოკლედ აღვწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი სადოქტორო კვლევაა „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზი“. კერძოდ, კომპიუტერული ანალიზი მოიცავს ორ კონკრეტულ საკითხს: 1) ტეგსეტების სისტემის შექმნას და 2) ტეგირების პროგრამის შექმნას.

გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრს, რომელიც როგორც ეს ცენტრის ვებგვერდზეა მითითებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებით შემოიფარგლება. აღნიშნული ცენტრი ატარებს ყოველკვირეულ ქართველოლოგიურ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ლიდსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერებთან ერთად მოწვეული ქართველი ენათმეცნიერები კითხულობენ. ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვორკშოპი „კომპიუტერული მიდგომები მორფოლოგიურად მდიდარი ენებისათვის“ (CAMRL2017, რომლის ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქართველური ენები. ვორკშოპის ვებსაიტი ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://camrl.leeds.ac.uk/ . წელს ეს ვორკშოპი (CAMRL2018) ჩატარდება 2018 წლის 3 ივლისს.

 სამეცნიერო საქმიანობების გარდა აქტიურად ვარ ჩართული ლიდსის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ, ბაკალავრის საფეხურზე ვასწავლი ლინგვისტიკის ორ მოდულს.

-უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ. რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის უცხოური მწვერვალების დაპყრობა და სამშობლოდან  ასე შორს სამეცნიერო კუთხით თავის დამკვიდრება ?

-ბრიტანულ ლინგვისტურ სივრცეში ინტეგრაცია ადვილი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია არამარტო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს აქაური უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება.

-თქვენი აზრით, რამდენად არის ენათმეცნიერების  სფერო განვითარებული საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამის ხელშესაწყობად?

-ბევრი კვლევა ტარდება, კორპუსული ლინგვისტიკის კუთხითაც კი, თუმცა არსებული კველვების მასშტაბი საკმარისი არ არის. საჭიროა, მეტი კვლევები კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ახალგაზრდა ენათმეცნიერების ჩართვა ამგვარ პროექტებში.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ?

 რასაკვირველია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მაქვს ქართველ კოლეგებთან. ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც კი. კერძოდ, თსუ-ში დისტანციურად ვასწავლი ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე საგანს „შესავალი კორპუსის ლინგვისტიკასა და კორპუსზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში“ (Introduction to Corpus Linguistics and Corpus-based Lexicography). 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან კი იგეგმება დამატებით ახალი საგნის  „ზოგადი ენათმეცნიერების“ (General Linguistics – Understanding Language) შემოღება აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველო

ბულგარეთის საელჩო ქართველი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასთან მიმართებით, ქართველი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესეების კონკურსი ეძღვნება თემას – ,,ვროკავშრი 2030 წელს“ (The EU in 2030). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირის თემატიკით და ორგანიზაციის სამომავლო პოლიტიკით.

ნაშრომი 3-5 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი კომისია. გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის აპრილში და იგი დაჯილდოვდება 4-დღიანი ტურით ბულგარეთში.

ტურის ფარგლებში მას საშუალება ექნება შეხვდეს შესაბამის პარტნიორებს, უკეთ გაეცნოს ბულგარეთის კულტურას, ისტორიას და მიიღოს ინფორმაცია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოში პირველი თავმჯდომარეობის ფარგლებში ბულგარეთის პრიორიტეტებისა და აქტივობების შესახებ.

კონკურსის ოფიციალურად გახსნის ცერემონია 23 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართება.

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  – ვახტანგ მახარობლიშვილი და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი დესისლავა ივანოვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: embassy.tbilisi@mfa.bg ასლი კი: christiana.christova@mfa.bg-ზე.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მარტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალშია

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის GIST-Net-ის ნახევარფინალისტია და ამჟამად გამარჯვებისთვის იბრძვის, რადგან კონკურსში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, 10 ფინალისტი კი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ნიკი თავად გვიამბობს კონკურსისა და საკუთარი სტარტაპისა შესახებ, რომელშიც მისი წარმატება თითოეული ჩვენგანის აქტიურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
-ნიკი,  კონკრეტულად რაში მდგომარეობს შენი სტარტაპიდეა, რომელმაც ეს წარმატება მოგიტანა?

-ჩემი სტარტაპი ქმნის ინოვაციურ ვებპლატფორმას, რომელიც მაისის თვიდან ამუშავდება და დაბალკლასელ სკოლის მოსწავლეებს ელექტრონული განათლების ძალიან კარგ და სასარგებლო სერვისებს შესთავაზებს. აღნიშნული პროექტის შესახებ „მისო კრისტალისგან“ შევიტყვე,  ცოტა სასაცილოა, მაგრამ GIST-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას   ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი და რადგანაც რეგისტრაციისთვის სრულწლოვანება იყო საჭირო, საიტის სარეგისტრაციო ფორმაში მომიწია დაბადების წლის HTML list-ის კოდის ხელით შესწორება,  ვიდეოში კი, მოკლედ აღვწერე ჩემი სტარტაპი, რომელმაც ეს ეტაპი წარმატებით გადალახა.

-რამდენადაც ვიცი, აქამდეც აქტურად მუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, გვიამბე საკუთარი გამოცდილების შესახებ.

-მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასში ვარ, ჩემი საქმიანობა მოიცავს ტექნოლოგიურ და საფინანსო საკითხებს, რომელშიც უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მაქვს დაგროვებული.  თვითნასწავლი ვარ პროგრამირებაში, ბიზნესსა (ბუღალტერიაში, რისკების მართვაში და ა.შ) თუ ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა, მაგალითად – ფსიქოლოგია და  კომპიუტერული მეცნიერება.

2016 წლის გაზაფხულიდან 4-6 თვე ვმუშაობდი პროექტზე, რომლითაც „FinTech-სტარტაპის“ შექმნის მცდელობა მქონდა, თუმცა ეს პროექტი მზად არ აღმოჩნდა დაფინანსების ეტაპების წარმატებით გასავლელად, მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა წამოწყებები 2015 და 2014 წლებშიც მქონდა, თუმცა ბოლო პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

-კონკურსი ჯერჯერობით აქტიურ რეჟიმშია,  გვიამბე სამომავლო პერსპექტივებისა და შენი პირადი გეგმების შესახებ.

-პირადად ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ვაპირებ, აპლიკაციები ნიუ-იორკისა და პენსილვანიის 10 უნივერსიტეტში მაქვს გაგზავნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სტარტაპი იდეის ეტაპში აღარ იმყოფება და უკვე სერიოზულ განვითარების ნაბიჯებს დგამს. კონკურსის გამარჯვებით საშუალება მომეცემა დამატებითი ფინანსური სახსრები მოვიპოვო სტამბულში, ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემი სტარტაპის წარსადგენად, ამისათვის კი საჭიროა რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, რომელიც კონკურსის ოფიციალურ საიტზე 24-საათში ერთხელ მომცემს ხმას,  ხმის მიცემა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

საბაუნი – ფრანკფურტის უნივერსიტეტში დანერგილი კურსი სტუდენტებისთვის

 21-ე საუკუნის ადამიანისთვის კარგი საპრეზენტაციო და სადისკუსიო უნარების ფლობა აუცილებელია. არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს უნარები ადამიანს ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი, მაგრამ, საინტერესოა, რომ მათი დასწავლა შესაძლებელია და საქართველოში – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე სპეციალური პროგრამაც კი არსებობს. ამ პროგრამის მიხედვით ლექციებს ნინო ტურაშვილი კითხულობს, რომელმაც დეტალურად გაგვაცნო სქემა და ამ კურსის პრიორიტეტები.

ნინო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი რომ გააცნოთ საზოგადოებას.

-პროფესიით პედაგოგი ვარ – გერმანული ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრი. 10 წელზე მეტია ვკითხულობ ლექციებს – ,,აკადემიური წერა” და ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკები”. დღეისათვის ვარ პროგრამა ,,კომპასის“ აფილირებული ლექტორი სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტში.

-საიდან გაჩნდა პროგრამის – ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკებიშემოტანის იდეა?

-რეფერატებისა და პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის ფორმულირება, დისკუსია უდიდეს როლს ასრულებს არა მარტო სწავლების, სემინარებისა თუ გამოცდების დროს, არამედ მიიჩნევა, როგორც გადამწყვეტი  პროფესიონალური უნარი მიზნის მისაღწევად. ჯერ კიდევ გერმანიაში, 1996 წელს, პროფესორმა ზიგფრიდ ფრაიზერმა და ნიკოლა ბუხჰოლცმა შეიმუშავეს პროგრამა ,,კომპასი“, რომელიც აერთიანებს კომუნიკაციის, მოდერაციის, პრეზენტაციის და გუნდური მუშაობის ტექნიკებს. იმ პერიოდში ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფსიქოლოგი თამარ ტურაშვილი ფრანკფურტში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა პროფესორ ზიგრიფ ფრაიზერის კათედრაზე და იქ გაეცნო ,,კომპასის“ ეფექტურ პროგრამას. პროგრამის  გამოყენება საავტორო უფლებების დაცვით – ფრანკფურტის უნივერსიტეტის მენტორობით თამარ ტურაშვილმა ჩამოიტანა და დანერგა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, 2007 წლიდან სავალდებული საგნად დასახელდა პირველკურსელთათვის. მაშინ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ისწავლებოდა პრეზენტაციის უნარები. აღსანიშნავია, რომ ,,კომპასი“ დღესაც წარმატებით ხორცილედება გერმანიის ორ უმაღლეს სასწავლებელში – ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში.

-რამდენად არის სტუდენტების მხრიდან დაინტერესება ამ პროგრამისადმი და რამდენად დგას მსგავსი პროგრამების საჭიროება?

-სასიხარულოა, რომ კურსი თავიდანვე გამოირჩეოდა მაღალი რეიტინგით. პირველკურსელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროგრამის გავლა, ისინი ახალ სოციუმში გამოწვევების წინაშე დგანან და  სწორედ ურთიერთობებთან დაკავშირებული თემებიკონფლიქტის მართვა, ჯგუფში მუშაობის ტექნიკებიეხმარებათ სირთულეების დაძლევასა და თვითშეფასების ადეკვატურად აღქმაში. მსგავსი პროგრამების  დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის პიროვნულ  ჩამოყალიბებასა და პროფესიულ გაზრდაზე, შეიძლება მივიჩნიოთ  თანამედროვე განათლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.

პროგრამა იძლევა საშუალებას, ლექცია ჩატარდეს ინტერაქტიულადროგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა რამდენად აქტიურად თუ ეფექტიანად იყენებს მას?

-უნდა ვაღიაროთ, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი არ არის მიჩვეული ინტერაქტიული მეთოდებით მუშაობას, ეს განსაკუთრებით იგრძნობა პირველკურსელებთან ურთიერთობის დროს და უკვე უნივერსიტეტის პერსონალის დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ლექციებს ტრენინგის ფორმატი უფრო აქვს, აქ არ ხდება მხოლოდ ცოდნის გადაცემა, პასიური მოსმენა – სტუდენტები ჩართულები არიან პროცესში, მიზნობრივად მუშაობენ, იუმჯობესებენ საკომუნიკაციო უნარებს. ინტერაქცია იძლევა კარგ საშუალებას – ჩართულობის, რეფლექსიისა და ემოციების გამოყენებით მოხდეს მასალის დასწავლა –დამახსოვრება.

რაიმე კონკრეტული რჩევები ხომ არ გექნებოდათ სტუდენტებისა და, ზოგადად, დაინტერესებული ადამიანებისათვისროგორ შეიძლება მარტივად კომუნიკაციის, პრეზენტაციისა თუ დისკუსიის ტექნიკის დაუფლება?

-კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და  დისკუსიის მართვის უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია სწორედ ჩვენი სალექციო პროგრამის საშუალებით. ეს უნარები მარტივად არ დაისწავლება, მაგრამ თანმიმდევრული სწავლებით, ერთი სემესტრის მანძილზე, შესაძლებელია ამ უნარების გაუმჯობესება. დღეს წარმატებული კარიერისთვის მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის ეფექტური წარდგენა, ახალი პროექტის პრეზენტაცია  და აუდიტორიის მართვა, რომელსაც ჩვენ ვასწავლით კურსის მანძილზე გადაცემული ინფორმაციითა და სპეციალური აქტივოებებით.

არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარები არ დაისწავლება და თანდაყოლილიარას იტყოდით ამ შემთხვევაში?

-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კომუნიკაციის უნარები ან  ნაკლებად შფოთავენ აუდიტორიის წინაშე. თუმცა, ის აზრი, რომ ეს უნარები არ დაისწავლება – ნამდვილად შორს არის რეალობისგან.  ასობით  და ათასობით სტუდენტი  ყოველი ლექციის შემდეგ გრძნობს გაუმჯობესებულ უნარებს და თავად არიან აღფრთოვანებულები შეძენილი თუ აღმოჩენილი შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩატარდა სამეცნიერო კვლვა  საქართველოსა და ბერლინის უნივერსიტეტებში. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის 105 სტუდენტმა, რომლებიც გადიოდნენ კურსს ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკა’. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა ისეთი კომპეტენციების გაუმჯობესება, როგორიცაა – კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, კრიტიკის გაცემა და მიღება, ინფორმაციის გაზიარება და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებული გამოსვლა.

-დასასრულ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ.

-კურსი ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკა” ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური  და დიდი მოთხოვნის მქონე ხდება. ახალი სასწავლო წლიდან  იგეგმება კურსის დანერგვა სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტსა და  სკოლაში.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

როცა მოსწავლე გამოცდას დაასრულებს, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებენ გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობას. ამ ეტაპისათვის დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები. 

ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის  დამატებითი ნიმუშები უახლოეს დღეებში გამოქვეყნებდა. ახალი ნიმუშები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი კონკურსს აცხადებს

გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი ერთწლიანი, ბოშის ფონდისა და DGAP-ის განათლების ერთობლივი, გერმანულენოვანი პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ლიდერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. გორდელერის კოლეჯი  მიმართულია ახალგაზრდა, დასაქმებულ ლიდერებზე, რომელთაც სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესების გაუმჯობესებაში. დღემდე ამ პროგრამაში 33-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებს საშუალებას აძლევს განავითარონ ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებასა და საზოგადოების სარგებელზე მიმართული ქცევის განვითარებას. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები გერმანიის ქალაქ ბერლინში გაემგზავრებიან, მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. სემინარები ტარდება გერმანულ ენაზე.

გორდელერის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა. მგზავრობის, ვიზის, საცხოვრებლის, კვებისა და გასაუბრებაზე ან სემინარზე დასწრებასთან დაკავშირებული სხვა თანხები სრულად ანაზღაურდება რობერტ ბოშის ფონდის მიერ.

პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.

კოლეჯს სახელი ეწოდა ადმინისტრაციული სამართლის იურისტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლის – კარლ ფრიდრიხ გორდელერის (1884–1945) საპატივცემულოდ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2018 წელი
პროგრამის დასაწყისი: 13 სექტემბერი, 2018

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის  შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.goerdeler-kolleg.de

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან: (+49 30 25423192goerdeler-kolleg@dgap.org)  ან სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან  (goerdeler-kolleg-ge@dgap.org).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

განათლების სამინისტრო: ,,სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება”

სკოლებში რელიგიის, როგორც საგნის შემოტანის შესახებ უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ,  რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება.

 მინისტრის მოადგილის –  ლია გიგაურის თქმით, საუბარი იყო და არის საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანაზე, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, აქტიური მუშაობა არ დაწყებულა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

საბავშვო წიგნები, რომლებმაც წარმატებულ ადამიანებზე გავლენა მოახდინეს

წიგნი ადამიანის ცხოვრების თანმხვედრი ნაწილია, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს წარმოდგენა და სიღრმისეულად შევიცნოთ, ამა თუ იმ პერსონაჟის სახე, მისაღებია იგი ჩვენთვის თუ  – არა. წიგნი გვეხმარება სწორად ვიაზროვნოთ, ტვინის უჯრედებს ანვითარებს და უკეთესად აზროვნებასა და მეტყველებას უწყობს ხელს.

საბავშვო წიგნებმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას წაკითხული, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლიც კი ითამაშონ. ყველა ადამიანს აქვს საყვარელი წიგნი ბავშვობიდან, წარმატებული ადამიანები ძალიან აფასებენ და დიდ ყურადღებას აქცევენ წიგნებს.

,,ბიზნეს ინსაიდერი” გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო წიგნს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე:

  1. „ჰარი პოტერი“
  2. „პატარა პრინცი“
  3. „ბართლომეო კუბინსის 500 ქუდი“
  4. „ფანტასტიკური მისტერ მელია“
  5. „მანდ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ – მარგარეტი“.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფიზიკა

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ფიზიკა-მათემატიკის ვიდეოგაკვეთილებს გვთავაზობს

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ცოტა ხნის წინ უცხოელი ბიზნესმენის ინიციატივით შეიქმნა და გარდა იმისა, რომ ცდილობს ფიზიკისა და მათემატიკისადმი ახალგაზრდებში ინტერესი გააღვივოს და მარტივად მიაწოდოს გარკვეული ცოდნა, ასევე – ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასაც აძლევს საშუალებას, რომ ჩაერთოს პროექტში როგორც ონლაინგაკვეთილების მოწვეული პედაგოგი. დაწვრილებითი დეტალების შესახებ უშუალოდ პროექტის მენეჯერი და მასწავლებელი, თამარ ღუღუნიშვილი გვიამბობს.

თამარ, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ რაში მდგომარეობსინოვაციური ონლაინ პროექტის“ არსი?

-ყველა სკოლა აძლევს განათლებას და ყველა წიგნი ცდილოს შთააგონოს და სწავლის სურვილი აღუძრას ადამიანს, მაგრამ ჩვენი მეთოდი განსხვავებულია სტანდარტული სწავლების დანარჩენი მეთოდებისგან. ინოვაციური ონლაინ პროექტის“ დანიშნულება „STEM-მიმართულების“ განვითარებაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე დავიწყეთ მათემატიკის ვიდეოლექციების ჩაწერა, შემდეგ  კი დავამატეთ ახალი საგანიცფიზიკა.

დაფუძნებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში პროექტი სატესტო ვერსიით ფუნქციონირებდა, თავდაპირველად პროექტში მიმიწვიეს მასწავლებელად, შემდგომში სპონსორის გადაწყვეტილებით შეიცვალა მენეჯმენტი, მოხდა რებრენდინგი და ამჟამად უკვე გაუმჯობესებული ხარისხით ვახორციელებთ ჩაწერებს, ასევე ვზრუნავთ პროექტის განვითარებაზე. გადაღებას, მონტაჟს და შემდგომ მის საზოგადოებისთვის მიწოდებას მე პირადად ვხელმძღვანელობ.

თამარ, როდის და ვისი ინიციატივით დაიწყოინოვაციური ონლაინ პროექტი“ ?

-პროექტი დაიწყო 3 წლის წინათ, ამერკელი ჯეიმს ო’კონორის ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით. ჯეიმსი თვლის რომ ამ პროდუქტის მიწოდება ბევრ სიკეთეს მოუტანს ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ის აგრეთვე თვლის, რომ ეს პროდუქტი არის საზოგადოების საკუთრება და მისთვის მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, როდესაც ხედავს  თუ როგორ იზრდება მნახველთა და გამომწერთა რაოდენობრა ყოველდღიურად.

-თქვენ მიერ მოწვეული ლექტორები საზოგადოებამ ნაწილობრივ უკვე გაიცნო, მისასალმებელია, რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევთ პედაგოგებს?

 -ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ვიდეოლექციები კომპეტენტურმა ადამიანებმა ჩაატარონ, რათა ხარისხი გარანტირებული გვქონდეს და მაყურებლის ნდობა მოვიპოვოთ. თუმცა, ამავდროულად ვცდილობთ დავასაქმოთ ახალგაზრდა უკვე ძალიან წარმატებული მასწავლებლები. ფიზიკის მოწვეული პედაგოგები – ნათია ჯანდაგაშვილი, გიორგი კობახიძე და გელა პატაშური არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან. ნამდვილად მისაბაძი ახალგაზრდები, რომლებსაც იმედია ჩვენი მაყურებელი სამომავლოდ მიბაძავს. ჩვენ მათ ვაკავშირებთ ისეთ ადამიანებთან,  რომლებიც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩვენი პროექტი გათვლილია მუდმივ ზრდაზე, ადამიანური რესურსების მეტ ჩართულობასა და თანამედროვე მედიასაშუალებების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. ამ ეტაპისთვის, ამ რაოდენობის პერსონალით პროექტი გვაძლევს მეტი წარმატების გარანტიას და სამომავლოდ ვგეგმავთ ქიმიის გაკვეთილების დამატებასაც. პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ პროექტის მაქსიმალურ გავრცელებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიწერონ ჩვენი Youtube არხი და ჩვენ მიერ ატვირთულ ყოველ ახალ ვიდეოს დროულად გაეცნონ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

კრეატიულობის განვითარების 5 სავარჯიშო

1. ორი შემთხვევა

 აიღეთ ლექსიკონი და შემთხვევით აირჩიეთ ორი ნებისმიერი სიტყვა. უბრალოდ გადაშალეთ ლექსიკონი ნებისმიერ გვერდზე და შეეცადეთ  არჩეულ სიტყვებს შორის იპოვოთ რაიმე საერთო. მოიგონეთ ისტორია, სადაც დააკავშირებთ მათ ერთმანეთთან. მსგავსი სავარჯიშოები შესანიშნავად ავარჯიშებს გონებას.

2.  შეშლილი გენეტიკოსი

აიღეთ ცარიელი ფურცელი და ფლომასტერი. ძალიან კარგი თუ არ იცით ხატვა, რადგან სილამაზე და შედეგი აქ მთავარი არ არის. მთავარია პროცესი. ახლა კი დახატეთ რაღაც, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ცხოველის ფუნქციებს, რომელიც თქვენთვის ნაცნობია. თქვენ შეიძლება  მიიღოთ,  მაგალითად, მელია თევზის ფხით, ან გრძელკისერა კურდღელი ჩლიქებით. დავალების მიზანია მოკლა ნებისმიერი საღი აზრი და ლოგიკა და გააკეთო აქცენტი კრეატიულობაზე.

3.    შეშლილი არქიტექტორი

ცხოველებიდან გადავიდეთ არქიტექტურაზე, მოდი, დავხატოთ სახლი. მაგრამ იქამდე, სანამ ამ დავალების შესრულებას შევუდგებით, აირჩიეთ ნებისმიერი 10 სიტყვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, როგორც არქიტექტორს, შეგიკვეთეს სახლის პროექტი.  მაგრამ დამკვეთმა წამოგიყენათ 10 სავალდებულო მოთხოვნა. აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვები, მაგალითად „ფორთოხალი“- და თქვენი სახლის სახურავი იქნება  ნარინჯისფერი, „დისკო“- გააკეთეთ აბაზანაში მრგვალი ფანჯრები და ა.შ ქაღალდზე ხატვის დროს წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში.

4.    10+10

აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, ის  აუცილებლად უნდა იყოს არსებითი. ახლა კი დაწერეთ 5 ზედსართავი, რომლებიც თქვენი აზრით მას ყველაზე მეტად შეეფერება. მაგალითად, „წინდა“- შავი, თბილი, შალის, ზამთრის, სუფთა. გააკეთეთ? ახლა შეეცადეთ დაწეროთ კიდევ 5 ზედსართავი, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება არსებით სახელებს. ამის გაკეთება კი ძალიან რთული აღმოჩნდა. დაინტერესდით და მიიღეთ სხვადასხვა სფეროში გამოცდილება  და იპოვეთ  ასეთი საჭირო სიტყვები.

5.    დასახელება

შეეცედეთ ნებისმიერ საგანს, რომელიც თქვენში ინტერესს იწვევს, მოუძებნოთ დასახელება. შეიძლება იყოს მოკლე და მკაცრი, ან გრძელი და დეტალური. სავარჯიშოს მიზანია, რომ სათაური თქვენ აუცილებლად უნდა მოგეწონოთ.

წყარო:  Professional

მასალა მოამზადა: ნათია გუჩუამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 28
Page 18 of 28