close

ეს საინტერესოა

დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

კოკო – გორილა, რომელიც ადამიანებს ჟესტების ენით ესაუბრებოდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

გორილა, სახელად კოკო, რომელსაც ადამიანებთან ჟესტების ენით საუბარი შეეძლო, კალიფორნიაში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინსტრუქტორებმა კოკოს, რომლის IQ 75-95 იყო,  ამერიკული ჟესტების ენის 1,000-ზე მეტი ნიშანი ასწავლეს. მას სასაუბრო ინგლისურის 2000-მდე სიტყვის მნიშვნელობაც ესმოდა.

პლანეტის ყველაზე ცნობილი გორილა კოკო 1971 წლის 4 ივლისს  სან–ფრანცისკოს ზოოპარკში დაიბადა.

დაბადებიდან მოკლე ხანში პატარა კოკოსთან ფრენსის პეტერსონმა დაიწყო მუშაობა სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შემუშავებული პროგრამით და „ქალბატონ“ კოკოს ჟესტების ენაზე „ლაპარაკი“ ასწავლა.

კოკოს შესაძლებლობებში ბევრ მეცნიერს ეპარებოდა ეჭვი, თუმცა გორილას შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ის ასევე არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მათ შორის – ,,National Geographic-ის.“

წყარო: https://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდამ 1992 წლიდან 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდამ 1992 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტმა მეცნიერმა ყინულის საფარის გასაზომად სატელიტური მონაცემები გამოიყენა. მათი გაანგარიშებით, გლობალური ზღვის დონე აღნიშნულ პერიოდში 7.6 მილიმეტრით გაიზარდა.

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ყინულის დნობის პროცესი ბოლო წლებში საგრძნობლადაა დაჩქარებული.

2012 წლამდე ყინულის დნობის მაჩვენებელი ძირითადად სტაბილური იყო და წელიწადში 76 მილიარდ ტონას აღწევდა, შესაბამისად, ზღვის დონე 0.2 მილიმეტრით მატულობდა. 2012 წლიდან კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და წელიწადში 219 მილიარდი ტონა შეადგინა, ოკეანის დონე კი  0.6 მილიმეტრით იზრდება.

,,მონაცემები გვიჩვენებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება,” – განაცხადა ნასას მკვლევარმა – იზაბელა ველიკოგნამ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2070 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 3.5°C -ით, ზღვის დონე კი – ყოველწლიურად 10-15 მილიმეტრით მოიმატებს.

უფრო შორს თუ წავალთ, მომავალ 10,000  წელიწადში ზღვის დონე 50 მეტრით აიწევს, ამ ზრდის 80 პროცენტი ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით იქნება გამოწვეული.

თუმცა, ასე პესიმისტურადაც ნუ განვეწყობით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ მსოფლიოში დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიის შემცირება არ მოხდება. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა და ემისიების შემცირება ფიქსირდება, ეს კი თავის მხრივ, გლობალური ტემპერატურის ზრდასაც შეამცირებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასამართალისაქართველო

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს – წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – მათი  უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის  გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

დღეს აკაკი წერეთლის დაბადების დღეა – საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან

აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს სოფელ სხვიტორში დაიბადა.  აკაკის მამა – როსტომ წერეთელი კარგი მოჭადრაკე,  გონებამახვილი და ენამოსწრებული მოსაუბრე ყოფილა, რასაც პოეტი თავის მოგონებებში ასე აღწერს:

„მამაჩემი… ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.

აკაკის დედა – ეკატერინე, იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა  და  გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის შთამომავალი იყო.

ოჯახში ხუთი შვილი იყო: ანა, დავითი, იასონი, აკაკი და მავრა.

ტრადიციის მიხედვით, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას იქვე მდებარე სოფელ სავანეში მიაბარეს, სადაც ის უღარიბეს გლეხის ბავშვებთან ერთად გაიზარდა. როგორც თავად წერს მოგონებებში, ამან მასზე დიდი გავლენა მოახდინა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“ –  წერს აკაკი.

როგორც ცნობილია, პოეტს 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“.

რაც შეეხება მის სიყვარულის ისტორას, როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია იყო. საინტერესოა, რას წერს ამაზე აკაკი:

„ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“ 

პოეტმა ქალი რუსეთში ყოფნისას გაიცნო, მასზე დაქორწინდა. მათზე საკმაოდ ბევრი ჭორი დადიოდა, რაც აკაკის საკმაოდ სწყინდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს წერეთლის როლი ქართული სატირული ჟურნალისტიკის განვითარებაში – მისი რედაქტორობით გამოვიდა პირველი ქართული სატირული ჟურნალი ,,ხუმარა”, რომელიც საკმაოდ სარკასტული იყო და ამის გამო პოეტს რამდენიმე დღე ციხეში ყოფნაც კი მოუწია.

აკაკი ქართულ ენას ძალიან აფასებდა. აი, რას წერს ის თავის ერთ-ერთ წერილში:

„ძვირად, რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს… არა, ჩვენი ენა მდიდარი არის. ძვირად დარჩენილა ენა, რომელსაც არ შემოეწიროს ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა.”

პოეტი 1915 წლის 8 თებერვალს 75 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაფიზიკა

სტივენ ჰოკინგის სიტყვები კოსმოსში გაგზავნეს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ცნობილი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის სიტყვების ჩანაწერი კოსმოსში გაგზავნა,  როგორც ,,მშვიდობისა და იმედის გზავნილი“.

ცერემონია 15 ივნისს გაიმართა, როდესაც მეცნიერის ფერფლი ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის საფლავების მახლობლად, ვესტმინსტერის საგრაფოში დაკრძალეს.

გზავნილი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ესპანეთში მდებარე სატელიტიდან გააგზავნეს და მას ფონად ბერძენი კომპოზიტორის ვანგელისის მუსიკა ახლდა.

პროფესორის ქალიშვილის ლუსის განცხადებით, ,,ეს მშვიდობისა და იმედის, ერთიანობისა და ამ პლანეტაზე ჰარმონიაში ცხოვრებისსიგნალია.

სტივენ ჰოკინგი 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. პროფესორი, რომელსაც ამიოტროფული სკლეროზი ჰქონდა, სრულად პარალიზებული იყო და ხმის სინთეზატორის მეშვეობით საუბრობდა. იგი სწავლობდა რთულ საკითხებს სამყაროს შექმნის შესახებ, კერძოდ კი – სამყაროს შექმნისა და შავი ხვრელების თეორიებს.

წყაროBBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

როგორ ცლიან ყავის მარცვლებს კოფეინისგან და რამდენად უსაფრთხოა ასეთი ყავა 

ცნობილია, რომ ყავის მარცვლები კოფეინს შეიცავს. კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა. იგი რამდენადმე ასტიმულირებს ტვინის ნერვულ  უჯრედებს, აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ ძალებს, ამცირებს დაღლილობას. თუმცა, ზოგჯერ, ყავის მარცვლებს ამუშავებენ და მას კოფეინს აცლიან, რის შედეგადაც, მომხმარებელს შეუძლია ეს სასიამოვნი სასმელი ისე მიიღოს, რომ ღამის ძილზე უარის თქმა არ მოუწიოს.  საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და რამდენად ინარჩუნებს ყავა პირვანდელ არომატს.

არსებობობს ყავისგან კოფეინის გამოცლის რამდენიმე მეთოდი. ყველაზე გავრცელებული ხერხია ქიმიური გამხსნელი – ეთილის აცეტატი ან მეთილის ქლორიდი. პირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, ყავას ორთქლით ამუშავებენ და ქიმიური გამხსნელით ურევენ, არაპირდაპირი მეთოდის დროს კი – ქიმიური აგენტი მარცვლებს არ ეხება, არამედ ზემოქმედებს წყალზე, რომელშიც ყავას რამდენიმე საათის განმავლობაში ალბობენ. ამის შემდეგ, გამხსნელის საშუალებით წყლიდან კოფეინს აცლიან. ორივე პროცესის დროს ქიმიური გამხსნელის ნაწილი ყავის მწვანე მარცვლებიდან, ნაწილი კი – მოხალვის დროს ორთქლდება კოფეინგამოცლილ ყავაში უმცირესი რაოდენობით რჩება, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

მეორე მეთოდი გახლავთ შვეიცარიის წყლის პროცესი, რომელიც მხოლოდ წყლისა და ნახშირბადის ფილტრაციაზეა დაფუძნებული. თავდაპირველად ყავის მარცვლებს ცხელ წყალში ალბობენ, ამის შედეგად, მიღებულ არომატით გამდიდრებულ წყალი (ე.წ. მწვანე ყავის ექსტრაქტი) ნახშირბადის ფილტრაციას გაივლის, რომელიც მხოლოდ კოფეინის დიდ მოლეკულებს იჭერს. უკოფეინო მწვანე ყავის ექსტრაქტს ყავის მარცვლების მომდევნო პარტიის გასაფილტრად იყენებენ. მარცვლებისგან კოფეინის ფილტრაცია ქიმიური აგენტების გარეშე, არომატული კომპონენტების შენარჩუნებით ხდება.

დაბოლოს, სუპერკრიტიკული ნახშირბადის დიოქსიდის მეთოდი, რომლის დროსაც, მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, ნახშირბადის დიოქსიდს (CO2) იყენებენ.  სუპერკრიტიკული CO2 ყავის მარცვლების ნაპრალებში გაზის მსგავსად აღწევს, მაგრამ კოფეინს წყლის მსგავსად შლის. ყავის მარცვლებს წყალში ალბობენ და, ამის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, სუპერკრიტიკული CO2-ის ზემოქმედების ქვეშ აჩერებენ. კოფეინიანი CO2 თხევადდება და ორთქლდება და შემდეგ მარცვლები მუშავდება. იმის გამო, რომ ეს მეთოდი  ნახშირწყლებსა და ცილებს არ აზიანებს, გემოს ცვლილება, ამ მეთოდის შემთხვევაში, მინიმალურია.

წყაროhttps://www.britannica.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარობოტექნიკა

მსოფლიოში პირველი სახლის რობოტი – ჯიბო [ვიდეო]

მსოფლიოს თითქმის ყველა კომპანია უკვე აქტიურადაა ჩართული რობოტებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოგონებაში, მათ შორის არის „Amazon-ი“ და „Google-ი“,  ბოლო რამდენიმე წელია, ისინი თავდაუზოგავად  მუშაობენ პერსონალურ რობოტთა დამუშავებაზე, თუმცა, აქამდე, ძირითადად, მათი პროდუქცია მანათობელი დინამიკით შემოიფარგლებოდა.

 ახალი რობოტი „Jibo“ ასეთი არ არის,  ის ,,Pixar-ის” ცნობილ პერსონაჟ ,,Ivo–ს“ ჰგავს, დიდი მრგვალი თავითა და სახით, რომელიც ემოციებს ანიმაციური აიკონკების საშუალებით გამოხატავს. ჯიბოს შეუძლია სიცილი, ცეკვა და თქვენი მითითებების შესრულება. ის მსოფლიოში პირველი სახლის რობოტია. ჯიბოს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებაც შეუძლია. მას დასწავლის უნარიც აქვს. რობოტი აზროვნებს და აანალიზებს სიტუაციას.

ამ ყველაფრის წყალობით, რობოტი ძალიან ემსგავსება ადამიანს, რაც ბევრისთვის გამოწვევაა, მათში ცნობისმოყვარეობა იღვიძებს და ცდილობენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტები.

წყაროEngadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი გიჩვენებთ, როგორი შესახედაობა გექნებათ წლების შემდეგ

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმის განსაზღვრა მოახერხეს, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამა თუ იმ ადამიანს რამდენიმე წლის შემდეგ.

სისტემა იყენებს ორ ნაწილიან AIალგორითმს, რომელსაც უწოდებენ  GANსისტემას. პირველი ნაწილი იღებს ინდივიდის სახეს და წარმოადგენს იმავე პიროვნების სახეს ამა თუ იმ ასაკში. მეორე ნაწილი ამ გამოსახულებას ადარებს ამ პიროვნების რეალურ დროში გადაღებულ რეალურ ფოტოს და ახდენს შედარებას, რაც პირველ ნაწილს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. GAN-ი დაბერების სხვა ხელოვნურ სისტემებსაც გამოუყენებიათ, თუმცა სხვებისგან გასნხვავებით, აღნიშნული სისტემა შუბლსა და თმაზეცაა ორიენტირებული.

 მეცნიერებმა თავიანთი ხელოვნური ინტელექტი ორი მონაცემთა ბაზის 100,000 ფოტოზე გამოსცადეს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანები 20 წლით ,,დააბერეს”, როდესაც მისი რეალურობა კომპიუტერული პროგრამით შეამოწმეს, თითქმის 100-პროცენტიანი სიზუსტე გამოავლინეს.

წყაროhttp://www.sciencemag.org/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

19 ივნისი მამების დღეა – „კაცები ზრუნავენ“

19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  აღინიშნება. მათ შორის, საქართველოშიც.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

მამის დღის ცენტრალური ღონისძიება ხვალ, 19 საათზე, თბილისში, „მზიურის“ სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენენ სპეკტაკლს ,,შოუ ზღაპართა ქვეყანაში”. „მზიურის“ სტუმარ ბავშვებსა და მშობლებს შემეცნებითი და გასართობები თამაშებიც ელით.

ასევე, მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილია ღონისძიებები თელავსა და ზუგდიდში. მწერალი ტორესა მოსი თელავში, წიგნის მაღაზია ,,ბიბლუსში” გამართავს  მკითხველთან შეხვედრას, სადაც წაიკითხავს ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს ,,იავნანა ლილისთვის”, ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდება მკითხველს. „იავნანა ლილისთვის“გასულ წელს, კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ” ფარგლებში გამოიცა.

მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციატივით, 17 ივნისს „დინამოს“ სტადიონზე დაგეგმილი თამაშის მონაწილე ფეხბურთელები, მამის დღისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, სპეციალური მაისურებითა და ბანერით გამოვლენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ამბობენ, რომ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით – ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

მოწყობილობა, რომელიც წყალს ფილტრავს

კიდევ ერთი ძალიან საჭირო გამოგონება, რომელიც  ლაშქრობის მოყვარული ადამიანებისთვის ძალიან მიმზიდველია, რადგან ექსტრემალურ პირობებში შესაძლებელია სასმელად ვარგისი წყალი ვერ მოძებნონ, შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ რაიმე მსგავსი მოწყობილობა და არა მარტო მათ, ასევე ისეთ რეგიონებსა თუ სოფლებს, სადაც სუფთა წყალი რთული მოსაპოვებელია.

ეს საინტერესო და ძალიან პრაქტიკული ნივთი წყლის საფილტრია რომელიც 99%-ით ფილტრავს ბინძურ წყალს. ამ გამოგონებამ ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია.

 ამ წყლის საფილტრს დიდი რაოდენობით ურიგებენ აფრიკულ ოჯახებს. როგორც იცით, აფრიკა არ გამოირჩევა წყლის სიუხვით და, მით უმეტეს, სასმელად ვარგისი წყლით.

წყაროEngadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 62 63 64 65 66 98
Page 64 of 98