close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოასაქართველო

10 ქართველი მხატვარი, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს

ბოლო ორი ათწლეულია საქართველო განსაკუთრებული საერთაშორისო დაინტერესების ეპიცენტრში მოექცა: ადგილობრივი ისტორიული ძეგლები, კულინარიული კერძები, მრავალფეროვანი ბუნება თუ კლუბური ცხოვრება გამორჩეულად მიმზიდველი აღმოჩნდა უცხოელი სტუმრებისთვის.

საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყანაში აღმოცენებულ ყველა კულტურულ სფეროზე იქონია გავლენა: აზიისა და ევროპის გასაყარზე ამ ორი დიდი ცივილიზაციის ერთმანეთთან იდეალურად შერწყმული და თან ამავდროულად სრულიად ახალი კულტურული ფორმები განვითარდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული მხატვრობა ყოფილა, რომელმაც განსაკუთრებული აღმასვლა მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ახლა სწორედ იმ ათი ქართველი გამორჩეული მხატვრის შესახებ გიამბობთ, რომლთაც თავიანთი შემოქმედებით არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობაში სათანადო ადგილი დაიმკვიდრეს.

1. ნიკო ფიროსმანი (1862 – 1918)

1862 წელს დაბადებულმა ნიკო ფიროსმანმა, რომელსაც ხშირად ნიკალასაც უწოდებენ, მთელი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ის ძირითადად დუქნებსა და სამიკიტნოებს უხატავდა აბრებსა თუ სხვადასხვა ნახატებს და ასე ირჩენდა თავს.

ფოტო: WikiCommons

ფიროსმანის ნახატები, რომლებიც მხატვარმა თავის სიცოცხლეში ლუკმა-პურის საშოვნელად შექმნა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა სათანადოდ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ერთ-ერთ გამორჩეულ პრიმიტივისტ მხატვრად აღიარეს თავისი ნაივური სტილის გამო. 1972 წელს კი დიდი პატივისცემის ნიშნად მისი პორტრეტი პაბლო პიკასომ დახატა.

პიკასოს მიერ დახატული ნიკო ფიროსმანი

ფოტო: Public Domain

2. ელენე ახვლედიანი (1898-1975)

ქართულ მხატვრობაში ელენე ახვლედიანს ყველასგან გამოარჩევს ფერები, რომლებიც მის ნახატებს განსაკუთრებულ ემოციას მატებს. მის შემოქმედებაში მოდერნისტული ფორმები და ადგილობრივი ქართული ტრადიციები თანაბრადაა შეზავებული, რაც მის ნახატებს უჩვეულო ხიბლს მატებს.

ფოტო: Public Domain

ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა პეიზაჟებსა და არქიტექტურულ ობიექტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თბილისის ხედები, სადაც ძველი თბილისური აივნები, კიბეები, მოჩუქურთმებული კარები თუ ხალიჩები ავთენტურადაა შემონახული.

3. პეტრე ოცხელი (1907-1937)

პეტრე ოცხელი ქართულ თეატრში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა, რამაც იქონია კიდეც მის შემოქმედებაზე გავლენა და საოცრად დახვეწილი ესკიზები თუ ნახატები შექმნა. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა, რომ კიდევ დიდხანს ემუშავა ამ სფეროში და 30 წლის ასაკში 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.

4. ლადო გუდიაშვილი (1896-1980)

მართალია, მომავალი მხატვარი რკინიგზის ღარიბი მუშის ოჯახში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მას მაინც მიეცა შესაძლებლობა, რომ პარიზში მიეღო განათლება. დასავლურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაზე, თუმცა მას სურდა ადგილობრივი, ქართული სტილი ეპოვა და თავისებურად დაეხვეწა. ამის გამო მისი ნახატები ერთგვარი მისტიკურობით გამოირჩევა, რომლებსაც ერთდროულად ატყვია დასავლური, აღმოსავლური, კავკასიური და ქართული კულტურის კვალი.

ფოტო: Public Domain

5. გიგო გაბაშვილი (1862-1936)

გამორჩეულმა ქართველმა მხატვარმა, გიგო გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შუა აზიაში იმოგზაურა და იქიდან დაბრუნებულმა აზიური არქიტექტურისა და ლანდშაფტის უნიკალური ჩანახატები ჩამოიტანა.

ფოტო: Public Domain

მან ასევე მისთვის დამახასიათებელი ხედვით აღბეჭდა ყოველდღიური ცხოვრების სცენები ქართულ კულტურაში, რის გამოც მას სრულიად დამსახურებულად ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევენ.

ფოტო: Public Domain

6. დავით კაკაბაძე (1889-1952)

დავით კაკაბაძეს შეეძლო თვალისმომჭრელი პორტრეტები და პეიზაჟები თავისი ფუნჯით ტილოზე ერთნაირი წარმატებით გადმოეტანა. მას ერთდროულად ხიბლავდა, როგორც საოცრად რეალისტური ნახატების შექმნა, ისე სრულიად უსაგნო და აბსტრაქტული ფორმების ხატვა.

მხატვრობასთან ერთად დავით კაკაბაძე მუშაობდა თეატრში და მისი დიზაინით გაფორმებულია ისეთი ცნობილი სპექტაკლები, როგორებიცაა ყვარყვარე თუთაბერისამანიშვილის დედინაცვალი და კოლმეურნის ქორწინება. ასევე მუშაობდა რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად ფილმის მარილი სვანეთს შექმნაზე.

ფოტო: Public Domain

7. ავთო ვარაზი (1926-1977)

ავთო ვარაზის ნახატები დღეს მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმშია გამოფენილი, თუმცა მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულად ითვლება. ის პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა, რის გამოც მეოცე საუკუნის ქართულ მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა გიორგი შენგელაიას ფილმი ფიროსმანი და ამავდროულად მანვე შეასრულა მთავარი, ნიკო ფიროსმანის როლი.

8. მერაბ აბრამიშვილი (1957–2006)

ქართული საეკლესიო ფრესკებითა და აღმოსავლური მინიატურების შთაგონებით მერაბ აბრამიშვილმა მოახერხა და არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ფერწერული სტილი შეიმუშავა.

9. რუსუდან ფეტვიაშვილი (1968 – )

როგორც თავად იხსენებს, რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ორი წლისაც არ იყო. მას შემდეგ კი ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია, რაც მისი ხატვის სტილზეც ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ – ფეტვიაშვილის ტექნიკის უნიკალურობა ფუნჯის აუღებლად, ერთი ხელის მოსმით ხატვაა. მისი ნახატები ინახება ისეთი ცნობილი პიროვნებების პირად კოლექციებში, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი და სხვა.

ფოტო: Rusudan Petviashvili

10. ეთერი ჭკადუა (1966 – )

თანამედროვე გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ეთერი ჭკადუამ მოახერხა, რომ თავისი ხმა მსოფლიოსთვის მიეწვდინა. მისი ავტობიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ნახატები, რომლებიც ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია, არაერთი კრიტიკოსის მიერაა აღიარებული შთამბეჭდავ ფერწერულ ნიმუშებად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დისტანციური მუშაობა მორალურად არასწორია – ილონ მასკი

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი თვლის, რომ დისტანციურად მუშაობის უნარი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვისაც ლეპტოპთან მუშაობა შეუძლია და ვისაც ამ ფორმატში მუშაობა არ შეუძლია.

„ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა, არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმათთან შედარებით, ვისაც მუშაობა სახლიდან არ შეუძლია. ეს არასწორია მორალური თვალსაზრისით“, – ამის შესახებ მასკმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

2022 წლის ნოემბერში მასკმა დისტანციური მუშაობა Twitter-ზე გააუქმა. მან მსგავსი მოთხოვნა გაავრცელა Tesla-ს თანამშრომლებზეც. მათდამი მიწერილ წერილში, რომელიც Bloomberg-ის მიერაა ციტირებული, მასკი წერს, რომ კვირაში 40 საათის ოფისში გატარების მოთხოვნა იმაზე ნაკლებია, ვიდრე კომპანია ქარხანაში მომუშავე თანამშრომლებისგან მოითხოვს.

მისი თქმით, დისტანციური მუშაობა კონტრპროდუქტიულია. „მე ნამდვილად მჯერა, რომ ადამიანები უფრო პროდუქტიულები არიან, როდესაც ისინი ოფისიდან მუშაობენ“, – განაცხადა მასკმა CNBC-სთან ინტერვიუში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკარობოტექნიკა

რაში გამოიყენებენ ღამურა და ობობა რობოტებს?

რობოტები, რომლებიც კომპანია ,,ფესტომ“ შექმნა  აგებულებით ობობასა და ღამურას ჰგვანან, მათი ფუნქციებიც მსგავსია.

რობოტს, რომელსაც ღამურის ფორმა აქვს – შეუძლია ფრენა, აქვს ფრთები, მას მხოლოდ ფერით თუ განასხვავებთ ნამდვილისგან, რადგან თეთრია, ხოლო მეორე რობოტსაც, რომელიც ობობას ჰგავს, ნამდვილი ობობის დამახასიათებელი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ახალ პროდუქტს, მაგრამ, ცხადია, ეს ადამიანის შრომის კიდევ უფრო შემცირებასა და გაიოლებას შეუწყობს ხელს.

წყარო: Techcrunch.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

11 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს აინშტაინზე მაღალი IQ აქვს

11 წლის აუტიზმის სპექტრის მქონე მექსიკელმა ბავშვმა, რომელსაც აინშტაინზე მაღალი IQ აქვს, სისტემების ინჟინერიაში მაგისტრის ხარისხი აიღო და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს NASA-ს ასტრონავტი გახდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ადჰარა პერეს სანჩესი, მეხიკოს ღარიბ უბანში გაიზარდა, სადაც თანატოლების დაცინვის ობიექტი ხშირად ხდებოდა. გოგონას ამის გამო სკოლა რამდენჯერმე შეუცვალეს.

ქალიშვილის დეპრესიისგან განსაკურნებლად, გოგონა დედამ სპეციალურ თერაპიულ კურსებზე დაარეგისტრირა, სადაც ურჩიეს, რომ ნიჭიერი ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში (CEDAT) გაეგზავნა. სკოლაში დადასტურდა, რომ გოგონას IQ 162-ია, რაც ალბერტ აინშტაინის და სტივენ ჰოკინგისის ინტელექტის კოეფიციენტზე მაღალია.

გოგონამ დაწყებითი სკოლა 5 წლის ასაკში დაამთავრა, 1 წელში კი საშუალო სკოლის ატესტატიც აიღო. ის ახლა მექსიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და არიზონას უნივერსიტეტში ასტროფიზიკის შესწავლას გე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

რატომ იკლავენ თავს ვეშაპები?

დასავლეთი ავსტრალიის სანაპიროზე, ჰამელინის ყურეში, ვეშაპების მასობრივი გამორიყვა მოხდა.
დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ველური ბუნების სამსახურის ინფორმაციით, 150 გამორიყული ვეშაპიდან 144 გარდაიცვალა, 6 კი ისევ ზღვაში დააბრუნეს.
ჰამელინის ყურის ჰოლიდეი პარკის მენეჯერმა მელისა ლეიმ სააგენტო ,,როიტერს” განუცხადა, რომ ეს აღნიშნულ სანაპიროზე ვეშაპების მასობრივი გამორიყვის მეორე შემთხვევაა ბოლო 15 წლის მანძილზე.
ვეშაპების მასობრივი გამორიყვის ანუ როგორც ამას ხშირად უწოდებენ, თვითმკვლელობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ნაპირზე გამორიყული ზღვის ცხოველების დაბრუნება ოკეანეში ძალზე რთულია, ამიტომ გამორიყული ვეშაპების დიდი ნაწილი, როგორც წესი, იღუპება. რა მოზეზით მოხდა ეს ამჯერად მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ვეშაპების მასიურ თვითმკვლელობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორისაა მტაცებელთა თავდასხმა, დაავადება, ექოლოკაციის დარღვევა, თევზებზე ნადირობისას ნაპირთან ახლო მიახლოება და აშ.
დასავლეთ ავსტრალიაში ვეშაპის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გამორიყვა 1996 წელს ქალაქ დუნსბორგის სანაპიროზე მოხდა, როცა 320-მდე ვეშაპმა თვითგანადგურება განახორციელა.
400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა ოკეანემ ახალი ზელანდიის სანაპიროზე გასული წლის ნოემბერში. მოხალისეებმა მათი მხოლოდ 30%-ის გადარჩენა შეძლეს.
2015 წლის 9 მაისს ჩილეს სანაპიროზე 40-მდე ვეშაპი გამოვიდა. 37 მათგანი დაიღუპა.

 

წყარო: CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქალი, რომელიც პარკინსონის დაავადებას სუნით ხვდება, მეცნიერებს დაავადების ტესტის შექმნაში დაეხმარა

ქალი, რომელსაც პარკინსონის დაავადების „სუნი სცემს“ მეცნიერებს დაავადების დასადგენი ტესტის შექმნაში დაეხმარა.
მეცნიერები ტესტზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ შოტლანდიელ ჯოი მილნის ყნოსვის საშუალებით შეეძლო დაავადების აღმოჩენა.
ჯოი მილნიმ შეამჩნია, რომ მის აწ გარდაცვლილ ქმარს, ლესს, განსხვავებული, მუშკის მაგვარი სუნი განუვითარდა, როდესაც ის 33 წლის იყო – დაახლოებით 12 წლით ადრე, სანამ დაავადების დიაგნოზს დაუსვამდნენ.
წლების შემდეგ მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიაღწიეს წინსვლას, შეიმუშავეს ტესტი, რომელსაც შეუძლია პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანების იდენტიფიცირება კისრის უკანა მხარიდან ბამბისთავიანი ჩხირის გამოყენებით ნიმუშის აღებით.
მკვლევარები იყენებენ ნიმუშს პარკინსონთან დაკავშირებული მოლეკულების იდენტიფიცირებისთვის, რათა ამ გზით დასვან დიაგნოზი.
სამუშაოს დაწყებისას მათ სთხოვეს ქალბატონ მილნი, დაეყნოსა როგორც პარკინსონის დაავადების მქონე, ასევე არ მქონე ადამიანების მაისურებისთვის.
ჯოი მილნმა სწორად ამოიცნო მაისურები, რომლებიც პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს ეცვათ.
ტესტები წარმატებით ჩატარდა ლაბორატორიებში და ახლა მეცნიერები აფასებენ შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება საავადმყოფოებში.
„ამერიკის ქიმიური საზოგადოების“ ჟურნალში გამოქვეყნებულ დასკვნებში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ შეიძლება კანის ცხიმის გაანალიზება მასის სპექტრომეტრიით – მეთოდი, რომელიც, დაავადების იდენტიფიცირების მიზნით, მოლეკულებს წონის.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოლეკულა მხოლოდ პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში გვხვდება.
მკვლევარებმა პარკინსონით დაავადებული 79 ადამიანის ნაცხი საკონტროლო ჯგუფში შემავალი 71 ჯანმრთელი ადამიანისგან აღებულ ნაცხს შეადარეს .
ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, დაავადების მარტივად, უსწრაფესად გამოვლენის შესაძლებლობა შექმნას.
პარკინსონის დაავადებას ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება ახასიათებს. დაავადება ძალიან ართულებს ცხოვრებას და ხშირად ძლიერ დეპრესიასაც იწვევს. მედიცინა მის წინაშე უძლურია, თუმცა განუწყვეტლივ ეძებს საშუალებებს, ავადმყოფებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რამდენი ცხენის ძალა აქვს ცხენს?

ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ავტომობილთა სიმძლავრე ცხენის ძალით იზომება. ადამიანთა
ნაწილი კი ფიქრობს, რომ თავად ცხენს 1 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, რაც ნამდვილად ლოგიკურია,
მაგრამ არის ეს სიმართლე?

ცხენის მაქსიმალური სიმძლავრე 15 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო ადამიანების კი დაახლოებით 1- ს. შესაბამისად, ცოტა გაუგებარია ცხენის ძალა რატომ ეწოდება. საზომი შოტლანდიელ გამომგონებელს, ჯეიმს ვატის სახელს უკავშირდება. 1700-იან წლებში მან სახელი გაითქვა
ორთქლის ძრავით. მეცნიერს სურდა, რომ ისინი ყველასთვის ნაცნობ რამესთან შეედარებინა, შედეგად კი არჩევანი ცხენზე შეაჩერა.

ვატმა დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მუშა ცხენს წისქვილის ბორბლის დატრიალება საათში 144-ჯერ შეუძლია, საიდანაც ივარაუდა, რომ ცხენი ადგილიდან წუთში 14,774.41 კილოგრამს დაძრავდა, რომელიც შემდეგ დაამრგვალა. შედეგად მივიღეთ ახალი საზომი — ცხენის ძალა, რომელიც დღემდე
შემორჩა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

კილამბა – “მოჩვენება ქალაქი”

კილამბა არის ქალაქი აფრიკაში, კერძოდ, ანგოლაში. ის ერთ-ერთი თანამედროვე ქალაქია, რომელსაც “მოჩვენება ქალაქის” სახელი აქვს. კილამბა ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციამ ანგოლას დედაქალაქ ლუანდადან 30 კილომეტრის მოშორებით ააშენა.

შეიძლება ითქვას, რომ კილაბმას აშენება იყო ანგოლას პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი, რომ მასშტაბური მშენებლობა დაიწყებოდა უმოკლეს დროში.

კილამბას მშენებლობა დასრულდა 2012 წელს. აქ არის 750 მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უნდა განთავსებული ნახევარი მილიონი ადამიანი, 100-ზე მეტი სავაჭრო ადგილითა და ათობით სკოლით. მშენებლობის საერთო ღირებულებამ 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და ქალაქის აშენებას 3 წელი დასჭირდა.

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საწყის ეტაპზე ქალაქის მოსახლეობა არა ნახევარი მილიონი, არამედ მხოლოდ 1000-მდე კაცი იყო. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანას თითქმის საერთოდ არ ჰყავდა საშუალო ფენის მოსახლეობა, მათი უმრავლესობა იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამიტომაც მათ ბინების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ, რის გამოც კილამბას “მოჩვენება ქალაქი” უწოდეს. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობა შესაბამისი არ იყო, მაგრამ ფასის დაცემის შემდეგ გაყიდვებმა მოიმატა და დღეს მოსახლეობა 50 000-ს აღემატება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს

ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს:

არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
ზესხმა – ძლიერი წვიმა
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცაიერადი – თავსხმა
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წინწკლვა – წვრილი წვიმა
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერები: ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად სპეციალური დიეტა საჭირო არაა

ორგანიზმი სხვადასხვა ტოქსინით ივსება. თუმცა, მეცნიერთა ჯგუფი აცხადებენ, რომ დეტოქსიკაციისთვის სპეციალური ზომების მიღება საჭირო არაა.

,,უკვე ყველაფრით გაქვთ, რაც  დეტოქსიკაციას ახორციელებს და ეს არის თქვენი ღვიძლი და თირკმელები,” – აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ოჯახის ექიმი – რენიტ მიშორი.

ტოქსინების გამანადგურებელი ეს ორი ორგანო სუპერეფექტურად მოქმედი ფილტრებია იმ მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საჭმლის თუ სასმლის მიღების შედეგად გროვდება.

,,აი, როგორ მუშაობენ ისინი: თირკმელები ჩვენს სისხლს ფილტრავს და საკვებისგან ნარჩენებს გამოდევნის, ღვიძლი კი ორგანიზმს ქიმიკალებისგან წმენდს. ეს ორი ორგანო ჩვენს სხეულს თვითგაწმენდის უნარის მქონე ორგანიზმად აქცევს,“ – აცხადებს მიშორი, რომელიც ამ საკითხზე წლებია მუშაობს.

დეტოქსიკაციის პირველი რეცეპტი – ,,The Master Cleanse-ი” – 1940 წელს სტენლი ბუროუსმა შექმნა და ის კუჭის წყლულისგან გათავისუფლების ბუნებრივ გზას გვთავაზობს.

მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მოცემულია გაწმენდის დღიური რეჟიმები, რომელიც მოიცავს 6-12 ჭიქა წყალში შერეულ ლიმონის წვენს, კაიენის წიწაკას და ნეკერჩხლის სიროფს, ასევე საფაღარათო საშულებას ძილის დროს.

2004 წელს გამოცემული წიგნის – ,,დაიკელი წონაში, გახდი უფრო ენერგიული და ბედნიერი 10 დღეში” – ავტორი პიტერ გლიკმენი აცხადებს, რომ ორგანიზმის გაწმენდის საუკეთესო გზა 6-დღიანი შიმშილია. ბუროუსსა და გლიკმანს არაერთი მიმდევარი ჰყავთ, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებად შიმშილს ან საკვების ნაცვლად სხვადასხვა ხილის წვენის მიღებას მიიჩნევენ.

რენიტ მიშორი კიი აცხადებს, რომ გაწმენდის ამგვარი საშუალებები საკმაოდ ძვირი ჯდება და მხოლოდ „ჩვენს ჯიბეს წმენდს და არა ორგანიზმს.“

როდესაც ხილს ან ბოსტნეულს წვენად აქცევთ, თქვენ მას აცლით სასარგებლო ბოჭკოს და უტოვებთ მხოლოდ დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს.

მაღალი შაქრისა და დაბალი პროტეინის, დაბალი ბოჭკოვანი დიეტის შედეგები დაუყოვნებლივ დგება: თქვენ მუდმივად მშიერი ხართ, რადგან არ ხდება ორგანიზმის შევსება ბოჭკოთი.

იმავდროულად, თქვენს მიერ მიღებული შაქარი ზრდის სისხლში შაქრის დონეს, მაგრამ მისი სტაბილიზაციისთვის არ არის პროტეინი.  გრძელვადიანი ეფექტი უფრო მკაცრია: პროტეინის ნაკლებობა ცხიმზე მეტად კუნთებს დაგაკარგვინებთ, ვინაიდან პროტეინი კუნთებს ენერგიით კვებავს.

New York City-ის კლინიკის კვებასთან დაკავშირებული გართულებების სერვისის დირექტორი დები უესტერლინგი აცხადებს, რომ ხშირია გართულებები ისეთ პაციენტებში, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის წვენის დიეტაზე იმყოფებოდნენ.

ასე რომ, თუ მეცნიერთა აღნიშნულ ჯგუფს დავუჯერებთ, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არაა. მთავარია, ღვიძლი და თირკმელები სათანადოდ ფუნქციონირებდნენ და ტოქსინებისგან გაწმენდა თავისთავად მოხდება.

წყარო: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 100
Page 13 of 100