close

ეკოლოგია

დედამიწაეკოლოგია

,,კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას დონალდ ტრამპი უწოდებს”

გაეროს გლობალური კლიმატური მოლაპარაკებების მომავალი თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს, წყნარი ოკეანის კუნძულები გლობალური დათბობის ზეგავლენისგან დაიცვას.

ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ფრანკ ბაინიმარამამ მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კუნძულებს ისე სჭირდება აშშ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. მან აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს. მეტიც, იგი აცხადებს, რომ აშშ გასულ წელს პარიზში, 197 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ  კლიმატის შეთანხმებას გაემიჯნება.

„მოვუწოდებ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გააცნობიეროს ამერიკის, როგორც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი სახელმწიფოს როლი და შეცვალოს პოზიცია კლიმატის ცვლილებების მოვლენის მიმართ,“ – განაცხადა  ფიჯის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს პარიზში მიღებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, ასამდე გაიზარდა.

„მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებების დელეგატებმა პარიზის შეთანხმების მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს,“ – განაცხადა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელმა პაულა კაბარელომ.

რაც მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლამდე პარიზის შეთანხმების ხელშეკრულების წესების დასრულება უნდა მოხდეს.

მონაწილეებმა მარაკეშის პროკლამაციაც მიიღეს, ეს გახლავთ დოკუმენტი, რომლითაც პარიზის შეთანხმების ას ოთხოცდაჩვიდმეტივე ხელმომწერი ერთი წლის წინ გაცხადებულ განზრახვას ადასტურებს ანუ ქვეყნები გამოთქვამენ მზაობას, გარემოში ნახშირბადის დონის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარონ.  აღსანიშნავია, რომ პროკლამაცია აღნიშნულ ქვეყნებს საჭირო ღონისძიებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მხარეებს შორის გარკვეულ სფეროებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის დელეგატების მონაწილეობით 2017 წელს გაგრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ბოლო ხუთი წელი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო 

ბოლო ხუთი წელი ყველაზე ცხელი იყო მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ამინდის სააგენტომ მაროკოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე გაავრცელა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში  კი აღნიშნულია, რომ ამინდის ზოგიერთი არასასურველი მოვლენა ბუნებრივადაა გამოწვეული, თუმცა სათბური გაზების ემისიები ექსტრემალური მოვლენების რისკებს ზრდის.

ასეთ მოვლენებს განეკუთვნება 2011-12 წლების გვალვა და შიმშილი აფრიკულ რქაში (ჯიბუტის, სომალის, სუდანისა და ეთიოპიის არაოფიციალური სახელწოდება), რასაც 250,000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეეწირა.

2012 წელს ქარიშხალმა სანდიმ მოსახლეობას 67 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტემპერატურის მატებამ ზღვების დონეების მომატება გამოიწვია. აღნიშნული ცვლილება კი სათბური გაზების ემისიებისგანაა გამოწვეული. ნახშირორჟანგის, მთავარი სათბური გაზის, დონემ 2015 წელს მნიშვნელოვან ბარიერს – 400 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) მიაღწია.

2015 წელს პარიზში თითქმის 200-მა სახელმწიფომ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსზე შეჩერებას ითვალისწინებს (იდეალურ ვარიანტად 1,5 გრადუსი ცელსიუსი მიიჩნევა).

თუმცა, სათბური გაზების შემცირების დაპირებები ძალიან სუსტია და ამ ტემპით დასახული მიზნის განხორციელება შეუძლებელია. მაროკოში მიმდინარე შეხვედრის მიზანი პარიზის ხელშეკრულების განსახორციელების მიზნით უფრო ეფექტური გზების გამოძებნაა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 28 29 30
Page 30 of 30