close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დაავადების პროგრესი სამჯერ შეანელა

მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა.

ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა წარმატებით შეანელა კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდ იმედს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც დღეს ამ დაავადების სამკურნალო კარგი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, ავტორიზაციასაც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაჩქარებული წესით დაამტკიცა ალცჰაიმერის ასეთივე პრეპარატი, სახელად Leqembi, რომელიც კომპანია Biogen-მა და Eisai-მ შექმნეს. ეს პრეპარატი ზომიერად ანელებს ალცჰაიმერის პროგრესს ადამიანებში, რომლებსაც დაავადების ადრეული ეტაპი აქვთ.

ალცჰაიმერის დიაგნოზი დაახლოებით 6,5 მილიონ ამერიკელს აქვს და ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ადამიანს მისგან ბოლომდე განკურნავს.

Eli Lilly-მ ცდებში ძირითადად შეისწავლა, რა გავლენა მოახდინა მისმა პრეპარატმა პაციენტების მიერ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაზე, მაგალითად, მანქანის მართვასა და სადილის მომზადებაზე, როგორც ამას ალცჰაიმერის დაავადების რეიტინგის სკალა (iADRS) ზომავს. ბოლო ფაზის კვლევაში 1182 ადამიანი მონაწილეობდა და აღმოჩნდა, რომ 18 თვის განმავლობაში, დაავადების მაჩვენებელი 35 პროცენტით შემცირდა.

„ეს გახლავთ ალცჰაიმერის დაავადების პრეპარატის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველი კვლევა, რომელმაც 35-პროცენტიანი კლინიკური და ფუნქციური შემცირება აჩვენა. შედეგად, ეს ამ სფეროში ყველაზე კარგი მაჩვენებელია ამ დროისათვის. ნაკლები პროგრესირება ნიშნავს მეტ დროს პაციენტებისთვის“, — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი დაუნ ბრუკსი.

ცდებში, პაციენტების ნახევარს, რომლებმაც Donanemab-ი მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ არ აღენიშნებოდათ ალცჰაიმერის სიმპტომების გაუარესება, მაშინ, როცა პლაცებომიღებულ პაციენტთა 71 პროცენტს დაავადების პროგრესირება აღენიშნათ.

პაციენტებს და მათ ექიმებს მოუწევთ შეაფასონ პრეპარატის სარგებელი გარკვეული სერიოზული გვერდითი ეფექტების წინააღმდეგ. ცდებისას დადგინდა, რომ პრეპარატი მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება ან სხვა პათოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა სერიოზული არ არის, კომპანია აცხადებს, რომ სულ მცირე ორი პაციენტის სიკვდილი სწორედ ამ გვერდით ეფექტებთან იყო დაკავშირებული. წაიკითხეთ სრულად

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ელექტრონული ტატუ, რომელიც გულის მდგომარეობას აკონტროლებს

ოსტინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მოქნილი და ტარებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია. საუბარია, ელექტრონულ ტატუზე – ის მაგრდება მკერდთან და შეუძლია მუდმივად აკონტროლოს გულის მდგომარეობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოწყობილობა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.

ელექტრონული ტატუ არის უკაბელო და მობილური. მოწყობილობა სულ რაღაც 2,5 გრამს იწონის და მისი ტარება ტანსაცმელთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ენერგიას, ტექნოლოგია პენის ზომის ბატარეაზე მუშაობს, რომელიც 40 საათზე მეტ ხანს ძლებს. ეს პაციენტს აძლევს საშუალებას მთელი დღის განმავლობაში განახორციელოს გულის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ჯანმრთელობის მონიტორინგის ორი გზა
ელექტრონული ტატუ გულის ორ მნიშვნელოვან ასპექტს ზომავს: ელექტროკარდიოგრამას (ECG) და სეისმოკარდიოგრამას (SCG). პირველი გულის ელექტრულ სიგნალს აფასებს, ხოლო მეორე აკუსტიკურ სიგნალს გულის სარქველებიდან.

რაც შეეხება კვლევას, მოწყობილობა ხუთ ჯანმრთელ პაციენტზე გამოიცადა. ტექნოლოგია საკმაოდ ზუსტი იყო. შემდეგი ეტაპი მოიცავს დამატებით ტესტირებას და საწყისი შედეგების დადასტურებას.

შეერთებულ შტატებში სიკვდილის მთავარი მიზეზი გულის დაავადებაა. შესაბამისად, ახალ ელექტრონულ ტატუს მნიშვნელოვანი მისია აქვს. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოხდეს უწყვეტი და პორტატული გულის მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულების მიღმა. ეს ხელს შეუწყობს გულის დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნების ადრეულ გამოვლენასა და დიაგნოსტირებას.

ნანშუ ლუს, აერონავტიკისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორის თქმით, თუ ტექნოლოგია გაამართლებს, გულის დაავადების 80%-ის პრევენცია გახდება შესაძლებელი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

100%-იანი განკურნება – ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა

მეცნიერები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან, რომ ახალი თერაპიის შედეგად, კვლევაში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად განიკურნა. სპეციალისტთა განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

ბოლო დროს, ინოვაციური მეთოდებით ადამიანებსა თუ ცხოველებში კიბოსთან ბრძოლაში მეცნიერებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, ეს დაავადება ინდივიდუალურია და ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ყველა პაციენტზე ერთნაირად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი მიღწევა იმედის მომცემია, რადგან საუბარია ცდისპირთა სრულმასშტაბიან გამოჯანმრთელებაზე.

მათ ამისთვის მედიკამენტი, სახელად დოსტარლიმაბი გამოიყენეს, რომელიც მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც, PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. მისი მეშვეობით სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია, T ლიმფოციტები “უდანაშაულო” უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.

კვლევაში კოლორექტული (ნაწლავის) სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა. მეცნიერთა მიერ ნაშრომის წერის დროს მათგან 12-ს კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი გაქრა. მავნე უჯრედები არც თერაპიიდან 12 თვის შემდეგ დაფიქსირებულა. ამ პერიოდისთვის 16-ვე ცდისპირი ცოცხალი იყო.

უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მედიკამენტის მიღების შედეგად რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით დაღლილობასა და გამონაყარს. მართალია, ეს კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ მომავალში პრეპარატს უფრო მეტ ადამიანზე გამოცდიან. თითოეული დოზის ღირებულება დაახლოებით 11 000 აშშ დოლარია, ანუ ის საკმაოდ ძვირია, თუმცა სხვა არასასიამოვნო თერაპიების საჭიროებას გამორიცხავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერები: ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად სპეციალური დიეტა საჭირო არაა

ორგანიზმი სხვადასხვა ტოქსინით ივსება. თუმცა, მეცნიერთა ჯგუფი აცხადებენ, რომ დეტოქსიკაციისთვის სპეციალური ზომების მიღება საჭირო არაა.

,,უკვე ყველაფრით გაქვთ, რაც  დეტოქსიკაციას ახორციელებს და ეს არის თქვენი ღვიძლი და თირკმელები,” – აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ოჯახის ექიმი – რენიტ მიშორი.

ტოქსინების გამანადგურებელი ეს ორი ორგანო სუპერეფექტურად მოქმედი ფილტრებია იმ მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საჭმლის თუ სასმლის მიღების შედეგად გროვდება.

,,აი, როგორ მუშაობენ ისინი: თირკმელები ჩვენს სისხლს ფილტრავს და საკვებისგან ნარჩენებს გამოდევნის, ღვიძლი კი ორგანიზმს ქიმიკალებისგან წმენდს. ეს ორი ორგანო ჩვენს სხეულს თვითგაწმენდის უნარის მქონე ორგანიზმად აქცევს,“ – აცხადებს მიშორი, რომელიც ამ საკითხზე წლებია მუშაობს.

დეტოქსიკაციის პირველი რეცეპტი – ,,The Master Cleanse-ი” – 1940 წელს სტენლი ბუროუსმა შექმნა და ის კუჭის წყლულისგან გათავისუფლების ბუნებრივ გზას გვთავაზობს.

მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მოცემულია გაწმენდის დღიური რეჟიმები, რომელიც მოიცავს 6-12 ჭიქა წყალში შერეულ ლიმონის წვენს, კაიენის წიწაკას და ნეკერჩხლის სიროფს, ასევე საფაღარათო საშულებას ძილის დროს.

2004 წელს გამოცემული წიგნის – ,,დაიკელი წონაში, გახდი უფრო ენერგიული და ბედნიერი 10 დღეში” – ავტორი პიტერ გლიკმენი აცხადებს, რომ ორგანიზმის გაწმენდის საუკეთესო გზა 6-დღიანი შიმშილია. ბუროუსსა და გლიკმანს არაერთი მიმდევარი ჰყავთ, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებად შიმშილს ან საკვების ნაცვლად სხვადასხვა ხილის წვენის მიღებას მიიჩნევენ.

რენიტ მიშორი კიი აცხადებს, რომ გაწმენდის ამგვარი საშუალებები საკმაოდ ძვირი ჯდება და მხოლოდ „ჩვენს ჯიბეს წმენდს და არა ორგანიზმს.“

როდესაც ხილს ან ბოსტნეულს წვენად აქცევთ, თქვენ მას აცლით სასარგებლო ბოჭკოს და უტოვებთ მხოლოდ დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს.

მაღალი შაქრისა და დაბალი პროტეინის, დაბალი ბოჭკოვანი დიეტის შედეგები დაუყოვნებლივ დგება: თქვენ მუდმივად მშიერი ხართ, რადგან არ ხდება ორგანიზმის შევსება ბოჭკოთი.

იმავდროულად, თქვენს მიერ მიღებული შაქარი ზრდის სისხლში შაქრის დონეს, მაგრამ მისი სტაბილიზაციისთვის არ არის პროტეინი.  გრძელვადიანი ეფექტი უფრო მკაცრია: პროტეინის ნაკლებობა ცხიმზე მეტად კუნთებს დაგაკარგვინებთ, ვინაიდან პროტეინი კუნთებს ენერგიით კვებავს.

New York City-ის კლინიკის კვებასთან დაკავშირებული გართულებების სერვისის დირექტორი დები უესტერლინგი აცხადებს, რომ ხშირია გართულებები ისეთ პაციენტებში, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის წვენის დიეტაზე იმყოფებოდნენ.

ასე რომ, თუ მეცნიერთა აღნიშნულ ჯგუფს დავუჯერებთ, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არაა. მთავარია, ღვიძლი და თირკმელები სათანადოდ ფუნქციონირებდნენ და ტოქსინებისგან გაწმენდა თავისთავად მოხდება.

წყარო: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

D ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიის შანსს 75%-ით ზრდის

მთელი რიგი სამეცნიერო კვლევების მიხედვით, D (დე) ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობის ბევრ სხვადასხვა პრობლემასთან ასოცირდება. მეცნიერები საუბრობენ D ვიტამინის კავშირზე ძვლების და კუნთების დაავადებებთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გაფანტულ სკლეროზთან, დემენციასთან, კიბოს ზოგ სახეობასთან, პარკინსონთან, აუტიზმთან და შიზოფრენიასთანაც კი.

ამჯერად ირლანდიაში, ტრინიტის კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაზე ვისაუბრებთ, რომელიც 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. ირლანდიელმა მეცნიერებმა დაკვირვება თითქმის 4 000 ზრდასრულ ადამიანზე აწარმოეს და ამბობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი დეპრესიის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. მათი დაკვირვებით, ვიტამინის ნაკლებობის გამო, ზრდასრულ ადამიანებში ოთხი წლის მანძილზე, დეპრესიის შანსი 75% პროცენტით გაიზარდა.

“D ვიტამინის დეფიციტი ასოცირდება გვიანდელ ასაკში დეპრესიის განვითარების შანსების ნიშანდობლივ გაღრმავებასთან. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ასაკოვან ადამიანებში D ვიტამინის დეფიციტი პრევალენტურია (ფართოდ გავრცელებული) და რომ მის [ვიტამინის] დამატებას თან ახლავს ტოქსიკურობის ან გვერდითი მოვლენების დაბალი რისკი” – ნათქვამია სამეცნიერო კვლევის დასკვნით ნაწილში.

კვლევაში 50 წელს გადაცილებული ადამიანები მონაწილეობდნენ. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დეპრესიის მართვა ამ ასაკში გაცილებით რთულია, ის მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, სერიოზულ რისკს უქმნის დამიანის ფუნქციონირებას და შესაძლოა ნაადრევი სიკვდილიც გამოიწვიოს.

დეპრესიის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ზრდასრული ადამიანების უმეტეს ნაწილში ექიმებს ეს დიაგნოზი გამოეპარებათ ხოლმე, D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია, ჯანდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პრიორიტეტი ხდება.

ექიმების ნაწილი D ვიტამინის დეფიციტს ხშირად გლობალურ ეპიდემიას უწოდებს, რადგან ის მთელ მსოფლიოში სულ ცოტა, მილიარდ ადამიანს აწუხებს. შეერთებულ შტატებში D ვიტამინის დეფიციტი მოსახლეობის 42%-ზე მეტს აქვს, ირლანდიაში 50%-ზე მეტს.

D ვიტამინი სტეროიდია, რომელიც სხეულში ჰორმონის მსგავსად მოქმედებს. ის 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს არეგულირებს და ორგანიზმში როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს ვიტამინი აუცილებლად სჭირდება ძვლებს სიძლიერისთვის, კუნთებს – მოძრაობისთვის, ნერვებს – ინფორმაციის გადასაცემად ტვინს და სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის. ის ასევე ესაჭიროება ორგანიზმის იმუნიტეტს, იმისთვის რომ ეფექტურად ებრძოლოს ბაქტერიებს და ვირუსებს.

D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

დავუბრუნდეთ კვლევას. ირლანდიელი ავტორები ნაშრომში მათ მიერ გაკეთებულ 3 დასკვნას გამოყოფენ. პირველი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ: D ვიტამინის დეფიციტის გამო დეპრესიის შანსები 75% პროცენტით იზრდება. მეორე: შედეგი იგივე აღმოჩნდა რელევანტური ფაქტორების ფართო სპექტრის კონტროლის ფონზეც. მათ შორის სახელდება ქრონიკული დაავადებები, ფიზიკური აქტივობა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. და მესამე: მთავარ შედეგზე არ იმოქმედა ჯგუფიდან იმ პაციენტების ამოღებამ, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, ან ვიტამინ D-ს სისტემატურად ღებულობდნენ.

კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ D ვიტამინის დეფიციტი უშუალოდ უკავშირდება თავის ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მითუმეტეს, რომ ადრეულ კვლევებში არაერთხელ დადასტურდა ამ ვიტამინის ნაკლებობის კავშირი ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიცაა დემენცია, პარკინსონი, ან გაფანტული სკლეროზი.

ირლანდიელი მეცნიერების დასკვნა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლიტიკის მმართველებისთვისაც. D ვიტამინის დაბალი ტოქსიკურობა, მინიმალური გვერდითი მოვლენები და შედარებით დაბალი ფასი, იძლევა სახელმწიფოს დონეზე რეგულაციების გამოცემის საშუალებას, თუნდაც სხვადასხვა საკვებში ამ ვიტამინის დანამატის სახით ჩართვის თაობაზე.

კვლევის უფრო დეტალურად გაცნობა შეიძლება ჟურნალში JAMDA (The Journal of Post-Acute and Long-Term Care Medicine). დამატებითი ინფორმაციის მოძიება D ვიტამინის შესახებ (ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია.

Jaxa- ს თანახმად, ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

აღმოჩნდა, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, აღნიშული აღმოჩენა კი მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ. ამასთან, მეცნიერებმა შესაძლოა განავითარონ მკურნალობის საშუალებები, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს.

წყარო : japantimes.co.jp

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

თავის ტვინის სიმსივნის რევოლუციური მკურნალობის გზას მიაგნეს

მკვლევრებმა თავის ტვინის სიმსივნის რევოლუციური მკურნალობის გზას მიაგნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოყენებული ბუნებრივი ნაერთებისგან დამზადებული პრეპარატი თაგვებში ავთვისებიანი ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ, რაც ქმნის კვლევის პერსპექტიულ გზას გლიობლასტომას მკურნალობისთვის.

გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ტიპია. მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს ქიმიოთერაპია, რადიაცია და ქირურგია, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს სიმპტომები, მაგრამ არ განკურნოს ან შეაჩეროს კიბო.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 14 აპრილს ჟურნალ Cell Reports Medicine-ში, მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ აუმჯობესებს ნაერთის ფორმულირება, სახელად ინდირუბინი, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე თაგვების გადარჩენის მაჩვენებელს. მათ ასევე გამოცადეს ახალი ფორმულირება, რითაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარებას.

„საინტერესოა, რომ ეს წამალი მიზანში იღებს დაავადების უამრავ მნიშვნელოვან მახასიათებელს”, – განმარტა შონ ლოულერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა. “ეს აღსანიშნავია, რადგან კიბოს ეს ტიპი მუდმივად ეძებს გზებს თავდასხმის ცალკეული მექანიზმების შემოვლით. ასე რომ, თუკი ერთდროულად გამოვიყენებთ თავდასხმის რამდენიმე მექანიზმს, ალბათ, უფრო წარმატებით გადავჭრით პრობლემას.”

ინდირუბინი არის ინდიგოს მცენარეებში არსებული ბუნებრივი პროდუქტი და ტრადიციული ჩინური მედიცინის, ტანგკუეი ლუნგ ხუეი ვანის, შემადგენელი ნაწილი, რომელიც, მკვლევართა აზრით, გამოიყენებოდა ქრონიკული მიელოლეიკემიის სამკურნალოდ. ინდირუბინისგან წარმოებულმა წამლებმა აჩვენა კიბოს მკურნალობის პოტენციალი მთელი რიგი მექანიზმების მეშვეობით. ლოულერისა და სხვების მიერ 10 წლის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ ინდირუბინი ანელებს გლიობლასტომას სიმსივნეების ზრდას თაგვებში. თუმცა, მისი თქმით, მკვლევრებმა ვერ შეძლეს მიზეზის ახსნა. უფრო მეტიც, მოდიფიცირებულ წამალთან მუშაობა არც თუ ისე ადვილი იყო, რის გამოც მეცნიერებს გაუჭირდათ დოზის დონის შემოწმება ან მისი ეფექტურად მიწოდება სიმსივნემდე.

როდესაც მეცნიერები აგრძელებდნენ ნაერთის კვლევას, მათ დაუკავშირდათ მასაჩუსეტსის ბიოსამედიცინო კომპანია Phosphorex, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიას ფარმაცევტული ფორმულირებების გასაუმჯობესებლად. ფოსფორექსმა დააპატენტა ინდირუბინის ფორმულირება, სახელწოდებით 6′-ბრომოინდირუბინ აცეტაქსიმი (BiA), რამაც გააადვილა ამ ნაერთის გამოყენება კიბოს სამკურნალოდ.

მკვლევრებმა გამოცადეს BiA-ს ნანონაწილაკების ფორმულირება გლიობლასტომას სიმსივნეებზე თაგვებში, გაამახვილეს რა ყურადღება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა პრეპარატი იმუნურ სისტემაზე. BiA-მ არა მხოლოდ შეანელა სიმსივნური უჯრედების ზრდა და გამრავლება (რითაც დაადასტურა წინა კვლევების შედეგები), არამედ გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვან იმუნოთერაპიულ სამიზნეებზე ზემოქმედებით.

„წამალმა ისეთი გავლენა მოახდინა იმუნურ სისტემაზე თაგვების ამ ექსპერიმენტში, რომ, ვფიქრობთ, იგი ხელს შეუწყობს კლინიკური იმუნოთერაპიის გაძლიერებას ადამიანებში”, – აღნიშნა ლოულერმა.

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის გრანტით, მკვლევრები გააგრძელებენ პრეპარატის ტესტირებას, რათა ნახონ, როგორ ურთიერთქმედებს ის ქიმიოთერაპიასა და დასხივებასთან. ლოულერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ გლიობლასტომას, თერაპიაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქამდე არ ყოფილა. ეს კვლევა კი გვთავაზობს ახალ მიდგომას, რომელმაც გლიობლასტომას დამარცხების იმედები უკვე გააჩინა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თამაზ კერესელიძე – ქართველი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო “ყვავილის” ინფექციისგან იხსნა

თამაზ კერესელიძე გახლავთ ქართველი მეცნიერი, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების, “ყვავილის” ინფექციის დამარცხებაში.
თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში 1964 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, იგი მიიწვიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტად. ჯერ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთში რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაში უფროს სპეციალისტად. ინდოეთში ყოფნის პერიოდში ქართველი მეცნიერი ჩაერთო შავი ჭირის, ქოლერისა და ყვავილის დაავადებებთან ბრძოლაში.
1976 წელს, ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ყვავილის ინფექციის ლიკვიდაციის პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და მათი მეცნიერები იყვნენ ჩართულები. უდიდესი შრომისა და თავდადების შემდეგ, 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. თამაზ კერესელიძე კი ერთადერთი ქართველი გახდა, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამ სფეროს უმაღლესი ჯილდო, “ბიფურკაციის ნემსის ორდენი” გადასცა დაავადების დამარცხებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. 1985 წელს, თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს. ხოლო 1992 წელს, როდესაც საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა, აირჩიეს ორგანიზაციის კოორდინატორად საქართველოში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
1984 წელს, იგი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში. სიკვდილამდე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს. მისი ლექციების დროს აუდიტორია სტუდენტებს ვერ იტევდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ახალი მეთოდი

კვლევამ, რომელშიც 50 წელზე უფროსი ასაკის 6 600 ადამიანი იყო ჩართული, გამოავლინა სისხლის ტესტის ეფექტურობა, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს სხვადასხვა ტიპი სიმპტომების გამოვლენამდე, დაწყებით სტატიაში, როდესაც მისი მკურნალობა ყველაზე მარტივი და ეფექტურია. ტესტმა სახელად Galleri კიბო ისეთ პირობებში აღმოაჩინა, სადაც სხვა ტესტები მას ვერ აფიქსირებდნენ.
Pathfinder-ის კვლევის მიხედვით, ტესტმა გამოავლინა კიბოს ისეთი სახეობებიც კი, რომლებისთვისაც არ არსებობს ამჟამინდელი სკრინინგის მეთოდი. “სტანდარტულ მეთოდთან შედარებით, ახლად შემუშავებული სისტემა ბევრად ეფექტიანია. ეს მოიცავდა ღვიძლის, წვრილი ნაწლავისა და საშვილოსნოს I სტადიის კიბოს და პანკრეასის, ძვლებისა და ოროფარინგეალური II სტადიის კიბოებს”, – თქვა ექიმმა ჯეფრი ვენსტრომმა.
ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანს ვკარგავთ კიბოს გამო და ეს სტატისტიკა სამწუხაროდ ზრდადია დემოგრაფიულ ტალღასთან ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიბოს უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ტექნოლოგიები. შესაბამისად, აღნიშნული ტესტი შეიძლება იქცეს დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზს სისხლის ანალიზის საშუალებით დაადგენენ

მეცნიერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ მათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკური გამოკვლევის კუთხით მნიშვნელობან პროგრესს მიაღწიეს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გახლავთ მდგომარეობა, რომლის სიმპტომებია გადაღლისა და გამოფიტვის მუდმივი შეგრძნება.
სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 40 ადამიანზე ჩატარებულმა პილოტურმა კვლევამ, რომელთა ნახევარი ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, ნახევარს კი აღნიშნული სინდრომის სიმპტომები ახასაიათებდათ, აჩვენა რომ პოტენციური ბიომბარკერის ტესტმა ზუსტად დაადგინა, ვინ იყო დაავადებული ქრონიკული დაღლილობის სინდრომით და ვინ -არა.
სტატისტიკის თანახმად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS), რომელიც ასევე ცნობილია როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი (myalgic encephalomyelitis), მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს აღენიშნება.
სიმპტომები მოიცავს ძლიერ დაღლილობას, საერთო ტკივილს, თავის ტკივილს და ძილის პრობლემებს. დაავადებამ შესაძლოა პაციენტი წლების განმავლობაში საწოლს ან სახლს მიაჯაჭვოს. აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით მისი დიაგნოზის და გამომწვევი მიზეზის დადგენის საშუალება არ არსებობს.
კვლევის ფარგლებში მოხალისეთა სისხლის ნიმუშებს “ნიანელექტრონული ანალიზი” ჩაუტარეს – ეს გახლავთ ტესტი, რომლის საშუალებითაც იზომება ცვლილებები მცირე რაოდენობის ენერგიაში.
მეცნიერებმა სისხლის ნიმუშები მარილის საშუალებით „დასტრესეს“ და შემდეგ პასუხები შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის პაციენტების სისხლის ნიმუშები იმპულსური იყო, ჯანმრთელი მონაწილეების კი – შედარებით მყარი.
„ნათლად დავინახეთ განსხვავება, თუ როგორ რეაგირებენ ჯანმრთელი და ქრონიკული გადაღლის სინდრომის იმუნური უჯრედები სტრესზე,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, გენეტიკისა და ბიოქიმიის პროფესორმა რონ დევისმა.
სხვა სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი ამ კვლევაში, მის შედეგებს მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ბიომარკერი, რომელიც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის დიაგნოზს დასვამს და მას მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებისგან გამოარჩევს.

წყარო : Reuters

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 91
Page 18 of 91