close
მედიცინა

D ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიის შანსს 75%-ით ზრდის

მთელი რიგი სამეცნიერო კვლევების მიხედვით, D (დე) ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობის ბევრ სხვადასხვა პრობლემასთან ასოცირდება. მეცნიერები საუბრობენ D ვიტამინის კავშირზე ძვლების და კუნთების დაავადებებთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გაფანტულ სკლეროზთან, დემენციასთან, კიბოს ზოგ სახეობასთან, პარკინსონთან, აუტიზმთან და შიზოფრენიასთანაც კი.

ამჯერად ირლანდიაში, ტრინიტის კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაზე ვისაუბრებთ, რომელიც 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. ირლანდიელმა მეცნიერებმა დაკვირვება თითქმის 4 000 ზრდასრულ ადამიანზე აწარმოეს და ამბობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი დეპრესიის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. მათი დაკვირვებით, ვიტამინის ნაკლებობის გამო, ზრდასრულ ადამიანებში ოთხი წლის მანძილზე, დეპრესიის შანსი 75% პროცენტით გაიზარდა.

“D ვიტამინის დეფიციტი ასოცირდება გვიანდელ ასაკში დეპრესიის განვითარების შანსების ნიშანდობლივ გაღრმავებასთან. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ასაკოვან ადამიანებში D ვიტამინის დეფიციტი პრევალენტურია (ფართოდ გავრცელებული) და რომ მის [ვიტამინის] დამატებას თან ახლავს ტოქსიკურობის ან გვერდითი მოვლენების დაბალი რისკი” – ნათქვამია სამეცნიერო კვლევის დასკვნით ნაწილში.

კვლევაში 50 წელს გადაცილებული ადამიანები მონაწილეობდნენ. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დეპრესიის მართვა ამ ასაკში გაცილებით რთულია, ის მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, სერიოზულ რისკს უქმნის დამიანის ფუნქციონირებას და შესაძლოა ნაადრევი სიკვდილიც გამოიწვიოს.

დეპრესიის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ზრდასრული ადამიანების უმეტეს ნაწილში ექიმებს ეს დიაგნოზი გამოეპარებათ ხოლმე, D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია, ჯანდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პრიორიტეტი ხდება.

ექიმების ნაწილი D ვიტამინის დეფიციტს ხშირად გლობალურ ეპიდემიას უწოდებს, რადგან ის მთელ მსოფლიოში სულ ცოტა, მილიარდ ადამიანს აწუხებს. შეერთებულ შტატებში D ვიტამინის დეფიციტი მოსახლეობის 42%-ზე მეტს აქვს, ირლანდიაში 50%-ზე მეტს.

D ვიტამინი სტეროიდია, რომელიც სხეულში ჰორმონის მსგავსად მოქმედებს. ის 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს არეგულირებს და ორგანიზმში როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს ვიტამინი აუცილებლად სჭირდება ძვლებს სიძლიერისთვის, კუნთებს – მოძრაობისთვის, ნერვებს – ინფორმაციის გადასაცემად ტვინს და სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის. ის ასევე ესაჭიროება ორგანიზმის იმუნიტეტს, იმისთვის რომ ეფექტურად ებრძოლოს ბაქტერიებს და ვირუსებს.

D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

დავუბრუნდეთ კვლევას. ირლანდიელი ავტორები ნაშრომში მათ მიერ გაკეთებულ 3 დასკვნას გამოყოფენ. პირველი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ: D ვიტამინის დეფიციტის გამო დეპრესიის შანსები 75% პროცენტით იზრდება. მეორე: შედეგი იგივე აღმოჩნდა რელევანტური ფაქტორების ფართო სპექტრის კონტროლის ფონზეც. მათ შორის სახელდება ქრონიკული დაავადებები, ფიზიკური აქტივობა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. და მესამე: მთავარ შედეგზე არ იმოქმედა ჯგუფიდან იმ პაციენტების ამოღებამ, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, ან ვიტამინ D-ს სისტემატურად ღებულობდნენ.

კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ D ვიტამინის დეფიციტი უშუალოდ უკავშირდება თავის ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მითუმეტეს, რომ ადრეულ კვლევებში არაერთხელ დადასტურდა ამ ვიტამინის ნაკლებობის კავშირი ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიცაა დემენცია, პარკინსონი, ან გაფანტული სკლეროზი.

ირლანდიელი მეცნიერების დასკვნა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლიტიკის მმართველებისთვისაც. D ვიტამინის დაბალი ტოქსიკურობა, მინიმალური გვერდითი მოვლენები და შედარებით დაბალი ფასი, იძლევა სახელმწიფოს დონეზე რეგულაციების გამოცემის საშუალებას, თუნდაც სხვადასხვა საკვებში ამ ვიტამინის დანამატის სახით ჩართვის თაობაზე.

კვლევის უფრო დეტალურად გაცნობა შეიძლება ჟურნალში JAMDA (The Journal of Post-Acute and Long-Term Care Medicine). დამატებითი ინფორმაციის მოძიება D ვიტამინის შესახებ (ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response