close
საქართველო

27 წლის ქართველი გენეტიკოსის მიღწევები, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი უსამართლოდ მოექცა

1918 წელს ეკატერინბურში, 17-დან 18 ივლისის ღამეს ინჟინერ ნიკოლოზ იპატევის სახლის სარდაფში 11 ადამიანი დახვრიტეს. მხეცურად მოკლულთა შორის იყვნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე, დედოფალი ალექსანდრა თეოდორას ასული, იმპერატორის 4 ასული – ოლგა, ტატიანა, მარია და ანასტასია. მოკლეს უფლისწული ალექსეი. სამეფო ოჯახთან ერთად დახვრიტეს მათი მსახურებიც, ვინც ბოლომდე მათთან დარჩა. ბოლშევიკებმა ცხედრების ნაწილი კოცონზე დაწვეს, ნაწილი გოგირდმჟავის გამოყენებით გაანადგურეს, დარჩენილი ძვლები კი ეკატერინბურგის შემოგარენში დამარხეს.

ამ სიმხეცის ჩადენიდან მრავალი ათეული წელი გავიდა და 1991 წელს ეკატერინებურგის მახლობლად, აღმოაჩინეს ადამიანების ჩონჩხების ფრაგმენტები,  რომლის დნმ-ს მოლეკულები შეადარეს ნიკოლოზ II-ის სისხლის დნმ-ს ნიმუშს, ასე მოხდა ნიკოლოზ II-ის ჩონჩხის იდენტიფიცირება. მიღებული კვლევების საფუძველზე დადასტურდა, რომ ნაპოვნი ჩონჩხის ფრაგმენტები ნიკოლოზ II-სა  და მის ოჯახს ეკუთვნოდა.

ამ აღმოჩენის ავტორი გახლდათ  27 წლის ქართველი მეცნიერი, აპოლონ ჯინჭარაძე. მან შექმნა დნმ-ის ტესტი (გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი). სწორედ მის მიერ აღმოჩენილმა კანონზომიერებებმა მისცა შესაძლებლობა მეცნიერებას, საფუძვლიანად შესწავლილიყო მოლეკულური ევოლუციის პროცესი. მის მიერ აღმოჩენილი მეთოდით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება, ხოლო მასალად გამოიყენეს იაპონიაში შემონახული, ნიკოლოზ მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდი.

გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის ერთი წვეთით, თმის რამდენიმე ბოლქვის ანალიზის საფუძველზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა იპოვოს ზუსტი კავშირი დაკარგულ მშობლებსა და შვილებს შორის. ამოიცნოს საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა.

ეს არის მსოფლიო დონის აღმოჩენა, თუმცა, იმის გამო, რომ აპოლონ ჯინჭარაძე საბჭოთა იმპერიაში მოღვაწეობდა, კვლევების გამოქვეყნების საშუალება არ მისცეს, რადგან ხელმძღვანელობას მისი დამსახურების აღიარება არ უნდოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1987 წელს, უკვე რამდენიმე მეცნიერს მსგავსი აღმოჩენის შესახებ კვლევა გამოქვეყნებული ჰქონდა, 1987 წელს აპოლონს  თავისი შრომები გამოუქვეყნეს.

„აპოლონს უნდოდა კვლევების გამოქვეყნება, თუმცა, ამის ნება არ მისცეს, რადგან ხელმძღვანელობას მისი პერსონალური დამსახურების აღიარება არ უნდოდა, ასევე, პრობლემა იყო საბჭოთა კავშირის უშიშროება. იმის გამო, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს აღმოჩენა, არ გაამჟღავნეს“,- ჰყვება აპოლონ ჯინჭარაძის კოლეგა, გენეტიკოსი, ნინო ლომიძე.

1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“ და საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. თუმცა, მომავალ წელს, 1989 წელს ის 28 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა მაქსიმალურად სცადეს აპოლონ ჯინჭარაძის სახელი დაეჩრდილათ და აღმოჩენებთან დაკავშირებით, წინ რუსი მეცნიერების სახელები დაეყენებინათ. ამ აღმოჩენის გამო რუსეთის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს მეცნიერთა ჯგუფს, რომლის სათავეში რუსი გენეტიკოსი ჩაწერეს, აპოლონ ჯინჭარაძეს კი რიგითი წევრის სტატუსი უბოძეს.

„ეს გახლდათ მსოფლიო დონის აღმოჩენა, მე თავისუფლად ვიტყოდი, აპოლონს არა მარტო სადოქტორო ეკუთვნოდა, არამედ ამ აღმოჩენაში ნობელის პრემიის ლაურეატიც უნდა გამხდარიყო“, – ასე აფასებს ჯინჭარაძის აღმოჩენას გენეტიკოსი, გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა.

გაზიარება:
fb-share-icon0