close
IMG_3213

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი