მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) E. bugandensis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის 13-მა შტამმა მუტაცია განიცადა. ისინი ახლა დედამიწაზე არსებული იმავე მიკრობებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.
ISS ბაქტერიების გადარჩენისა და ადაპტაციის შესასწავლად იდეალური ადგილია. ცნობილია, რომ მიკროგრავიტაციაში ამგვარ ორგანიზმებს შესაძლოა, რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეთ, რაც ასტრონავტთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია.
პლანეტაზე მობინადრე შტამებთან შედარებამ საერთო ჯამში საშუალოდ 578 რთული მუტაცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე განლაგებულ სადგურში ბაქტერიებს სხვაგვარი გენეტიკური ვარიაციები აქვთ. კერძოდ, მათში უფრო მეტი ისეთი გენია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ამინომჟავების გადატანასთან.
ასევე, ამ მიკრობებში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ შტამებში არაა. ეს მიუთითებს, რომ ისინი გადასარჩენად კოსმოსის პირობებთან ადაპტირდნენ. მათში 23 სხვადასხვა პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაც გამოავლინეს, 13-ივე გენომში კი ACT-77-ის ჯგუფში შემავალ გენს მიაკვლიეს, რომელიც ძლიერ რეზისტენტობაზე მიანიშნებს.
ამ ბაქტერიებში ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის 4 მექანიზმი დაფიქსირდა, ესენია: სამიზნის შეცვლა, ანტიბიოტიკის სეკრეცია, ანტიბიოტიკების შემცირებული შეღწევადობა და მათი ინაქტივაცია. ზოგ ორგანიზმში ამ მექანიზმების კომბინაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ისინი მათთვის უნიკალური არაა, რადგან დედამიწაზეც ფიქსირდება.
მეცნიერებმა ის მიკრობებიც შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში E. bugandensis-თან თანაცხოვრობენ, რათა იქაური ბიოუსაფრთხოების შესახებ მეტი გაეგოთ. მათ შორის მეტაბოლური ურთიერთქმედების ანალიზისას შენიშნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია E. bugandensis-გან უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე სხვები, ანუ ის ISS-ში, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”