close
მედიცინა

რას გვეუბნება ისრაელის მაგალითი პანდემიისგან გამოსვლის გზის შესახებ?

ისრაელმა რამდენიმე კვირის წინ ე.წ. „ბუსტერ ვაქცინაციის“ პროგრამა დაიწყო. „ფაიზერის“ მესამე დოზას უკვე 40 წლის ზემოთ ასაკის პირებს სთავაზობენ. თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდამ კითხვები გააჩინა და დებატები გააჩაღა ვაქცინაციის პროგრამის და პანდემიის მომავლის შესახებ.

ისრაელი გაზაფხულზე პრაქტიკულად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ჩანდა, რომ ვაქცინაციამ მეტ -ნაკლებად გაანადგურა კოვიდი.

თუმცა ივლისიდან შემთხვევების რაოდენობამ კვლავ ზრდა დაიწყო. რამ გამოიწვია ეს?

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ვაქცინაციის ტემპი სწრაფი იყო, ქვეყანაში მცხოვრებ 9 მილიონ მოქალაქეს შორის მილიონამდე ადამიანს ვაქცინა არ გაუკეთებია. ამასთან, ისრაელი შედარებით „ახალგაზრდა“ ქვეყანაა, მისი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი 14 წლამდე ასაკისაა. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს კი აცრას არ უკეთებენ, თუკი მათ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სერიოზული პრობლემა არ აქვთ.

ეს ნიშნავს, რომ მაღალი დაფარვის მიუხედავად, სრულად ვაქცინირებულია ისრაელის მოსახლეობის მხოლოდ 60%-ი. თუმცა, მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის ვაქცინაციაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემთხვევები შემცირებულიყო – რა შეიცვალა შემდეგ?

შესუსტებადი იმუნიტეტი

როგორც ჩანს, უფრო გადამდებმა დელტა ვარიანტმა ვაქცინის დაცვის ძალას ნაწილობრივ თავი დააღწია, თუმცა ვაქცინა მძიმე ავადმყოფობის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად ეფექტურია.

ისრაელის მთავრობის მრჩეველი კორონავირუსის საკითხებში პროფესორი ერან სეგალი განმარტავს, რომ ვაქცინაცია ადამიანებს დაინფიცირებისგან თავდაპირველად, დაახლოებით 90 %-ით იცავს 5-6 თვეში კი ეს მაჩვენებელი 30-40%-მდე მცირდება.

“ეს არის ის, რაც ტალღას მართავდა”, – აცხადებს პროფესორი სეგალი.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მაჩვენებლის ასეთი კლების მიუხედავად, ვაქცინაცია ახდენს დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობის პრევენციას. ამასთან, კვლევის თანახმად, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებში დაინფიცირების შემდეგ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი დაახლოებით 9-ჯერ მეტია.

ვაქცინის მესამე დოზა?

როგორც აღვნიშნეთ, ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ დოზის“ შეთავაზება დაიწყო. თავდაპირველად მისი მიღების შესაძლებლობა 60 წლიდან ასაკის პირებს ჰქონდათ, მოგვიანებით კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე შემცირდა. ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, მესამე დოზით აცრის შემდეგ ინფიცირებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე მხოლოდ ორი დოზით აცრის შემთხვევაში. ანატ ზოჰარის განცხადებით, რომელიც „ბუსტერ“ პროგრამის კვლევას ხელმძღვანელობს, „სამი დოზით აცრა არის გამოსავალი ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად.“

რა იქნება მომავალში?

არსებობს ცხარე დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა აამოქმედონ თუ არა ქვეყნებმა ე.წ. „ბუსტერ“ პროგრამ მაშინ , როცა მსოფლიოში უამრავ ადამიანს ვაქცინაზე ხელი არ მიუწვდება.

ზოგს უჩნდება კითხვა, საჭირო იქნება თუ არა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველ ექვს თვეში, ან, გრიპის აცრის მსგავსად, წელიწადში ერთხელ.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს დიდი რაოდენობით მტკიცებულება დაუგროვდათ იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია თითქმის ყველასთვის, კიდევ არსებობს სფეროებში, სადაც საჭიროა მეტი ინფორმაცია. მაგალითად, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი და უზრუნველყოფს თუ არა „ბუსტერ“ დოზა უფრო გრძელვადიან დაცვას.

ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ კარგი ბუნებრივი დაცვა ვირუსის გადატანის შემდეგ, მაგრამ, თუკი დაინფიციებული ადამიანი არავაქცინირებულია, დაავადებას თან ახლავს დამძიმების, გრძელვადიანი გართულებების განვითარებისა და სიკვდილის რისკი.

ვაქცინები კორონავირუსისგან გვიცავს, თუმცა ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების შანსი, რა თქმა უნდა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულებში დაავადება, ძირითადად, მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ვაქცინისგან მიღებული იმუნიტეტი კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირება, ან კოვიდგადატანილი ადამიანის ხელახლა დაინფიცირება დაავადებას უფრო ნაკლებად სარისკოს ქმნის. ამან, შესაძლოა, კორონავირუსი მომავალში განმეორებად, თუმცა შედარებით მსუბუქ და ნაკლებად უსიამოვნო დაავადებად აქციოს.

წყარო  : https://www.bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0