close
ასტრონომია - კოსმოსი

მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელშიც 60 დედამიწა მოთავსდებოდა

მზის ატმოსფეროში იუპიტერის დიამეტრზე დაახლოებით ხუთჯერ დიდი ხვრელი გაჩნდა, საიდანაც მთელ მზის სისტემაში გაიტყორცნა ძლიერი მზის ქარი.

ამ ფენომენს კორონალურ ხვრელს უწოდებენ და ის ამჟამად მზის იმ მხარეს არის, რომელიც დედამიწას არ უყურებს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ის პირდაპირ ჩვენკენ იყო მომართული და ნაწილაკების ნაკადს დედამიწის მიმართულებით ისროდა.

ამაში საგანგაშო არაფერია, გამოიწვია მხოლოდ მსუბუქი მზის ქარი, მაგრამ ეს ხვრელი კიდევ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ მზე თავის 11-წლიანი ციკლის მაქსიმუმში შედის.

ბოლო პერიოდში ჩვენი მზე ძლიერ აქტიურია, რაც მოსალოდნელიც იყო.

ჩვენს ვარსკვლავს აქტივობის ციკლები ახასიათებს, რომელშიც მას უჩნდება უფრო მეტად აქტიური ლაქები, მზის ანთებები, კორონალური მასის ამოფრქვევები და კორონალური ხვრელები.

ამ აქტივობები ბოლოს პიკს აღწევს — მზის მაქსიმუმს, რომლის შემდეგაც, ყველაფერი უკან იხევს და მზის მინიმუმისკენ მიემართება; ეს გახლავთ შედარებით მშვიდი პერიოდი, მინიმალური აქტივობებით.

სავარაუდოდ, ამ ციკლს მზის მაგნიტური ციკლები მართავს ან სულ მცირე, რაღაც კავშირი აქვს მასთან; ამ მაგნიტური ციკლების დროს, პოლარულობას იცვლის მზის მაგნიტური ველი — ადგილებს ცვლიან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები.

ეს გადანაცვლება მზის მაქსიმუმის დროს მოხდება, რაც სავარაუდოდ 2024 წელს უნდა მოხდეს.

ალბათ უკვე გსმენიათ მზის ლაქების, ანთებებისა და კორონალური მასის ამოფრქვევათა შესახებ. მზის ლაქა არის დროებითი ლაქა მზეზე იმ ადგილას, სადაც მაგნიტური ველი ოდნავ ძლიერდება. ეს კი იწვევს შედარებით ცივი, მუქი „ჭორფლების“ გაჩენას მზის ზედაპირზე.

მზის ლაქები და კორონალური მასის ამოფრქვევები არის ამოფრქვევები, რომლებიც ხშირად მზის ლაქებთან არის დაკავშირებული; ამ დროს, უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა, რისი მიზეზიც მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთებაა.

ამისგან განსხვავებით, კორონალური ხვრელი დიდი რეგიონია, სადაც მზის მაგნიტური ველი იხსნება. მზის ლაქების მსგავსად, მათი დანახვა შესაძლებელია ოპტიკურ სინათლეში; მაგრამ როცა ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეებს ვუყურებთ, ვხედავთ უზარმაზარ, მუქ ლაქებს, რომლებიც მიმდებარე გარემოზე უფრო ბნელია, რადგან შედარებით ცივია.

იმის გამო, რომ მაგნიტური ველი გახსნილია, ქარს, რომელიც ისედაც მუდმივად უბერავს მზიდან, უფრო ადვილად დაბერვა შეუძლია. შედეგად კი ვიღებთ მზის სისტემაში წამოსულ მზის ნაწილაკთა უფრო მძლავრ ნაკადებს, რომლებიც გზადაგზა პლანეტებსაც შეიძლება გადაეყარონ.

ამჟამინდელი ხვრელი მზის ზუსტად ჩვენგან საპირისპიროდ მოქცეულ მხარესაა და ყველაზე გრძელ ადგილას დაახლოებით 800 000 კმ სიგრძისაა. შედარებისათვის — იუპიტერის დიამეტრი 140 000 კმ-ია, დედამიწის კი 12 742 კმ.

ხვრელი დედამიწის მხარეს 2 დეკემბერს იყო მოქცეული, მისგან წამოსულმა მზის ქარმა კი ჩვენთან 4-5 დეკემბერს მოაღწია.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, ამან გამოიწვია G1 – G2 დონის მზის შტორმი. ეს დონე საკმაოდ დაბალია და ჩვენთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.

ამ დროს შემდეგი რამ ხდება — მზის ქარის ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს და შემდეგ, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, პოლუსებისკენ მიემართება, საიდანაც ატმოსფეროს ზედა ნაწილში ჩადის. იქ ისინი ატმოსფერულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს, რაც პოლარულ ნათებას წარმოქმნის.

დედამიწის იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროში მომატებულმა ნაკადებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ელექტროსისტემას, თანამგზავრების მუშაობას, რადიოკომუნიკაციას და სანავიგაციო სისტემებს. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response