close
მიგრანტიაქართველო

ვინ იყო არტურ კონან დოილის ქართველი რძალი – როგორ ქორწინდებოდნენ და-ძმა მდივნები უმდიდრეს ადამიანებზე

5a41d5015ef74647db967f8095e5b70b

ისინი ხუთი იყვნენ: სამი ძმა და ორი და – დავითი, სერგო (სერჟი), ალექსი, ნინა და რუსუდანი (იზაბელი). გენერალ-მაიორის, ზაქარია ასლანის ძე  მდივანის (1867-1933) შვილები, რომლებიც 1923 წელს, ემიგრაციაში წავიდნენ პარიზში, კონსტანტინოპოლის გავლით.

ისინი თავს თავადებს უწოდებდნენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს ტიტული არ ჰქონიათ.

ზაქრო მდივანი

ტიტული ოჯახს უმცროსი ვაჟის, ალექსის დამსახურებით ჰქონდა. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მან უბრალოდ, სერთიფიკატი მოსთხოვა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, ნოე ჟორდანიას, რომელიც ასევე პარიზში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. მისგან უარი მიიღო, მაგრამ ამ საქმის მოგვარებაში ნოეს თანაშემწე დაეხმარა.

ასე იქცნენ მდივნები ქართველ თავადებად და რადგან თავადი ფრანგულად ჟღერს როგორც prince, ქართველი ემიგრანტები ამერიკაში სამეფო სახლის შთამომავლებად მიიღეს.

ზაქარია მდივანის სამივე ვაჟი ძალიან მომხიბვლელი იყო და იქორწინეს ამერიკელ ყველაზე პრესტიჟულ პატარძლებზე. ძმები მდივნები ცნობილი გახდნენ „მექორწილე ძმები“, რომლებიც ქორწინდებოდნენ და განქორწინდებოდნენ ამერიკელი მულტიმილიონერების ქალიშვილებზე, შვილიშვილებზე და ჰოლივუდის კინოვარსკვლავებზე.

რა იყო მდივნების საიდუმლო? გარდა იმისა, რომ თვითმარქვია მთავრები იყვნენ და გარეგნულად ძალიან მომხიბვლელები, ასევე იყვნენ ძალზე მაცდურები.

ალექსის მეუღლემ, კინოვარსკვლავმა პოლ ნეგრიმ დაწერა: „ისინი ფლობდნენ მაამებლობის ხელოვნებას ყველაზე უკეთ, მათ შორის ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მლიქვნელობის ხელოვნება თითქმის დაიკარგა ჩვენს რეალისტურ, იუმორისტულ ხანაში და გარწმუნებთ, ეს არის ქალთათვის ძმების ხიბლის საიდუმლო“.

დავით მდივანი (1902-1984)

დავით მდივანი

1926 წელს, დავითმა პირველად იქორწინა ჰოლივუდის ცნობილ კინომსახიობზე, ახლად შექმნილი კომპანიის “Metro-Goldwyn-Mayer” – ის ვარსკვლავზე, მეი მიურეზე. ის დავითზე 16 წლით უფროსი იყო და ეს მისი მეოთხე ქორწინება იყო. მაიმ ვაჟი, კორან დავითი გააჩინა, მაგრამ ორი წელი ამას მალავდა, რომ კარიერა არ გაეფუჭებინა.

წყვილის სიყვარულის ამბავი მას შემდეგ დასრულდა, რაც მეი გაკოტრდა. ეს კი დავითის ბრალი იყო. მან აიძულა ცოლი, დაეტოვებინა „მეტრო გოლდენ მეიერი“ და დაპირდა. რომ მის პროდიუსერობას ითავებდა. ორი წლის შემდეგ, მეი გაკოტრდა და სამუდამოდ გააძევეს კინოდან.

პარალელურად, დავითმა მთელი მისი ქონება – 3 მილიონი დოლარი გაფლანგა. 1933 წელს ისინი სკანდალით დაშორდნენ. იმ უბედურებისგან, რაც მეის თავს დაატყდა, ქალი გაგიჟდა. სიცოცხლის ბოლო წლები ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფარში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დევიდი აგრესიული იყო: მეი ირწმუნებოდა, რომ დევიდი მას სცემდა და ამავე დროს, საშინლად ეჭვიანი იყო.

დავითისა და მეის ქორწილი

დავითი მეორედ ფრანგ კინოვარსკვლავზე, არლეტზე (არლეტ ლეონი ბატია) დაქორწინდა. არლეტი მალევე დაორსულდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ქმრისა და მეის ურთიერთობის გნვითარების შესახებ შეიტყო, აბორტი გაიკეთა, თუმცა დავითთან ურთიერთობა განაგრძო.

არლეტი

დევიდის მესამე ცოლი იყო ვირჯინია სინკლერი, უმსხვილესი ნავთობკომპანიის, Sinclair Oil- ის პრეზიდენტის ქალიშვილი. მათ ვაჟი შეეძინათ, მაგრამ ვირჯინია მალევე განქორწინდა და დავითი უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ფიზიკურ ძალადობასა და ქონების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

დავითის შემდგომი ცხოვრების შესახებ ცნობები შემორჩენილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, იგი სხვა ქალებზე იყო დაქორწინებული, რადგან 82 წელი იცოცხლა.

სერჟ მდივანი (1903-1936)

შუათანა ძმის პირველი საყვარელი იყო უხმო კინოს ვარსკვლავი, პოლ ნეგრი. ისინი დაქორწინდნენ 1927 წელს და განქორწინდნენ 1929 წელს, როდესაც ამერიკის საფონდო ბირჟის დაშლის შემდეგ, პოლმა დაკარგა დანაზოგი – 5 მილიონი დოლარი, ბევერლი ჰილსის სასახლე, პარიზის მახლობლად მდებარე ციხე და ვილა, საფრანგეთის რივიერაზე.

გაზეთები ღიად წერდნენ სერჟის არაკეთილსინდისიერებაზე, მაგრამ ეს არ იყო ის, რისი გაძლებაც მას არ შეეძლო. უფრო მეტიც, მან დაიწყო სხვა, უფრო წარმატებულ და, შესაბამისად, შეძლებულ კინოვარსკვლავთან, – გლორია სვენსონთან შეხვედრები, მაგრამ ქალმა ცოლობაზე უარი უთხრა. სერჟი ამის გამო არ დაღონებულა, მან ცოლად შეირთო ოპერის მომღერალი, მერი მაკკორმიკი. მეორე ქორწინებამაც დაახლოებით ორი წელი გასტანა.

1936 წლის თებერვალში სერჟმა იქორწინა მდიდარ ქვრივზე, ლუიზა ასტონ ვან ალენზე, მისი გარდაცვლილი ძმის, ალექსის პირველ მეუღლეზე და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა საკუთარი ცხენის ჩლიქების ქვეშ, პოლოს თამაშის დროს.

ალექს მდივანი (1908-1935)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსის პირველი ცოლი იყო ბეწვის ამერიკული კომპანიის მფლობელის, ლუიზა ასტონ ვან ალენის ქალიშვილი. ამ ქორწინებამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა – ალექსი გადაერთო ორასი მილიონი დოლარის მემკვიდრეზე, ბარბარა ვულვორტ ჰატონზე. მათი ქორწილი პარიზში შედგა და ჰატონებს მილიონი დოლარი დაუჯდა.

სხვათა შორის, თავადი ნიკო დადიანი ცდილობდა ფრანგებისთვის აეხსნა, რომ საქმრო თავადი კი არა, მოძალადეა, მაგრამ არავინ მოუსმინა.

ქორწინების პირველ თვეებში ბარბარამ ჟურნალისტებს ენთუზიაზმით უთხრა: „მე მომწონს ჩემი ქმრის ცხოვრების წესი. ქორწილისთანავე, ამერიკელები საქმეს უბრუნდებიან, ალექსი კი ისეთი არ არის. იცით, ძალიან სახლისოა პრინცესობა“.

ორი წლის შემდეგ მილიარდერის შვილიშვილი და ალექსი ერთმანეთს დაშორდნენ: „ჩვენ შევთანხმდით მშვიდობიანად დაშორებაზე. ჩემთვის ალექსი რჩება ერთ-ერთ საუკეთესო ადამიანად, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი“, – თქვა ბარბარა ჰატტონმა.

… 1935 წლის ზაფხულში, ალექსი სალვადორ დალისთან და ახალ მეგობართან, ბარონესა მოდ ფონ თისენ-ბორნემისასთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა, მისი სიძის აგარაკზე. 11 აგვისტოს ისინი Rolls-Royce– ით გაემგზავრნენ. ალექსმა, როგორც ყოველთვის, გადააჭარბა სიჩქარეს და ავარიაში მოყვა. ბარონესა მცირედ დაშავდა, მდივანი კი გარდაიცვალა.

ზაქარია მდივანის ქალიშვილები, რა თქმა უნდა, ძმებთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, მაგრამ მათ ასევე შეეძლოთ მსახიობობა. ნინა (1900-1987) პირველად დაქორწინდა 1925 წელს, სტენფორდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების 48 წლის პროფესორზე, ჩარლზ ჰაბერიხზე და განქორწინდა 1936 წელს. იმავე წლის აგვისტოში იქორწინა დენის კონან დოილზე, სერ არტურ კონან დოილის ვაჟზე. 1955 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნინამ ხელახლა იქორწინა ქმრის მდივანთან, ენტონი ჰარვუდთან და მასვე გადაეცა არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე საავტორო უფლებები.

 

დენის დოილი და ნინა მდივანი

იზაბელ (რუსუდან) მდივანი (1902–1938) ცნობილი იყო იმით, რომ მდიდარი მეუღლე, ხოსე სერტი წაართვა პოეტების მუზასა და მფარველს, ლიტერატურული და მუსიკალური სალონის მფლობელს, ცნობილი მხატვრების მოდელს, მისია სერტის.თავად მისიაც არ იყო უცოდველი: სერტი მისი მესამე ქმარი იყო. განქორწინების შემდეგაც, მისიამ არ მოინდომა ქმართან დაშორება და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სამივე ერთად ცხოვრობდა, ვიდრე 1938 წელს, იზაბელი ტუბერკულოზით არ გარდაიცვალა.

მარცხნივ ნინა, ცენტრში – რუსუდან მდივანი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი