close
ისტორიასამართალისაქართველო

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა საქართველოში – ცოცხალია თუ არა თამაზ ნამგალაური?

დღემდე არ წყდება საუბარები  საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრის, ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის – თამაზ ნამგალაურის  საიდუმლოებებით მოცული დანაშაულებრივი ქმედებისა და მისი სიკვდილით დასჯის შესახებ. ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი  მოითხოვდნენ.  თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

თამაზ ნამგალაურს საკუთარო ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს  სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი.

არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა. გაცილება არ შედგა.

არადა, სპორტსმენს არაფერი არ აკლდა – ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ  გაუვლია.

გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა – როგორც საგამოძიებო  მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს და ძალადობის მცდელობა მცდელობად დარჩა,

გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგონას მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იმავე ხერხებით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე კვლავ ვერ მოახერხა.

გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა – სასტუმრო ,,უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოიტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა ეს  სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მიზერულად მცირე დანაშაულს წარმოადგენდა.

გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე საინტერესო დამთხვევა გამოიკვეთა, როგორც მტკიცდებოდა, ნამგალაურმა ოთხივე დანაშაული ერთსა და იმავე დროს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ყველა აღნიშნული შემთხვევოს დროს ნასვამი იყო და ეს ყველაფერი აუცილებლად მისი სპორტული შეჯიბრების წინა ღამეს ხდებოდა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების გაურკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქმე სპორტსმენის ფსიქიკურ აშლილობასთან გვქონდა და მისი დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი მიზეზი გამოძიებას უფრო ღრმად უნდა გამოეკვლია. არაერთი მოხოვნა გაიგზვანა შესაბამის უწყებებში მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმობის დასკვნა. ნამგალაური ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ცნეს  ჯანმრთელად და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ,  შესაძლოა, იგი შეურაცხადი ყოფილიყო.

საქმე ფაქტობრივად ,,ჩუმად“ ჩატარდა. მკვლელობაში ბრალდებულს კი სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, დახვრეტა მიესაჯა. ბევრი ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ.

არსებობს  ცნობები იმის შესახებ, რომ როცა ზვიად გამსახურდიას ნამგალაურისა და სხვა სიკვდილიმისჯილების სია შეუტანეს ხელმოსაწერად, მან ქაღალდები დახია და თქვა, რომ მასთან შემდეგზე დახვრეტაზე საუბარი აღარ გაებედათ. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტის დახვრეტის თარიღად 1991 წელი არის მითითებული, სხვა ვერსიით იგი 1994 წელს დასაჯეს სიკვდილით. ამ ვერსიის თანახმად, მის სიკვდილით დასჯას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი. თუმცა ამას იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასტიკად უარყოფდნენ.

საინტერესოა, რომ დღემდე არავინ იცის ზუსტად, ნამდვილად დახვრიტეს თუ არა 1991 წლის ნოემბერში თამაზ ნამგალაური? საინტერესოა, რომ მისი დედა, თამარ იანტბელიძე ამტკიცებდა, ჩემი შვილი ცოცხალიაო და იმასაც ამბობდა, რომ იგი ციხიდან გამოაპარეს.

ასევე, თამარ იანტბელიძის მტკიცებით, ბავშვის მკვლელობა და სხვა დანაშაულებიც საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ იყო ჩაწყობილი.

რაც შეეხება მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, ისინი თამაზ ნამგალაურს დამნაშავედ ნამდვილად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, რომ თავად ნამგალაურიც არ უარყოფდა საკუთარ დანაშაულს, აღიარებდა და უმკაცრესს დასჯას მოითხოვდა. როგორც სასამართლო პროცესზე მყოფი ადამიანები ყვებიან, მას მთელი სხდომის განმავლობაში თავი ჰქონდა ჩაღუნული და  ყურები თითებით ჰქონდა დახშული.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ იანტბელიძემ თამაზ ნამგალაურის 1991 წლის 1-ელ ნოემბერს დახვრეტის ცნობა მიიღო, დღეს სასამართლოს არქივში არანაირი ცნობა არ არსებობს ამ განაჩენის აღსრულების შესახებ. შსს-ს უწყება კი ამბობს, რომ ამ საქმეს გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი ვერსია და ვარაუდი ჩნდება მისი ციხიდან გაპარვისა და იმის შესახებ, რომ იგი ამ დრომდე ცოცხალია.

როგორც ცნობილია, ნამგალაურის განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის #1 საგამოძიებო იზოლატორში (ამჟამად, მე-5 საპყრობილე) პატიმართა ორი ამბოხება  მოხდა. ერთი ამბოხი 1991 წლის 5 ოქტომბერს დილით განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მდებარე 101-ე საკნის პატიმრებმა (სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომლებმა) საკნიდან გამოაღწიეს და სხვა საკნების კარებიც გააღეს. ბუნტში მონაწილე 1 500 პატიმრიდან 18 სიკვდილმისჯილი იყო. სამართალდამცველებმა პატიმრების დაშოშმინება მოახერხეს. 25 ოქტომბერს კი მეორე ბუნტი განხორციელდა, რომელშიც თავად ნამგალაურიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა ვერ შედგა.

არსებობს ვარაუდი,  რომ ნამგალაურის დახვრეტა სწორედ ციხის ბუნტმა დააჩქარა.

თუმცა, უცნაურია, როგორ უნდა მოეხერხებნა ბუნტის მოთავეობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პატიმარს?

საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ძიუდოისტი სიკვდილით არ დაუსჯიათ და დღემდე ცოცხალია. ,,ფეისბუკზე“ თამაზ ნამგალაურის სახელით დარეგისტრირებული არაერთი მომხარებელია, სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის წლოვანება ზუსტად ემთხვევა სპორტსმენის ასაკს, გარდა ამისა, რამდენიმე პროფაილში მისი სპორტული მიღწევებიც არის შეტანილი. თუმცა, ეს ფაქტები ნამდვილად არ გამოდგება იმის დასტურად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ჩამდენი ცოცხალია.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი, ნამგალაური 1991 წელს ციხიდან  იაპონიაში  გააპარეს და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.

თამაზ ნამგალაურისა და მისი საიდუმლოებებით მოცული საქმის შესახებ ამ დრომდე არ წყდება საუბარი. საინტერესოა, რეალურად რა მოხდა? ნამდვილად იყო თუ არა ეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული? იყო თუ არა ჩარეული ე.წ. სპორტული მაფია? ნამდვილად დასაჯეს თუ არა სპორტსმენი სიკვდილით? ფაქტია, რომ ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0