close
ეს საინტერესოა

გაირკვა შეუძლიათ თუ არა ქალებს კაცებზე უკეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მარტივი ნამდვილად არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო და არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები ამას კაცებზე უკეთ ართმევენ თავს, რაც შეიძლება ითქვას, რომ მთლად სწორიც არ არის. ამის შესახებ გერმანული Der Spiegel-ი წერს. 

აახენის RWTH-ის უნივერსიტეტიდან, პატრისია ჰირშის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფმა გაანალიზა 48 ქალისა და 48 კაცის მიერ შევსებული ტესტების შედეგები და მივიდა დასკვნამდე: “ორივე ჯგუფი ნელა მუშაობდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, როდესაც იძულებულნი იყვნენ ერთდროულად შეესრულებინათ ორი დავალება. გენდერული განსხვავებები დადგენილი არ არის”, – მიუთითებენ მეცნიერები სამეცნიერო ჟურნალ PLoS One-ში.

კვლევის დროს მეცნიერებმა მონაწილეებს სთხოვეს ეკრანზე წარმოდგენილი ასოების თანხმოვნების ან ხმოვნების მიხედვით კლასიფიცირება. მეორე დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ განესაზღვრათ ლუწი და კენტი რიცხვები. ზოგიერთ ტესტში მონაწილეებს ორი დავალება ერთდროულად უნდა შეესრულებინათ, ზოგში კი სწრაფად გადართულიყვნენ ერთი დავალებიდან მეორეზე.

“ჩვენი დასკვნები არ უჭერს მხარს ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპს, რომ ქალები უკეთესები არიან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაში, ვიდრე კაცები”, – აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი ჰირში.

ციურიხის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგი ლუტც იენკეც ამბობს, რომ მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, ქალსა და კაცს შორის განსხვავებები უმნიშვნელოა ან სრულად არ არსებობს. “ასეთი განსხვავება ევოლუციის ლოგიკასაც არ ემთხვევა. “არ არსებობს რაიმე გენეტიკური, უპირობო აზრი, რომ 150 ათასი წლის წინ ქალი Homo sapiens-ი უკეთესად იყო “დაპროგრამებული” მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულებაზე, ვიდრე კაცი. ეს სრულიად უაზროა”, – ამბობს ნეიროფსიქოლოგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0