close

მედიცინა

მედიცინა

ისტორიაში მეორედ, არგენტინაში, ქალმა აივ ინფექცია თერაპიის გარეშე დაამარცხა

არგენტინაში ქალმა აივ/ვირუსი სამედიცინო ჩარევების გარეშე დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 30 წლის ქალზე, რომელიც ქალაქ ესპერანსაში ცხოვრობს. მისმა ორგანიზმმა ვირუსი ბუნებრივად, ექიმების დახმარების გარეშე დაძლია.

ქალს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. 8 წლის განმავლობაში ის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მხოლოდ ორსულობის დროს იღებდა, რადგან ანალიზების პასუხების მიუხედავად, ვირუსი მის ორგანიზმში იყო, მაგრამ სიმპტომები არ ვლინდებოდა. 2020 წლის მარტში მან ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა.

აივ-ინფიცირებულებს, რომლებსაც ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება „ელიტურ კონტროლიორებს“ ეძახიან. მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა – ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 0,1-2,5%.

მეცნიერების ვარაუდით, მათი T-ლიმფოციტების პასუხი უფრო ძლიერია, რის გამოც ინფიცირებული უჯრედები უფრო სწრაფად ნადგურდება. სპეციალისტები გეგმავენ სხვა აივ-ინფიცირებულების იმუნურ სისტემას ვირუსთან ამ მეთოდით ბრძოლა „ასწავლონ“.

აქამდე ვირუსის ბუნებრივად დამარცხების მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული – 67 წლის ქალი სან-ფრანცისკოდან ვირუსით 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და განიკურნა. აივ-ის დამარცხების ერთადერთ გზად ძვლის ტვინის გადანერგვა ითვლებოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„მოლნუპირავირი" – პირველი ორალური მედიკამენტი, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ავტორიზაცია მიიღო

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალოდ ორალური
მედიკამენტი „მოლნუპირავირი" დაამტკიცეს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა, რომელიც, თავდაპირველად,
გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან
სიკვდილის რისკი დაახლოებით ორჯერ შეამცირა.
„მოლნუპირავირი“ აშშ-ის მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანია Merck-მა და
მისმა პარტნიორმა Ridgeback Biotherapeutics-მა შექმნეს. კომპანიების
ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში,
რომლებმაც მათი ანტივირუსული პრეპარატი „მოლნუპირავირი" სიმპტომების
გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და
სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან
შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.
კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული. თითოეულ
მათგანს დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მინიმუმ ერთი რისკფაქტორი
ჰქონდა : იყო 60 წელს გადაცილებული, ან ჰქონდა დიაბეტი, აწუხებდა გულის
დაავადება ან სიმსუქნე.
კომპანია Merck-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტი 10
მილიონი კურსისთვის საკმარის რაოდენობას აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან აშშ-ის მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა,
რომელიც „მოლნუპირავირის" 1.7 კურსისთვის საჭირო რაოდენობის მიწოდებას
ითვალისწინებს. კონტრაქტის თანახმად, თითო კურსის ფასი 700 აშშ დოლარია.

წყარო  : BBC , Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში პირველად, ყველაზე დღენაკლული, 21 კვირის ბავშვი გადარჩა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა 21 კვირის, ყველაზე დღენაკლული ბავშვი, რომელიც გადარჩა. გასულ წელს ალაბამას შტატში დაბადებული კურტის მინსი სულ რაღაც 420 გრამს იწონიდა. 16 თვის შემდეგ ბიჭი კარგად გრძნობს თავს და გინესის მსოფლიო რეკორდსმენიც გახლავთ.

 

ორსულობის სრული ხანგრძლივობა 40 კვირაა, კურტისი კი 19 კვირით ადრე დაიბადა. სამწუხაროდ, მისი ტყუპისცალი დაბადებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.

 

მიუხედავდ იმისა, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი მცირე იყო, ინტენსიური თერაპიისა და საავადმყოფოში გატარებული 275 დღის შემდეგ კურტისი სახლში გაწერეს. გინესის რეკორდმენს დამატებითი ჟანგბადი და ხელოვნური კვებისათვის განკუთვნილი ზონდი ჯერ ისევ სჭირდება.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამედიცინამსოფლიო

Reuters – ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.

ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ – 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.

გერმანიაში დღეიდან კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. ამასთან, ქვეყნის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე გაგრძელდება.

ავსტრიის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.

ლიეტუვამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ოთხკვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და რუსეთმაც. ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად „ვერცხლის ტყვია“ მხოლოდ ვაქცინაცია არაა და აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ადამიანები, რომლებიც კოვიდით ბუნებრივად არ ინფიცირდებიან, ახალი ტიპის ვაქცინების შთაგონებად იქცნენ

ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულთა გარემოში ხვდება, თუმცა ვირუსის მიმართ რეზისტენტულია და მისით არ ინფიცირდება. მკვლევრები თვლიან, რომ შესაძლოა, ამის მიზეზების გარკვევა უკეთესი ვაქცინების შექმნაში დაგვეხმაროს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გუნდმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ადამიანს კოვიდის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი პანდემიის დაწყებამდეც გააჩნდაკოვიდ-19-ის მონათესავე ვირუსები დიდი ხანია, არსებობს, სხეულმა კი შესაძლოა, იმუნიტეტი სწორედ მათთან ბრძოლით გამოიმუშავა.

გუნდის თქმით, თუ დაცვის ამგვარ მექანიზმს გაუმჯობესებულ ვაქცინებში გამოიყენებენ, შესაძლოა, აცრა მეტად ეფექტური გახდეს.

მეცნიერები პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საავადმყოფოს თანამშრომლებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და სისხლის ნიმუშებსაც რეგულარულად უღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები მუდამ სარისკო გარემოში იმყოფებოდნენ, მათგან ყველა არ დაინფიცირებულა. კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.

დაახლოებით ერთს 10-დან არასოდეს ჰქონია ვირუსის სიმპტომები, არც ტესტით დასდასტურებია იგი და არც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გასჩენია სისხლში.

მათი იმუნური სისტემის ნაწილმა ინფექციის დამარცხება მანამ მოახერხა, სანამ იგი მოძლიერდებოდა და ფესვებს გაიდგამდა, ამას კი სხვაგვარად აბორტულ ინფექციას უწოდებენ.

სისხლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ ასეთ ადამიანებს დამცავი T-უჯრედები პანდემიის დაწყებამდე უკვე ჰქონდათ. ისინი კოვიდით ინფიცირებულ უჯრედებს ცნობენ და ანადგურებენ. დოქტორი ლეო სვოდლინგის, ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, კოვიდ-რეზისტენტულ პირთა იმუნური სისტემა ახალ დაავადებასთან საბრძოლველად უკვე შემზადებული გახლდათ.

არსებული ვაქცინები მეტწილად წვეტის ცილას ეძებს, რომელიც კორონავირუსის გარეთა ზედაპირზე გვხვდება. მიუხედავად ამისა, იშვიათმა T-უჯრედებმა ვირუსის შიგნით იპოვეს ცილები, რომელიც მას გამრავლებისათვის ესაჭიროება.

“ჯანდაცვის მუშაკებს, რომელთაც ვირუსის შეკავება მანამ მოახერხეს, სანამ იგი შესამჩნევი გახდებოდა, სავარაუდოდ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ T-უჯრედები, რომლებიც შინაგან მექანიზმებს ცნობენ”, — დასძინა სვოდლინგმა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის არაერთი ტიპი არსებობს, პანდემია კი კერძოდ COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. შინაგანი ცილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს კორონავირუსის მონათესავე სახეობებში, რომელთა შორისაც გაციების გამომწვევ ტიპებსაც ვხვდებით. შესაბამისად, თუ ვაქცინის საშუალებით ამ ცილებს მიზანში ამოვიღებთ, შესაძლოა, ვაქცინამ ყველა კორონავირუსისა და ახალი შტამებისგანაც დაგვიცვას.

გუნდის თქმით, არსებული ვაქცინები ადამიანებს შესანიშნავად იცავს სერიოზული ავადმყოფობისაგან, თუმცა ვირუსის თავიდან არიდებაში ასეთივე ეფექტური არ არის.

“ვფიქრობ, შეგვიძლია, მათი გაუმჯობესებული მოქმედებაც ვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ T-უჯრედების საშუალებით ვაქცინა ინფიცირებისაგანაც შეძლებს დაცვას და ვირუსის ახალი ვარიანტების ამოცნობას უკეთ მოახერხებს“, — განაცხადა პროფესორმა მალა მაინიმ.

გაციება ხშირია და მისი გამომწვევი კორონავირუსიც თითქმის ყველას გვექნება გამოვლილი, თუმცა დამცავი T-უჯრედების შესაბამისი ტიპი ყველას არ გაგვაჩნია. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ჯანდაცვის მუშაკები სამუშაოს ფარგლებში ვირუსებს რეგულარულად აწყდებიან და ზოგიერთ მათგანს დაცვაც სწორედ ამიტომ აღმოაჩნდა.

“ამ კვლევისაგან მიღებული ცოდნა შესაძლოა, განსხვავებული ვაქცინის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ კუთხით დამატებით წინსვლას მოიტანს, ვინაიდან ყველანაირი ვაქცინა გვჭირდება, რისი მიღებაც კი შეგვიძლია”, — განაცხადა დოქტორმა ალექსანდრე ედვარდსმა რედინგის უნივერსიტეტიდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ამჟამად, არავაქცინირებული პირები იმ პირების დიდ უმრავლესობას შეადგენენ, ვისაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობა ესაჭიროება. ისინი არაპროპორციულად უწყობენ ხელს ჩვენი ჯანდაცვის რესურსების დატვირთვას. ამრიგად, 2021 წლის 8 დეკემბრიდან კოვიდპაციენტებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, მკურნალობის გასდასახადს დავაკისრებთ. აღნიშნული ზომა ყველა არავაქცინირებულ კოვიდპაციენტზე გავრცელდება, რომლებსაც საავადმყოფოებში 2021 წლის 8 დეკემბრიდან მიიღებენ“, – განაცხადეს სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში.

აღნიშნული ზომა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ვაქცინის მიღება სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა

ბრაზილიაში მდებარე ალბერტ სეიბინის სახელობის საავადმყოფოში მომუშავე მედიკოსები გამოცემაში Journal of Pediatric Case Reports გამოქვეყნებულ ნაშრომში უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევაზე წერენ. ისინი იტყობინებიან ახალშობილი ბიჭის შესახებ, რომელიც 12 სანტიმეტრი სიგრძის მქონე კუდით დაიბადა.

ჩვილი, რომელიც ოფიციალურ ანგარიშში ანონიმადაა მოხსენიებული, ნაადრევად გაჩნდა, თუმცა ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები არ მოჰყოლია. მას მხოლოდ სხეულის სიყვითლე აღენიშნებოდა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ბავშვს მარცხენა პარავერტებრალურ-ლუმბოსკალურ რეგიონში (დუნდულის ზემოთ) გრძელი “ფიბროზული ქორდა”, იგივე კუდი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრის მომრგვალო წანაზარდით ბოლოვდებოდა.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ექიმებმა ბიჭი სპეციალური ულტრაბგერითი აპარატითაც გამოიკვლიეს, რათა სხვა სისტემური ცვლილებები გამოევლინათ, მაგრამ მის ორგანიზმში ასეთი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში კუდიანი ადამიანის დაბადების სულ 40 ფაქტია აღწერილი, ანუ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ამგვარ წანაზარდებს მედიკოსები “ნამდვილ” და “ფსევდო” კუდებად ყოფენ. ეს უკანასკნელი მოიაზრებს სხეულზე არსებულ შვერილს, რომელიც ცხიმოვან-ხრტილოვანი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურებისგან შედგება. პირველი მათგანი კი ემბრიონული კუდია, რომელიც, როგორც წესი, 4 კვირის ნაყოფს უვითარდება, რის შემდეგაც, 6-დან 12 კვირამდე პერიოდში, მას ლეიკოციტები შლიან.

ფოტო: Ed Uthman / Flickr

გამონაკლის შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედები ემბრიონულ კუდს ვერ ანადგურებენ, ამიტომ ის ჩანასახს ბოლომდე უნარჩუნდება. უფრო მეტიც, კუნთების მეშვეობით, შესაძლებელია მისი ამოძრავება და მომრგვალებაც, როგორც ამას ზოგიერთი ცხოველი აკეთებს.

სწორედ ამის მაგალითია ზემოხსენებული ჩვილი, რომელსაც ქირურგებმა წანაზარდი წარმატებით მოაშორეს.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ოპერაციის ჩატარებამდე მათ დეტალურად გამოიკვლიეს ხერხემლის არეში რაიმე ფარული შეუხორცებელი ადგილი ხომ არ იყო, რათა ქირურგიულ ჩარევას ნევროლოგიური ცვლილებები არ გამოეწვია. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა და პროცედურამ უსაფრთხოდ ჩაიარა.

ისინი კუდის შენარჩუნების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ორსულობის დროს დედა დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწეოდა და საშარდე მილის ინფექციის გამო პირველი თაობის ცეფალოსპორინს იღებდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ტვინის ახალი იმპლანტი ფიქრით წუთში 90 სიტყვის “დაწერის” საშუალებას იძლევა

სტენფორდის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომელმაც პარალიზებულ ადამიანს საშუალება მისცა წუთში 90 სიტყვა “აეკრიფა” და ეს მხოლოდ სიტყვებზე ფიქრით.

მკვლევრებმა თავიანთი დასკვნები Nature-ში მაისში გამოაქვეყნეს, ხოლო ახლა ის წარადგინეს WE Summit-ზე, სამეცნიერო ტელეკონფერენციაზე, რომელსაც Tencent-მა უმასპინძლა 6 ნოემბერს.

შედარებით ძველი იმპლანტის სისტემები ხშირად ეყრდნობა სისტემას, რა დროსაც ადამიანი გონებით გადაადგილებს კურსორს ციფრულ კლავიატურაზე კონკრეტულ სიმბოლოებზე. ახალი ნერვული იმპლანტის გამოყენებით პაციენტმა წარმოიდგინა თუ როგორ წერდა ხელით სიტყვებს და მან მათი “დაწერა” ასე შეძლო — წარმოდგენის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი შიფრავს ნერვულ სიგნალებს და ჩნდება სიტყვა ეკრანზე.

SCMP-ის მიხედვით, ჯგუფმა გააერთიანა ნერვული იმპლანტის სისტემა ავტოკორექტირების ფუნქციასთან, რამაც გამოიწვია 99 პროცენტიანი სიზუსტის მაჩვენებელი. ეს შთამბეჭდავი იქნებოდა ჩვეულებრივ კლავიატურისთვისაც კი. იმპლანტის შემქმნელები ამბობენ, რომ მათ პაციენტს ახლა გონებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეუძლია ტექსტის დაწერა.

“ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია. როდესაც ჩვენი ტექნოლოგიები დაიხვეწება, უახლოეს ათწლეულებში ჩვენ ბევრად მეტს შევძლებთ”, — განაცხადა კრიშნა შენოიმ, სტენფორდის ნეირომეცნიერმა.

ამასთან, შენოიმ თქვა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა დგას ნერვული იმპლანტების ტექნოლოგიები, ეს კომერციალიზაციაა. რასაც თავის მხრივ ცდილობს ილონ მასკის კომპანია — Neuralink. მასკს სურს ტვინის იმპლანტები მედიცინაში და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში გადაიტანოს.

როდესაც საუბარია კომერციალიზაციაზე, ჩნდება უსაფრთხოების საკითხებიც — როგორ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ტვინში ელექტროდის სენსორების ჩანერგვა უსაფრთხოა? მეტიც, როგორ გავხადოთ ნერვული იმპლანტის ქირურგია — რომელიც წარმოუდგენლად ძვირია — უფრო ხელმისაწვდომი?ამის მისაღწევად, შენოი იმედოვნებს, რომ კერძო კომპანიები უფრო მეტ რესურსს ჩადებენ როგორც მის კვლევაში, ისე ზოგადად სფეროში.

“ალბათ, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორედ აქ გვჭირდება ბიზნესის თუ კონკრეტული ინვესტორების ფოკუსირება ამ პრობლემებზე. საჭიროა მეტი ინვესტირება”, — ამბობს შენოი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან

ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

„ისინი კრიმინალები არიან. ისინი არ არიან უბრალოდ ცუდი ხალხი. ისინი კრიმინალები არიან“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთადერთი, რაც ცხოვრების ახალ წესსა და ცხოვრების ამჟამინდელ წესს შორის დგას, ვაქცინაციის ყოყმანია, ხოლო ბევრი ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც ბევრი არავაქცინირებული ადამიანი აიცრება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 91
Page 33 of 91