close
აქართველო

,,ვეფხისტყაოსანი” – მეორე ბიბლიად წოდებული პოემა

18236731_1372656262815274_1554276729_o

მე-12 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშია ,,ვეფხისტყაოსანი”, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის, სიყვარულის, თავისუფლებისა თუ სიცოცხლის წიგნია, ეს არის პოემა ადამიანის არსებობისა და ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ, რამდენიმე  წლის წინ ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” არა მარტო ქართველთა, არამედ მსოფლიოს საგანძურია, შესაბამისად, პოემის ახალ თარგმანებზე მუდმივად მუშაობენ, რათა ყველა ეროვნების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მსოფლიო ლიტერატურის შედევრი თარგმნილია მრავალ ენაზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანების წარდგინება. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ის რექტორის მოადგილე – მიხეილ ჩხენკელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ნუნუ ოვსიანიკოვა, აგრეთვე, სტუდენტები და პროფესორები. რექტორის მოადგილემ, მიხეილ ჩხენკელმა, ისაუბრა ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმნის მნიშვნელობაზე. ,,მსოფლიოს ერებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე შეისწავლონ  ქართული ლიტერატურის მთავარი ძეგლი, გაეცნონ მის შინაარსსა და სიბრძნეს,” – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ უმდიდრესი კოლექცია ინახება, მათ შორის, 1712 წელს ვახტანგ მეექვსის გამოცემული პირველი ნაბეჭდი ,,ვეფხისტყაოსანი”, აგრეთვე, სხვა უნიკალური გამოცემები. დღეს ჩვენს კოლექციას შეემატა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ, ინგლისურ, არაბულ და ჩეჩნურ ენებზე გამოცემული თარგმანებიც” – აღნიშნა თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა.

,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნური გამოცემა წარადგინა საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა. მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე 1969 წელს თარგმნა ნურდინ მუზაევმა, თუმცა იმდროინდელი გამოცემა არ მოიპოვება საქართველოში, სწორედ ამიტომ ხელახლა გამოიცა ეს თარგმანი.

,,ვეფხისტყაოსანი” არაერთ ენაზე თარგმნილია როგორც გაურითმავი პროზაული ნაწარმოები. პოემის ახალი, ლინ კოფისეული ინგლისური პოეტური თარგმანი წარადგინა გამომცემლობა „პოეზიის“ დირექტორმა, ნატო ალხაზიშვილმა. „ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. ინგლისურ ენაზე აქამდე არსებული თარგმანები, მათ შორის, მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი – პროზაში იყო შესრულებული. ეს თარგმანი საშუალებას მისცემს ინგლისურენოვან მკითხველს „ვეფხისტყაოსნის“ სრულყოფილება, სიდიადე და სიბრძნე შეიგრძნოს,“ – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოემისთვის შექმნილია მრავალი მინიატურა და ილუსტრაცია. უნდა გამოვყოთ უნგრელი მხატვარი – მიხაი ზიჩი, რომელსაც 1881 წელს, ქართული ინტელიგენციის თხოვნით, შეუკვეთეს 14 სურათი, თუმცა შექმნა 34 ილუსტრაცია და უსასყიდლოდ გადასცა ქართველ საზოგადოებას. მისი ილუსტრაციები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ვეფხისტყაოსნის დასურათებაზე აქტიურად მუშაობდა ლადო გუდიაშვილიც.

მე-12 საუკუნის ქართული მემკვიდრეობის განუყოფელი ძეგლი უკვე საუკუნეებია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა საზოგადოების კვლევის საგანია.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid