close
ამოგონება - ინოვაციააქართველოექნოლოგიებიიზიკა

„სასწავლო მულტიმეტრი“ – მერვეკლასელი მოსწავლეების გამოგონება ელექტრონიკის შემსწავლელებისთვის

„სასწავლო მულტიმეტრი“

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის  2017-2018 წლის ნახევარფინალში, კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, 20 გუნდი გადავიდა და მათ შორის  არის კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის   მე-8 კლასიც, რომელიც კონკურსზე ხუთკაციანი შემადგენლობით წარსდგა. გუნდის პროექტი „სასწავლო მულტიმეტრი“  გახლავთ და  მის შესახებ ერთ-ერთი მონაწილე, იაკობ რიგვავა გვიამბობს.

-იაკობ, კონკრეტულად რას გულისხმობს „სასწავლო მულტიმეტრი“?

-ჩვენს სკოლაში მუშაობს ელექტრონიკის წრე, სადაც შევისწავლით ელექტრონიკის საწყისებსა და ძირითად ელემენტებს. წრეზე ვიყენებთ „snap circuits-ის“ სახის სასწავლო ნაკრებს, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, არ იშოვება კარგი გამზომი ხელსაწყოები. არსებული საშუალებები კი – არ არის ზუსტი, აქვთ შეზღუდული დიაპაზონი და ღირს საკმაოდ ძვირი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავამზადოთ ხელსაწყო, რომელშიც გაერთიანდებოდა სხვადასხვა გამზომი საშუალება უფრო მაღალი სიზუსტით და ბევრად მეტი საშუალებით. მთავარი მიზანი კი იყო ის, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ხელსაწყო მოსახერხებელი ყოფილიყო სასწავლო პროცესში. ეს ხელსაწყო მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის, სხვა მულტიმეტრებისგან განსხვავებით, მარტივად მოხმარებადი და გასაგებია. ჩვენს მოწყობილებაში გაერთიანებულია: ორი ვოლტმეტრი, ორი ამპერმეტრი, ოსცილოგრაფი (ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც აკვირდებიან და იწერენ ელექტრულ პროცესებს) და სიგნალის გენერატორი. მას აქვს გაზომილი მონაცემების შენახვისა და შემდგომ, გრაფიკის წარმოდგენის საშუალება. აქვს ორი დამოუკიდებელი გამზომი არხი, რისი საშუალებითაც წრედის ორ სხვადასხვა ადგილას შეგვიძლია გავზომოთ ძაბვა და დენის ძალა. იგი იმართება მხოლოდ სამი ღილაკით და მორგებულია არსებულ სასწავლო ნაკრებზე. მულტიმეტრი აწყობილია თანამედროვე მიკროკონტროლერის გამოყენებით. ჩვენი პროექტისათვის აპარატურის დამზადების პარალელურად, საჭირო იყო მიკროკონტროლერზე სპეციალური პროგრამის დაწერა, რაზეც გუნდმა მთელი შემადგენლობით ვიმუშავეთ.

-რა გზა განვლო თქვენმა პროექტმა, სანამ ფინალამდე მიხვიდოით და რა ეტაპზეა ახლა ის?

-როგორც იცით, საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებში. სანამ ფინალში მოვხვდებოდით ჩვენ გავიარეთ ორი ეტაპი – პირველ ეტაპზე წარვადგინეთ ჩვენი პროექტის იდეა, ხოლო შემდეგ, გვქონდა პროექტის პირველადი წარდგენა ჟიურის წევრებთან, ფინალური ეტაპისთვის პროექტის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ მცირე გრანტი და, ხელმძღვანელის დახმარებით, შევიძინეთ საჭირო დეტალები.

-იაკობ, საინტერესოა თქვენი გუნდის დანარჩენი წევრების ვინაობაც.

-პროექტზე ვმუშაობდით მოსწავლეების ხუთკაციანი გუნდი, მათ შორის – გიორგი ჩხაიძემ ჩვენი მოწყობილობის ყველაზე რთულ ნაწილზე იმუშავა და მოახერხა, რომ მულტიმეტრს ჰქონოდა ოსცილოგრაფის ფუნქციაც. ჩვენს ოსცილოგრაფს აქვს 2 დამოუკიდებელი არხი და ძალიან კარგი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის დააკვირდნენ, გაზომონ და შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა სახის სიგნალი. ნიკა სვანიძემ ძირითადად მოწყობილობის აპარატურულ ნაწილზე იმუშავა, დახაზა მოწყობილობის სქემები და დაგვეხმარა ფიზიკურად აგვეწყო მულტიმეტრი. მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა გაზომილი ანათვლების გრაფიკული გამოსახვა და ამაზე მარი მაჩაიძემ იმუშავა, მან მოახერხა გაზომვის შედეგად დაგროვილი მონაცემების მოსწავლისთვის გასაგებ გრაფიკებზე გამოსახვა. ლელა ხოხიაშვილმა კი, მოწყობილობის ინტერფეისზე იზრუნა. მან ააწყო მოწყობილობის სამუშაო მენიუ და ჩვენი დამოუკიდებელი ნაწილები ერთ პროგრამად გააერთიანა. რაც შემეხება თავად მე, მე ვიმუშავე სიდიდეების გაზომვასა და მათ გადამუშავებაზე. ჩვენი მულტიმეტრის სიზუსტის გაზრდის მიზნით ანათვლებს ერთდროულად იღებს სხვადასხვა არხიდან რამდენიმე დიაპაზონში, ჩემი ამოცანა იყო ეს მიღებული ინფორმაცია ისე გადამემუშავებინა, რომ მიმეღო გაზომვების მაქსიმალური სიზუსტე. გუნდის ხელმძღანელო ელექტრონიკის წრის მასწავლებელი  – ირაკლი ხოხიაშვილი გახლავთ.

როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება ექნება თქვენს პროექტს?

-ჩვენი მულტიმეტრის პირველადი პრეზენტაცია უკვე გვქონდა ელექტრონიკის წრეზე. ფიზიკურად, ჯერ მხოლოდ 3 ცალი გვაქვს დამზადებული და სექტემბრამდე მინიმუმ 10 ცალი მაინც უნდა დავამზადოთ. დასახვეწი გვაქვს კიდევ რამდენიმე საკითხი, რის შემდეგაც, ხელსაწყოს უშუალოდ სასწავლო პროცესში ჩართვას სექტემბრიდან ვაპირებთ.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2