close
საქართველოსოფლის მეურნეობა

ქართველი სკოლის მოსწავლეები უდაბნოებსა და ნაკლებტენიან ადგილებს მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიად აქცევენ

Phlox- სამი ქართველი მოსწავლის მიერ შექმნილი გუნდია, რომლის მიზანიც უდაბნოებისა და ნაკლებტენიანი ადგილები მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიად ქცევაა. ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე და ავთანდილ გუჯაბიძე  სერვანტესის სახელობის გიმნაზია  “აია-GESSის” მოსწავლეები არიან  და საერთო პროექტით ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის წლევანდელ ფინალისტებს შორის მოხვდნენ. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ახალგაზრდების ინოვაციური პროექტი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლიზი გვიამბობს.

 

-ლიზი, კონკრეტულად რაში მდგომარეობს თქვენი პროექტის არსი?

პროექტის დასაწყისში მიზნად დავისახეთ ჩვენი შესაძლო წვლილი შეგვეტანა კაცობრიობისთვის მეტად აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რაც მოსახლეობის საკმარისი რაოდენობის საკვებით მომარაგებას ეხება. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც არ არის ხელსაყრელი პირობები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. მაგალითად, სარეველებთან ბრძოლის სირთულის თვალსაზრისით ან უდაბნოებისთვის დამახასიათებელი სარწყავი წყლის ნაკლებობისა თუ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის გამო. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შევქმენით აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისათვის და ტენიანობის ყუთი. პირველი პროექტის მიზანია კულტურულ მცენარეებს მიეცეთ სარეველების ხელისშემშლელი ფაქტორის გარეშე განვითარების საშუალება. მეორე პროექტის მიზანი კი, დაბალტენიან ქვეყნებში მცენარეებისთვის ისეთივე პირობების შექმნაა,  როგორიც სხვა უფრო ხელსაყრელ ტერიტორებზეა.

-მუშაობის პერიოდში კვლევებზე იმუშავეთ, გვიამბეთ თქვენი ძირეული მიგნებების შესახებ.

-ჩვენ კონტეინერებში დათესილ მცენარეებზე მოვახდინეთ დაკვირვება და საბოლოოდ მივიღეთ სინათლის სპექტრის ის გარკვეული ნაწილი სადაც კულტურულმა მცენარემ უკეთესად  შეძლო განვითარება ვიდრე სარეველა მცენარემ. ასევე, ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ბუნებრივია, რომ ექსპერიმენტების ჩასატარებლად დაგვჭირდა მიწა რათა დაგვერგო მცენარეები იმის გამო რომ მიწაში შეიძლება  ყოფილიყო  სარეველა მცენარის თესლი  ან ნიადაგის სხვა დამაბინძურებელი ფაქტორი, ჩვენ მიწა დასუფთავების მიზნით ღუმელში გამოვწვით 120-125℃-ზე. მიწის გამოწვის შემდეგ რამდენიმე დღეში შევამჩნიეთ, რომ გამომწვარ მიწაში აღმოცენდა ჩვენთვის უცნობი მცენარე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ  მცენარის თესლმა  შეძლო და გაუძლო 120℃-ს რაც თავისთავად საკვირველია. ეს მცენარე გადავრგეთ სხვა კონტეინერში და ველოდებით მის განვითარებას, რაც შესაძლებელს გახდის მისი “ვინაობის” გარკვევას.

-რას ნიშნავსფლოქსი“?

-ჯგუფის სახელად ავირჩიეთ სიტყვა „Phlox” რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ამტანი და მიმზიდველი ყვავილი და ამავდროულად ჩვენს მიერ შემუშავბული პოლიეთილენის აპკის მსგავსად შეიცავს როგორც  წითელ ასევე იისფერ ფერებს.

-რატომ გაგიჩნდათ სურვილი სწორედ ამ სფეროში გეცადათ ბედი?

21-ე საუკუნისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია აგროტექნოლოგიაში არსებული პრობლემები და შესაძლო განვითარება. მთვარეზე და მარსზე ჩატარებული ექსპერიმენტების  ნახვის შემდეგ ჩვენც  გაგვიჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ რის შემდეგაც მიზნად დავისახეთ თუნდაც მინიმალური წვლილი შეგვეტანა კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია რომ შესაბამისი ორგანოები თქვენი კვლევებით დაინტერესდებიან და უკვე ხომ არ გამოუხატავს რომელიმე კომპანიას ინტერესი?

-ჯერ-ჯერობით არცერთ კოომპანიას არ დაგვკავშირებია ამ თემასთან დაკავშირებით თუმცა როგორც ჩანს ჩვენმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, ამიტომ ვიმედოვნებთ რომ ცოტა ხანში მრავალი კომპანია დააინტერესდება ამ თემით და შესაბამისად ჩვენი პროექტითაც.

-როგორც ვიცი ფინალისტები ხართ, გვიამბეთ კონკურსის ფორმატის შესახებ, რა იქნება შემდეგი ეტაპი?

-ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation – MCC) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის გამოყოფის თაობაზე. სწორედ ამ 140 მილიონი დოლარით ხდება ამ პროექტის დაფინანსება. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ფინალში და 27 მარტს დაგეგმილია შეხვედრა ჟიურის წევრებთან, სადაც წარვადგენთ უკვე დასრულებულ პროექტებს შესაბამის მასალებთან ერთად.

-მსგავსი კონკურსების მონაწილეები ყოველთვის ახალ-ახალი გამოწვევებით გვაოცებენ, როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

-რა თქმა უნდა,  სამომავლოდ გადაწყვეტილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტში, ამავდროულად ვგეგმავთ პროექტის განვითარებას და ახალი იდეებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0