close
david asanidze, დავით ასანიძე, არქიტექტურა, architect

ეროვნული არქიტექტურა – ეს არის ის სიმფონია, თანაჰარმონიულობა, თანაჰანგობრიობა, რომელიც არის ხელთქმნილსა და ხელთუქმნელს შორის. სახლი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც განსაკუთრებული სახით არის ორგანიზებული, ყოველი ადამიანი გააზრებულად თუ გაუაზრებლლად ცდილობს ამ სივრცის მოწყობას თავისი ყოფაცხოვრების და ტრადიციიდან გამომდინარე.

ტრადიციული არქიტექტურა – ეს არის ქვეყნისა და მისი კულტურის სახე, რომლიც ძირითადად შექმნილია უცნობი ხუროთმოძღვრის მიერ ხალხური ადათწესების გათვალისწინებით. ყველა ერს აქვს მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული საცხოვრებელი სახლი, მათ შორის არის როგორც განსხვავებები, ასევე – მსგავსებები ფუნქციურ თუ  კონსტრუქციულ გადაწყვეტაში, დეკორსა თუ სხვა მახასიათებლებში.

მხოლოდ საკუთარ სახლში შეუძლია ადამიანს იგრძნოს თავი დაცულად და დაისვენოს გარე სამყაროსგან, აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – რას წარმოადგენს ტრადიციული იაპონური სახლი: „მინკა“ და  ქართული:„ოდა“ სახლი?

სურათი 1: იატაკის ტიპი იაპონონურ საცხოვრისში. წყარო:  jnto.go.jp

სისტემა: იაპონური საცხოვრებელი სახლის სახე (მინკა), შეიძლება იყო ერთნაირი სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, თუმცაღა, ამ სახლების სტრუქტურული შემადგენლობა იცვლებოდა სოციალურ ფენასთან იდენტიფიცირების კონტექსტში. (იხ. სურათი 1).  როგორც წესი შემოსაზღვრული იყო ღობითა და ჭიშკრით, რომელთა ზომა და მოკაზმულობა მეტყველებდა მათი პატრონის სტატუსზე. ზოგადად, სტრუქტურულად, სახლის გეგმა იყო მართკუთხა, ერთსართულიანი, მისი სტრუქტურა, როგორც თანამედროვეობაში ეს ტერმინი დაფუძნდა, იყო კარკასული და სეისმურად მდგრად სისტემას წარმოადგენდა. იატაკის დონე იყო აწეული 0,6 – 0,7 სმ-ით, რაც გამოწვეულია იაპონიის ბუნების ბიოკლიმატური სტატუსკვოთი – სინესტე, სეისმური ზონა.  (იხ. სურათი 2).

სურათი 2: მინკა – სახლის ჭრილი. წყარო: jnto.go.jp

მოძრავი ტიხრები: რომლებიც მიმართულნი იყო ქუჩისკენ, იყო ყრუ, სტატიკური და უმოძრაო, ხოლო ის კედლები რომლებიც გადაჰყურებდა შიდაეზოს, ყოველთვის იყო მოძრავი. მოძრავი კედლები – ,,ამადო” კეთდებოდა მერქნის მყარი ფურცლებისგან და წელიწადის თბილ დროს ხდებოდა მათი დემონტაჟი. ოთახები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო შიდა მოძრავი კედლებით – ,,ფუსუმათი”. ტრადიციულ იაპონურ სახლში ,,ვაბის” პრინციპის თანახმად, ცოტა ავეჯია. საუკეთესო სახლებში მისაღებ ოთახში ყოველთვის იდგა დაბალი მაგიდა და დამონტაჟებული იყო წიგნების თაროები, აგრეთვე ნიშა – ,,ტოკონომა”, რომელიც მთლიანი სახლის ესთეტიკურ ცენტრს წარმოადგენდა.

სისტემა: ოდა სახლი ფართო გავრცელების არეალს პოულობს დასავლეთ საქართველოში. თავისი გეგმარებითი და მოცლობით-სივრცითი გადაწყვეტილებებით, აღნიშნული საცხოვრისი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შეგვიძლია გამოვყოთ ,,ოდა სახლის” სამი ძირძველი სახეობა.

I – წარმოადგენს მოგრძო ფორმის ერთი ოთახისგან შემდგარ სახლს, რომელსაც ერთ-ერთი გვერდიდან ერწყმის აივანი, გადახურულია ორქანობიანი სახურავით. (იხ. სურათი  3).

სურათი 3: I ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

II – ხასიათდება ერთი, ორი, სამი და, იშვიათ შემთხვევაში, ოთხი ოთახის ჯაჭვით, რომელთა გასწვრივ მოწყობილია ფართო აივანი.

სურათი 4: II ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

III – ტიპი შეიცავს ოთახების ორფრთიან განლაგებას, რომელთაც ორივე მხარეს აქვთ აივნები, გეგმარება არის კვადრატული ფორმის და ეს ყოველივე გადახურულია ოთხქანობიანი სახურავით. აქ შეინიშნება სივრცის განვითარების ეტაპები, რთულდება საცხოვრისის შიდაორგანიზება, არსი ცვლილებებისა გამოიხატება იმაში, რომ ოროთახიან საცხოვრებელში სასადილოს გამოეყო მისაღები ოთახი, რომელიც მთავარ ოთახად გადაიქცა, საძინებელს კი გამოეყო მცირე სამეურნეო აივანი.

სურათი 5: III ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში ასეთ სახლებს თავისებური ხასიათი აქვთ.  ამ მიდამოებში განსაკუთრებულად დიდია ატმოსფერული ნალექები, არის მაღალი ტენიანობა, რის შედეგადაც, კარკასული სისტემა გამოიყენება. ზემოხსენებულ რეგიონებში სახლები შენდებოდა ხის და ქვის ბურჯებზე, რომელთა სიმაღლე 0,5 დან 2,5 მეტრამდე იყო. (იხ. სურათი 6)

სურათი 6: ოდა სახლის ფასადი წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

,,ოდა  სახლის” თითქმის ყველა სახეობაში გვხვდება გეგმის სრული მიბმა ფასადის გადაწყვეტასთან. კარების და ფანჯრების ჭრილი ძალიან ხშირად განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით:

ფანჯარა > კარი > ფანჯარა>კარი >ფანჯარა

       დიდი ოთახი        პატარა ოთახი

მოძრავი ტიხრები: რაც შეეხება ასაკეც ტიხრებს – ისინი, როგორც იაპონიაში, ქართულ სახლშიც გვხვდება, ზოგიერთ ოდა სახლში არის ასაწყობი ტიხრები, რომლებიც   აერთიანებს ორ-სამ მოსაზღვრე ოთახს და იქმნება ერთიანი სივრცე.

აივანი: იაპონურ სახლში გვხვდება ტრადიციული ,,ენგავა”. ეს არის ღია გალერეა, რომელიც მიჰყვება შენობის გარეპერიმეტერს, მას სახლის სახურავი ფარავს.

ენგავა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სირცეს, იგი არის გარედერეფანი, რომელიც აკავშირებს სახლის ყველა ოთახს, (იხ. სურათი  7), ამავე დროს ენგავა იცავს წვიმისგან, თოვლისგან და ზაფხულის სიცხისგან, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სტუმრების მისაღებ ადგილად, თუმცაღა, სამურაების სახლების შემთხვევაში მასში უნდა ემოძრავა დარაჯს, ისე, რომ არ დაერღვია ოჯახის წევრთა მყუდროება.

სურათი 7: მინკა სახლის ფასადი, ენგავათი. წყარო: jnto.go.jp

ენგავას მთავარი დანიშნულება იყო გარდამავალი სივრცის როლი, გარე და შიდა სამყაროს შორის, სახურავი და მოძრავი დარაბები ,,შიჯი” ენგავას ინტერიერის ნაწილად აქცევს. ხოლო ღია სივრცით ის მიეკუთვნება გარესამყაროს.  ოთახებიდან შეიძლებოდა ენგავაზე მოხვედრა, რომელიც ამყარებდა ურთიერთკავშირს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, სწორედ ის მოიაზრება ,,შუალედურ სივრცედ”. (იხ. სურათი  8).

სურათი 8: იაპონური ტრადიციული სახლის ჭრილი. წყარო: jnto.go.jp

აივანი: ზემოთ განხილული იაპონური ტრადიციული საცხოვრისის მახასიათებლების და ე.წ.  შუალედური სივრცის ცნების ფონზე შეგვიძლია დავინახვოთ მსგავსება ქართულ ტრადიციულ არქიტექტურასთან, ოდა სახლის სახით, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება და დღემდეა შემორჩენილი.  ე.წ. შუალედური სივრცე სხვადასხვა სახით გვხვდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების ოდა სახლებში  (იხ. სურათი 9).

სურათი 9: ოდა სახლის აივანი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ღია აივნები სხვადასხვა პერიმეტრალური დისლოკაციით გარს უვლის სახლს. ამგვარად, აივანი გარდამავალი სივრცეა ოდა სახლის ეზოსა და თვითონ სახლს შორის. ოთახები განლაგებულია საერთო აივნის გასწვრივ. აივნის სვეტებს შორის მანძილი განსაზღვრავს მის იერსახეს, რომელიც გამშვენებულია უნიკალური ხის ორნამენტებით – აჟურით.

სურათი  10იაპონური ბაღის გეგმა. წყარო: jnto.go.jp

აივნის ტიპის სახით ოჯახის ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალფუნქციონალურობა იკვეთება, სადაც დიდ როლს თამაშობს ქართული ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა, ხდება სტუმართან შეგებება, გამასპინძლება. აივნით იქმნება ქართველი ადამიანის საცხოვრისის არქიტექტურული სახე, სადაც მისთვის დამახასიათებელი ,,შუალედური სივრცე” არსებობს, ამ მხრივ, ქართული ოდას აივანს უდიდესი მხატვრულ-ესთეტიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა აქვს, რაც ახასიათებს იაპონურ გარდამავალ სივრცეს ,,ენგავას”.

ეზო: ეზო, ქვები – ცნობილი ჯუჯა ბაღები – იაპონური ტრადიციიდან და რელიგიდან გამომდინარეობს. ჭიშკრიდან იწყება გახსნილი სივრცე, სიღრმეში მდებარე შენობასთან მისასვლელ გზას ეზო უნდა გაევლო, ეს ეზოები სხვადასხვა ტიპისაა და შუალედური სივრცის ინდივიდუალურ სახეს გვთავაზობს (იხ. სურათი 11).

სურათი 10: იაპონური ბაღი. წყარო: jnto.go.jp

იაპონური ტრადიციული ეზოები – ბაღები, გარდამავალ სივრცედ შეიძლება მოვიაზროთ. ქვის ლოდებისა და ქვიშის ფერდოვანი გამის მეშვეობით ისინი ქმნიან მაღალი ღირებულებების ესთეტიკურ გარემოს (იხ. სურათი 12).

წყარო 11: ქართული ბარის გეგმა. წყარო: ეროვნულ ბიბლიოთეკა

ეზო: „ოდა სახლის” წინ კოინდარით დაფარული ეზოები მისი  წინამოა.  სტუმარი  შემოდის ეზოში, ის უკვე მასპინძლის საცხოვრისშია და ექმნება გარკვეული განწყობილება.

სურათი 12: გადახურული ჭიშკარი

გარდამავალი სივრცის ფუნქციას დასავლეთ საქართველოში ასრულებს ეზო მოლით, რომელშიც მასპინძელი ეგებება სტუმარს. კაკლის ან მუხის ხის ძირში იგი უმასპინძლდება მას ჩირით, თხილით, ხილით, ჭაჭით. ადგილი ჰქონდა ე.წ აპერიტივეს, სანამ დიასახლისი მოამზადებდა სადილს სატრაპეზოდ. (იხ. სურათი 13).

სურათი 13: იაპონური ეზოს ხედი წყარო: jnto.go.jp

ხედი: იაპონური სახლიდან ზემოაღწერილიდან გამომდინარე იყურება შიდა ეზოში ესპლანადით ანუ საკუთარ მიკროსამყაროს პროექციაზე. ყრუ პერიმეტრიალური კედლით იაპონელი ემიჯნება რეალურ გარემოს და იხსნება ექსკლუზიურ – საკუთარ ვირტუალურ სამყაროში.

ხედი: საქართველოში,  უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სახლის ორიენტაციისა, იმერელი კაცი მას აუცილებლად ხედზე ხსნის. ზოგადად ქართველისათვის ხედი გარესამყაროზე – ბუნებაზე პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე, განწყობას უპირველესი მნიშვნელობა აქვს მათთვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ოდა სახლი იხსნება ყველა შესაძლო ხედებზე ოთხივე მიმართულებით. სახლი გარესამყაროსთან კავშირშია, სტუმართმოყვარეა და ამავე დროს ბუნება არის მისი განუყოფელი ნაწილი. მისი ეზო არის მთელი სამყაროს მისტიკური ანარეკლი და იგი სიმფონიაშია მასთან.

სურათი 14: ქართული ეზოს ხედი

მსგავსებები ნამვილად არსებობს ქართულ და იპოონურ საცხოვრისს შორის, ტრადიციული არქიტექტურის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანთა ცხოვრების წესი და ბუნებრივ-კლიმატური პირობები. ხაზი შეიძლება გაესვას იმ მაგალითს, როდესაც ორივე ტრადიციული საცხოვრისის შემთხევაში სახლის იატაკის ნიშნული აწეულია მიწის ზედაპირიდან, აივნების სისტემის მსგვასებას, ბუხრებს,  მოძრავ ტიხრებსა და სხვა დეტალებს.

მეცნიერულად დადგინდა, რომ ოდა სახლის მიწის ზედაპირიდან ყველაზე ოპტიმალური აწევის დონე რეგიონის ბიოკლიმატური ანალიზიდან გამომდინარე ეს არის 0,8 – 0,9 სმ, რაც აგრეთვე საინტერესო პარალელს ავლებს იაპონური საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციასთან და მათ ზომებთან.

თანამედროვე არქიტექტურის შექმნისას იაპონელი არქიტექტორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ შესასვლელს – ,,გარადამავალ სივრცეს”. მათ ნამუშევრებში კარგად ჩანს იაპონური ტრადიციის შენარჩუნება, მისი გაგრძელება და განვითარება. ცნობილი იაპონელი არქიტექტორის – კიშო კუროკავას მოღვაწეობაში მთავარი ადგილი უჭირავს არქიტექტურის ,,მნიშვნელობას”, რომელიც ბადებდა სივრცის შეგრძნებას, ყოველივე ის კი ეყრდნობოდა იაპონურ  კულტურას. მან თავისი მზერა მიაპყრო ნაციონალური კულტურის შესწავლას, ცდილობდა გამოევლინა ესთეტიკის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის საკვანძო მომენტები, ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არქიტექტურა უნდა პასუხობდეს იაპონური კულტურის ძირითად პრინციპებს.

ყველასათვის ცნობილი მეტამორფოზის არსი – ცვლილება და გარდაქმნა, კიშო კურკავას არქიტექტურულ თეორიაში უკავშირდება გარდამავალ სივრცეს ანუ იგივე შუალედურ სივრცეს და ორაზროვნებას. მას მიაჩნია, რომ არქიტექტურაში მეტამორფოზა შესაძლებელი გახდა, შუალედური ზონების არსებობის წყალობით. თავის ბოლო ნამუშევრებში კუროკავა ცდილობს შექმნას ისეთი არქიტექტურული სივრცე, რომელიც შეესაბამება იაპონურ მსოფლმხედველობას. იაპონური სივრცის კონცეფციას არასდროს ახასიათებდა გამოკვეთილი საზღვრები, აქ არ ხდებოდა  მკვეთრი გამიჯვნა ინტერიერისა და ექსტერიერის სივრცეებს შორის. მასზე მეტყველებს იაპონური სახლის ტიპოლოგია, რომელსაც წინ ღია სივრცე აქვს.

როცა თანამედროვე ქართულ არქიტექტურა იქმნება,  უნდა შენარჩუნდეს სწორედ ის სული და მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს ტრადიციულ ქართულ  არქიტექტურას – ეს იქნება რომელიმე კონკრეტულ სივრცე, დეტალი თუ  ის მისტიკა , რომელიც არის სივრცეში და სიტყვებით არ გამოითქმის.

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

[[1]] Crouch, D., & Jonhson, G. (2001). Traditions in Architecture, Africa, America, Asia and Oceania. New York: Oxford University Press.

[2] Davitaia, M. (2000). Concept of kisho kurokawa Architecture and Paradigms of Georgian Architecture. Tbilsi: Georgian Technical Univesity.

[3] Garakanidze, M. (1956). Georgian Traditional Wooden Architecture.

[4] Meparishvili, N. (2016). Traditional Homes of Georgia: The Reason to be Proud. Smithsonian Center for Folklife and Cultural Heritage.

[5] Turner, T. (2011). Asian Gardens, History, Beliefs and Design. New York: Routiedge.

 

 

 

 

 

 

 

დავით ასანიძე

ურბანული და სივრცითი დაგეგმარების მაგისტრი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი