close
სიქოლოგია

ფსიქიკურ აშლილობაზე „მძიმე“ დიაგნოზი

1501509726

   XXI საუკუნეში, მაშინ, როცა მსოფლიო სრული „თავისუფლების“ და ცივილიზაციის მწვერვალს აღწევს და თითქოს ადამიანები ღიად საუბრობენ ნებისმიერ თემაზე, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ამ სიტუაციიდან საკმაოდ დაშორებულნი არიან, ისინი თითქოს სამყაროს შეუმჩნეველ ნაწილში არიან მოქცეულნი, სადაც მათ დასაცავად ხმას არავინ იღებს. დღეს,როდესაც ადამიანის ინტელექტი და შესაძლებლობები განვითარების პიკს აღწევს, ფსიქიკური აშლილობა კვლავ ისტორიულად შენარჩუნებულ ხასიათს ატარებს. ერთი მხრივ,როცა ადამიანი კონკრეტულ დაავადებას ებრძვის, მეორე მხრივ უწევს შეებრძოლოს ძლიერ სტერეოტიპებს და წინარწმენებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოებაში ხშირად ჟღერს აზრი, რომ ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები  ანუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ბოროტები და უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. რატომ ან საიდან ვრცელდება მსგავსი ნეგატიური აზრები და წინარწმენები?

   რა ხდება ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტიგმებთან დაკავშირებით?რამდენადაც საზოგადოების ცნობიერება ცივილიზაციასთან ერთად უნდა განვითარდეს, დღესდღეობით, ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანებს მოვიხსენიებთ „გიჟებად“. მუდმივად თავს ვარიდებთ,პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით ვახდენთ მათ გარიყვას.მაშინაც კი, როცა მსგავს დაავადებას ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ებრძვის, მაინც აღვიქვამთ და გვგონია, რომ სხვა ადამიანია, ვეღარ ვენდობით ძველებურად და მხოლოდ მისი დაავადების გადმოსახედიდან ვაფასებთ მას. მსგავსი დამოკიდებულება კი უფრო მეტად ამძიმებს ისედაც რთულ ფსიქიკურ მდგომარეობას, ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ თანადგომით და არა გვერდით განდგომით დაეხმარებიან სხვას.

   არსებული სტიგმები მართლაც ამძიმებს და ამძაფრებს არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის სიმპტომების გამოვლენას, ასეთი ადამიანი უფრო მეტად აგრესიულიც კი შეიძლება გახდეს, ყველაზე რთულ და საზარელ შემთხვევაში, მუდმივმა იზოლაციამ შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა ადამიანს არ უნდა სიცოცხლის დასრულება, დასუსტებული ფსიქიკის ფონზე, ვერ უძლებს მუდმივ „იარლიყებს“ და სტერეოტიპებს, რომელიც თითოეული ნაბიჯის გავლის დროს ხვდება. ზეწოლა ძლიერდება ყოველდღიურ სიტუაციებში, მაშინ, როცა გვეშინია და არ გვსურს, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ, ვუზღუდავთ არსებობის არეალს, თითქოს ამ ყველაფრის უფლება კანონიერად გვქონდეს, მაგრამ წინარწმენები და საზოგადოების აზრი ერთობლივად იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კანონზე მაღლა იდგეს. შესაბამისად მსგავსი შეზღუდვებით ადამიანები თავისთავად ვარღვევთ მათი ჯგუფთან მიკუთვნებულობის პროცესს, რაც ყველა ადამიანისთვის ძლიერ სტრესულია.

    საინტერესოა ასევე ფაქტი, რომ ფსიქიკური აშლილობა უფრო სტიგმატიზირდება, ვიდრე ფიზიკური უუნარობა. სავარაუდოდ, აქ ისევ და ისევ უნდა შევეხოთ პიროვნულ პასუხისმგებლობას. საზოგადოების უმრავლესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური აშლილობები ეს ადამიანის არჩევანია, არასაკმარისი ინფორმირებულობა განაპირობებს მსგავს დამოკიდებულებას. ასეთ ადამიანებთან ექიმებიც, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, ხშირად გაურბიან მათთან ურთიერთობას,რადგან ურჩევნიათ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს იოლად გაუკეთონ ოპერაცია,რასაც დაახლოებით 2 საათი დასჭირდება, ვიდრე ისმინონ ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანის ბოდვითი აზრები და იდეები, რომელიც შეიძლება თვეზე მეტიც კი გრძელდებოდეს. ეს დამოკიდებულება რეალურად არსებობს საზოგადოებაში, ადამიანი გაურბის რეალურ პრობლემას, რადგან ის ზედმეტად ხისტი და მძიმე ეჩვენება და სტიგმატიზაციის გზით შედარებით იოლად აგვარებს პრობლემას.ყოველ შემთხვევაში ადამიანებს ასე გვგონია.

სტიგმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კავშირი საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივ განსახილვევლია.ერთი  მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც ერთიანობაში გარეგნულად არ განსხვავდება მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანისგან, თუმცა მას აქვს მუდმივი, აბსტრაქტული ნიშანი, სტიგმა,რომელიც სრულიად თვალშისაცემსა და განსხვავებულს ხდის სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან. სტიგმა თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, გადამწყვეტ როლს ასრულებს პიროვნული და სოციალური იდენტობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. როგორ ახერხებენ უბრალო ადამიანები, არაკანონიერი გზებით შეზღუდონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა არსებობის არეალი? პასუხი ალბათ მკაფიო და კონკრეტულია: საზოგადოება,რომელიც ძლიერი შეჭიდულობით ხასიათდება, შესაძლოა კანონზე მეტ ძალაუფლებას ფლობდეს და წარმატებული იყოს სტიგმის გავრცელებაში. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივი სტიგმატიზაციის პროცესში არ არიან ჩართულნი, მაგრამ თავად მასტიგმატიზირებელ პირსაც ხშირად მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება სტიგმატიზაციას. შედეგი არ არის მხოლოდ სტიგმის გავრცელება, ეს არის ადამიანის პიროვნული სივრცის შეზღუდვა.

 რა არის ის მამოძრავებელი საწყისი, რომელიც გვიბიძგებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტიგმატიზაციას?როგორც მრავალი ფსიქოლოგი მიიჩნევს, მსგავსი ქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანია საფრთხის არიდება. შესაბამისად, სტიგმატიზაციის პროცესი ამ მიზეზს უნდა დავუკავშიროთ. მართალია, არაჯანსაღი ფსიქიკა პირდაპირ არ იწვევს აგრესიასა და ძალადობას, თუმცა აგრესიისა და საფრთხის შიშის უკან, ჩემი აზრით, იმალება ინდივიდის რწმენათა სისტემის რღვევის შიში. კერძოდ, სამყაროს სამართლიანობის რწმენა. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან პოზიცია, რომ სამყარო სამართლიანია და თუ პიროვნება მაქსიმალურად გააკონტროლებს ყველა ქცევას, იღბალი მას არასდროს დატოვებს. შესაბამისად,როცა მსგავს წარმოდგენებს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მასტიგმატიზირებელი ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაარქვას მას სუსტი, უპასუხისმგებლო, უნებისყოფო და სხვა მსგავსი სინონიმები. მთავარია, არ დაუშვას ის აზრი, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლოა ოდესმე თავადაც აღმოჩნდეს. ადამიანებს არ გვსურს ეჭვი შევიტანოთ სამყაროს სამართლიანობაში, სხვადასხვაგარი სტიგმა კი ერთგვარი ხელსაწყოა იმისათვის,რომ ეს ფაქტები ავსხნათ.

   მაშინ რა უნდა მოიმოქმედოს სტიგმატიზირებულმა რათა შეინარჩუნოს იდენტობა?როგორ გაუმკლავდეს სტიგმას?ეგოს დაცვის მექანიზმები სხვადასხვაგვარია,ის განსხვავებული რწმენებით ოპერირებს,ერთ შემთხვევაში:“დაბრკოლებას გარემო ფაქტორები განაპირობებს“ და მეორე შემთხვევაში: ,,პრობლემა თავად ინდივიდშია, რომელიც ეგუება სიტუაციას“.

   ფსიქიკური აშლილობის პირთა შეზღუდვასა და სტიგმატიზაციაში, საზოგადოება არის დამნაშავე, მათი დაბალი ინფორმირებულობა და არაკომპეტენტურობა,ზღუდავს მათ უფლებებს,როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირი გზებით. შესაბამისად,აღნიშნული დამოკიდებულებებით, ინდივიდს შესაძლოა ადაპტაციის პრობლემებიც შევუქმნათ.ადაპტაცია ამ დროს ირღვევა, რადგან სტიგმატიზირებულს არ აქვს საშუალება დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, ჩაერთოს სხვადასხვა აქტიობაში, ის კარგავს სოციალურ სტატუსს და მისი პიროვნება იმდენად სუსტება,რომ კარგავს უნარს გაუმკლავდეს სოციალურ და პიროვნულ წნეხს.

   იმისათვის,რომ აღნიშნული მდგომარეობა შედარებით მაინც აღმოვფხვრათ, პირველ რიგში,საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს მათი „გიჟებად“მოხსენიება და თუ რეალურად ადამიანს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს, არ ვუწოდოთ მას „ანორექსიკი“არამედ,თუ აუცილებლობაა – მართებულ ტერმინებში ვისაუბროთ,მაგალითად, კვებითი აშლილობის მქონე პიროვნება. ამ ქცევით,სავარაუდოდ, შევამსუბუქებთ ინდივიდის სტიგმატიზაციას და მის დახასიათებას მხოლოდ აღნიშნული დაავადების პოზიციიდან.  ნაკლებად დავაზიანებთ ინდივიდის სენსიტიურ მხარესა და მოწყვლადი მდგომარეობიდან, შინაგანი წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნებაში დავეხმარებით. ამასთანავე,ადამიანებმა უნდა დაძლიონ ის შიშები და ამრიდებლური ქცევები, მეტად ინფორმირდნენ კონკრეტულ აშლილობებთან მიმართებით და აღნიშნული დადებითი ინფორმაციები გაავრცელონ მეგობრებთან, ახლობლებთან და სხვა ნებისმიერ ადამიანთან, რათა შეიცვალოს გაშინაგნებული არაადეკვატური რწმენები.  საზოგადოების მიერ შექმნილ პრობლემას,ისევ და ისევ საზოგადოება უნდა გაუმკლავდეს,მეტი თანადგომითა და გულისხმიერებით.ნებისმიერი,ერთ დროს მასტიგმატიზირებელი,ან უბრალო ადამიანი უნდა იყოს, მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა შეიცალოს უსამართლო დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამ მოვლენის საინტერესო მაგალითია, ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სიტყვით გამოსვლა:,,ფსიქიკური აშლილობაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ სტიგმა და დისკრიმინაცია-გვრცხვენოდეს ჩვენ“.შესაბამისად,ხმამაღალი განცხადებებით, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობითა და ხელშეწყობით,შესაძლებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ამ შემთხვევაში, კი ფსიქიკურ აშლილობის მქონე პირთა შეზღუდვა.

ავტორი: ფსიქოკლუბის წევრი – ქეთევან აბესაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2