close
მედიცინა

პენიცილინის ალერგია – რეალობა თუ უსაფუძვლო დასკვნა?

გამონაყარს ბავშვობის დროებითი ტატუს უწოდებენ. წითელი მუწუკები ზოგჯერ მთელს ტანს ედება. მიზეზი კი შესაძლოა შემდეგი ფაქტორები იყოს: ყურის ინფექცია, ვირუსი ან თუნდაც ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკ პენიცილინის მიმართ. ხშირად ექიმებს კანის ტესტირების ჩატარების გარეშე გამოაქვთ დასკვნა, რომ ბავშვი ალერგიულია პენიცილინის მიმართ.

„ასეთ ბავშვებს მთელი ცხოვრება პენიცილინზე ალერგიულობის მარკა აკრიათ, სინამდვილეში კი ეს ზუსტად არავინ იცის,“ – განახადა ნიუ-იორკის Rochester Regional Health-ის ალერგოლოგმა ალისონ რემსიმ.

მისი ინფორმაციით, ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს სჯერა, რომ პენიცილინზე ალერგია აქვს. თუმცა Annals of Allergy, Asthma & Immunology-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების 90 პროცენტს რეალურად პენიცილინის მიმართ ალერგია არ აქვთ.

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც პენიცილინის მიმართ „ალერგიულ“ 228 პაციენტს კანის ტესტი  ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების 98 პროცენტი პენიცილინის მიმართ ალერგიული არ იყო. მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა კვლევის შედეგები სან ფრანცისკოში American College of Allergy, Asthma & Immunology-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინა. ისინი აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს პენიცილინის მიმართ ალერგია ან არასდროს ჰქონიათ, ან გარკვეული დროის შემდეგ ალერგია გადალახეს.

ალერგიული რეაქციის თავიდან აცილების მიზნით ექიმები პენიცილინის მიმართ ალერგიულ პაციენტებს მეორე თაობის ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. აღნიშნული მედიკამენტები, როგორც წესი, პენიცილინთან შედარებით ძვირია, გარკვეული ბაქტერიების მიმართ ნაკლებად ეფექტურია და მეტი გვერდითი ეფექტებიც აქვთ.

სოციალურ თვალსაზრისით, ზოგადმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა ანტიბიოტიკების რეზისტენტულობა გამოიწვიოს.

ალისონ რემსი აცხადებს, რომ Rochester Regional Health-ის ორ საავამდყოფოში 276 ექიმი, ექიმის ასისტენტი, მედდა და ფარმაცევტი გამოკითხეს. რესპონდენტთა 85 პროცენტმა განაცხადა, რომ ანტიბიოტიკებზე ალერგიული რეაქციის გამოვლენის მიზნით მათ ალერგოლოგისა და იმუნოლოგისთვის არასდროს მიუმართავთ.  40 პროცენტმა არ იცოდა, რომ პენიცილინზე ალერგია შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ აღმოიფხვრას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია პენიცილინზე ორგანიზმის ალერგიულობის სრულფასოვანი ტესტის ჩატარება. ეს მეორე თაობის ანტიბიოტიკების მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

წყარო: https://www.sciencenews.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0