close
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური იდეა, რომელიც NASA-ს საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას

წელს, საქართველოში პირველად გაიმართა NASA International Space App Challenge-ის გლობალური, 48-საათიანი ჰაკათონი,, რომელშიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობს და დედამიწასა თუ კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს, ჰაკათონს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ უმასპინძლა და მასში ორმოცდაათამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ორი გამარჯვებული იდეა შეირჩა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხანძრის დამაფქსირებელი აპლიკაციაა, რომელიც მერაბ კუტალიასა და ოთარ მამესწარაშვილს აერთიანებს.

-მერაბ, თქვენი იდეა შეირჩა საერთაშორისო კონკურსისთვის, დეტალურად აგვიღწერე რაში მდგომარეობს ხანძრის დამაფიქსირებელი აპლიკაციის არსი?
– ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გახშირდა მასშტაბური ხანძრები. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ მცირე კერების აღმოჩენა ხდება დაგვიანებით, რაც იწვევს დიდი ტერიტორიების წვას. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად შეიქმნა პლატფორმა SpotThatFire, რომელიც მუშაობს ინფორმაციის ადრეულ მოძიებაზე და შეტყობინებაზე. მომხმარებელს, ვინც ცეცხლის ადრეულ კერას შეესწრება, შეუძლია დაარეპორტოს აპლიკაციაში და სხვა ახლო არეალში მყოფ სხვა მომხმარებლებს ფაქტის შესახებ შეტყობინება მიუვათ, გადაუდებელ სიტუაციაში ქცევის ინსტრუქცებთან ერთად, ინფორმაცია ასევე გადაეცემა 112-ს ავტომატურად ან მომხმარებლის მიერ.
აპლიკაცია იყენებს მობილურშივე Machine Learning ალგორითმებს ფოტოებზე ცეცხლის კვალის აღმოსაჩენად, ასევე შემდგომ Cloud -ზე ფოტოს გასაფილტრად. ასევე რეჟიმში ხდება მიმდინარე ამინდის გარკვევა სხვა წყაროებიდან. პლატფორმა ასევე იყენებს ინფორმაციას NASA-სგან და მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემებსაც აითვისებს.

– როგორ შეიტყვე  NASA International Space App Challenge-ის შესახებ?
– NASA International Space App Challenge მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მის ფარგელბში, 48 საათის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ NASA-ს მიერ მოწოდებულ პრობლემებზე, რომელიც იმ წელს არის პრიორიტეტული, იქნება ეს კოსმოსური თუ დედამიწის თემატიკა. პროექტის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელიც ილიაუნის სტუდენტია და მაშინვე დავრეგისტრირდი და მივწერე მეგობარსაც, რომ ჩემი გუნდელი გამხდარიყო. რეგისტრაცია შეზღუდული იყო, შემდგომ კიდევ 1 ეტაპი იყო შერჩევის, რომლის გადალახვის შემდეგაც მოვხვდით აბასთუმანში, სადაც დავიწყეთ რეალურად პრობლემაზე ფიქრი.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-მომდევნო განვითარების ეტაპად დაგეგმილია პლატფორმის მონაცემების მთლიანად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით დამუშავება, რაც საშუალებას მოგვცემს წინასწარ გავთვალოთ დიდი ალბათობით სად შეიძლება გაჩნდეს კერები კონკრეტულ რეგიონებში, ეს გათვლა დაფუძნებული იქნება გეოლოგიურ მონაცემებზე, ამინდსა და წარსულში მომხდარ ხანძრებზე. ამ გზით შექმნილი რუკა გააიოლებს ხანძრის აღმოჩენასა და პრევენციას.
ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში კი იგეგმება დრონის სერვისი თერმულ კამერასთან ერთად, რომელიც დიდი ნაკვეთებს, სწრაფად აალებად ტერიტორიებზე გადაუვლის და შეამოწმებს ხანძრის ადრეულ კერებს და ასევე პერიოდულობაზე დამოკიდებულებით დაადგენს რაიმე ანომალიის არსებობას.

-აქვს თუ არა თქვენს აპლიკაციას უცხოური ანალოგები და როდისთვის გახდება საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი?
-აპლიკაციის ანალოგები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა როგორც პლატფორმა რომელიც ასეთ სტატისტიკურ დამუშავებებს გააკეთებს ჯერ არ შემხვედრია, დიდია ალბათობა რომ მსგავსი რამ ლოკალურ დონეზე იყოს რომელიმე ქვეყანაში განვითარებული, თუმცა მსგავსი კომპლექსური პროდუქტი ჯერ არ შეგვხვედრია. რაც შეეხება, კონკურსის საბოლოო შედეგებს, ჯერჯერობით არ ვიცით დანამდვილებით თუ რა დრო დასჭირდებათ ჰიუსტონში აპლიკაციების განსახილველად.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0