close
აქართველოსიქოლოგია

მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მთავარი ასპექტების შესახებ მრგვალი მაგიდა შედგა

1

22 აპრილს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მთავარი ასპექტები, რომელსაც უძღვებოდა ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე.

შეხვედრაზე განხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა – შვილისა და მშობლის ურთიერთობის გავლენა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე, აღზრდის სტილები საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაგალითებზე, შვილის რიგითობა ოჯახში, მამის ჩართულობის აუცილებლობა აღზრდის პროცესში.

მამის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5-6 წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი ითვისებს მისაბაძი ადამიანისგან გარკვეულ უნარებს, ქცევებს. ბიჭების შემთხვევაში ასეთია მამა, ხოლო მამის არ არსებობის შემთხვევაში ბაბუის, ბიძის, უფროსი ძმის ან სხვა მამრობითი სქესის ნათესავი.

ფსიქოლოგმა განმარტა აღზრდის ოთხი სტილი:

ავტორიტარული – ავტორიტარული სტილის დროს მშობლები შვილებისგან დისციპლინირებულობას ითხოვენ და ნაკლებად ინტერესდებიან მათი დამოუკიდებლობით. ამ დროს ოჯახში ყველა გადაწყვეტილებას მშობელი იღებს.

ავტორიტეტული –  ავტორიტეტული მშობლები სათანადო მოთხოვნებს უყენებენ შვილებს, თუმცა თავადაც გულისხმიერად ეპყრობიან მათ, ისინი ყოველთვის უტოვებენ ბავშვებს ურთიერთობის ინიცირების შესაძლებლობას და ხელს უწყობენ თვითრეგულაციის უნარის, თანატოლებთან და უფროსებთან კარგი ურთიერთობის განვითარებას. აღზრდის ავტორიტეტული სტილი ყველაზე მეტად აყალიბებს ეფექტური მშობელი-შვილის კავშირს.

აღზრდის უყურადღებო სტილის შემთხვევაში, მშობლები არც დისციპლინისა და წესების შესრულებას ითხოვენ შვილებისგან და არც მათი ინდივიდუალობით ინტერესდებიან. ამ დროს მშობლები თითქმის არ აკონტროლებენ შვილებს და სითბოსაც ნაკლებად გამოხატავენ.

ლიბერალურის შემთხვევაში მშობლები გულისხმიერები არიან შვილების მიმართ, თუმცა ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი წესების სტრუქტურების სწავლებას, რომლებითაც მათ უნდა იცხოვრონ, ამის გამო მოზრდილობაში მათ სირთულეები ექმნებათ. ამ სტილით აღზრდილი ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს.

მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მთავარი ასპექტების შესახებ მრგვალი მაგიდა შედგამრგვალი მაგიდის წევრებმა დაასახელეს მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემების პრევენციის გზები:

  • მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის დამყარება. მშობელი უნდა იცნობდეს საკუთარ შვილს და თუ არ იცნობს საკმარისად, უნდა შეეძლოს ამის აღიარება და გამოსწორება.
  • ოჯახის გასვლა ერთად ქალაქგარეთ, დასასვენებლად. მეგობრული ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. კონტაქტი შვილის ინტერესის სფეროს დახმარებით – მასთან საუბარი ან მისი მოსმენა იმ თემებზე, რაც აინტერესებს. მშობელსა და შვილს შორის კავშირი არ უნდა გაწყდეს.
  • მშობელმა უნდა დაიმსახუროს საკუთარი შვილის პატივისცემა, იყოს მისთვის ავტორიტეტი. ამისათვის კი მშობელი თავად უნდა იყოს თვითრეალიზებული, ჰქონდეს საკუთარი ინტერესები და პირველ რიგში, პატივს სცემდეს საკუთარ პიროვნებას. არ უნდა იყოს მერყევი.
  • შვილთან სასურველია მეგობრული, თანასწორი ურთიერთობა, ვიდრე ბრძანებლური და დიქტატორული მიდგომა.
  • ურთიერთგაზიარება მათ შორის. ინდივიდუალობის ხელშეწყობა მშობლის მხრიდან. ნაკლები კრიტიკა. ნაკლები ბრძანებები. ნაკლები ჰიპერმზრუნველობა. მეტი მოსმენა. მეტი მეგობრობა.
  • მშობელმა შვილს აუხსნას რატომ უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს ესა თუ ის დავალება.

შეხვედრას ესწრებოდნენ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნათია კიკვაძე, მართა ჩაგუნავა; საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი – ნინო თოფურია; სკოლის სპეცპედაგოგი  – ქეთევან მჭედლიშვილი; მშობელი – თამარ ჯიშკარიანი; ფსიქოლოგი – ნანა გველესიანი; კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები – ანა ჭიხვარია, მონიკა დაგანძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები – თეონა დელიბაშვილი, ანა კალანდაძე, თინათინ ქათამაძე.

 

მასალა მოამზადა:  ნინო კერესელიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2