close
ფიზიკოსი კორეა

24 წლის მერაბ მალიშავა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად მაგისტრატურას კორეაში აგრძელებს. ახალგაზრდა ფიზიკოსმა ჯერ კიდევ მე-3 კურსზე შეძლო სამეცნიერო სტატია გამოექვეყნებინა პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალში და ამჟამადაც არ კარგავს მუშაობის ტემპს. საკუთარი საქმიანობისა და სტუდენტური გამოცდილების შესახებ მერაბი თავად გვიამბობს.

-მერაბ, შენი სამეცნიერო სტატია ,,Physical Review Letters-შo” გამოაქვეყნეს, გვიამბე, რას ეხებოდა ნაშრომი და როგორი გამოხმაურება მოყვა მას?
-კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ, სასწავლებლად ივ.ჯავახიშვილის სახეობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოვეწყვე და ჯერ კიდევ პირველ კურსზე, პროფესორმა რამაზ ხომერიკმა შემომთავაზა, რომ გვემუშავა ამოცანაზე, რომელიც ეხებოდა გარკვეული სახის ტალღების გავრცელებას არასწრფივი ოსცილატორების ჯაჭვში. ეს იყო საინტერესო პროექტი, სადაც ჩვენ ვიხილავდით ტალღების გაძლიერების მექანიზმს, გამოგვყავდა თეორია, რომელსაც რიცხობრივადაც ვამოწმებდით. ეს იყო ჩემთვის პირველი მეცნიერული გამოცდილება და, საბოლოოდ, მე-3 კურსის მიწურულს ჩვენ გავაგზავნეთ სტატია „Physical Review Letters-ში“, სადაც ჩვენი სტატია მიიღეს. მოგვიანებით, ნაშრომი ზურაბ ჟვანიას ფონდის მიერ დაწესებულ პრემიაზე გავაგზავნე და საპრიზო ადგილიც დავიკავე, სტატიას კი, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ციტირება მოუგროვდა.
-ამჟამად კორეაში სწავლობ, რატომ მაინცდამაინც კორეა?
-უნივერსიტეტის დამთავრებისას ერთი წლით იტალიაში გავემგზავრე, ქალაქ ტრიესტში, აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ICTP) და მონაწილეობა მივიღე Postgraduate Diploma Programme-ში. იქ გავეცანი ერთ-ერთ დიდ ქართველ მეცნიერს – ბატონ ალექსანდრე ნერსესიანს და შემდგომ, მისი ხელმძღვანელობითვე დავიცავი ნაშრომი.
შემდეგი ნაბიჯი უკვე კორეის კომპლექსური სისტემების ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (PCS IBS) გახდა, სიმართლე გითხრათ, სამუშაო ადგილის არჩევისას გეოფრაფიულ ადგილმდებარეობას უფრო ნაკლებ ყურადღებას ვანიჭებ, ვიდრე იმ შესაძლებლობებს, რასაც სთავაზობს ესა თუ ის ადგილი ადამიანს. მაგალითისთვის, შემოთავაზება მქონდა ბარსელონაშიც, მაგრამ ნამდვილად არ ვნანობ, რომ კორეა ავირჩიე.
საქმე ისაა, რომ იტალიაში სწავლისას შევეხე სამეცნიერო ცხოვრების იმ ასპექტს, რომელიც ეხება კონფერენციებს, თანამშრომლობას, „დიდი ადამიანების“ მოსმენას და მათთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას. ICTP წარმოადგენს ისეთ ადგილს, სადაც მუდმივად არის მეცნიერების ნაკადი, ამიტომ მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ბევრ საინტერესო ლექციას, მენახვა – ვინ რას აკეთებს და, ასე ვთქვათ, „პულსი მეგრძნო“. რაღაცნაირად მივედი იმ აზრამდე, რომ შესაძლებლობა – რომ „პულსს გრძნობდე“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებაში. იმ ადგილს, რაც მე კორეაში ავირჩიე, აქვს ბევრი თვისება, რაც ICTP-ს. და სწორედ ეს თვისებები გახდა ჩემთვის გადამწყვეტი.
-ამჟამად რა საკითხზე მუშაობ?
-ამჟამად აქ ვმუშაობ საინტერესო პროექტზე რომელიც ეხება, ეგრეთ წოდებულ ანდერსონის ლოკალიზაციას. მოკლედ რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ნაწილაკი ისეთ დისკრეტულ სისტემაში (ანუ როცა სივრცეში ნაწილაკის პოვნა შეიძლება არა ნებისმიერ ადგილას, არამედ გარკვეულ „კვანძებზე“, კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში მუდმივად ასეთ სისტემებს შეისწავლიან), სადაც პოტენციალი ყოველ კვანძზე შემთხვევითადაა არჩეული. თურმე, ასეთ სისტემაში ნაწილაკი ვერ ვრცელდება და გარკვეულ ადგილას „ლოკალიზებული“ რჩება. ზუსტად ეს მოვლენაა ანდერსონის ლოკალიზაცია. ჩვენ კი ვიხილავთ არა ერთ, არამედ ორ ნაწილაკს ასეთ სისტემაში და შევისწავლით რა და როგორ შეიცვლება ამ დროს.
-მერაბ, როგორია შენი სამომავლო გეგმები და როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
-კორეაში 3 წელზე მეტი დროის გატარება მომიწევს, ამიტომ – შორეულ გეგმებს არ და ვერ ვაწყობ. ჯერჯერობით, კონცენტრირებული ვარ იმაზე, რისი გაკეთებ აქ და ახლა შემიძლია. ასე რომ, სამწუხაროდ, მომავალზე არაფრის თქმა არ შემიძლია, უფრო მეტი რამ რომ მეთქვა, ძალიან სწორად მოიქცეოდით თუ არ დამიჯერებდით.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid