close
ფსიქოლოგია

კომპლიმენტისა და მანიპულაციის ფსიქოლოგია

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ბუნებრივად ახერხებს სხვა ადამიანების კეთილგანწყობის სწრაფად მოპოვებას. ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ ისინი ურთიერთობაში ისეთ მეთოდებს იყენებენ, რომელიც, როგორც წესი, მოსაუბრისგან დაფარულია. და რახან ეს მეთოდები არსებობს, მაშასადამე, მისი გაანალიზება და სწავლებაც შესაძლებელია.

ჩვენ ყოველთვის  არ გვაქვს გაცნობიერებული, რა გვიზიდავს მეორე ადამიანში, ან, პირიქით, რას ვხედავთ ისეთს, რომ ურთიერთობის სურვილი გვეკარგება. კომუნიკაციისას უამრავი სიგნალი მოდის პარტნიორის მხრიდან, რომელიც ხშირად გაუაზრებელია. მაგალითად, მოსაუბრემ თვალები რომ დახუჭოს, შეიძლება ვერ აღიდგინოს, რა ფერის ჰალსტუხი უკეთია პარტნიორს.  ანუ სიგნალი, რომელიც თვალმა აღიქვა, უკვალოდ დაიკარგა იმიტომ რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მოგვინიჭებია. ე.ი. სიგნალი „კვალს ტოვებს“ მაშინ, როცა ის მოსაუბრისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია. ცნობიერების გვერდის ავლით ემოციურად მნიშვნელოვანი სიგნალი რჩება არაცნობიერში და იქიდან ახდენს გავლენას, რაც, საბოლოოდ, ურთიერობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რა მოხდება, თუ შევძლებთ პარტნიორისთვის ისეთი სიგნალის გაშვებას, რომელიც მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იქნება, პოზიტიური დატვირთვა ექნება და, ამავე დროს, პარტნიორი მის გაცნობიერებას ვერ შეძლებს? მივიღებთ ასეთ ეფექტს – პარტნიორი იტყვის რომ ეს შეხვედრა რაღაცით სასიამოვნო იყო, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. თუ ამ მიდგომას რამდენჯერმე გაიმეორებთ, მას მტკიცე ემოციური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება („ღუზის“ ეფექტი). ატრაქციის ჩამოყალიბებასთან ერთად, დიდია ალბათობა რომ მოლაპარაკება და საქმიანი ურთეირთობა სასურველი შედეგით დასრულდება.

კომპლიმენტის ფსიქოლოგია

დადებითი ემოციის მისაღწევად ერთ-ერთი მძლავრი იარაღია კომპლიმენტი.

ადამიანი, რომელიც სასიამოვნო სიტყვებს ისმენს მისი მისამართით,  დადებით ემოციებს იღებს, კმაყოფილია. ამიტომ მოსაუბრე, რომელიც კომპლიმენტს გვეუბნება, სასურველი მოსაუბრეა. ასე რომ, კომპლიმენტის მიზანი მოსაუბრისთვის კმაყოფილების მინიჭებაა. საქმიან ურთიერთობაში კი გასაგებია,  რომ რაც უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთან ურთიერთობა , მით მეტია ალბათობა რომ წამოწყებულ საქმეს სასრველი მიმართულებით წაიყვანთ.

კომპლიმენტის დროს ვახერხებთ ადამიანს ვაგძნობინოთ მისი მნიშვნელობა, შევაფასოთ მისი შრომა, ხაზი გავუსვათ მის როლს საერთო საქმეში. მაგრამ ცოტა სახიფათოა, კომპლიმენტი პირფერობას არ დაემსგავსოს.

რით განსხვავდება კომპლიმენტი შექებისგან და პირფერობისგან?  შექება მოსაუბრის დადებითიი შეფასებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეფასებას ახდენს სტატუსით ან რანგით უფროსი.

კომპლიმენტი არის ადამიანის დადებითი შეფასების ცოტა გადაჭარბებული აღნიშვნა. როგორც წესი, ეს არის ის, რასაც ადამიანი თავის თავზე ფიქრობს. კომპლიმენტისგან განსხვავებით, პირფერობა ადამიანური თვისებების ან საქმიანობის ძლიერი გადაჭარბებაა. პირფერობა ცინიზმს შეიცავს და შეიძლება ის უარყოფილი იყოს. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც პირფერობაც სიამოვნებას ანიჭებს.

კომპლიმენტის და პირფერობის განმასხვავებელი ნიშნები:

  • კომპლიმენტი გულისხმობს „დაუსრულებელ“ შექებას, რომლის დროსაც მსმენელი თავად აკეთებს დასკვნებს. პირფერობის დროს კი მესიჯი სწორხაზოვანი, მარტივი და გასაგებია;
  • კომპლიმენტი ირიბად მიუღითებს რაიმე თვისებაზე, პირფერობის დროს კი ზუსტი მინიშნებაა და, როგორც წესი, გადაჭარბებულიც;
  • კომპლიმენტს შეუძლია ადამიანში სასიამოვნო გრძნობები აღძრას, პირფერობამ კი, ადვილი შესაძლებელია, უკუ შედეგიც გამოიღოს.

კომპლიმენტის სწორად გამოყენების წესები:

  • კომპლიმენტში მითითებული ფაქტები ორივე მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი
  • თუ არ ხართ დარწმუნებული რომ პარტნიორი ზუსტად მიხვდება თქვენს მინიშნებას, გარისკვა არ ღირს
  • დაუშვებელია კომპლიმენტი ფაქტებს ეწინააღმდეგებოდეს
  • კომპლიმენტი უნდა იყოს მოკლე და ლაკონური, არ უნდა შეიცავდეს ორაზროვან მიდგომას. მაგ. „რამდენჯარაც მოგისმინეთ, აღფრთოვანებული დავრჩი, როგორ ადვილად ახერხებთ პასუხებისგან თავის არიდებას“
  • რაც შეიძლება ხშირად თქვით კომპლიმენტები. კომპლიმენტი კარგი ამბის თქმის სურვილით იწყება. ამიტომ ჯერ დააკვირდით, რა მოგწონთ პარტნიორში, რა თვისებაა ისეთი, რასაც თავადაც ისურვებდით რომ გქონოდათ, და უთხარით ამის შესახებ;
  • გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება ბევრად მარტივია, ვიდრე შინაგანი თვისებების შემჩნევა. გარეგნობაზე ხაზგასმას ადამიანი ბავშვობიდანვე სწავლობს და ამაში დიდ როლა მშობლები თამაშობენ. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ აგრეთვე შინაგან თვისებებზე დაკვირვება, რადგან ასეთი შინაარსის კომპლიმენტი უფრო კარგად „მუშაობს“;
  • კომპლიმენტი უნდა იყოს გულწრფელი, თქვენ თავად უნდა გჯეროდეთ ის, რასაც ამბობთ;
  • კომპლიმენტი უნდა შეიცავდეს არა ზოგად დახასიათებას, არამედ კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე ხაზგასმას;
  • კომპლიმენტის შინაარსი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პარტნიორის თვითშეფასებასთან. არ უნდა მოხდეს მისი გაუფერულება. მაგ. ფენომენალური მეხსიერების პატრონს არ უნდა უთხრათ, „რა ადვილად იმახსოვრებთ ტელეფონის ნომრებს, აღფრთოვანებული ვარ!“
  • არ უნდა შეიცავდეს დიდაქტიკის ელემენტებს („ძალიან კარგად გაართვი თავის შენს დავალებას, მაგრამ ცოტა უფრო მეტად აქტიური იყავი მომავალში“);
  • ასევე უნდა გავითვალისწინოთ პარტნიორის ასაკი, სქესი და მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა ადამიანს სიამოვნებს მის წარმატებაზე ხაზგასმა, ასაკოვანისთვის შეიძლება უფრო მეტად სასიამოვნო იყოს მისი შვილების ან შვილიშვილების შექება.

ადამიანები სიამოვნებით ისმენენ კომპლიმენტებს, შეიძლება პატარა შეცდომები გაპატიონ კიდევაც. რადგან მამაკაცები მაინცდამაინც არ არიან განებივრებული კომპლიმენტებით, ჯობია სწავლა სწორედ მათით დაიწყოთ.

 

მანიპულაციის ტექნიკები

ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ფსიქოლოგიური პოზიციის ამოცნობა და ისეთი პოზიციის დაკავება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საბოლოო შედეგის მიღწევისთვის.

მანიპულაცია – ეს არის ადამიანის ქცევის ფარული მართვა რაიმე სარგებლის მიღების მიზნით. ადამიანს, რომელიც ასეთ ქცევას ახორციელებს, მანიპულატორი ეწოდება. ჩვენი ყველა  ქცევა, რომელიც პარტნიორს ჩვენთვის სასურველი მიზნისკენ მისდაუნებურად უბიძგებს, მანიპულატორული ეწოდება.

მანიპულაციის განმასხვავებელი ნიშნები:

  • მანიპულატორის მიერ საკუთარი მიზნებისა და საშუალებების გააზრებულად გამოყენება;
  • მიზნის გააზრებულად დაფარვა;
  • საშუალებების დაფარვა;
  • ადრესატის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

 

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში გვხვდება სიტუაციები, როცა იძულებული ვართ დავმალოთ ჩვენი მიზნები. თუმცა ხშირი მანიპულაცია ძალიან სახიფათოა, რადგან ადამიანის პიროვნებას ანგრევს და ფიტავს — მისი  ძირითადი სასიცოცხლო ძალები სწორედ სხვების მართვისთვის იხარჯება.

განასხვავებენ მანიპულატორის სამ ტიპს – აქტიური, პასიური და შეჯიბრობითი.

აქტიური მანიპულატორი – ამ ადამიანებს საკუთარი თავის იმედი არ აქვთ, მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მუდმივად სხვაზე იყოს გადატანილი – მასზე, ვინ შეუძლიათ აკონტროლონ ან მთლიანად მათზე იყვნენ დამოკიდებული. როგორც წესი, ასეთი გავლენის მოპოვებას გამჭრიახი გონება ჭირდება

პასიური მანიპულატორი – ესენი არიან ადამიანები, რომელთაც იმდენად ეშინათ სხვისი კრიტიკის, რომ ცდილობენ ყველას ყველაფერში დაეთანხმონ („რაც გინდათ მიქენით“). ასეთი პოზიცია ძალიან მომგებიანია, თუ ვერ ერევი ცხოვრებისეულ სირთულეებს.

შეჯიბრობითი  მანიპულატორი – ადამიანები, რომლისთვისაც ცხოვრება მუდმივად „ბრძოლის ველია“, სადაც აუცილებლად გამარჯვება უნდა მოიპოვოს. საქმიანი პარტნიორიც მისთვის მოწინააღმდეგეა, რომელიც უნდა დაამარცხოს.

მანიპულაციის ძირითადი მიზნის ცოდნა საშუალებას იძლევა წინასწარ გათვალო პარტნიორის ქცევის სტილი და მზად დახვდე გამოწვევებს.

განასხვავებენ მანიპულაციის ფორმებს  მიზნის მიხედვით  – გედონისტური და პრაგმატული.

გედონისტური მანიპულაცია ხორციელედება  იმ ემოციონალური რეაქციის  დასანახად, რასაც მანიპულატორი ადრესატში აღძრავს. მანიპულატორი დიდ სიამოვნებას იღებს ამ რაქციით, რადგან  უეჭველი დადასტურებაა მისი ძალაუფლებისა. ბევრი გედონისტი მანიპულატორი ახორციელებს ასეთ ქცევას „უმიზეზოდაც“, რათა დამატებით დარწმუნდეს თავის ძალაში და ადრესატის მორჩილებაში.

პრაგმატული მანიპულაცია მიმართულია არა რექციის მიღებაში, არამედ თავად მიზნის მიღწევაში, რომელსაც ადრესატი ისე ახორციელებს, ვერც კი ხვდება.

პრაგმატული მანიპულაციის მიზანი შეიძლება იყოს:

  • აიძულოს ადრესატი რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს;
  • უარი თქვას რაიმეზე;
  • მიიღოს ინფორმაცია ადრესატისგან;
  • მიიღოს დაფარული ინფორმაცია

პირველ ეტაპზე პრაგმატული მანიპულატორი ქმნის შესაფერის ფსიქოლოგიურ კლიმატს, სადაც ადვილი იქნება მანიპულირება. ამ დროს შეიძლება გამოიყენოს პირფერობა, შექება, თავის შებრალება და ა.შ.

არანაკლებ ეფექტურად გამოიყენება  არავერბალური კკომუნიკაციის ელემენტები:

  • საუბრის ტემპის მოულოდნელი აჩქარება
  • დისტანციის მოულოდნელი შეცვლა;
  • სივრცის შეზღუდვა;
  • არარეგლამენტირებული შეხება.

მომდევნო ეტაპზე კი უკვე იყენებს მანიპულაციის რომელიმე ფორმას.

 

მანიპულატორული ქცევისგან თავდაცვის ძირითადი ფორმები

პასიური თავდაცვა

პასიური თავდაცვის არსი მდგომარეობს საკუთარი სპონტანური რეაქციების შეკავებაში მანიპულატორის ქცევის საპასუხოდ. პასიური თავდაცვის ყველა ფორმა მიმართულია მანიპულატორის შეტევის ტემპის შენელებაზე, რათა „მსხვერპლმა“ სული მოითქვას. ასე იქცევიან მაშინ, როცა არ იციან რა გააკეთონ კონკრეტულ სიტუაციაში ან როცა არ უნდათ მანიპულატორთან ურთიერთობის გაფუჭება. გამოცდილება აჩვენებს,  რომ მანიპულატორი ამ დროს მართლაც წყვეტს აქტიურ მცდელობებს.

თუ თქვენ მანიპულატორის მსხვერპლი აღმოჩნდით, საჭიროა სპონტანური ქცევებისგან თავი შეიკავოთ, რადგან დაბნეული და კონტროლდაკარგული მსხვერპლი ნამდვილი ძღვენია მანიპულატორისთვის.

პასიური თავდაცვის ფორმები:

  • მანიპულატორის სიტყვებზე რეაქციის არქონა;
  • შთაბეჭდილების შექმნა რომ ვერ გაიგეთ, რას ამბობს მეორე მხარე;
  • შემოთავაზებულ წინადადებებზე დათანხმება;
  • მანიპულატორის თხოვნის გამეორება, ოღონდ კითხვითი ფორმით.

რეკომენდაციები:

ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია თვალიერება – ცნობილია, რომ ნეგატიური ინფორმაცია ყველაზე მეტად აღიქმება და გვამახსოვრდება აუდიალური არხებით. ამიტომ დაძაბულ, კონფლიქტურ სიტუაციაში ჯობია ყურადღება გადაიტნოთ ვიზუალურ მხარეზე და ყურადღებით „დაათვალიეროთ“ მოწინააღმდეგე და ირგვლივ არსებული გარემო.

  • შეეცადეთ დააკვირდეთ თქვენი პარტნიორის სახეს დეტალურად, თითქოს მისი პორტრეტის დახატვას აპირებთ
  • ამ პერიოდში შეეცადეთ არ გამოხატოთ ირონია და ზიზღი;
  • ამ „სპეციალური“ პაუზის დროს შეეცადეთ დაინახოთ რაც შეიძლება მეტი დეტალი პარტნიორის გარშემო.

კარგად მოქმედებს აგრეთვე სიჩუმის პაუზა. უეცარი სიჩუმე მართლაც ანეიტრლებს ოპონენტის ნეგატიურ დამოკიდებულებას. გამიზნულად შენარჩუნებული სიმშვიდე კი ხაზს უსვამს ადამიანის შინაგან ძალას.

აქტიური თავდაცვა

თუ პასიური თავდაცვის დროს მთავარია წამოსული აგრესიის შეჩერება და წონასწორობის შენარჩუნება, აქტიური თავდაცვა გულისხმობს მანიპულატორის დროულ გამოაშკარავებაას და საპასუხო დარტყმის მიყენებას.

 

მასალა მოამზადა: ირინა ტაბუციძემ ( ფსიქოლოგიის ცენტრ  ,,პიკის” დამფუძნებელი)
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0